ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
აქტუალური თემა
21.12.2012
ევრაზიის ინსტიტუტმა საქართველოში ნატოსადმი დამოკიდებულების საკითხის საექსპერტო განხილვა მოაწყო

თბილისში, სასტუმრო „ვერე პალასში“ ნატოსთან საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებასთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია «ევრაზიის ინსტიტუტია», რომელმაც ამ საკითხზე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა 2012 წლის 23 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე საქართველოს მასშტაბით ჩაატარა. როგორც ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გულბაათ რცხილაძემ განაცხადა, მთლიანად გამოკითხვაში მონაწილეობა 3068 ადამიანმა მიიღო. კვლევის ობიექტი შემდეგი თემები იყო:

1. პოლიტიკურ პარტიათა რეიტინგი, პირველ ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების წინ;

2. მოქალაქეთა მზადყოფნა საკუთარი არჩევნის აქტიურად დასაცავად;

3. მოსახლეობის წარმოდგენა ნატო-ს შესახებ და ამ ორგანიზაციისადმი მისი დამოკიდებულება.

„ჩატარებულ გამოკითხვას ვუწოდებთ „ქართულ გამოკითხვას“, რადგან, გასხვავებით საქართველოში ჩატარებული ყველა სხვა გამოკითხვისაგან, ევრაზიის ინსტიტუტის გამოკვლევა არ წარმოადგენს რომელიმე პოლიტიკური პარტიის, ისევე როგორც საერთაშორისო „დონორების“ - სხვადასხვა ორიენტაციის უცხოური ორგანიზაციების დაკვეთის პროდუქტს. იგივე ეხება ჩვენი ინსტიტუტის გამოკითხვის დაფინანსებასაც - საველე სამუშაოები ენთუზიასტებმა ჩაატარეს“, –– აღნიშნა გულბაათ რცხილაძემ. მისი თქმით, პირველი, რაც თვალშისაცემია, ესაა ჯერ კიდევ მერყევ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებიც აცხადებენ, რომ თითქოს ჯერ არ გადაუწყვეტიათ, ვის მისცემენ ხმას. „ძალზე ძნელია, მოეძებნოს ანალოგი ფაქტს, რომელიც საქართველოშია - არსად, დანიშნულ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, მერყევ ამომრჩეველთა რიცხვი ახლოსაც არ დგას მაჩვენებელთან, რომელიც ჩვენ მიერ საქართველოში დაფიქსირდა –– 44.5 პროცენტი. ჩვენ უმალ გაგვიჩნდა ეჭვი, რომ ამ „გაურკვეველი“ კატეგორიის რესპონდენტთა ძირითადი მასა სინამდვილეში თავს არიდებს პირდაპირ პასუხს, თუ რომელი პარტიისთვის აპირებს ხმის მიცემას. თუმცა ჩვენი ეჭვი იმის თაობაზე, რომ აღნიშნული კატეგორიიდან უმრავლესობა სინამდვილეში გარკვეულია თავის არჩევანში, მაგრამ მალავს ამას, ირიბად დასტურდება „გაურკვეველ“ რესპონდენტთა მიერ სხვა, კერძოდ, ნატო-ს თემაზე გაცემული პასუხებით. ეს პასუხები მიუთითებს იმას, რომ აღნიშნულ კატეგორიას მიკუთვნებული ამომრჩევლები ძირითადად ოპოზიციის, და არა ხელისუფლების პოტენციური მომხრეები არიან“, –– აღნიშნა გულბაათ რცხილაძემ.

მისი თქმით, კვლევისას გაირკვა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მოსაზრება ნატოზე ერთმანეთისაგან განსხვავებულია. მაგალითად, ნაციონალური მოძრაობის მომხრეების 67 პროცენტი მიიჩევს, რომ საქართველოსა და ნატოს ინტერესები ძირითადად, ემთხვევა ერთმანეთს. ისინი დადებითად უყურებენ საქართველოში ნატოს სამხედრო ბაზების შესაძლო განთავსებასაც (40 პროცენტი 28 პროცენტის წინააღმდეგ). 32 პროცენტს კი ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს. „ქართული ოცნების“ მომხრეთა 58 პროცენტი მიიჩნევს, რომ ნატოს სამხედრო ბაზები საქართველოში არასასურველია, 34 პროცენტს უჭირს პასუხის გაცემა და მხოლოდ 8 პროცენტია ამის მომხრე. რაც შეეხება ავღანეთსა და კოსოვოში ქართველი სამხედროების გაგზავნას, „ქართული ოცნების“ მომხრეთა 88 ამის წინააღმდეგია, 8 პროცენტს უჭირს პასუხის გაცემა და ამას მხოლოდ 4 პროცენტი ემხრობა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მომხრეთაგან კი 40 პროცენტი ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობას ავღანეთისა და სხვა კამპანიებში ემხრობა, 32 პროცენტს უჭირს პასუხის გაცემა და მხოლოდ 28 პროცენტია ამის წინააღმდეგი.

„გამოდის, რომ საქართველოს მონაწილეობა ავღანურ და ნატოს ეგიდით მიმდინარე სხვა კამპანიებში არც თუ ისე პოპულარულია თვით ამჟამინდელი ხელისუფლების მომხრეებს შორისაც კი“, –– აღნიშნა გულბაათ რცხილაძემ.

მისი განცხადებით, ქართულ მედიაში ნატოს შესახებ მსჯელობა არასაკმარისად არის გაშუქებული. ეს კი ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია იმისა, რომ აღნიშნულ საკითხს ექსპერტების მონაწილეობით დღეს მრგვალი მაგიდა მიეძღვნა.

შეგახსენებთ, რომ ევრაზიის ინსტიტუტის თაოსნობით მრგვალი მაგიდები სხვადასხვა აქტუალურ თემაზე პერიოდულად ეწყობა.

Medianws.

 

    ექსპერტების ნაწილი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ნატოს დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.

როგორც ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა განაცხადა, ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის დისკრედიტაცია წლების განმავლობაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ მოხდა. ამის მიზეზად მან ის გარემოება დაასახელა, რომ ნატო წლების განმავლობაში ნაცმოძრაობის საყრდენად აღიქმებოდა.

„ხოლო თუ ნატო ნაციონალური მოძრაობაა, მაშინ ის არ ვარგა“, –– აღნიშნა სოსო ცისკარიშვილმა.
მისი თქმით, წინა ხელისუფლება არ მალავდა, რომ ნატოს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებშო ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობა ხალხისათვის წარმატებული არ იყო.

პროფესორ ომარ გოგიაშვილის მოსაზრებით, ნატოსადმი ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და „ქართული ოცნების“ მომხრეთა განსხვავებული განწყობა მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ნაციონალურმა მოძრაობამ ნატოს, ევროკავშირისა და დასავლური ღირებულებების გარკვეული დევალვაცია მოახდინა.

მან განსაკუთრებით ნატოს მიერ საქართველოსათვის მინიჭებულ სტატუსს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ „ასპირანტის“ სტატუსი, რაც საქართველოს მისამართით ხშირად გაისმის, არცერთ ხელშეკრულებაში არ არის ნახსენები.

„არცერთ დოკუმენტში –– დაწყებული ვაშინგტონის ხელშეკრულებიდან –– სიტყვა „ასპირანტი“ არ არის ნახსენები. ეს შეიძლება ვიღაცამ სადღაც ახსენა, მაგრამ ნატოს დიოკუმენტაციაში ოფიციალურად დაფიქსირებული არ არის. ერთადერთი პოზიტიური, რაც ამ მიმართულებით დავინახე, ის არის, რომ საქართველო მართლა გავიდა იმ კამპანიაში, სადაც ნატოს წევრობის კანდიდატები მონაწილეობენ“, –– აღნიშნა ომარ გოგიაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოში დასავლური ინსტიტუტებისადმი მოსახლეობის ნდობის კლებაში დამნაშავე მართლაც ნაციონალური მოძრაობაა.

ექსპერტმა გოგი ხუციშვილმა კი ევრაზიის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგის გამო ერთგვარი შიში გამოთქვა.

„ის გარემოება, რომ „ქართული ოცნების“ მომხრეები ძირითადად, ნატოსადმი სკეპტიკურად არიან განწყობილნი, ხომ არ გახდება იმის თქმის საფუძველი, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოში რუსეთის ინტერესებს ატარებს?“ –– იკითხა გოგი ხუციშვილმა.

როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გულბაათ რცხილაძემ აღნიშნა, ევრაზიის ინსტიტუტის მიერ 2012 წლის 23 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე საქართველოს მასშტაბით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვისას გაირკვა, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს ნატოსადმი უმეტესწილად, სკეპტიკური დამოკიდებულება აქვთ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებისთვის კი მასთან დამოკიდებულება პოზიტიურია.

„ეს გარემოება მსჯელობის საგნად უნდა იქცეს და რაღაცაზე მიგვანიშნებდეს“, –– აღნიშნა გულბაათ რცხილაძემ.

ნატოს თემაზე მოხსენებები წაიკითხეს მრგვალ მაგიდაში მონაწილე ექსპერტებმა.

Medianews.

P.S. უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია საექსპერტო მრგვალი მაგიდის შესახებ უმოკლეს ხანში გამოქვეყნდება ჩვენს ვებ-გვერდზე. - ევრაზიის ინსტიტუტი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"