ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
აქტუალური თემა
30.12.2012
ნატოს რეიტინგის ვარდნა საქართველოში - ქართველი სპეციალისტების შეფასება

   როგორც უკვე ვიუწყებოდით, 2012 წლის 20 დეკემბერს თბილისში, სასტუმრო „ვერე პალასში“ შედგა ევრაზიის ინსტიტუტის მიერ ამავე წლის აგვისტოს ბოლო - სექტემბრის დასაწყისში ჩატარებული საზოგადოებირვი აზრის გამოკითხვის შედეგების საექსპერტო განხილვა.   გამოკითხვა, სხვა პუნქტებთან ერთად მოიცავდა საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებას ჩრდილოატლანტიკური ბლოკის - ნატოს მიმართ. სულ ხუთი კითხვა იყო ამ საკითხთან დაკავშირებით (დეტალური შედეგების ნახვა შეიძლება ევრაზიის ინსტიტუტის საიტზე, ასევე ვებ-გვერდზე „გეორგიამონიტორ.ორგ“).

  სხდომა გახსნა ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გულბაათ რცხილაძემ, რომელმაც შეკრებილ ექსპერტებს, ჟურნალისტებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს გამოკითხვის ძირითადი შედეგები გააცნო. მან გამოყო რამდენიმე მომენტი: შედეგების მიხედვით გამოკითხულთა მნიშვნელოვანი რაოდენობა ვერ პასუხობს დასმულ კითხვებს ან უარს ამბობს საკუთარი პოზიციის გამოხატვაზე. ამგვარ ადამიანთა პროცენტი განსაკუთრებით მაღალია, როდესაც მათ თავიანთი პოლიტიკური სიმპატიების შესახებ ეკითხებიან, მაგრამ ასევე საკმაოდ მაღალია ნატოს საკითხთან მიმართებით გაურკვეველთა ან პასუხისგან თავის ამრიდებელთა.

  ეს ფაქტორი გ.რცხილაძემ დაუკავშირა იმას, რომ მოსახლეობას ძალზე ზერელე წარმოდგენები აქვს ნატოს როლზე მსოფლიოში, იმაზე, თუ ზოგადად რას წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციაა. გარდა ამისა, მისი აზრით, გარკვეულწილად მოქმედებდა შიშის ან სიფრთხილის ელემენტიც, რადგან წინა ხელისუფლება ამ საკითხის პოლიტიზაციას ახდენდა და აქცია კიდეც იგი პოლიტიკური კონიუნქტურის ნაწილად. 

   ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ იმ გამოკითხულთა შორის, ვინც თავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მომხრედ მოიაზრებს, უმეტესობა სიმპათიას გამოხატავს ჩრდილოატლანტიკური ბლოკის მიმართ. მაგალითად, აღნიშნული კატეგორიის გამოკითხულთა 67% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ნატოსა და საქართველოს ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. მხოლოდ 2%-ს მიაჩნია ნატო აგრესიულ ბლოკად. ამავე დროს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა უმრავლესობა ნატოს მიმართ უნდობლობას გამოხატავს. მათგან მხოლოდ 10% მიიჩნევს, რომ ნატოსა და საქართველოს ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, ხოლო 53% პირიქით ფიქრობს. მაშინდელი ოპოზიციური კოალიციის ამომრჩეველთა 32%-მა დადებითი პასუხი გასცა კითხვას, რომ ნატო აგრესიული სამხედრო ბლოკია, 30% ფიქრობს, რომ ნატო - თავდაცვითი სამხედრო ბლოკს წარმოადგენს. მხოლოდ ერთ საკითხშია თანხვედრა „ნაციონალებისა“ და „ოცნების“ მომხრეებს შორის - თუკი საქართველოს მოუწევს არჩევანი საქართველოს ნატოში წევრობასა და ტერიტორიულ მთლიანობას შორის, ორივე ამ პარტიის (ისევე როგორც დანარჩენი პარტიების) მომხრეთა უდიდესი უმრავლესობა ტერიტორიულ მთლიანობას არჩევს. მაგრამ ამ შემთხვევაშიც, „ნაცმოძრაობის ამომრჩეველთა 11% ნატოში წევრობას ანიჭებს უპირატესობას, და ეს ციფრი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე სხვა პარტიების მომხრეთა შემთხვევაში.

 

   ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობაში არაპოპულარულია ნატოს ეგიდით ქართული ჯარის გაგზავნა ცხელ წერტილებში (ავღანეთი და სხვ.). გამოკითხვამ აჩვენა, რომ გარდა „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებისა, ყველა დანარჩენი ელექტორატი ამ საკითხში უარყოფითადაა განწყობილი.

   მკაფიოდ უარყოფითი განწყობა აქვთ, ისევ „ნაცმოძრაობის“ მომხრეთა გარდა, დანარჩენ ამომრჩევლებს, საქართველოში ნატოს სამხედრო ბაზების შესაძლო განლაგებასთან მიმართებით. როგორც გულბაათ რცხილაძემ აღნიშნა, სახელისუფლებო პროპაგანდა მოსახლეობას არ უხსნის, რომ ნატოში წევრობა, შესაძლოა, დიდი ალბათობით, უცხო სახელმწიფოთა საჯარისო კონტინგენტის განთავსებას ნიშნავდეს ჩვენს მიწაზე. მოსახლეობას რომ ეს ჰქონდეს გათვითცნობიერებული, სავარაუდოდ, იგი საქართველოს ნატოში შესვლის წინააღმდეგ განეწყობა.

 

  კონფლიქტოლოგმა გოგი ხუციშვილმა აღნიშნა ამგვარი გამოკვლევების მნიშვნელობა. მან გაამახვილა ყურადღება გარემოებაზე, რომ ოქტომბრამდე (ე.ი. არჩევნებამდე) მოსახლეობაში გავრცელებული იყო ისეთი მოქცევის სტერეოტიპი, როდესაც ადამიანებს ეშინოდათ ან თავს იკავებდნენ არაპოპულარული ან ასეთად მიჩნეული აზრის გამოთქმისაგან. ამიტომ საინტერესო იქნებოდა ამგვარი გამოკვლევების გაგრძელება მომავალ წელს და დაკვირვება, შეიცვალა თუ არა ვითარება. ექსპერტმა გამოთქვა შეშფოთება, რომ გამოკითხვაში დაფიქსირებული ფაქტი, რომლის მიხედვითაც „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები მთლიანობაში დადებითად უყურებდნენ ნატოს როლს, მაშინ, როდესაც „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები სკეპტიკურ პოზიციას გამოხატავდნენ, არ იქნას ვინმეს მიერ გამოყენებული, ვინც ფაქტის ამგვარი ინტერპრეტირებით არის დაინტერესებული.

   ექსპერტ სოსო ცისკარიშვილის აზრით, ამგვარი გამოკითხვების შედეგებით შეიძლება ისარგებლოს „ნაცმოძრაობამ“, რომელიც ესწრაფის, დაარწმუნოს საქართველოს დასავლელი პარტნიორები იმაში, რომ მხოლოდ იგი წარმოადგენს ჭეშმარიტად „პროდასავლურ“ და საქართველოს ნატოში შესვლაზე ორიენტირებულ ძალას. ცისკარიშვილმა აღნიშნა, რომ ნატოში წევრობის იდეამ და თავად ამ ორგანიზაციამ დისკრედიტაცია განიცადა ყოფილი მმართველი პარტიის მხრიდან, რომელიც აცხადებდა, რომ თავის პოლიტიკაში ნატოს ეყრდნობა და სულაც დასავლელი პარტნირების დახმარებით ინარჩუნებს ძალაუფლებას. თუკი ნატო იგივეა, რაც „ნაციონალური მოძრაობა“, მაშინ არ ვარგა ნატოც - ასეთი სტერეოტიპი, შესაძლოა, ჩამოყალიბდა, ბევრ ქართველ ამომრჩეველს შორის.

  ი.ცისკარიშვილმა, ისევე როგორც გ.ხუციშვილმა, სურვილი გამოთქვა, რომ იხილოს ახალი კვლევების შედეგები, უკვე არჩევნების შემდგომ პერიოდში. ექსპერტის თქმით, დრო, რომელიც გავიდა არჩევნების შემდეგ, საკმარისი უნდა იყოს, რომ მოსახლეობამ გააცნობიეროს: ნატო არ არის სახელმწიფოსთვის საფრთხე და არ არის „ნაციონალური მოძრაობა“. თუმცა, აღნიშნა ექსპერტმა, გვაქვს საპირისპირო ინფორმაციაც, როდესაც ნატოს ხელმძღვანელები, ეყრდნობიან რა ცალმხრივ მონაცემებს, გამოხატავენ თავიანთ მოსაზრებებს საქართველოს შიდაპოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით. თუმცა ეს ტენდენცია არ არის საბოლოო, აღნიშნა ცისკარიშვილმა.

   პროფესორმა ომარ გოგიაშვილმა გაკვირვება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ამგვარი სხვაობა გამოიკვეთა „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებს შორის. მისი თქმით, იგი ელოდა, რომ ორივე პარტიის ამომრჩევლები ორიენტირებულნი იქნებოდნენ დასავლურ ფასეულობებზე.

   ო.გოგიაშვილი დაეთანხმა მოსაზრებას, რომ ყოფილმა მმართველმა პარტიამ მოახდინა ნატოს იდეისა და საერთოდ, დასავლური ფასეულობების დევალვაცია მოსახლეობაში. მან ბრალი დასდო „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ ყოფილი მმართველი პარტია ატყუებდა ხალხს, იგონებდა ყალბ ინფორმაციებს, მაგალითად, საქართველოს მიერ „ასპირანტის“ სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, თუმცა ასეთი სტატუსი არ არის დაფიქსირებული ჩრდილოატლანტიკური ბლოკის ოფიციალურ დოკუმენტებში. ერთადერთი პოზიტიური ამ მხრივ, რაც მოხდა ბოლო დროს, მისი აზრით, არის ის, რომ საქართველო აღმოჩნდა ბალკანეთის ქვეყნებს შორის, რომელთა ნაწილმა უკვე მიიღო „მაპი“, მეორე ნაწილი კი უფრო ახლოს დგას მის მიღებასთან, ვიდრე საქართველო.

   პოლიტიკურმა ექსპერტმა და ჟურნალისტმა ნანა დევდარიანმა წაიკითხა მოხსენება საქართველოში ნატოს საკითხის განხილვის პრეისტორიის შესახებ. მისი თქმით, პირველმა პრეზიდენტმა ზ.გამსახურდიამ არც ერთხელ არ განაცხადა სურვილის შესახებ, საქართველო შესულიყო ნატოში. ხელისუფლებაში ე.შევარდნაძის მოსვლის შემდეგ, 1992 წელს საქართველო შევიდა ნატოს თანამშრომლობის საბჭოში, ხოლო 1994 წელს გახდა ნატოს პროგრამის „თანამშრომლობა მშვიდობისათვის“ მონაწილე. ამ ორ თარიღს შორის დაიკარგა აფხაზეთი და დაიმარხა იმედი, რომ საქართველოს „დასავლელი მეგობრები“ და პირადად შევარდნაძე, დახმარებას გაწევდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად.

   ნ.დევდარიანის აზრით, ერთადერთი, რასაც შეუძლია, საქართველოს უბიძგოს ნატოსთან „ჩასახუტებლად“, ესაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში დახმარების გაწევა, რასაც, ნატო არასოდეს იზამს.

 

  სასაზღვრო დეპარტამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, გენერალმა ვალერი ჩხეიძემ ხაზი გაუსვა საქართველოს მოსახლეობისთვის ნატოს საქმიანობის შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდების აუცილებლობას. მისი სიტყვებით, ინფორმაციას, რომელიც მოდის საქართველოში, ცალმხრივი ხასიათი აქვს. მან მაგალითად ავღანეთი მოიყვანა, სადაც, ნატოს ჯარების შესვლის შემდეგ, ნარკოტიკების წარმოება ათეულობით გაიზარდა.

   საზოგადოებრივი კომუნიკაციების სპეციალისტმა არჩილ გამზარდიამ თავის მოხსენებაში ყურადღება საქართველოსთან უცხო სახელმწიფოთა მოკავშირეობის პრობლემაზე შეაჩერა. ამ მხრივ მნიშვნელოვანია შემდეგი ფაქტორები: გეოპოლიტიკური ინტერესები, ფასეულობათა სიახლოვე, ეკონომიკური ფაქტორები და რელიგიური მომენტები. მან აღნიშნა, რომ საქართველოს ურთიერთობებს ევროპასთან მუდამ ჰქონდა და ახლაც აქვს ზედაპირული ხასიათი, მხოლოდ ეტიკეტის დონეზე, და ევროპისთვის საქართველო რჩება იმპულსურ ქვეყნად, რომელიც უფრო პრობლემას წარმოადგენს, ვიდრე საიმედო პარტნიორს. ამიტომ საქართველოსთვის ორგანული ურთიერთობების თვალსაწიერში ორი პარტნიორი რჩება: აშშ და რუსეთი. ამავე დროს, ორივე ეს ძალა სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვის.

   2008 წლის შემდეგ ქართულ საზოგადოებაში გამოიკვეთა შეერთებული შტატებით იმედგაცრუება, რადგან ხალხი მოელოდა აფხაზური და ოსური კონფლიქტების გადაწყვეტაში მხარდაჭერას. საქართველო ამჟამად კვლავ იმყოფება იმ ეტაპზე, როდესაც საჭიროა საგარეოპოლიტიკური ორიენტირების არჩევა. შეერთებულ შტატებთან „მოკავშირეობის“ არჩევანის სასარგებლოდ თავისუფლების ფასეულობის ფაქტორი მეტყველებს: ე.წ. ამერიკული ცხოვრების წესში ქართველებს მოსწონთ თავისუფლების იდეა, რომელიც არანაირად არ ასოცირდება რუსეთთან. აშშ, განსხვავებით რუსეთისაგან, იყენებს ზეწოლის ირიბ მეთოდებს, თითქოს აძლევს საქართველოსმაგვარ პატარა ქვეყნებს თავისუფალი არჩევანის საშუალებას.

   ნატოს საკითხს რაც შეეხება, ექსპერტმა თავის მხრივაც აღნიშნა ქართული საზოგადოების ინფორმირებულობის დაბალი დონე, ამ საკითხთან დაკავშირებით. საამისო მაგალითად გამოდგება ფაქტი, რომ ბევრი მათგანი, ვინც გამოკითხვებში ნატოსადმი დადებით განწყობას აფიქსირებს, ამავდროულად წინააღმდეგია ამ ორგანიზაციის საჯარისო ნაწილების საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებისა. გამოდის, რომ საზოგადოებრივი განწყობა საქართველოში დადებითად აღიქვამს ნატოს, პროპაგანდისტული სტერეოტიპების დონეზე, რომელთაც ნერგავდა წინა ხელისუფლება. ეს არ არის საკმარისი, გააზრებული არჩევანის გასაკეთებლად. მთლიანობაში, ა.გამზარდიას აზრით, საქართველოს აქვს არჩევანი არა ორ შესაძლებლობას, არამედ ორ საფრთხეს შორის. მოცემულ ეტაპზე, მისი აზრით, შეუძლებელია ითქვას, რომელი ამ საფრთხეთაგანი - ამერიკული თუ რუსული უფრო მეტად საშიშია საქართველოსთვის. გამოსავალი მდგომარეობს მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის მკვეთრ ამაღლებაში.

   პროფესორმა ლევან ოსიძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ მოცემულ ეტაპზე არასასურველია საქართველოს საგარეოპოლიტიკური კურსის მკვეთრი ცვლილება და დასავლეთიდან მთლიანად რუსეთზე გადართვა. უფრო მისაღებია დაბალანსებული პოზიციის დაკავება, რათა არსებობდეს რუსეთის ფედერაციასთან პოლიტიკური ვაჭრობის წარმოების საშუალება, რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების პროცესის პარალელურად. ამავე დროს მან გამოთქვა ვარაუდი, რომ იმ რესპონდენთა უმრავლესობა, რომლებმაც გამოკითხვის დროს არ დააფიქსირეს საკუთარი აზრი, ნატოს წინააღმდეგ იქნებიან განწყობილნი.

  პროფესორი ხათუნა ჩაფიჩაძე დაეთანხმა მოსაზრებას, რომ მათი უმრავლესობა, ვინც გამოკითხვის დროს პასუხს არ იძლეოდა, ნატოს მიმართ უფრო სკეპტიკურ პოზიციაზე დგას. მან აღნიშნა, რომ ქართული საზოგადოება მთლიანობაში კონსერვატულია, პატრიარქალურიც კი, ამიტომ ეს საზოგადოება ფრთხილად ეკიდება ყოველგვარ სიახლეს. ნატოს იდეა დაკავშირებულია ე.წ. დასავლურ ფასეულობებთან, ამიტომ საკითხი ისმის ასე: რამდენად არის ქართული საზოგადოება ამ ფასეულობების მისაღებად? მისი აზრით, ქართულ საზოგადოებაში ღრმავდება ნატოსა და მთლიანობაში დასავლური ფასეულობებისადმი გაუცხოება, რაც ნაწილობრივ გამოწვეულია წინა ხელისუფლების მიერ გატარებული სარეკლამო კამპანიით, რადგან ხელისუფლებით უკმაყოფილება დასავლეთით უკმაყოფილებაში გადაიზარდა.

   ნანა დევდარიანმა შენიშნა, რომ ქართული საზოგადოების კონსერვატულობა პარადოქსულადაა გადაჯაჭვული ამავე საზოგადოების მისწრაფებასთან, მიიღოს ყველაფერი უცხოური. მაგრამ ეს ეხება მხოლოდ გარე გამოვლინებებს, ხოლო შიდა კონსტრუქცია უცვლელი რჩება. თუკი ქართველები სიტუაციას ისე აღიქვამენ, რომ ნატო მათი ცხოვრების მომწესრიგებელი ფაქტორია, ეხმარება რაღაც რეფორმების გატარებაში, მაგრამ ამავე დროს, არ ეხება სიღრმისეულ ასპექტებს, მაშინ ისინი მიიღებენ მას. მაგრამ, ნ.დევდარიანის აზრით, ეს გამორიცხულია, ვინაიდან საქართველოს ამ შემთხვევაში მოუწევს ყველა დასავლური ფასეულობის მიღება.

   ბლოგერი, იურისტი კონსტანტინე ჩიკვილაძე არ დაეთანხმა ლევან ოსიძეს და გამოთქვა აზრი, რომ საქართველო იმ მდგომარეობაში არ იმყოფება, რომ თავს პოზაში ჩადგომისა და პოლიტიკური ვაჭრობის უფლება მისცეს. სინამდვილეში ქართულმა მხარემ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი, რომელიც მას დაუბრუნებს რუსეთის პატივისცემასა და ადექვატურობის დაფასებას. ამ ნაბიჯად შეიძლება, მოვიაზროთ ნატოში შესვლაზე უარის თქმა. ამის შემდეგ, ბურთი უკვე ნამდვილად რუსეთის მხარეს იქნება. ანალოგიური მოსაზრებები გამოითქვა ანალიტიკოს დავით ფურცხვანიძის მიერაც.

   პროფესორ გვანცა კოპლატაძის თქმით, საქართველოს და რუსეთს ერთი და იგივე ფასეულობები აქვთ, რაც საერთო მართლმადიდებელი რწმენიდან გამომდინარეობს. საქართველოს დიდი ნაწილი - ტაო და კლარჯეთი, სადაც არანაკლებ დიდი კულტურის და რელიგიის კერები იყო, ვიდრე დანარჩენ საქართველოში, დღეს იდენტობადაკარგულია, იგი ვერ გადარჩა თურქული იმპერიის შემადგენლობაში. სამაგიეროდ, საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში არა  მხოლოდ გადარჩა, არამედ გაერთიანდა და გაძლიერდა. ცალკეული რთული ეპიზოდები რუსულ-ქართული ურთიერთობების ისტორიიდან ამ უმთავრეს ფაქტს ვერანაირად ვერ გადასწონის. აქედან გამომდინარე, შეიძლება და აუცილებელია სწორი დასკვნების გაკეთება მომავლისათვის.

 

ევრაზიის ინსტიტუტი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"