ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
საავტორო სვეტი
06.11.2012
რა „სამშვიდობო“ მისიის შესრულებას დააკისრებს სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს?

წინა წერილში აღვნიშნე, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს აშშ-ს პრეზიდენტის არჩევნებს საქართველოსთვის და განსაკუთრებით დამარცხებული ნაციონალებისთვის.

დამოუკიდებლობის 20 წლის განმავლობაში საქართველოს პოლიტიკოსებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ აშშ-ს არჩევნები საქართველოსთვის ღვიძლი საქმე გამხდარიყო. პოლიტიკოსი, რომელიც იტყვის, რომ „ქართული ოცნება“ - ამერიკული ოცნებაა, ხოლო ფილოსოფოსი - სანატრელი ამერიკა ივანიშვილის სახით ჩვენთან მოვიდაო - ნათელჰყოფს „ახალ ქართველთა“ ბატონყმურ განწყობას ე.წ. სტრატეგიული პარტნიორის მიმართ.

ის, რომ გამარჯვებულ „ოცნებაში“ უდიდესი უმრავლესობა, თუ ყველა ერთად აღებული არა, ისევე ეთაყვანება ამერიკას, როგორც წინა ხელისუფლება, საკამათო არ არის. საკამათო ისაა, რამდენად შეძლებს წინა ხელისუფლების საგარეო კურსის გამგრძელებელი ახალი ხელისუფლება, რუსეთთან ფართოდ რეკლამირებული ურთიერთობის დალაგებას. რუსეთთან ურთიერთობა სულაც არ არის აკვიატებული ცნება, რამეთუ ახლო მომავალში თუ არა გვიან, საკითხი ისედაც გადაიჭრება, მითუმეტეს, როდესაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ამის მოსურნეა.

უშლის თუ არა საქართველოს აშშ-ნ მეგობრობა, რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობების ქონას? ეს შეკითხვა არაერთხელ დაისმება და პასუხიც გაეცემა - ცხადია დადებითი - იმათი მხრიდან, ვინც თვალს ადევნებს აშშ-რუსეთის ურთიერთობას და ორი სუპერ სახელმწიფოსადმი საქართველოს დამოკიდებულებას.

რიგითი ადამიანი, პოლიტიკაში ნაკლებად გათვითცნობიერებული ვერაფრით ჩაწვდება ორთა ურთიერთობის კულუარულ ლაბირინთებს - სადაც ჯაშუშობა, ფეხის დადება, ერთმანეთის წინააღმდეგ მტრული ნაბიჯების გადადგა, მოწინააღმდეგის ბანაკში რევოლუციების მომზადება, ერთმანეთზე სამხედრო უპირატესობის მოპოვების მიზნით გამალებული შეიარაღება და სხვა, ჩვეულებრივ მოვლენად ითვლება.

ფასადზე არის „გადატვირთვის“ პროცესი, ერთობ გაპიარებული ღონისძიება. ფასადურად აშშ-რუსეთი პარტნიორი ქვეყნებია მთელ რიგ საკითხებში. კულუარულად - სასტიკი მოპაექრები, რის შესახებაც ალალად აღნიშნა საარჩევნო კამპანიის დროს მიტ რომნიმ.

რუსეთი უდავოდ აიტანდა საქართველოს ჩვეულებრივ ურთიერთობას აშშ-ნ, მაგრამ სტრატეგიულს - ვერა. რუსეთს უაღრესად აღიზიანებს საქართველოსა და დასავლეთის გამუდმებული ლაპარაკი ნატოში შესვლასთან დაკავშირებით. ოფიციალური რუსეთის განცხადებით, ნატოში შესული საქართველო მიუღებელია.

საქართველო რომ ტერიტორიულად პორტუგალიის ადგილზე მდებარეობდეს, რუსეთი სიტყვასაც არ დაძრავდა საქართველოს ნატოში გაწევრებაზე, მაგრამ საქართველო რუსეთის სამხრეთის მეზობელია, მოსაზღვრე ქვეყანაა და მისი ნატოში შესვლით ნატოს საზღვარი სამხრეთიდან შემოეკვრება რუსეთს. ასე, რომ „ოცნების“ ლიდერთა განცხადება - ნატოც და რუსეთიც - უფრო აბსტრაქციის ნაყოფია, ვიდრე რეალობის.

რუსეთთან დალაპარაკების მსურველი ახალი ხელისუფლება წინაპირობასაც აყენებს - აფხაზეთიდან და სამხრეთ-ოსეთიდან საელჩოების, სამხედრო ბაზების გაყვანა, რაც თავისთავად ნიშნავს ქართული სურვილის (დალაპარაკების) გაბათილებას.

რუსეთი არსად იჩქარის. მას საქართველოს ტერიტორიის 20%-ი აქვს მითვისებული, რომელზედაც 2 „დამოუკიდებელი სახელმწიფო“ არსებობს. ტერიტორიული საკითხის გადაუჭრელობა რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. მას იმედი აქვს, რომ მრავალი წლის შემდეგ, თუკი მანამდე არაფერი მოხდა, საქართველოში დაკარგულისადმი დამოკიდებულება განელდება და მხოლოდ სუფრაზე სალაპარკო თემად დარჩება.

რუსეთთან მოლაპარაკება შეიძლება გაიმართოს, მაგრამ უშედეგო იქნება, ვიდრე საქართველო არ შეწყვეტს ნატოში შესვლაზე გაუთავებელ ლაპარაკს.

არსებობს არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი - აშშ-ი. საქართველოს რუსეთთან ჩახუტების სურვილი არ უნდა ჰქონდეს ამ ქვეყანას. მას ურჩევნია საქართველო-რუსეთის უკვე ჩამოყალიბებული მტრობა, ვიდრე ურთიერთობა. ამისათვის მას ასეულ-ათასობით დოლარი აქვს დახარჯული. აშშ-სათვის საქართველო ის სადგისი იყო რუსულ დუმაში, რომელიც მუდამ დაძაბულად ამყოფებდა მეზობელს.

ალბათ დიდი თავისტეხა არ სჭირდება იმის ამოხსნას, ვინ აფინანსებდა თარგამაძეს დსთ-ს სივრცეში რევოლუციების ორგანიზებაში, ვისი ფულით და დავალებით იგზავნებოდა ჯან-ღონით სავსე მუტრუკები უკრაინაში არჩევნების დროს, ვინ იდგა ჩერქეზთა გენოციდის აღიარების უკან და ვინ აფინანსებდა ამ თემაზე თბილისში გამართულ არაერთ კონფერენციას, ვინ აყვირებდა საქართველოს, სოჭში, ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარების საწინააღმდეგოდ, ვინ აკეთებინებდა ნაცებს ტერორისტულ აქტებს და შემდეგ მათვე ადანაშაულებინებდა რუსეთს.

ყველაფრის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ფაქტები სახეზეა. მათი ამოძირკვა ახალი ხელისუფლების გადასაჭრელი საკითხია. ამ მიმართულებით ახალი ხელისუფლება უკვე დგამს პირველ ნაბიჯს, რუსეთთან გაცუდებული ურთიერთობის გამოსასწორებლად. ჯერი რუსეთზეა. მასთან ურთიერთობა ყოველგვარი მესამე მხარის გარეშე უნდა წარიმართოს. თბილის-მოსკოვის საუკუნეობრივი კავშირებიდან გამომდინარე არ უნდა იყოს საჭირო მესამე მხარის შუამავლობა, მითუმეტეს ზედამხედველობა.

ივანიშვილის ინიციატივა მისასალმებელია. უფრო მეტად მისასალმებელი იქნება მედიაში გაშლილი მრავალწლიანი ანტირუსული პროპაგანდისთვის წერტილის დასმა. ნაცების დამარცხებასთან ერთად ეს რიტორიკა არმოუსვლელ წარსულს უნდა ჩაბარდეს, ისე, როგორც ზემოთჩამოთვლილი მზაკვრობა, რასაც სისტემატურად იყენებდა სააკაშვილის ხელისუფლება მეზობელი რუსეთის მიმართ.

შეძლებს ახალი ხელისუფლება ამის გაკეთებას? სურვილის შემთხვევაში ყველაფერი შესაძლებელია, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორის დარწმუნება, რომ პატარა ქვეყანას არ ძალუძს შეასრულოს ქვეყნისთვის საჩოთირო დავალება ისე, როგორც ამას ნაცები ასრულებდნენ.

მიუხედავად სიძნელისა ეს პრობლემა დასაძლევია. აშშ-ი შეეცდება საკუთარი პოზიციების განმტკიცებას, მაგრამ მოქნილი დიპლომატიის წყალობით, რაც სამწუხაროდ დიდი დეფიციტია, შესაძლებელია.

კავკასიაში ამერიკის პოზიციების განმტკიცებას ემსახურებოდა ამ ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის ერიკ რუბინის თბილისში, ბაქოსა და ერევანში ჩატარებული ამასწინანდელი ვიზიტი. ვიზიტის დროს პრესასთან გაკეთებული განცხადებები სრულად არ ასახავდა მოლაპარაკებათა დროს განხილულ საკითხებს და მიღწეულ შეთანხმებას.

სტუმარს აინტერესებდა მთავარი - ხომ არ შეიცვლება ახალი ხელისუფლების პირობებში წინა ხელისუფლების მიერ ვაშინგტონისთვის მიცემული ფიცი ირანთან, სირიასთან, ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით. რუბინმა დაადგინა, რომ ყველაფერი ისე დარჩება, როგორც იყო.

„თბილისში გამართული მოლაპარაკების დროს განვიხილეთ ირანის მიერ ბირთვული იარაღის დამზადების საკითხი. თბილისი გააგრძელებს ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის საწინააღმდეგო საერთაშორისო პოლიტიკას. ჩვენ შესანიშნავად ვთანამშრომლობთ ისეთ საკითხში, როგორიცაა თურქეთ-სირია. საქართველო მზადაა რეგიონში შეასრულოს სამშვიდობო მისია“, - განაცხადა რუბინმა.

ირანთან აშშ-ს დამოკიდებულების დაძაბვის შემთხვევაში ვაშინგტონი საქართველოს განსაკუთრებულ როლს ანიჭებს. რუბინი კმაყოფილი დარჩა ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილებით ავღანეთთან მიმართებაში. საქართველოს სამხედრო კონტიგენტი კვლავაც გააგრძელებს სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას. საქართველოს ხელისუფლების განცხადება ჯერ-ჯერობით წვეთი წყალივით წააგავს ნაცთა განცხადებას - „შორეულ ავღანეთში ქართველი მეომრები იბრძვიან ტერორიზმისგან მსოფლიოს გადასარჩენად“.

დასრულდა აშშ-ს პრეზიდენტის არჩევნები. ახლა უკვე ამერიკის ადმინისტრაცია განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ახლო აღმოსავლეთის საკითხებს, მათ შორის სირია-ირანს. ყველასათვის ცნობილია, რომ აშშ-ი ვერაფერს გახდება გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ანტისირიული გადაწყვეტილების მისაღებად. რჩება ერთი გზა - თურქეთის აქტიური ჩართვა პროცესში. სწორედ ამით არის განპირობებული აშშ-ს განცხადება თურქეთისთვის მხარის დაჭერის თაობაზე, ვითომდა ამ ქვეყნის მიმართ სირიის აგრესიის ასალაგმად.

აშშ-სა და ევროპის ქვეყნების სპეცსამსახურები აქტიურად არიან ჩართული ანტიასადური ძალებისთვის იარაღის მიწოდების და კოორდინაციის საქმეში. გერმანული „დოიჩე ველე“ წერდა: „ცნობილია, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტები, რომლებიც იმყოფებიან თურქეთში, აკონტროლებენ სირიის მეამბოხე ჯგუფებისათვის იარაღის გადაცემის საქმეს“.

სასაზღვრო პუნქტ ბაბ-ალ-ჰავალთან მიმდინარეობს მეამბოხეთათვის როგორც იარაღის, ისე კომუნიკაციების საშუალებების მიწოდება. ფულს ამ ღონისძიებისთვის ჰყოფს საუდის არაბეთი, ყატარი, თურქეთი. აშშ-ი ამბოხებულებს აწვდის სირიის არმიის გადაადგილების ინფორმაციას, ეხმარება მათ საკუთარი დაზვერვის შექმნაში. ბრიტანული M6 კვიპროსიდან აწვდის მეამბოხეებს სტრატეგიულ ინფორმაციას. საფრანგეთის სპეცსამსახური მუშაობს ასადის გარემოცვის გახრწნაზე, რათა მან მიატოვოს ასადი.

გერმანიის სპეცსამსახური, ხმელთაშუა ზღვაში მცურავი სადაზვერვო გემ „ოკერიდან“ ინფორმაციას სირიის არმიის გადაადგილების თაობაზე, უგზავნის ნატოს - ის კი თავის მხრივ სირიელ მეამბოხეებს. გერმანიაში მცხოვრები „მუსლიმანი ძმების“ წევრები ფულად დახმარებას უწევენ სირიის განმათავისუფლებელ არმიას.

ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ამერიკელი ექსპერტი ბილალ სააბი წერს, რომ სირია აივსო ისლამისტი ბოევიკებით, რომლებიც დაკავშირებული არიან „ალ ქაიდასთან“. ეს ორგანიზაცია აყალიბებს თავის ერაყ-სირიის ფილიალს. ამერიკელი სპეციალისტები თვლიან, რომ სირიის ოპოზიციაში ჯიჰადისტების შეღწევა გაცილებით მაღალია, ვიდრე ამას ჰქონდა ადგილი ტუნისში, ეგვიპტესა და ლიბიაში. ბრიტანელებმა სირიაში ათას ხუთასი „ისლამის მეომარი“ დაითვალეს, თუმცა ამერიკელთა გათვლით ეს რიცხვი ათასობითაა.

სირიის სამოქალაქო ომში აშშ-ს, თუნდაც ირიბი ჩარევა ერთობ დაძაბავს ახლო აღმოსავლეთის ვითარებას, წაახალისებს ბაშარ ასადის ხელისუფლების მხარდამჭერ ქვეყნებს აქტიური მოქმედებისაკენ. ასეთ დროს რა „სამშვიდობო“ მისიის შესრულებას აკისრებს აშშ-ს ადმინისტრაცია საქართველოს, ძნელად ამოსახსნელი არ არის.

სტრატეგიული პარტნიორობა სულაც არ ნიშნავს მხოლოდ ცალმხრივ ურთიერთობას - ამერიკული გრანტების სახით. ის ქართული მხრიდანაც მოითხოვს ხარკს. აქამდე ეს ავღანეთი და რუსეთის მიმართ არაერთი მანკიერი გამოხდომა იყო. თუ მათ სირიაც დაემატება, შემდეგ ირანიც - საქართველოს ბედს „ძაღლიც არ დაჰყეფს“. მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა ქვეყანა, გაცილებით მძიმეში, ვიდრე ოდესმე.

იმედია ყოველივე ამას გაითვალისწინებს ახალი ხელისუფლება.

 

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"