ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
აქტუალური თემა
31.10.2012
ჩვენს ხელისუფლებას რუსეთისკენ შემობრუნება მოუწევს

გაზეთ „ახალი თაობის“ კორესპონდენტ შორენა გონგლაძესთან საუბარში ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გულბაათ რცხილაძემ განაცხადა: „მე ვიტყოდი, რომ არა შიდაეკონომიკური და პოლიტიკური საკითხების შემდეგ, არამედ ამ საკითხებიდან გამომდინარე დგას დღის წესრიგში რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების გადაუდებელი ამოცანა. ბიძინა ივანიშვილმა თავის საპროგრამო სიტყვაში პარლამენტის წინაშე განაცხადა, რომ იგი თავისი საკუთარი ფინანსური სახსრებით ბიძგს მისცემს ქართული ეკონომიკის წინსვლას, საკანონმდებლო და ადმინისტრაციული რეფორმირების გზით გააუმჯობესებს საინვესტიციო გარემოს, ამის შემდეგ კი დადგება მეორე ეტაპი, როდესაც უკვე ამოქმედებული ეკონომიკა დაიწყებს თავის თავზე მუშაობას და ფულიც გაჩნდება რეინვესტირებისათვის. აი სწორედ ეს მეორე ეტაპია საინტერესო, როგორ განხორციელდება. მე ვფიქრობ, რომ, არაუგვიანეს ივანიშვილის პროგრამის განხორციელების მეორე ეტაპზე აუცილებელი იქნება რუსულ ბაზარზე დაბრუნება, ჩვენს უდიდეს მეზობელთან ჯანსაღი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დამყარება. ამის გარეშე, საეჭვოა, რომ ქართული ეკონომიკის სერიოზული ზრდა და, ზოგადად, განვითარება, გაგრძელდეს. ამიტომ ქართული მხარე უკვე ახლა, მოცემულ ეტაპზე უნდა მუშაობდეს რუსეთის ხელისუფლებასთან, ისევე, როგორც „სახალხო დიპლომატიის“ არხების გამოყენებით.

   ჩემი აზრით, რუსეთი არ გახსნის თავის ბაზარს და არ აღადგენს სრულფასოვან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს საქართველოსთან, არც სავიზო საკითხს გადახედავს, თუკი ჩვენ არ გამოვთქვით სურვილი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია რუსეთს ვერ აიძულებს ემბარგოს მოხსნას, რადგან ემბარგო ოფიციალურად არც არსებობს. ამიტომ ეს არგუმენტი გამოვრიცხოთ. საქართველომ არ უნდა განაგრძოს სააკოიდური კურსი საგარეო პოლიტიკაში. ახალმა ხელისუფლებამ კი საშუალება არ უნდა მისცეს დანაშაულებრივ ორგანიზაციას - ნაცმოძრაობას - იმის საშუალება, რომ ანტირუსული რიტორიკით შანტაჟის ქვეშ ამყოფოს ეს ახალი მთავრობა. სულ რომ, მაპატიეთ, და გასკდნენ „კონსტრუქციული ოპოზიციონრები“, ჩვენს ხელისუფლებას მოუწევს რუსეთისკენ შემობრუნება, რადგან ამას „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი ითხოვს პირველ რიგში. თუ ეს არ მოხდება, გამოდის, რომ ახალი ხელისუფლება ხალხის ნებას ეწინააღმდეგება და ნაციანალების გავლენის ქვეშ იმყოფება.

   საქართველოს ოფიციოზის გამონათქვამები არ უნდა იყოს გამომწვევი რუსეთის მიმართ. მე დავწერე რამდენჯერმე, რომ საჭირო არ არის ტერმინის - „ოკუპანტი“ - მუდმივი მუსირება. ეს რუსებისთვის შეურაცხმყოფელი ტერმინია. ბარემ პუტინს ისევ „ლილიპუტინი“ დავუძახოთ - იგივეა. „ოკუპანტის“ ტერმინზე უარის თქმა სულაც არ ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პოსტულატის გადახედვას. რუსეთთან უნდა დაფიქსირდეს პოზიცია, რომ საქართველოსთვის კატეგორიულად მიუღებელია ჩვენს ტერიტორიებზე უცხო ჯარების უკანონო ყოფნა და რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამაჩაბლოს „აღიარება“, ამას საქართველო არასოდეს შეეგუება. ამასთან, საქართველომ უნდა გამოხატოს ნება, რომ ყველა საკითხი დიალოგის გზით არის მოგვარებადი. ჩვენ თავად უნდა ავიტაცოთ პრეზიდენტ პუტინის მიერ საქართველოსთან კავშირში ნათქვამი სიტყვები, რომ „მოუგვარებელი პრობლემები არ არსებობს“. დიახ, ამას თავად პუტინი და მედვედევი ამბობენ, თუმცა პირდაპირ ტერიტორიული საკითხებით რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება ვერ მოხდება. ჯერ უნდა აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობები, რასაც მოყვება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა, ხოლო შემდეგ ეტაპზე შესაძლო იქნება დიპლომატიური ინიციატივების განხილვა, მშვიდ გარემოში.

 

   რაც შეეხება განცხადებას, რომ საქართველოს მხრიდან რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარებას ნიშნავს, ეს აბსურდია. ამბობენ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ერთი სახელმწიფოს სამი საელჩო არ უნდა იყოსო. მე ვეკითხები ამ ხალხს: რომ არ არის თბილისში რუსეთის საელჩო, დანარჩენი ორი ამით უქმდება? პირიქით, სოხუმის და ცხინვალის პოზიციები უფრო მტკიცდება, ჩვენ კი ვშორდებით ჩვენსავე რეგიონებს. სეპარატისტებს მხოლოდ ერთი რამის ეშინიათ - არ დალაგდეს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები! მათ არ აშინებთ ნატოსკენ ჩვენი სწრაფვა, პირიქით, უფრო მეტად უახლოვდებიან რუსეთს და მეტ დაცვას პოულობენ მისგან.

   გარდა ამისა, ავიღოთ სერბეთის მაგალითი. სერბეთი დღეს მართლაც ევროპული სახელმწიფოა, ჩვენზე უფრო წარმატებული, რომელსაც კოსოვოს პრობლემა აქვს. ევროკავშირის ძირითადმა სახელმწიფოებმა აღიარეს კოსოვოს ე.წ. დამოუკიდებლობა, ასევე აშშ-მ, თურქეთმა. მაგრამ სერბეთს ამ სახელმწიფოებთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გაუწყვიტავს. ბელგრადში ყველა ამ სახელმწიფოს საელჩო ფუნქციონირებს, ისევე, როგორც პრიშტინაში. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სერბეთმა აღიარა კოსოვოს დამოუკიდებლობა. ეს არასოდეს მოხდება. პირიქით, სერბეთი დიალოგს აწარმოებს ყველა ოპონენტთან. ამიტომ, რატომ უნდა ნიშნავდეს თბილისში რუსეთის საელჩოს არსებობა ჩვენი მხრიდან ტერიტორიების აღიარებას?

   უნდა დასრულდეს კომედიური ჟანრის სპექტაკლის გათამაშება იმის თაობაზე, რომ აფხაზ და ოს „ძმებს“, რომლებიც დასანახად ვეღარ გვიტანენ უკვე, რუსეთის გარეშე დაველაპარაკებით და მეტიც, ჩავრთავთ დიალოგში. ეკა ტყეშელაშვილმა თავისი „ჩართულობის სტრატეგია“ წაუღოს სააკაშვილს და ავლაბრის მახინჯ სასახლეში უკითხოს, თან „საზეპიროები“ ამეორებინოს. ჩვენ ეს სისულელე არ გვჭირდება. როდესაც ჩვენ დავალაგებთ ურთიერთობებს რუსებთან, მხოლოდ მაშინ გაჩნდება აფხაზებთან და ოსებთან დიალოგის შანსი.

   როგორც მოგახსენეთ, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა აუცილებელია უკვე ამ ეტაპზე. თუმცა საქართველოს ხელისუფლება სულაც არ უნდა იყოს მთხოვნელის პოზაში ჩამდგარი. შეიძლება ამ ურთიერთობების აღდგენა ღირსეულად, ბოლოსდაბოლოს, ორივე მხარის ინტერესებშია დიპლომატიური ურთიერთობა. რუსეთსაც სჭირდება საქართველო, თუმცა ჩვენ უფრო მეტად გვჭირდება რუსეთი, მაგრამ მაინც... ამიტომ სულ პირველ - მოსამზადებელ ეტაპზე საშუალება უნდა მიეცეთ ორი ქვეყნის ექსპერტებს, გარკვეული ურთიერთობების მოდელები გამოიმუშავონ, მოაწყონ შეხვედრები ერთმანეთთან და ასე შემდეგ. სწორედ პოლიტიკის ექსპერტებმა უნდა მოახდინონ კულტურული ღონისძიებების ინიციატივები, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ხელშეწყობით.  რელიგიური ფაქტორი არ დაგვავიწყდეს - თუნდაც ის, რომ რამდენიმე ქართული სასწაულმოქმედი ხატია რუსეთში, რუსეთის ეკლესიის უდიდეს სიწმინდეებს შორის! და რამდენად სუსტად ისმის ჩვენი ეკლესიის ხმა ორმხრივი ურთიერთობების სასარგებლოდ... ასე რომ, ეკლესიასაც უნდა მივცეთ საშუალება, დააახლოოს ერთმანეთთან ჩვენი პოლიტიკოსები.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"