ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ექსპრესკომენტარი
21.10.2012
რომელ ცხოველს გაგონებთ კახა ბენდუქიძე? ანუ აგრარული უნივერსიტეტის გათავისუფლების აუცილებლობის შესახებ

ქართველ ტელმაყურებლებს დიდხანს დაამახსოვრდებათ მთლიანად გაბანკროტებული მიხეილ სააკაშვილის „მარგალიტები“, მაგრამ ერთი ასეთი „მარგალიტთაგანი“ სიმპატიურ „დამოჩკას“ - აწ უკვე ყოფილ ეკონომიკის მინისტრ ვერონიკა ქობალიას ეხება. „რომელ ცხოველს გაგონებთ ვერონიკა ქობალია?“ - თავად ვერონიკას თანდასწრებით დასვა ასეთი შეკითხვა მიშა-პრეზიდენტმა, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე (ალბათ გაიხუმრა), რომელიც მან ცხოველთა ქანდაკებებით „მორთო“ (არქეოლოგიური მუზეუმის ექსპონატების გადიდებული ასლები). ასე რომ, სავსებით დასაშვებია სააკაშვილის მინისტრების ცხოველებთან შედარება.

კახა ბენდუქიძეს - ასევე ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, კარიკატურისტები, გასაგები მიზეზების გამო, უფრო ხშირად ბეჰემოტს, ძროხას და ასე შემდეგ ადარებენ. მაგრამ „მაესტროს“ სტუდიაში, სადაც იგი ლიბერალური ყაიდის ჟურნალისტმა ქალბატონებმა მიიწვიეს, რომლებიც კოჭლი ბეჰემოტის მძიძგნავ ძუ ლომებს უნდა ჰგვანებოდნენ, მაგრამ ამ საპასუხისმგებო როლს თავი ვერ გაართვეს, ბენდუქიძემ მე მომაგონა უზარმაზარი მწვანე ანაკონდა, რომელმაც, აი ეს-ესაა, რაღაც გადაყლაპა და, მიიღო რა სფეროს ფორმა, შეუდგა მსხვილფეხა მსხვერპლის მონელებას. ეს ანალოგია იმიტომ გამიჩნდა, რომ ყოფილი რუსი მილიონერი, საქართველოში ეკონომიკის მინისტრის თანამდებობის წყალობით მულტიმილიარდერად გადაქცეული, მწვანე მაისურში იყო გამოწყობილი, რომელსაც მუცლის არეში წარწერა ჰქონდა: „საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი“. შეგახსენებთ: ეს ტრადიციული და საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი უნივერსიტეტი შესყიდულ იქნა ახლადგამომცხვარი მულტიმილიონერის მიერ, რომელმაც გადამწყვეტი „წვლილი“ შეიტანა ქართული აგრარული სექტორის განადგურებაში.

 საკუთრივ ტელეგადაცემაში ბენდუქიძეს ახალი არაფერი უთქვამს, შესამჩნევი იყო, რომ მას ბოლომდე არ ესმის, თუ რა მოხდა 1 ოქტომბერს, და განაგრძობს მისთვის დამახასიათებელ თავხედობას. თავის უცოდინრობასა და უკულტურობას, იგი, როგორც სხვა დროს, დღესაც ავლენს. უმუშევრობასთან დაკავშირებით გაკეთებული გამონათქვამებით, ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა დაამტკიცა, რომ იგი კვლავინდებურად ძალზე შორს არის ხალხისგან, ხალხის საჭიროებებისა და მოთხოვნილებებისგან, ყოველივე ეს ბენდუქიძეს უბრალოდ ფეხებზე ჰკიდია. აშკარაა, რომ ბენდუქიძეს იმედი აქვს, რომ „ბიზნესმენის“ სტატუსი, რომელიც მან მიითვისა, მას სასჯელისგან იხსნის: ბიძინა ივანიშვილი ხომ დაპირდა საზოგადოებას, რომ ამიერიდან საქართველოში ბიზნესმენებს თითსაც-კი ვერავინ დააკარებს, თუკი თავად ისინი არ დაარღვევენ კანონს. რა თქმა უნდა, ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ ამასთან არ შეიძლება, ჩვენი სახელოვანი აგრარული უნივერსიტეტი ამ ურჩხულის მუცელში დავტოვოთ, რომელსაც სძულს წარმოება და განსაკუთრებით - სოფლის მეურნეობა. საჭიროა გადაიხედოს პრივატიზაციის შედეგები და საერთოდ, საქართველოსთვის ამ უმნიშვნელოვანესი უმაღლესი სასწავლებლის პრივატიზაციის მართებულობა. დარწმუნებული ვარ, რომ იურისტები საკმარისი რაოდენობით აღმოაჩენენ კანონსაწინააღმდეგო, კორუფციულ მომენტებს ამ გარიგებაში. აგრარული უნივერსიტეტი ქართულ სახელმწიფოს უნდა დაუბრუნდეს!!!

 

გულბაათ რცხილაძე

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"