ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
საავტორო სვეტი
01.11.2012
ავთვისებიანი ხორცმეტი სასწრაფოდ უნდა ამოიძირკვოს!

„თუ მსგავსს აღმოაჩენთ, სახეში შემაფურთხეთ“, - ასეთი პასუხი გასცა ინდოეთში მყოფმა რუსეთის ვიცე-პრემიერმა როგოზინმა ჟურნალისტებს პრეს-კონფერენციაზე. შეკითხვა ეხებოდა რუსეთის მიერ პაკისტანისთვის ისეთი იარაღის მიყიდვას, რომელიც, ინდოელთა აზრით, არღვევს ინდოეთ-პაკისტანს შორის შექმნილ სამხედრო ბალანსს.

მკითხველისთვის ალბათ ცნობილია, რომ ეს ორი სახელმწიფო ერთობ დაძაბულ ურთიერთობაშია ერთმანეთთან. ცხადია, მსოფლიო მედიისათვის ეს ამბავი სულაც არ არის უცხო და ამდენად მასზე არავის გაუმახვილებია ყურადღება - მთავარი როგოზინის პასუხი იყო - „შემაფურთხეთ სახეში“. ვიცე-პრემიერს დაუწუნეს დიპლომატიური პროტოკოლი - ასეთი უხეში, არადიპლომატიური ტერმინი, ნატოს შტაბ-ბინაში რუსეთის ყოფილ წარმომადგენელს არ უნდა გამოეყენებინაო.

ნეტავი თქვენი პრობლემები საქართველოს დიპლომატიას ჰქონდესო - ინატრებდა დიპლომატიაში ოდნავ ჩახედული მავანი. და მართალიც იქნება.  საქართველოს საგარეო უწყებამ ახალი ჟანგბადი მიიღო დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ. ადრე არსებული საკონსულო-საოქმო ფუნქციიდან თვალის დახამხამებაში მოხდა სუვერენული სახელმწიფოს პოლიტიკის საერთაშორისო არენაზე გამტან-დამცველის ფუნქციაზე გადასვლა.

გარდამავალი პერიოდი დღესაც გრძელდება და, როგორც ჩანს, კარგა ხანს გაგრძელდება ქართული პოლიტიკიდან გამომდინარე. აუწყობელ ქვეყანაში, რომელშიც გამართულად არც ერთი უწყება მუშაობს, შეუძლებელია დიპლომატიის წარმატებებზე ლაპარაკი.

სრულიად ვიზიარებ ივანიშვილის მოსაზრებას პატრულის წარმატებებთან დაკავშირებით. დასაწყისში იყო წინსვლა, დღეს კი არაფერია დარჩენილი. პოლიცია პოლიტიკურ ორგანოდაა გადაქცეული.

დაავადებულ ორგანიზმში ერთი ორგანო სანიმუშოდ ვერ იმუშავებს. აქედან გამომდინარე დაუჯერებელია ქართული დიპლომატიის ტრიუმფი ევროატლანტიკურ სივრცისკენ ლტოლვის, ნატოში გაწევრების საქმეში შეტანილი წვლილისთვის. თუ ვინმეს დამსახურებაზეა ლაპარაკი - უპირველესად დასავლელ დიპლომატიაზე, ვინაიდან საქართველოს ჩათრევა ნატოსა და სხვა დასავლურ სტრუქტურებში სწორედ მათი დამსახურებაა და არა ჩვენი დიპლომატიის.

დიპლომატიის შრომის ნაყოფი არ ჩანს ან თუ ჩანს, მხოლოდ მეორე პლანზე, პირველზე - პოლიტიკაა. დიპლომატია - საერთაშორისო არენაზე პოლიტიკისათვის შესაბამისი ფუნდამენტის ჩამყრელია. ფუნდამენტის ჩაყრას ცოდნა, გამოცდილება, ანალიზის უნარი სჭირდება, რომელსაც ვერც ოჯახში, ვერც ჩვეულებრივ  სასწავლებელში და ვერც საზოგადოებაში ვერ ისწავლი. მას სპეციალური სასწავლებელი სჭირდება, ისეთი, როგორიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშია, თუნდაც ჩვენს მეზობელ რუსეთში ან დსთ-ს წევრ სახელმწიფოებში.

პატარა სახელმწიფოებისთვის ყველაზე დიდი თავდაცვითი იარაღი დიპლომატიაა. სუსტი დიპლომატიით ფონს ვერც ერთი ქვეყანა ვერ გავა, მითუმეტეს პატარა. ქართული დიპლომატია ჯერ-ჯერობით ქუჩაში „იჭედება“, შემთხვევითი რევოლუციური ან ნათესავ-მეგობრული კადრებით.

ცხადია, ვერც ერთი სპეციალური დიპლომატიური სასწავლებელი ჯადოს გავლენით ვერ იმოქმედებს მომავალ დიპლომატზე, მაგრამ იმას მაინც ასწავლის, რომ ფეხსაცმლის ზონარი წინდაში არ ჩადოს, ჩაი, ყავა ან ნებისმიერი სასმელი და წვნიანი კერძი გამყრუებელი ხვრეპით არ დალიოს, სუფრაზე მორთმეული თითების ჩასაბანი სითხე არ გადაჰკრას ან დაუკითხავად არ გააბოლოს, მოლაპარაკების დროს თავი შეიკავოს ჭიჭყინისგან და ისეთი პასუხი არ დაუბრუნოს შეკრებილ საზოგადოებას, როგორც დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩმა ბადრიძემ - ცოცხი თქვენ გაიკეთეთ უკანო.

დიპლომატიური ეთიკეტიდან უამრავი ნეგატიური მაგალითის მოყვანა შეიძლება, ისეთის, რასაც დიპლომატმა არ უნდა მიმართოს, მაგრამ სამწუხაროდ მიმართავს.

დიპლომატი ქვეყნის სახეა. მისი მიხედვით აყალიბებს სტუმარ ქვეყანასთან ადგილსამყოფელი ქვეყნის ადამიანი ურთიერთობას. ოცწლიანი დამოუკიდებელი ციკლის შემდეგ მოურიდებლად შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის დიპლომატია  გაუმართავია, მას ბევრი რამ სჭირდება და უპირველეს ყოვლისა სახელმწიფო დიპლომატიური სასწავლებელი. თავიდან უნდა ამოვიღოდ  საგარეო საქმეთა მინისტრის ერთი ყოფილი მოადგილის ნათქვამი - საქართველოს არ სჭირდება დიპლომატიური აკადემია, ვინაიდან ქართველები დაბადებით დიპლომატები არიანო. გავლილმა პერიოდმა დაგვანახა რა დიპლომატებიც ვართ.

უნდა ვიმედოვნოთ, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში ეს საკითხი გადაიჭრება ისევე, როგორც საზღვარგარეთ არსებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში დიპლომატთა როტაციის საკითხი.

დიპლომატთა როტაცია აუცილებელია დიპლომატიური კადრების ზრდის თვალსაზრისით. ყველა ქვეყანა მკაცრად იცავს როტაციას. იქ საზღვარგარეთ მუშაობის ვადა 3-4 წლით განისაზღვრება, რასაც საგარეო უწყებაში მუშაობის წლები ცვლის, შემდეგ ისევ მივლინება და ა.შ. საქართველოს დიპლომატიაში მიღებულია მიყოლებით უცხოეთში 10-15 წლით მუშაობა, რასაც წერტილი უნდა დაესვას.

არანაკლებ მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის საკითხი. დღემდე არსებული პრაქტიკით, საელჩოს გახსნა მხოლოდ ერთი კაცის - პრეზიდენტის ხუშტურზეა დამოკიდებული და არ ეფუძნება არავითარ გათვლას (ეკონომიკურს, პოლიტიკურს, ჰუმანიტარულს, ქართული დიასპორის ყოფნა-არყოფნას და სხვა). პატარა საქართველოს უამრავი საელჩო აქვს გახსნილი უცხოეთში, განსაკუთრებით ეკზოტიკურ ქვეყნებში, სადაც ჩვენი ინტერესი ნულის ტოლია.

თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ ელჩის ხელფასი ხუთი ათასი და მეტი დოლარია და საელჩოში ელჩის გარდა სხვა დიპლომატიური და ტექნიკური პერსონალია, შესაბამისი მაღალი ანაზღაურებით, ქვეყნის მწირ ბიუჯეტს სალაღობო დიპლომატია ძვირი უჯდება.

ვიმედოვნებ, რომ ახალი ხელისუფლება ამ მანკიერ საქმესაც დაუსვამს წერტილს.

დიპლომატია ისეთივე კოჭლი იქნება, როგორც დღეს თუ სერიოზულად არ განიხილება თითოეული ადამიანის დიპლომატიაში ჩართვის საკითხი. დიპლომატია არ უნდა იყოს ხელმოცარული ან შერისხული პოლიტიკოსის თავშესაფარი. დიპლომატიაში არ უნდა ხდებოდეს კონკურსის გზით შერჩევა. საკითხი დიპლომატიური სასწავლებლის, სამინისტროს კადრების დეპარტამენტის სამინისტროს აპარატის და საზღვარგარეთ არსებული დიპლომატიური წარმომადგენლობის მჭიდრო თანამშრომლობით უნდა გვარდებოდეს.

2004 წლიდან მოყოლებული არაერთმა საგარეო საქმეთა მინისტრმა არაერთი კონკურსი ჩაატარა სამინისტროში მომუშავე დიპლომატებისთვის და დიპლომატიაში მუშაობის მსურველთათვის. ყველა კონკურსი იყო ზედაპირული და PR-ზე გათვლილი, ვინაიდან კონკურსის გვერდის ავლით, ზემოდან ზარით, არაერთი ადამიანი იყო მიღებული თანაც ისეთი, რომლის წარსული ბიოგრაფია არა თუ დიპლომატიურ „სავანეს“, არამედ საპყრობილეს იმსახურებს.

წყაროს მიხედვით, ერთ-ერთი და არა ერთადერთი ვინმე გივი ჯაფარიძეა, რომელიც ადრე ე.წ. „მოდულის“ შენობაში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის პასუხისმგებელი მუშაკი იყო და რომელმაც წარუშლელი დაღი დაამჩნია საგარეო უწყების ყოფილ მუშაკს და მის ოჯახს (გვარს ამჯერად არ ვასახელებ, ვინაიდან მისი ცოლ-შვილი არჩევნების შემდეგაც შეშინებულია).

ყოფილი მუშაკის „დანაშაული“ ის იყო, რომ ეპიზოდური ურთიერთობა ჰქონდა საქართველოში აკრედიტებულ ზოგიერთ დიპლომატთან. ის 2006 წელს ქუჩაში აიყვანეს, როგორც რეციდივისტი. ოპერაციას ჯაფარიძე თავობდა, რომელმაც ჯიბეში ნარკოტიკიც ჩაუტენა. „მოდულის“ შენობაში ჯაფარიძის მიერ ჩატარებული დაკითხვა ცემით, შანტაჟით, დაშინებით დიდხანს გაგრძელდა. მსხვერპლს აძალებდა, ეღიარებინა საქართველოს ღალატი, თუ არა, ბოთლზე დაჯდომა და გაუპატიურება მამათმავლების მიერ არ ასცდებოდა. „სიმონ კილაძეს ვაღიარებინეთ დანაშაული, შენ ვინ მიგდიხარ?!“, - ცემის დროს ჩასძახოდა ჯაფარიძე. სიმონ კილაძე დამნაშავე კი არ ყოფილა, საქმე მოითხოდა ამასო, ის პრეზიდენტის მითითებით დავიჭირეთო, - ბრძანებდა ჯაფარიძე.

ცნობისათვის - სიმონ კილაძე სახელმწიფო კანცელარიის წესიერი, პატიოსანი, განათლებული მუშაკი, სახელმწიფო ღალატისთვის იქნა გასამართლებული და რამდენიმე წელი ციხეში გაატარა.

ნაცთა ხუშტურს შეეწირა პოლიტოლოგი მაისაიაც, რომელიც დღესაც ციხეშია.

ჩვენი „მსხვერპლი“ მხოლოდ სასწაულმა გადაარჩინა ანუ თვით მაღალი ნაცის სატელეფონო ზარმა, მაგრამ ვერ გადარჩა ფიზიკური თუ ფსიქიკური ზეწოლის შედეგად დაზიანებული ორგანიზმი.

საგარეო უწყების ყოფილი თანამშრომლის მიერ მოყოლილმა ისტორიამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ 1 ოქტომბრის არჩევნები ქვეყნის და თითოეული მისი მცხოვრების გადარჩენის არჩევნები იყო. ამ სისხლით მოპოვებულ გამარჯვებას განმტკიცება ესაჭიროება. ნაცები შორს არ წასულან, არც ჩირგვებში შემძვრალან, უტუხად ყელყელაობენ პარლამენტში - აღზევების ჟამის მოლოდინში. და მაშინ წამოჰყოფენ თავს საგარეო უწყებაში ან სხვა სამინისტროში მოკალათებული ჯალათები თავს და აამუშავდება ქართველ ხალხზე გამოცდილი სადამსჯელო მანქანა - ცოცხის, ბოთლის, მამათმავლის, უმოწყალო ცემისა და წამების სახით.

ჩვენი „გმირი“ ჯაფარიძე საგარეო უწყების შიდა აუდიტის სამსახურს ხელმძღვანელობს. ძველ დროში „კგბ“-დ რომ მოიხსენიებდნენ, მაგრამ 21-ე საუკუნეში ნაცებმა „ჩანერგილს“ რომ სასიყვარულო სახელიც მოუძებნა - აუდიტი. ეს ის სამსახურია, რომელიც შიშის ზარს სცემს დიპლომატიას, როგორც ქორი წიწილას. აუდიტის უფროსი სისტემატურად მონაწილეობს უცხოელებთან გამართულ მოლაპარაკებებში და ვინ იცის ეს ბრიყვი და გაუნათლებელი პიროვნება რა პატაკს აბარებს მის ხელმძღვანელობას.

უნებლიეთ იბადება კითხვა - რა აუცილებლობას წარმოადგენს ამ სახის სამსახურები სახელმწიფო დაწესებულებებში, მით უმეტეს დიპლომატიაში, სადაც ნდობის ფაქტორი საეჭვო არ უნდა იყოს, სადაც დიპლომატიაში ჩაუხედავი ბრიყვი ჯალათის შეხედულებით არ უნდა წყდებოდეს დიპლომატის ფიზიკური ყოფნა-არ ყოფნის საკითხი.  

მისასალმებელია ახალი ხელისუფლების განცხადება კადრების შენარჩუნებასთან დაკავშირებით, მაგრამ კადრებიც არის და კადრებიც. სამინისტროს შენობაში მრავალწლიანი ყოფნა არ ნიშნავს დიპლომატიურ პროფესიონალიზმს. ეს უფრო პოლიტიკურად მორგებას ნიშნავს და მას დიპლომატიასთან არაფერი აკავშირებს.

ნაცთა დროს გადასხვაფერებული საგარეო უწყება დიპლომატიური პროფესიონალიზმით ვერ დაიკვეხნის, ხოლო ჯაფარიძის მსგავსი კადრები - უწყების ავთვისებიანი ხორცმეტია, რომელიც სასწრაფო ამოძირკვას საჭიროებს, რომ არ გავრცელდეს უწყებისთვის ავის მომტანი მეტასტაზები.

მჯერა, რომ ახალი მთავრობა, კერძოდ მინისტრი, სამართლიანობისა და პროფესიონალიზმის საცერში გაატარებენ მათ სამწყემსო სამსახურებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხის გულწყრომა გაღვივდება.

ჰამლეტ ჭიპაშვილი

ამავე თემაზე იხ.: გულბაათ რცხილაძე: მივმართავ მაია ფანჯიკიძეს _ ამოძირკვოს სარეველა საგარეო საქმეთა სამინისტროდან!

 

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"