ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
საავტორო სვეტი
20.10.2012
საქართველოს დიდთა პოლიტიკაში არაფერი ესაქმება

არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ მსოფლიო საზოგადოების ყურადღება აშშ-ს პრეზიდენტის არჩევნებისკენაა მიმართული. წინასაარჩევნო მარათონი მსოფლიოს ყველა საინფორმაციო საშუალებებით შუქდება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პრეზიდენტობის კანდიდატების ობამასა და რომნის სატელევიზიო დებატებს, რომელსაც პირდაპირ არა მარტო ამერიკული ტელეკომპანიები გადასცემენ, არამედ „ბი-ბი-სი“, „ევრონიუსი“, სხვა ქვეყნების ტელეკომპანიები.

ინტერესი  არჩევნებისადმი დიდია, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან მასზეა დამოკიდებული მომავალი 4 წლის მსოფლიო ავ-კარგიანობა პოლიტიკაში, ეკონომიკაში, სამხედრო, საფინანსო დარგებში და სხვა. აშშ-ს პრეზიდენტის არჩევნების შედეგები პირდაპირ თუ ირიბად ეხება დანარჩენი მსოფლიოს ქვეყნებს - ზოგან მეტად, ზოგან ნაკლებად, ამიტომაც ამერიკის არჩევნები, ვინმეს სურს თუ არა ეს, მსოფლიოს არჩევნებად შეიძლება ჩაითვალოს.

აშშ-ი მსოფლიოს ჰეემონია თითქმის ყველა დარგში, თან გაცილებით უსწრებს მეტოქეებს, ისეთებს, როგორებიცაა ჩინეთი, რუსეთი, ევროკავშირი, იაპონია და სხვა. მიუხედავად ეკონომიკურ-საფინანსო კრიზისისა, უმუშევრობისა, საბიუჯეტო ასტრონომიული დეფიციტისა, წარუმატებელი და გაჭიანურებული სამხედრო მოქმედებისა, სხვა შემაფერხებელი მომენტებისა, აშშ-ი მტკიცედ იკავებს მსოფლიოს ნომერ პირველი ქვეყნის ადგილს. და არა მარტო იკავებს, არამედ იბრძვის იმისთვის, რომ ასე იყოს მრავალი ათეული წლის განმავლობაში.

აშშ-ი არსად დედამიწის ზურგზე არ მიიჩნევა სანატრელ მეგობრად ან გულწრფელ პარტნიორად, რის დასტურიცაა თითქმის მთელს მსოფლიოში სისტემატურად გამართული ანტიამერიკული დემონსტრაციები, მიტინგები, გამოსვლები - აშშ-ს დროშების დაწვით, დიპლომატიური წარმომადგენლობების დარბევით, დიპლომატთა ხოცვით.

პირველი ქვეყნისადმი ანტაგონისტური განწყობა სხვა ქვეყნების მხრიდან, ამ ქვეყნის მოქალაქეთა ქედმაღლური დამოკიდებულების შედეგიცაა, მაგრამ მთავარი პოლიტიკაა - ფლიდი, ორმაგი სტანდარტებით გაჯერებული.

საფინანსო-ეკონომიკური ბერკეტები, მთელს მსოფლიოს მოდებული  ავიამზიდები, მსოფლიოში მიმობნეული სამხედრო ბაზები, მსოფლიოში არსებული ე.წ. ამერიკული სასიცოცხლო ინტერესების ზონები, არასამთავრობო ორგანიზაციების გრანდიოზული მსოფლიო ქსელი, ათასი ჯურის ამერიკული ინსტიტუტები, ღრმად ფესვგადგმული ჯაშუშური ქსელი უზრუნველყოფს ამერიკის პირველობას. მისთვის მთავარია საკუთარი ინტერესი - ეგოისტური, შორს გამიზნული, ადამიანის  უფლებებისა და თავისუფლების, დემოკრატიის მაღლა ატაცებული ყბადაღებული ლოზუნგით სხვათა ცხედრებზე მავალი.

და მიუხედავად ამისა, ამ ქვეყანას ჰყავს მოკავშირეები, სტრატეგიული პარტნიორები, გაცილებით მეტი, ვიდრე რომელიმე მის მეტოქეს, თუნდაც ჩინეთს ან რუსეთს. მეტოქეებიც კი დრო და დრო უარს არ ამბობენ აშშ-ნ პარტნიორულ ურთიერთობებზე, რაც მთელი რიგი ფაქტორებითაა გამოწვეული, უპირველეს ყოვლისა ახალი ტექნიკა-ტექნოლოგიის მოპოვების მიზნით.

აშშ-ი ის ქვეყანაა, რომელიც მაგნიტივით იზიდავს მსოფლიოს ტვინებს, განსაკუთრებით ჩინეთიდან, რუსეთიდან, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიიდან, ევროპიდან და ა.შ. მათი ნაღვაწი - გონებრივი შრომის ნაყოფი, როგორც ამერიკული ბრენდი, ეფინება მთელს მსოფლიოს.

აურაცხელი რაოდენობის რუსი მეცნიერი გადავიდა აშშ-ი გასული საუკუნის 90-იან წლებში. პროცესი დღესაც გრძელდება.

მსოფლიო საფინანსო არენაზე აშშ-ის გარეშე შესაბამისი ადგილის დაკავება შეუძლებელია. მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი მთავარი მაკონტროლებელი ორგანოებია. ერთი სიტყვით, არ არის დარგი, სადაც აშშ-ს არ ჰქონდეს ჩაყოფილი ცხვირი. და მიუხედავად ტოტალური ამერიკული მონიტორინგისა, მსოფლიოს ქვეყნები მეტნაკლებად ახერხებენ შეინარჩუნონ საკუთარი სუვერენიტეტი, თავი აარიდონ ამერიკის ქვეშევრდომობას, მითუმეტეს ლაქიობას. სამწუხაროდ, ასეთთა რიგში საქართველო არ არის.

დამოუკიდებლობის მიღების და ამ ქვეყანასთან 1992 წელს დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შემდეგ მოსკოვის ორბიტიდან თავდაძვრენილმა საქართველომ, ამერიკულ ორბიტაში ჰკრა თავი, რითაც საკუთარი ქვეყნის ცხოვრების მცირედი ნიუანსებიც კი ჰეგემონს მიანდო.

საქართველო უნიკალური არ ყოფილა პოსტსაბჭოთა სივრცეში. მსგავსი ნაბიჯები გადადგა ყველა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ, მაგრამ არის განსხვავებაც - თუ ბევრი მათგანი, განსაკუთრებით რუსეთი, მიხვდა ამერიკულ მზაკვრულ გეგმას და შორს დაიჭირა მისგან თავი, საქართველო ქედუხრელად აგრძელებდა და აგრძელებს ვესტერნიზაცია-ამერიკანიზაციას, რამაც აღქმული სიკეთე ვერ მოუტანა ქვეყანას.

ალბათ უნდა ვიმედოვნოთ, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში, წინა ხელისუფლების დროს ჩამოყალიბებულ ერთობ დამამცირებელ ურთიერთობას ე.წ. სტრატეგიულ პარტნიორთან, ადგილი აღარ ექნება. საქართველომ უნდა გაიზიაროს სკანდინავიის ქვეყნების, განსაკუთრებით ფინეთის მაგალითი.

ის, რაც ბოლო ცხრა წლის განმავლობაში იყო საქართველოში, აღვირახსნილობად, დანაშაულად უნდა შეფასდეს. და ამ საშინელებაში დიდი წვლილი სწორედ სტრატეგიულმა პარტნიორმა შეიტანა. ერთხელ სააკაშვილმა ბრძანა - ამერიკა ის ქვეყანაა, რომელიც არ გვეუბნება ეს გააკეთე და ეს არაო, ამით ის განსხვავდება ჩრდილოელ მეზობლისგან, რომელიც მხოლოდ საწინააღმდეგოდ მოქმედებდაო.

ცხადია, სააკაშვილი საკმაოდ ნორჩი იყო, როდესაც საბჭოური ცხოვრება სუფევდა და ამდენად მოსკოვის ჩარევის თაობაზე მან მშობლებისგან იცის. ის, რაც  მაშინ იყო, სულ სხვაა. მაშინ ერთი ქვეყანა, საბჭოთა კავშირი იყო და რესპუბლიკებისთვის საერთო ჯიბიდან განაწილებული ფული მკაცრად კონტროლდებოდა.

თავისუფლებამ  დამოუკიდებელ ქვეყნებში რაც მოიტანა, პოსტსაბჭოთები მყავს მხედველობაში, ხელისუფლების უკონტროლობაა. ამ მხრივ სხვებთან შედარებით სარეკორდო მაჩვენებლები აქვს საქართველოს - ბიუჯეტის გაუმჭვირვალობით, ე.წ. პრეზიდენტის ფონდის საიდუმლოებით, უცხოური ვალებით, მყვირალა და ქვეყნისთვის მიუღებეი შეუფერებელ პროექტებში ფულის ხარჯვით.

ხელისუფლებაში თითო-ოროლა კაცის გარდა არავინ იცოდა ვინ რამდენს გვაძლევდა და მოცემული რაში იხარჯებოდა. თვით მომცემი, ვთქვათ აშშ-ი არ ინტერესდებოდა სად და რაში მიდიოდა მათი ფული. ხომ არ ნიშნავდა ეს ლპობისათვის გამწესებას? გარდა ამისა, საზოგადოებისთვის ცნობილია ე.წ. „ატკატკების“ სისტემა. ის მეტად დამახასიათებელია ახალი დამოუკიდებელი ქვეყნებისთვის, რამეთუ ამ ქვეყნებში უმდაბლეს დონეზეა სამოქალაქო საზოგადოება, სამართალი, ხელისუფლების მიმართ საზოგადოების კონტროლი.

საქართველომ 2008 წლის ავანტიურისტული ომის შემდეგ აშშ-სა და ევროკავშირისგან 4.5 მილიარდი დოლარი მიიღო - პატარა ქვეყნისთვის საკმაოდ დიდი თანხა, მაგრამ იცის ქვეყანამ რაში დაიხარჯა ის? ჩემის აზრით, სესხის ან გრანტის გამცემი ქვეყანა მკაცრად უნდა აკონტროლებდეს მიმღების მიერ თანხის ხარჯვის პროცესს, წინააღმდეგ შემთხვევაში გამცემ-მიმღების მიმართ საფუძვლიანი ეჭვი დაიბადება. სააკაშვილის არ იყოს - რა სჯობს თავისუფლებას.

საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლიდან 9 წელი სააკაშვილისა და მისი გუნდის კეთილდღეობას გადაჰყვა, ისეთს, რასაც არაბი შეიხებიც რომ ინატრებდნენ. ქვეყანა კი უმძიმეს პირობებში აღმოჩნდა - გაღატაკებული, დაავადებული, დაბეჩავებული, შეურაცხყოფილი, ცოცხით გაუპატიურებული ხალხით. ვის სჭირდება გზა, თუ მასზე გავლა არ გახარებს. ვის სჭირდება ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ან საავადმყოფო, სადაც ვერასდროს იცხოვრებ ან იმკურნალებ.  

25 წლის წინანდელი წარმატებული საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცის მაჩანჩალა ქვეყანაა - ჩამოჭრილი ტერიტორიებით, 21-ე საუკუნისთვის შეუფერებელი ბატონ-ყმური სისტემით, ერთი მუჭა მდიდრებით და აურაცხელი ღარიბებით, უფრო სწორად სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობით.

ასეთ ვითარებაში ადამიანი რომ იტყვის - პირველი ოქტომბერი ქვეყნისთვის უკანგადადგმული ნაბიჯიაო - ან სულელია ან ჩვენ გვასულელებს, თუმცა ბენდუქიძის სისულელეების ამბავი ყველამ კარგად იცის, მაგრამ მარტო ცოდნა არაფერს იძლევა. ნაცთა უპირველეს მხარდამჭერს შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს, ვინაიდან მასაც ისე, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს „საამური“ ცხრაწლიანი ციკლისთვის ღამეები აქვთ ნათევი.

ბენდუქიძისნაირი სამწუხაროდ უხვადაა ამ ქვეყანაში. ამას წინათ „მაესტროს“ ეთერში ნაცთა თავგადაკლული გულშემატკივარი ქალბატონი ორჯონიკიძე, რომელიც არჩევნებამდე პირზექაფმორეული, ქოქოლას აყრიდა მთავარ ოპოზიციას -  აცხადებდა, რომ დამშვიდდა, ვინაიდან გაიგო, რომ „ოცნებას“ ისეთივე დასავლური ვექტორი აქვს, როგორც ნაცებს. ქალბატონმა ისიც თქვა - სააკაშვილის წვლილი ქვეყნის აშენებაში ძალიან დიდია, რომ ახალმა ხელისუფლებამ ჩაიბარა გამართული ქვეყანა და არა ისეთი, როგორიც ნაცებს დახვდათ.

ის, რომ შევარდნაძის გუნდმა, რომელშიც ჭარბი აქტიურობით ახალგაზრდა „მოქალაქეები“ გამოირჩეოდნენ, ვერ შეძლო ქვეყნისთვის თუნდაც მინიმუმის გაკეთება, ცნობილი ფაქტია. მაგრამ ცხრაწლიანი ნაცთა ბატონობის პერიოდი, რომ დამღუპველი აღმოჩნდა ქვეყნისთვის, ესეც ფაქტია.

რა თავში იხლის დაბეჩავებული, ტერიტორიებდაკარგული ნატოს ან ევროატლანტიკურ სივრცეს, თუკი შია და სწყურია, თუკი ცოცხითაა გაუპატიურებული, თუკი ქონებას ართმევენ და თან აყვირებენ - რა ბედნიერებაა ქონების ჩამორთმევაო.

რატომ ჰგონია ქალბატონს, რომ დიდ მეზობელთან ურთიერთობა მონობაა, ხოლო აშშ-თან  - თავისუფლება? იქნებ ეკითხათ დსთ-ს ნებისმიერი წევრი ქვეყნისთვის, არიან თუ არა ისინი რუსეთის მონები? ამ და მის მსგავს „პატრიოტებს“ სიტყვაც არ დასცდენიათ იმ განუკითხაობის თაობაზე, რასაც ცხრა წლის განმავლობაში ჰქონდა ადგილი და რამაც ქვეყანა ფეოდალურ ხანაში დააბრუნა.

გასაოცარია თვით ნაცთა ბელადის რიტორიკაც. ბუქარესტში გამოსვლის დროს მან აღნიშნა, რომ ქვეყნის დემოკრატიისთვის ორი ხელისუფლების ცვლა მაინც არის საჭირო. კეთილი, მაგრამ რა ვუყოთ მის გუშინდელ მტკიცებას, ნაცთა ხელში საქართველოს გადემოკრატების თაობაზე? გამოდის, რომ გვატყუებდა.

სააკაშვილმა კვლავ გაიხსენა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი და თქვა, რომ ქართველმა ამომრჩეველმა არ დაუჯერა მის რჩევას წარსულის დაბრუნებასთან დაკავშირებით.

დიახ, წარსული დაბრუნდა - ასე თვლის მიხეილი, მაგრამ მიუხედავად ამისა „დემოკრატმა“ სააკაშვილმა წინააღმდეგობა კი არ გასწია, არამედ გზა დაუთმო არჩევნებში გამარჯვებულს.

მან ისიც აღნიშნა, რომ გამარჯვებულებს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ წასვლა ავიწყდებათ. და ამას აცხადებს სააკაშვილი - კონსტიტუციის შემცვლელი, პრეზიდენტობიდან პრემიერობაზე გადასვლის მსურველი, პრემიერ-მინისტრის ახალი რეზიდენციის მშენებელი (ათონელის 25, ყოფილი აშშ-ს საელჩო). ა.წ. ზაფხულს შენობა ძირფესვიანად გამოქუთნეს და ფაქტიურად ახალი შენობის შენება გააჩაღეს - ახალი პრემიერ-მინისტრის ანუ სააკაშვილისთვის. საბედნიეროდ არ დასცალდა.

ნაცთა ადგილობრივ გულშემატკივართა განცხადებებთან ერთად ყურს ჭრის ნაცთა უცხოელი მაღალჩინოსან გულშემატკივართა განცხადებებიც. ყველა ისინი ხმამაღლა აცხადებენ, რომ სააკაშვილმა ხუთიანზე ჩააბარა ძალაუფლების გადაცემის პროცედურა, რითაც ის ნამდვილ დემოკრატად წარმოჩინდა პოსტსაბჭოთა სივრცეში.

ნაცთა დამარცხებით ნირწამხდარი ევროატლანტიკური სივრცე დაბეჯითებით გაჰყვირის საქართველოს დემოკრატიულობაზე და ყოველივეს ნაცთა დამსახურებად მიიჩნევს.

ასეთი დასაფასებელია, მოსაფერებელია. მისი შევიწროება, მითუმეტეს დასჯა დაუშვებელია. აშშ-ი და მისი ევროპელი მოკავშირეები ბევრს იღონებენ ნაცთა და მათი ბელადის გადასარჩენად, ხელშესაწყობად და სამომავლოდ ხელისუფლებისთვის საბრძოლველად მოსამართად. საჭიროა პირველი შეტევის მოგერიება, შემდეგ ვითარება თვით მოგვარდება - ასე თვლიან ისინი.

„აშშ-ს მსოფლიო პირველობა უნიკალურია თავისი მასშტაბებით და ხასიათით. ეს ახალი სახის ჰეგემონიაა, რომელიც დამახასიათებელია აშშ-ს დემოკრატიული სისტემისთვის. ის პლურალისტური და მოქნილია. ეს ჰეგემონია ყალიბდებოდა ერთ საუკუნეზე ნაკლებ პერიოდში და მისი გეოპოლიტიკური გამოვლინების ნიშანი არის აშშ-ს უპრეცენდენტო როლი ევრაზიის კონტინენტზე, სადაც დღემდე თავს ჰყოფენ მსოფლიო ბატონობის პრეტენდენტები.

დღეს, ამერიკა გამოდის ევრაზიის არბიტრის როლში. არ არის არც ერთი მსხვილი ევრაზიული პრობლემა, რომელიც ამ ქვეყნის გარეშე ან მის საწინააღმდეგოდ წყდებოდეს“, - წერდა  ზბიგნევ ბჟეჟინსკი.

და მართლაც, აშშ-ს გარეშე თითის განძრევაც შეუძლებელია, განსაკუთრებით ისეთი პატარა და სუსტი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ნაცთა ფანების გასაგონად - ჰქვია ამას დამოუკიდებლობა?

აშშ-ი საქართველოს „სტრატეგიული პარტნიორია“, ხშირ შემთხვევაში ხელის გამმართავი, თუმცა ხელის გამართვა უანგაროდ არ ხდება. ის შენგანაც მოელის დახმარებას, დავალების შესრულებას. და საქართველოც ასრულებს ამ ერთობ არასასიამოვნო დავალებას - ავღანეთში საზარბაზნე ხორცის გაგზავნით, რუსეთის საწინააღმდეგო, საჯაშუშო პლაცდარმის შექმნით, ანტირუსული ქმედების განხორციელებით და სხვა არასაშური, უხამსი ქმედებით.

კარგა ხანია საქართველო, ამერიკელთა წყალობით, ჩართულია ანტირუსულ კამპანიაში - როგორც ვერბალურში, ისე პრაქტიკულში. რუსეთის და არა მარტო რუსეთის ტერიტორიაზე დივერსიული მოქმედებების დაგეგმვა, ანტისახელისუფლებო მიტინგებისა და დემონსტრაციების ორგანიზება ნაციონალური ხელისუფლების მთავარი საზრუნავი იყო.

ის ზედმიწევნით კარგად ასრულებდა სტრატეგიული პარტნიორის შეკვეთებს. ჰეგემონობის განმტკიცებისთვის აშშ-ი არა მარტო ღია მეთოდებით სარგებლობს, არამედ დახურულით, რაც არ არის გასაკვირი, მაგრამ გასაკვირია პატარა სახელმწიფოს დიდზე აყოლა, ვინაიდან ასეთი უდავოდ დაისჯება და დაისჯება იმაზე მკაცრად, ვიდრე 2008 წლის აგვისტო.

დასჯის პროცესში, ისე, როგორც 2008 წელს, სტრატეგიული პარტნიორი ვერბალურ წუხილს გამოთქვამს. სხვაგვარი მოქმედება მსოფლიო ბირთვულ ომს ნიშნავს. რაზეც გამძღარი ამერიკა არ წავა.

აღნიშნულიდან გამომდინარე - გადაჭრით უნდა ითქვას, რომ საქართველოს დიდთა პოლიტიკაში არაფერი ესაქმება. ჯერ-ჯერობით ასე თვლის „ოცნების“ ლიდერიც და უნდა ვიმედოვნოთ, რომ მის მიერ გაჟღერებული მოსაზრება არ შეიცვლება.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"