ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
საავტორო სვეტი
10.11.2012
პარლამენტის შენობა და პრეზიდენტის სასახლე ქვეყნის სახეა

საქართველოს პრეზიდენტის მიერ გახმოვანებული სურვილისთანავე პრესის ფურცლებზე გამოვხატე ჩემი დამოკიდებულება საკითხისადმი, ცხადია სრულიად დარწმუნებული იმაში, რომ მოსაზრებას არც პრეზიდენტი და არც ვინმე მისი გარემოცვიდან გაიზიარებდა. საქმე პარლამენტის ქუთაისში გადატანას ეხებოდა.

მკითხველს კარგად ემახსოვრება ავადსახსენებელი პარლამენტარის ბობოხიძის „ღრმად საფუძვლიანი“ განცხადება-ინიციატივა, რომელიც პრეზიდენტმა აიტაცა და ისეთი უკბილო არგუმენტების ბუღი დააყენა, უკეთესს რომ ვერავინ ინატრებდა. არადა ბობოხიძის ინიციატივა, სააკაშვილის ინიციატივა იყო - გაჟღერებული ბობოხიძის მიერ.

რა არ ითქვა მაშინ სურვილის განსამტკიცებლად - რომ თბილისში პარლამენტის არსებობამ თავკომბალად გადააქცია თბილისი, რომ ყველა სახელმწიფო დაწესებულება არ უნდა იყოს დედაქალაქში და რომ მათი ნაწილი სხვა ქალაქებში უნდა გადანაწილდეს - ამ ქალაქების გამოღვიძებისა და აღმშენებლობისთვის, რომ ქუთაისი მეორე დედაქალაქად უნდა იქცეს, რასაც ხელს შეუწყობს პარლამენტის იქ დაფუძნება და სხვა.

თითიდან გამოწოვილი არგუმენტების მიღმა იმალებოდა მთავარი - სააკაშვილის ალერგიული დამოკიდებულება რუსთაველის პროსპექტზე მდებარე პარლამენტის შენობისადმი, რომელიც დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ხალხის პროტესტის გამოსახატავ ადგილად გადაიქცა.

თუმცა არა მარტო დამოუკიდებლობის წლებია ამ მხრივ დასამახსოვრებელი, არამედ საბჭოთა პერიოდიც. სწორედ პარლამენტის შენობასთან (მაშინდელ მთავრობის სახლთან) შეიკრიბნენ თბილისელები საქართველოს კონსტიტუციაში ქართული ენის სახელმწიფო ენად დატოვებისთვის.

სწორედ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარეობდა ანტისახელისუფლებო გამოსვლები 1989 წლის აპრილში, რომელიც 9 აპრილის დარბევით და მსხვერპლით დასრულდა.

სწორედ პარლამენტის შენობასთან გაიმართა ოპოზიციური ძალების მიერ მომზადებული საარჩევნო კანონპროექტის მხარდასაჭერი ფართომასშტაბიანი გამოსვლა, რამაც აიძულა უმაღლესი საბჭო მიეღო გამსახურდიას პროექტი, რამაც ფაქტიურად განაპირობა საყოველთაო არჩევნებში „მრგვალი მაგიდის“ გამარჯვება ანუ კომუნისტური სისტემის დამხობა.

პარლამენტის (მაშინდელი უზენაესი საბჭოს) შენობისთვის მიმდინარეობდა 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ომი, რომელიც შენობიდან გამსახურდიას გაძევებით და დროებითი ხელისუფლების მოსვლით დასრულდა.

ომს ვერც ქალაქის გული და ვერც პარლამენტის შენობა გადაურჩა. დამწვარ-გადაბუგულმა შენობამ დროებით შეწყვიტა ფუნქციონირება. ახლად არჩეულ პარლამენტს „იმელის“ შენობაში მოუწია მუშაობის დაწყება. დანგრეული შენობის ძირითად აღდგენით სამუშაოებს წელიწადნახევარი დასჭირდა, სრულ დასრლებას - არაერთი წელი.

პარლამენტის შენობა იყო ის ადგილი, სადაც შეიკრიბა ასლან აბაშიძის მიერ გამოგზავნილი აჭარული დესანტი არჩევნების შედეგების დაცვის მიზნით 2003 წლის აჩევნების შემდეგ. პარლამენტის შენობა იყო „ვარდების რევოლუციის“ ეპიცენტრი - სხდომათა დარბაზში სააკაშვილისა და მისი მომხრეების შეჭრით, დაცვის მიერ დამარცხებული შევარდნაძის დარბაზიდან გაყვანით, გამარჯვებული სააკაშვილის მიერ ტრიბუნაზე დატოვებული შევარდნაძის ჩაის დალევით.

სააკაშვილის მმართველობის პერიოდშიც, მომიტინგეთა მიერ არაერთხელ იქნა გამოყენებული შენობის მიმდებარე ტერიტორია - იყო გაშლილი კარვები, ღამის თევა, სახელდახელო ტრიბუნაზე ხელისუფლების საწინააღმდეგო გამოსვლები და სხვა. მაგრამ საპროტესტო აქციებიდან 2007 წლის ნოემბრისა და 2011 წლის მაისის გამოსვლები ჩარჩა ხალხს მეხსიერებაში. მაშინ სააკაშვილის ხელისუფლება უმოწყალოდ გაუსწორდა მომიტინგეებს. იყო მსხვერპლიც.

სხვა ბევრი მოვლენა აკავშირებს საქართველოს საკუთარ პარლამენტთან და მის ადგილსამყოფელთან - ბევრი მძიმედ გასახსენებელი, ბევრიც სასიხარულო. სასიხარულოთა შორის აღსანიშნავია 1991 წელს ქვეყნის დამოუკიდებლობის აქტზე ხელის მოწერა. საზეიმო ცერემონიალი სხდომათა დარბაზში გაიმართა, სადაც უზენაესი საბჭოსა და მთავრობის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ქართული ისტორიის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს.

პარლამენტის შენობის წინ გაიმართა პრეზიდენტების შევარდნაძისა და სააკაშვილის ინაუგურაცია. განსაკუთრებულად პომპეზური გამოდგა მოქმედი პრეზიდენტის ორი ინაუგურაცია.

და მაინც, რა დაუშავა სააკაშვილს პარლამენტის შენობამ და თბილისმა? რატომ გადაიტანა მან პარლამენტი ქუთაისში და სასწრაფოდ რატომ გაასხვისა თბილისში არსებული პარლამენტის შენობა? პასუხი მარტივია და მას არავითარი კავშირი არ აქვს ქუთაისის განვითარებასთან - სახალხო გამოსვლების შიში. და მართლაც, ზემოთჩამოთვლილი მაგალითები აშკარა დასტურია ამისა.

ხალხი სამიტინგოდ თავის მიერ არჩეულ დეპუტატთა სამუშაო ადგილს აწყდებოდა და არა რეალური ხელისუფლების (კანცელარიის სახით) ადგილსამყოფელს. სახალხო გამოსვლები სწორედ პარლამენტის შენობასთან იმართება მეტწილად და არა სხვაგან. რაღა შორს წავიდეთ, მაგალითად ათენიც კმარა. სწორედ პარლამენტის შენობის წინამდებარე სივრცე არის გადაქცეული ბერძენთა მასობრივი მიტინგების ადგილად.

მიტინგების და დემონსტრაციების გამართვა კონსტიტუციით არის გამაგრებული და მას ვერავინ აუკრძალავს ხალხს. ეს იცოდა სააკაშვილმა და სხვა ხერხს მიაგნო - პარლამენტის ქუთაისში გადატანას. ამით მან თავი დაიზღვია მიტინგებისგან, თან უაღრესად დაასუსტა საკანონმდებლო ორგანო. რომ არა 1 ოქტომბერი, ვიღას გაახსენდებოდა პარლამენტი. ის სწრაფად მიეცემოდა დავიწყებას, ისე, როგორც საკონსტიტუციო სასამართლო - ბათუმში გადატანილი და ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან გარიყული. „იმელის“ შენობაში განთავსებულ საკონსტიტუციო სასამართლოს ფუტკრებივით ეხვია ხალხი. ბათუმში გადატანილს ეს „ჯაფა“ მოეხსნა და მასთან ერთად რესპექტაბელური სახელიც - საკონსტიტუციო სასამართლო.

პარლამენტის ქუთაისში გადატანით სააკაშვილმა ხალხს მისასვლელი გზა ჩაუხერგა მის მიერ არჩეულ დეპუტატებთან. ხელისუფლებაში მისულ პოლიტიკოსს კარგად უნდა ჰქონდეს შეგნებული, რომ ხელისუფლების კრიტიკისთვის თავშეყრა, თანაც მასობრივი, პარლამენტის შენობის წინაც შეიძლება და ამაში არაფერია დაუშვებელი.

ხელისუფლების უპირველესი ვალია, რომ ასეთს ადგილი არ ჰქონდეს ანუ მან ყველაფერი უნდა იღონოს ხალხისთვის მიცემული დაპირების შესრულებისათვის. შესრულების შემთხვევაში არავითარ საპროტესტო აქციას ადგილი არ ექნება. ხელისუფლებამ ნაკლები საბაბი უნდა მისცეს ხალხს პროტესტისთვის.

სამწუხაროდ, ბოლო 20 წლის განმავლობაში გამსახურდია-შევარდნაძე-სააკაშვილის ხელისუფლებამ არაერთი საპროტესტო საბაბი მისცა ხალხს. გახსოვთ ალბათ 1991 წელს რუსთაველზე ახლადდაჩეკილი პარტიების მიერ დაცემული კარვები, ლეიბებზე წამოკოტრიალებული წვერგაუპარსავი „პოლიტიკოსები“, პარლამენტის შენობის წინ გაშლილი „ხელისუფლების დამცველი“ კარვები - „შავკოლგოტკიანებად“ წოდებული ქალებით.

კარვები არც სააკაშვილის ხელისუფლებისთვის იყო უცხო - ტელევიზიის (I არხი) შენობიდან დაწყებული, თავისუფლების მოედნით დამთავრებული. რაც მართალია შევარდნაძის ჟამს ასეთი არ ახსოვს, ერთხელ იყო და ისიც მისი გაძევებით დასრულდა.

სააკაშვილი ვერ შეეგუა მასობრივ გამოსვლებს, მასობრივი გამოსვლების ტრადიციული ადგილის არსებობას და ერთი ხელის დაკვრით პარლამენტი ქუთაისს მოისროლა. დემოკრატიაც ამას ჰქვია.

სააკაშვილის ოცნება 2012 წელს ახდა, მაგრამ ეს ოცნება არახალია. მსგავსი, სააკაშვილის წინაპრებსაც (არაპირდაპირი გაგებით) ჰქონდათ, 1992 წელს, თბილისის ომის შემდეგ. მაშინ პუტჩისტებმა არა მარტო გამსახურდია გააძევეს ქალაქიდან, არამედ ამ პროცესში ქალაქის ცენტრალური ნაწილიც გაანადგურეს, მათ შორის პარლამენტის შენობაც.

გამარჯვებულებს ნერვებს უშლიდა პარლამენტის შენობა - ზვიად გამსახურდიას ადგილსამყოფელი და დაბეჯითებით გაიძახოდნენ - სატანის (გამსახურდია) ბუდე უნდა დაინგრესო!

მოწოდებას ლამის პრაქტიკული საქმე მოჰყვა ანუ ნახევრადდანგრეულის მთლიანად დანგრევა, მაგრამ ქალაქის იმჟამინდელმა ხელისუფლებამ (ო.ლითანიშვილი) სხვაგვარად დასვა საკითხი - არა დანგრევა, არამედ შენობისთვის პროფილის შეცვლა ანუ პარლამენტის შენობის ბიზნეს-ცენტრად გადაკეთება.

1992 წლის თებერვალში სახელმწიფო კანცელარიაში, სიგუას თავმჯდომარეობით, გაიმართა მთავრობის სხდომა, რომელმაც განიხილა დანგრეული თბილისის აღდგენის და პარლამენტის შენობის მომავალის საკითხები. მე - უზენაესი საბჭოს სამდივნოს უფროსს, მხვდა პატივი დავსწრებოდი სხდომას. მაშინ უზენაესი საბჭო დათხოვნილი იყო. მისი წევრები საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ.

ბატონმა თენგიზმა იცოდა რა ჩემი აზრი პარლამენტის შენობასთან დაკავშირებით, ნება დამრთო თანამოაზრეებთან ერთად დავსწრებოდი სხდომას. სამწუხაროდ, ასეთები ცოტა აღმოჩნდა - გოგი ანდრონიკაშვილისა და ვახტანგ ცუხიშვილის სახით. სხდომაზე ქალაქის თავმა ოთარ ლითანიშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის შენობაში აღარ უნდა იყოს პარლამენტი, იქ უნდა იყოს ბიზნეს-ცენტრი.

საერთოდ რუსთაველის პროსპექტზე არც ერთი სახელმწიფო დაწესებულება არ უნდა ყოფილიყო. პროსპექტი უნდა გადაქცეულიყო თბილისელთა გართობისა და სეირნობის ადგილად. ნაცებმა ეს იდეაც მოპარეს და ხელისუფლებაში ყოფნის პირველ წლებში, უქმე დღეებში ტრანსპორტისთვის პროსპექტი გადაკეტეს, სავალ ნაწილზე მაგიდები გაშლას და „ბედნიერი“ საქართველოს სახეც დახატეს.

ჩემს შეკითხვაზე, სად იქნებოდა პარლამენტის შენობა - ლითანიშვილმა განაცხადა - თბილისის ზღვაზე, რათა მომავალში თავიდან იქნას აცილებული ის ექსცესები ომის სახით, რასაც ჰქონდა ადგილი. „თბილისის ზღვა შორსაა და იქ მიტინგის გამართვით თავს არავინ შეიწუხებსო“.

მავანი იფიქრებს - ლითანიშვილმა იხუმრაო, მაგრამ ხუმრობა აღარ იყო, როდესაც მის მიერ მოწვეულმა არქიტექტორებმა ბიზნეს-ცენტრად გადაკეთებული პარლამენტის შენობის პლანშეტები გამოფინეს. უმცირესობაში აღმოჩენილ ანდრონიკაშვილს, ცუხიშვილს და ჭიპაშვილს ისღა დაგვრჩა გვეთხოვა სიგუასთვის, პირველ რიგში შენობის აღდგენითი სამუშაოების დაწყება, ვინაიდან სახურავის გარეშე დარჩენილ შენობას ისე აწვიმდა და ათოვდა, როგორც მინდორში ეულად მდგომ ხეს, ხოლო პარლამენტის შენობაში განთავსების საკითხი არჩევნების შემდეგ ახალ პარლამენტს გადაეწყვიტა.

საბედნიეროდ სიგუა დაგვეთანხმა, რის შემდეგ სწრაფი ტემპით დაიწყო შენობის აღდგენა. აღდგენითი სამუშაოების წარმოება დაგვევალა თქვენს მონა-მორჩილსა და არქიტექტორ ცუხიშვილს. შემოდგომით, არჩევნების წინ, შენობის ნაწილი, რომელიც პროსპექტზე მდებარეობს, თითქმის მზად იყო, მაგრამ ახალი მოწვევის პარლამენტმა მუშაობა „იმელის“ შენობაში დაიწყო. ზოგიერთმა კომიტეტმა „იმელში“ მუშაობას პარლამენტის დაუმთავრებელ შენობაში ყოფნა ამჯობინა.

აღდგენილი შენობა, ძველი ინერციით მინისტრთა საბჭოს ბალანსზე ირიცხებოდა და მის სამეურნეო საქმიანობას მთლიანად წარმართავდა მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველობა, რაც სერიოზულად აფერხებდა საპარლამენტო საქმიანობას და რაც მთავარია პარლამენტს აღმასრულებელი ხელისუფლების დანამატად აქცევდა. ჩემს მიერ სასწრაფოდ იქნა შემუშავებული დადგენილების პროექტი, რომლის მიხედვით იქმნებოდა პარლამენტის სამეურნეო სამსახური, რომელსაც უნდა გადმოსცემოდა მინისტრთა საბჭოს ბალანსიდან პარლამენტის შენობა და ავტოფარეხი.

დადგენილებას მოწინააღმდეგებიც ჰყავდა - პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფო მეთაურის შევარდნაძის სახით, რომელსაც სურდა საკანონმდებლო და აღმასრულებელი (სახელმწიფო მეთაურის, შემდგომში პრეზიდენტის და მინისტრთა საბჭოს) სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურში მოქცევა, რაც პარლამენტის დამოუკიდებლობის შეზღუდვისათვის გადადგმული ნაბიჯი იყო.

რის ვაი-ვაგლახით პარლამენტმა ჩემს ანუ პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ შემუშავებული დადგენილების პროექტი მიიღო. ეს სწორედ ის გადაწყვეტილება იყო, რაც, მიზეზთა გამო, ვერ განხორციელდა ზვიად გამსახურდიას დროს, თუმცა დასაწყისი იყო - შენობიდან მინისტრთა საბჭოს გაყვანა და კპ ცკ-ს შენობაში განთავსება, შენობის უკანა მხარეს არსებული სამინისტროების სხვა შენობებში გადაყვანა და გამონთავისუფლებული ფართის უზენაეს საბჭოზე (პარლამენტზე) მორგება, შესაბამისი სარემონტო სამუშაოების ჩატარება და სხვა. სამწუხაროდ, გარემონტებული შენობა თბილისის ომმა მიწასთან გაასწორა.

არავითარი მტკიცება არ სჭირდება იმას, რომ პარლამენტი ერის სახეა. და რომ მისი ადგილი დედაქალაქში და არა მეორე ქალაქშია. დედაქალაქში კი პარლამენტის შენობა ცენტრშია და არა გარეუბანში. ასეა მთელ დედამიწის ზურგზე. სადაც დედა ანუ მთავარი ქალაქია, იქ არის ხალხის მიერ არჩეულთა სამუშაო ადგილი. იქ მიდის ხალხი რჩეულთათვის რჩევის მისაცემად, საყვედურის სათქმელად, თუნდაც პროტესტის გამოსახატავად.

მხოლოდ ქვეყნის მტერს შეეძლო ხალხისა და მისი რჩეულის ერთმანეთისგან მოწყვეტა. მხოლოდ მტერს შეეძლო მილიონობით დოლარის ხარჯვა ქუთაისში პარლამენტის შენობის აშენებისათვის. მხოლოდ მტერს შეეძლო პარლამენტის ქუთაისში გადატანით ქვეყნის ბიუჯეტისთვის ექსტრა ხარჯების აკიდება - პარლამენტარების და პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა მიერ ქუთაისში საცხოვრებელი ფართის დაქირავების სახით.

მხოლოდ მტერს შეეძლო პარლამენტის წევრებისა და აპარატის მუშაკების თბილისს-ქუთაისს შორის გზაზე გამოკიდება, მათი ოჯახებთან ხელოვნურად დაშორება და ისეთი სოციალურ-ფიზიკური დისკომფორტის შექმნა, რომელიც სერიოზულ ბარიერს ქმნის გონებრივი შრომისათვის. მხოლოდ მტერს შეეძლო საკანონმდებლო-აღმასრულებელი ხელისუფლების ერთობლივ მუშაობაში ისეთი დისკომფორტის შექმნა, როგორიც გვაქვს დღეს.

   მხოლოდ მტერი მოახდენდა თბილისში არსებული პარლამენტის შენობის გასხვისებას და ახალი მეპატრონისთვის იმის თქმას, რომ სასწრაფოდ მოეხდინა შენობის ინტერიერის დემონტაჟი, რათა ვინმეს თავში არ მოსვლოდა უკან დაბრუნება. მაგრამ მარტო სააკაშვილია დამნაშავე? დამნაშავეა ყველა ის პარლამენტარი, ვინც მხარი დაუჭირა ამ წინადადებას და ვინც დღესაც ამტკიცებს, რომ პარლამენტის ქუთაისში არსებობა წაადგება ამ ქვეყანას.

დამნაშავეა ისიც, ვინც გარისკა და ჩაიბარა პარლამენტის შენობა - ქართული არქიტექტურის უნიკალური ძეგლი, გერმანელთა მიერ ნაშენი, ქართული ორნამენტით დამშვენებული საბჭოთა ეპოქის უნიკალურ შენობათა შორის მოქცეული. მაგრამ მარტო ეს შენობა განადგურდა (ჯერ-ჯერობით შიგნიდან)? განადგურდა სახელოვანი საბჭოთა არქიტექტორის შჩუსევის მიერ აშენებული „იმელის“ შენობა, სხვა შენობები. მათი განადგურებისთვის პასუხს არავის თხოვენ - კერძო საკუთრებააო, ურცხვად აცხადებენ.

ნეტავ რას უპირებდა მეპატრონე საქართველოს ამ უდიდეს სახელისუფლებო კომპლექსს? სასტუმროდ, კაზინოდ თუ სხვა სალაღობო ცენტრად გადაკეთებას? დოლბანდს ჩამოაფარებდა ისე, როგორც უნივერმაღ „თბილისს“, „ცეკავშირის“ შენობას, გამომცემლობა „სამშობლოს“, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, „იმელს“, სხვებს და სხვებს - ძვირად გაყიდვის მოლოდინში. და ამას ჰქვია ქართული პატრიოტიზმი, სამშობლოს სიყვარული. ბარაქალა თქვენს მარჯვენას „ახალო ქართველებო“.

პარლამენტის ნორმალური მუშაობისთვის საჭიროა მისი ქუთაისიდან თბილისში არსებულ ძველ შენობაში დაბრუნება, რისთვისაც შესაბამისი სარემონტო სამუშაოები დროულად უნდა ჩატარდეს. პარლამენტის ძველ შენობაში დაბრუნება ნიშნავს ისტორიული სამართლიანობის აღდგენას, რაც ესოდენ საჭიროა 9 წლის განმავლობაში სააკაშვილის ბატონობით დაბეჩავებული საქართველოსთვის.

საქართველოს მრავალსაუკუნოვანმა ისტორიამ არც ერთი სახელისუფლებო შენობა-ნაგებობა არ შემოგვინახა. შემოგვრჩა რუსეთის მეფისნაცვალის რეზიდენცია (ამჟამინდელი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე) და მთავრობის (პარლამენტის) სახლი.

სამთავრობო შენობებით საქართველო ნამდვილად არ იყო განებივრებული. სამთავრობო შენობა სახელმწიფოს არსებობის, სიძლიერისა და კეთილდღეობის გამომხატველია, ამავე დროს მისადმი მოკრძალებისა და რიდის, რაც კარგად მოეხსენებოდათ კომუნისტებს. სწორედ ამიტომაც ააშენეს ომისშემდგომ ნაკლებად დაპურებულ ჟამს მთავრობის სახლი (შენობის უკანა ნაწილი ომამდე აშენდა), სხვა სახელმწიფო შენობები, ე.წ. სტალინის არქიტექტურით რომ იწონებენ თავს.

იყო თუ არა გამართლებული ამგვარი შენობების აშენება? იქნებ ნაკლებად პომპეზური  პატარა შენობები ყოფილიყო საკმარისი?

ხრუშჩოვის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ და სტალინის პიროვნების კულტის დაგმობისთანავე, სხვა ღონისძიებებთან ერთად გატარდა სტალინური არქიტექტურის რევიზია და მისი შეცვლა ოთხსართულიანი, უსახო „კოლოფებით“, „ხრუშჩოვკები“ რომ დაარქვა ხალხმა. რომ იტყვიან - ისინი დაბადებიდან უდღეურები გამოდგნენ. სტალინის არქიტექტურით ნაგები შენობები დღესაც  იპყრობენ ყურადღებას. არქიტექტურის გამარტივებას, მშენებლობის გაიაფებას არ მოჰყოლია ხალხის კეთილდღეობის ამაღლება.

დღეს ბევრი ლაპარაკია პრეზიდენტის სასახლესთან დაკავშირებით. ახალი ხელისუფლება ნეგატიურად არის განწყობილი მის მიმართ, რაც აისახა კიდევაც ბიუჯეტში შენობის შენახვისთვის საჭირო ხარჯების შემცირებაში. პრემიერ-მინისტრმა ისიც ბრძანა, რომ, როგორც ქვეყნის პირველი პირი, ის არ აპირებს სასახლის დაკავებას. მან ჩათვალა, რომ ღარიბ-ღატაკ ქვეყანაში ესოდენ პომპეზური შენობა არ უნდა აშენებულიყოო, რაშიც ვეთანხმები, მაგრამ ვერაფრით დავეთანხმები მას  და ახალ ხელისუფლებას შენობისთვის პროფილის შეცვლასთან დაკავშირებით, იქ სასტუმროს გახსნით და სხვა.

შენობა პრეზიდენტის სასახლედ არის აშენებული ისე, როგორც პარლამენტის შენობა სამთავრობო დაწესებულებად და მათი გადაკეთება, სხვა ფუნქციის შესასრულებლად შენობებსაც ავნებს და არც სხვას წაადგება.

ესაჭიროება თუ არა პრეზიდენტს სასახლე? ეს კითხვა ხშირად ისმებოდა დამოუკიდებლობის 20 წლის განმავლობაში, გამსახურდიას გაპრეზიდენტების პირველსავე დღეებიდან დაწყებული. იყო ლაპარაკი იმაზეც, რომ პრეზიდენტს დაეკავებინა „პიონერთა სასახლე“, რითაც გადაწყდებოდა ხელისუფლების სამი შტოს განცალკევებაც (ტერიტორიული თვალსაზრისით), თანაც კომპაქტურად, ერთმანეთის სიახლოვეს განლაგება.

ეს იდეა არ განხორციელდა, ვინაიდან სხვაგვარად აღიქმებოდა პრეზიდენტის მიერ ახალგაზრდების შენობის დაკავება. მაშინ გადაწყდა პრეზიდენტის პარლამენტის შენობის იმ ნაწილში განთავსება, სადაც უწინ მინისტრთა საბჭო და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო - უკეთეს დრომდე.

უკეთესი დრო არ დამდგარა, მაგრამ სააკაშვილმა,  გაპრეზიდენტებიდან მეორე დღესვე ხელი მიჰყო პრეზიდენტის სასახლის მშენებლობას. ცუდია თუ კარგი  დღეს ამას აღარ აქვს მნიშვნელობა - ფაქტი სახეზეა.

პრეზიდენტი ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის ღატაკშიც, ქვეყნის სიმბოლოა. იქაც კი, სადაც საპარლამენტო მმართველობაა, პრეზიდენტი პირველი პირია. საქმით პირველი - პრემიერ-მინისტრია, მაგრამ მხოლოდ საქმით. ასე, რომ ივანიშვილის განცხადება - სასახლე ქვეყნის პირველ პირს ანუ მას ეკუთვნის, მაგრამ ის არ აპირებს მის დაკავებას, არ ასახავს ჭეშმარიტებას. ივანიშვილი ქვეყნის პირველი პირია - მხოლოდ საქმით, მაგრამ კონსტიტუციით და საყოველთაო პრაქტიკით პირველი პრეზიდენტია. ასეა გერმანიაში, იტალიაში, სხვაგან.

ქვეყნის სიმბოლოს ესაჭიროება სასახლე, სხვადასხვა სახის სახელმწიფო ცერემონიალის გასამართავად, პროტოკოლური ღონისძიებების მოსაწყობად, მაღალი რანგის დელეგაციების მისაღებად და მათთვის სახელმწიფო წვეულების გასამართად.

მაღალი რანგის უცხოური დელეგაციების პატივსაცემი ბანკეტი პრეზიდენტის სასახლეში უნდა იმართებოდეს ან ამ დანიშნულების სპეციალურ სახელმწიფო შენობებში და არა სასტუმროს რესტორანში, რაც არ უნდა ვარსკვლავებით იყოს ის მოჭედილი. შესაბამის საზეიმო ვითარებაში პრეზიდენტის სასახლეში ხდება სახელმწიფო ორდენებით და მედლებით დაჯილდოება და სხვა.

პრეზიდენტის სასახლე ქვეყნის სახეა. ის ისეთივე სიმბოლოა, როგორც დროშა, ჰიმნი, გერბი. საქართველოს აქვს ასეთი, მერე რა, რომ სააკაშვილის დროს აშენდა. პრეზიდენტები მიდიან და მოდიან, სასახლე კი - რჩება.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"