ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
აქტუალური თემა
14.11.2012
საქართველოს და რუსეთს შორის სარკინიგზო კავშირის აღდგენის საკითხი - ქართველების, აფხაზების და რუსების საქმეა

  რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო კავშირის აღდგენამ, ნაწილობრივ აღიარებული აფხაზეთის გავლით, ნერვული რეაქცია გამოიწვია აზერბაიჯანში. ამ სახელმწიფოს მმართველ წრეებთან დაახლოებულმა პოლიტიკურმა ექსპერტებმა, ასევე ცალკეულმა პოლიტიკოსებმა, საკმაოდ მკვეთრი დამოკიდებულება გამოხატეს ამ ინიციატივის მიმართ. აზერბაიჯანელმა ანალიტიკოსმა ქიამალ ალიმ შეკრიბა ზოგიერთი საინტერესო მომენტი, რომელიც ბაქოში გამოხატულ რეაქციებს ასახავს. მკითხველს თავად შეუძლია, გაეცნოს ამ მასალებს, რუსულ ენაზე.

   ბუნებრივია, გასაგებია, რომ აზერბაიჯანს აწუხებს სომხეთის ეკონომიკის დამატებითი ზრდის შესაძლო სტიმულირება, რაც დაკავშირებულია რუსეთსა და სომხეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენით, საქართველოს ტერიტორიის გავლით, განსაკუთრებით კი, რუსული სამხედრო ტვირთების გადაზიდვა სომხეთში.

   საქართველოს ხელისუფლება ჯერ-ჯერობით დუნედ რეაგირებს ჩვენი აღმოსავლელი მეზობლების ამგვარ განცხადებებზე. პრინციპში საქართველოს განსაკუთრებული გააქტიურების საჭიროება არც არსებობს - განცხადებები აზერბაიჯანში ოფიციალურ დონეზე არ გაკეთებულა. თუმცა იმის იგნორირება, რას ფიქრობენ ბაქოში ყოველივე ამის შესახებ, სისულელე იქნებოდა. სავარაუდოდ, ახალი ქართული ხელისუფლება სწორ - მეგობრულ ტონს შეარჩევს აზერბაიჯანელ პარტნიორებთან ურთიერთობაში და შეეცდება, დაარწმუნოს ისინი, რომ რკინიგზის გახსნა აზერბაიჯანის ინტერესებს საფრთხეს არ უქმნის. ამგვარი შეხედულების გასამყარებლად კონკრეტული არგუმენტიც არსებობს: საქართველოში მოქმედებას განაგრძობს რუსული სამხედრო ტვირთების ტრანზიტზე აკრძალვა, არა მხოლოდ რკინიგზის, არამედ საავტომობილო ტრასის საშუალებითაც, რომელიც, როგორც ცნობილია, ღიაა რუსეთსა და სომხეთს შორის, საქართველოს გავლით (სტეფანწმინდა - სადახლო). მაშასადამე, რკინიგზის გახსნა თავისთავად არ ნიშნავს რუსეთიდან სომხეთში სამხედრო ტვირთების მიწოდების აღდგენას.

   მაგრამ, დავუშვათ და, ღმერთმა ინებოს, ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის ისე სწრაფად და კარგად განვითარდა, რომ ყველა ასეთი აკრძალვა ორივე მხრიდან მოიხსნა - აქვს თუ არა აზერბაიჯანს უფლება, გაუნაწყენდეს საქართველოს? სავარაუდებელია, რომ - არა. აზერბაიჯანი თავად უფრთხილდება რუსეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, პრეზიდენტი ალიევი არასოდეს აძლევს თავს უფლებას, რაიმე უარყოფითი თქვას რუსეთის ხელისუფლებაზე და მის პოლიტიკაზე. მაშ, სააკაშისტური რეჟიმის რადიკალური ანტირუსული კურსი ხომ არ აძლევდა აზერბაიჯანის გარკვეულ წრეებს საშუალებას, რუსეთთან ურთიერთობები, ასე ვთქვათ, საქართველოს ხარჯზე აეწყოთ? იგივე შეიძლება ითქვას სომხეთის გარკვეულ წრეებზეც - რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, საქართველოსა და რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაში სასიცოცხლოდ დაინტერესებულ სომხეთს არასოდეს გადაუდგამს სერიოზული საშუამავლო ნაბიჯები, ორ მხარეს შორის დაძაბულობის შესამცირებლად.

  ასე და ამრიგად, თუკი აზერბაიჯანს სურს, გამორიცხოს რუსული სამხედრო ტვირთების გატარება საქართველოს რკინიგზის მეშვეობით, ეს საკითხი მან უნდა მოაგვაროს უშუალოდ მოსკოვთან, თბილისზე კი ზეწოლას არ უნდა ეცადოს, რომ მან არ გახსნას რკინიგზა რუსეთთან. ამის მოთხოვნა არათუ არაეთიკური და არალეგიტიმურია საერთაშორისო კანონების თვალსაზრისით, არამედ უბრალოდ სულელურია. ასევე სისულელეა, ბიძინა ივანიშვილის მთავრობას ბრალი დავდოთ, როგორც ამას ზოგიერთი აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი აკეთებს, რომ თითქოს იგი „პროსომხურ პოლიტიკას“ ატარებს. მით უფრო სააკაშვილის შემდეგ, რომლის მთავრობის ნახევარს, მისი ჩათვლით, სომხური ეთნიკური ფესვები აქვს.

გულბაათ რცხილაძე

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"