ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
20.10.2012
რუსთა და ქართველთა ბედისწერა

  ხანდახან არც კი მჯერა და თავი სიზმარში მგონია - ნუთუ დასრულდა ის კოშმარი, ჯოჯოხეთი, რასაც მიშნაცების ანტიეროვნული, ქართველთმოძულე რვაწლიანი მმართველობა ჰქვია?

 თუმცა ბოლომდე არა, ჩვენ ხომ იქნებ ბევრი რამის გადამწყვეტი, მაგრამ მაინც მხოლოდ ერთი ბრძოლა მოვიგეთ!

 ერთობ პარადოქსული და ალბათ უპრეცედენტო სიტუაცია მივიღეთ: ნაცებმა საპარლამენტო არჩევნებში მარცხი თითქოს აღიარეს, მაგრამ რეალური ძალაუფლების ბერკეტები ჯერჯერობით ისევ ხელთ უპყრიათ - ისევ ნიშნავს გუბერნატორებს პრეზიდენტი, ძალოვანი მინისტრებიც მის დაქვემდებარებაშია კონსტიტუციურად, ადგილობრივ თვითმმართველობებშიც უმრავლესობა აბსოლუტურად ყველგან ნაცებს ეკუთვნით და ა.შ.

ანუ,  ომი იმისთვის, რასაც ხელისუფლებაში ფორმალურად მოსული „ქართული ოცნებისთვის“ რეალური ძალაუფლების გადაცემა ჰქვია, ჯერ კიდევ გრძელდება. ანუ, კითხვის ნიშნები იმასთან მიმართებით თუ რა, როდის და როგორ იქნება, ჯერ კიდევ ბევრია!

 თუმცა ერთ, ჩემი აზრით, არც თუ უმნიშვნელო კითხვას ცალსახა პასუხი გაეცა: დაიმსხვრა მითი თუ ლეგენდა იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაცია პრაგმატულად იყო დაინტერესებული საქართველოში არჩევნებამდელი სტატუს-ქვოს, ანუ, მიშნაცების ხელისუფლების შენარჩუნებაში, რადგანაც რუსებმა 2008 წლის ომით ყველაფერი მიიღეს, რაც კი სჭირდებოდათ საქართველოში და ახალ ხელისუფლებასთან ნაკლებად პროგნოზირებად ურთიერთობებს, ისევ ძველი ურჩევნიათ. ამიტომ ყველაფერს იზამდნენ სააკაშვილის რეჟიმის შესანარჩუნებლად;

აქედან გამომდინარე, სააკაშვილის ლანძღვა და მასთან ურთიერთობის იდეაშივე გამორიცხვა პუტინ-მედვედევის მიერ, მხოლოდ ცუდად შენიღბული პოზა იყო, ხოლო პუტინის მიერ სააკაშვილისადმი მუქარა, ერთი უხერხული და მტკივნეული ადგილით ჩამოკიდების შესახებ, ამ პოზის რიტორიკული შემადგენელი იყო და სხვა არაფერი!

სწორედ ამ მითის მსხვრევა  გახდა წინამდებარე წერილის შექმნის თავი და თავი მიზეზი. გნებავთ, რუსეთის კონსტრუქციული ქმედებების თუ უმოქმედობის ანალიზი უკანასკნელ პერიოდში, რამაც არა მხოლოდ მითი დაამსხვრია, არამედ მნიშვნელოვანწილად განაპირობა სააკაშვილის სისხლიანი, სადისტური რეჟიმის კრახი და რაც ჩვენი სამშობლოსთვის ყოფნა-არყოფნის საკითხი მგონია, გამოიკვეთა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივები პოსტსააკაშვილისეულ პერიოდში, რომელიც, იმედია, სულ მოკლე ხანში რეალურად დადგება.

 

                                                              «Умом Россию не понять...»

მართალია, ეს სენტენციად ქცეული ფრაზა თავად რუს მოაზროვნეს ეკუთვნის, მაგრამ რუს-ქართველთა თანაცხოვრების 200 წლის მანძილზე ჩვენც, ქართველებიც ჩავწვდით ამ ფრაზის ნიუანსებს. რასაც ვერ ვიტყვით დასავლური დიპლომატიის მიმართ, რომელიც არასოდეს, ან ძალზედ იშვიათად სცილდება მშრალ დიპლომატიურ ეტიკეტს.

„რუსეთს მხოლოდ გონებით ვერ გაუგებ“, ალბათ ასე უფრო უპრიანია ამ ცნობილი ფრაზის თარგმანი - შინ თუ გარეთ ქმედებები, რუსეთის ჩინოსანთა ლექსიკა, პირველ რიგში ემოციური, გნებავთ გულისმიერია, ვიდრე პრაგმატულ-დიპლომატიური!

 თუნდაც აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად გულწრფელი მგონია რუსეთის პრეზიდენტისთვის  სააკაშვილის პერსონის მიუღებლობა _ მშიშარა, მიცემული სიტყვის არაერთხელ გამტეხი, საკუთარი ჰალსტუხის მლოღვნელი, გორში ცხვირით მიწისმხვნელი სააკაშვილი, რატომ უნდა ყოფილიყო ვლადიმერ პუტინისთვის სასიამოვნო პარტნიორი?

იმ პუტინისთვის, რომლის პიროვნულ, ვაჟკაცურ (მუჟიკურ) თვისებებში მის მტრებსაც არ შეუტანიათ ეჭვი...

დიახ, რაიმეზე მიცემულ  დაპირებას, რაც შეიძლება არსად იყოს პროტოკოლურად დაფიქსირებული, საკუთარი თავის პატივისმცემელი პოლიტიკოსი, როგორც წესი, ასრულებს. ანუ, პიროვნულ, მამაკაცურ ურთიეთობებს არანაკლები მნიშვნელობა აქვს დიდ პოლიტიკაში, ვიდრე პროტოკოლურ მემორანდუმებსა თუ შეთანხმებებს!

სიტყვის გატეხვის საილუსტრაციოდ ასლან აბაშიძის მაგალითიც კმარა: საქართველოს მხარემ სააკაშვილის პირით პუტინს პირობა მისცა, ოღონდაც ასლანი წაიყვანეთ და მის მიმართ არანაირი პრეტენზიები არ გვექნება მომავალშიო, რაც მოკლე ხანში დაირღვა - ასლან აბაშიძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და რუსეთისგან მისი საქართველოში ექსტრადიცია მოითხოვეს!

ამ მიმართებით გახსოვთ ალბათ, თუ როგორი კაცური,  ლამის ქუჩური, მკაცრი პასუხი მიიღო მოსკოვში ჩასულმა  მიშამ, აშკარად გაღიზიანებული ვლადიმირ ვლადიმიროვიჩისგან - მგონი, ადრე შევთანხმდით, თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩვენ, თუნდაც ასლანისთვის მიცემულ სიტყვას არ ვუღალატებთ და რა კაცობაა ახლა ამაზე საუბარიო!

ციტირებაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ შინაარსით ეს უთხრა რუსეთის პრეზიდენტმა მიშიკოს!

ამის შემდეგაც, აგვისტოს ომის წინარე პერიოდზე საქვეყოდ საუბრებისას, არაერთხელ გამოუყენებიათ პუტინ-მედვედევს მიშას მიმართ, არც მეტი, არც ნაკლები „кидок-кидало“, ანუ,  „გადაგდება-გადამგდების“ ლამის „ბლატნოი“ ეპითეტები...

ეს, რაც შეეხება პირადულ, ემოციურ ასპექტებს ორი ქვეყნის პოლიტიკური ლიდერის ურთიერთობისა.

ახლა ვინმემ ისე არ ჩამომართვას, რომ რუსები, როგორც ჩვენში იტყვიან, შიშველი გადარეულები არიან და პოლიტიკური პრაგმატიზმი არ ახასიათებთ. ემოციურობა-იმპულსურობა მათ პოსტსაბჭოთა ქვეყნების და განსაკუთრებით საქართველოს (თუ რატომ - ამაზე ქვემოთ) ახასიათებთ, თორემ ზოგადად დიპლომატიაში, კვალიფიციური პროფესიონალი კადრებიც ბევრი ჰყავთ და უმაღლესი დონის პრაგმატული პილოტაჟიც ეხერხებათ.

ეს იმად, რომ თუნდაც მხოლოდ პრაგმატული მოსაზრებებიდან გამომდინარე ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ზემოთ თქმული იმის შესახებ, რომ რუსებმა ყველაფერი მიიღეს, რაც სურდათ და ამიტომ აწყობდათ სააკაშვილის რეჟიმის შენარჩუნება - ეს ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი ენერგორესურსების გასხვისება-არგასხვისების თემა, თორემ ისეთი მსოფლიო გლობალური კომპანიებისთვის, როგორებიც „რაოე-ესი“, ან „გაზპრომია“, საქართველოს მთელი ენერგეტიკა ზღვაში წვეთია.

ასევე დიდი არაფერი სარგებელია რუსეთისთვის აფხაზეთ-ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარება - რა, ამ საერთაშორისო „თავის ტკივილის“ გარეშეც რუსეთი არ აკონტროლებდა ყველას და ყველაფერს ამ ტერიტორიებზე?

ამას დამატებული, რუსეთის ბაზრის დახურვა, სავიზო რეჟიმი, ანუ, ყველაფერი ეს კომპლექსში, ისტორიულ-მეხსიერება-დაკარგული და აქედან უმადური, „უძღები შვილის“, საქართველოს ემოციური დასჯაა!

  რუსეთს, რომ მართლა სდომოდა სააკაშვილის რეჟიმის შენარჩუნება, ამას ყოველგვარი ტანკების გარეშე მოახერხებდა - ერთს „ბუთქავდა“ სადმე (კახეთში, ლაფანყურში რა, ამის საბაბი არ მისცეს?) და საგანგებო მდგომარეობა, არჩევნების გადადება და აქედან მიშნაცების გაჯეჯილება, როგორც იტყვიან, „ას წელიწადს და კიდო იქით“, განაღდებული გვქონდა!  

აქედან ბოლო ორი თემა, ანუ, რუსეთის ბაზარი და სავიზო რეჟიმი ახალი ხელისუფლების გონიერების შემთხვევაში წმინდა ტექნიკური, მყისიერად მოგვარებადი საკითხია. რასაც ვერ ვიტყვით უმთავრეს თემაზე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე და ეს, არც „ცუდი რუსეთის“ და არც „კარგი მეოცნებე ხელისუფლების“ ბრალი იქნება - მწარე სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და ვაღიაროთ, რომ იმ სახით თუ სტატუსით, როგორც აფხაზეთ-სამაჩაბლო იყო საქართველოს შემადგენლობაში, ალბათ აღარასოდეს იქნება!

  თუ მაინც და მაინც, ასეთი რამ, როგორც რუსები იტყვიან, „В обозримом будущем“, ნამდვილად ვერ მოხდება და ახალი ხელისუფლების ამოცანა ის უნდა იყოს, რომ ნორმალური ურთიერთობები აღვადგინოთ აფხაზებთან და ოსებთან - პირადად მე კმაყოფილი ვიქნები, თუ ჩემს სიცოცხლეში კიდევ მოვესწრები და თავისუფლად ჩავალ გაგრასა და სოხუმში, ბიჭვინთაში, რიწის ტბაზე, ერთი სიტყვით, ამქვეყნიურ სამოთხე, აფხაზეთში, სადაც ჩემი ჯეელობა გამიტარებია!

 

                                                           „ერთ ბედ ქვეშა ვართ, ლაბავ მე და შენ“...

 დიახ, დიდი ილიას სიტყვებით ვიწყებ წინამდებარე წერილის მთავარ, ფინალურ სათქმელს და ილია მართლისვე სიტყვებით დავამთავრებ ალბათ...

მართლაც, ორი საუკუნის განმავლობაში ერთი ბედით იცხოვრა ორმა ერთმორწმუნე, მართლმადიდებელმა ერმა, დიდ რუსეთში მომხდარი ავ-კარგი, მეტნაკლებად აისახებოდა პატარა საქართველოზეც!

XVIII საუკუნის მიწურულს, ფიზიკური განადგურების აშკარა საფრთხის წინაშე მდგარმა ქართველმა ერმა, საკუთარი მომავალი ერთმორწმუნე რუსეთს მიანდო. მას შემდეგ მთელი  XIX საუკუნის განმავლობაში, არა მხოლოდ ფიზიკურად გადავრჩით, არამედ სულიერადაც მოვმძლავრდით: წერა-კითხვის უცოდინარმა (სხვა შემთხვევაში წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას არ შეჰქმნიდა ილია ჭავჭავაძე) ქართველმა ერმა, არნახულ სიმაღლეებს მიაღწია მეცნიერებაში, ხელოვნებაში, მწერლობა-პოეზიაში ხომ ნამდვილი რენესანსი მოხდა!

  ამას გარდა, რუსეთმა სამ-სამი ძლევამოსილი ომი გადაიხადა ჩვენს საუკუნო, დაუძინებელ მტრებთან, ოსმალეთ-ირანთან, რის შედეგადაც მართალია ფორმალურად, ადმინისტრაციულად რუსეთის იმპერიას შეემატა „ოსმანა და ალიას“ მიერ მიტაცებული ქართული მიწები, მაგრამ რეალურად აჭარა თუ სამცხე-ჯავახეთი, ჰერეთ- საინგილო თუ ლორე-ტაშირი და ა.შ. ქუთაისისა და თბილისის გუბერნიების შემადგენლობაში, ანუ, ერთიან ქართულენოვან კულტურულ სივრცეს დაბრუნდნენ.

მეოცე საუკუნის დასაწყისში, როდესაც საერთაშორისო მასონ-სიონისტთა შეთქმულებით 1917 წლის თებერვლის რევოლუცია მოხდა, ის ტერიტორიები დე-იურედაც საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ნაწილი გახდა და კიდევ საკითხავია იმ დამოუკიდებლობის დაკარგვა ვისი და რისი ბრალია - მენშევიკების უნიათობის თუ ბოლშევიკების პირსისხლიანობისა!?

ახლა, როგორც შტირლიცი იტყოდა, „ინფორმაცია ფიქრისთვის“ - მაშინ არა მხოლოდ რომანოვების მართლმადიდებელი (!) მონარქია დაემხო, არამედ რუსეთის, როგორც მაშინდელი მსოფლიოს ერთ-ერთი მდიდარი (XX საუკუნის დასაწყისში რუსეთის ეკონომიკა წლიურად 5%-იან ზრდას განიცდიდა, რითიც მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩებოდა!) სახელმწიფოს განვითარება-მოდერნიზაცია მინიმუმ 10-15 წლით შეფერხდა და ადრინდელ ეკონომიკურ ძლიერებას და ტერიტორიულ საზღვრებს მხოლოდ 1945 წელს, სტალინის ეპოქაში მიაღწია!

  რუსეთის მონარქიის დამხობით გახარებულმა ინგლისის პრემიერმა ლოიდ ჯორჯმა თურმე შესძახა: „მსოფლიო ომის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მიღწეულია!“

თუმცა ეს, მართალია, საინტერესო, მაგრამ მაინც სხვა, ცალკე წერილის თემაა და ახლა მთავარს დავუბრუნდეთ...

ბოლშევიზმის „სიკეთეებიც“ ერთად ვიგემეთ რუს-ქართველებმა, მაგრამ ჰოი, საოცრებავ! ქართველი ერის მორიგი და ჯერ-ჯერობით უკანასკნელი კულტურულ-ეკონომიკური რენესანსი სწორედ კომუნისტების დროს მოხდა: გაიზარდა მოსახლეობის ცხოვრების დონე, მართლაც არნახულ სიმაღლეებს მიაღწია საქართველომ მეცნიერებისა და ხელოვნების უკლებლივ ყველა დარგში, ეროვნულმა მწერლობა-პოეზიამ და ქართულმა კინომ, თეატრმა ხომ ყველა რეკორდი მოხსნეს, იმ დროს ეზიარა მსოფლიო სუხიშვილების „ქართულ ბალეტს“, რომელსაც გრიგოლ რობაქიძემ „ქართული გენია, როკვაში განფენილი“ უწოდა!

 და, რაც ყველაზე საოცარია, მიუხედავად ტოტალიტარულ-იდეოლოგიური წნეხისა, რიგითი ქართველები, სწორედ ზემოდთქმულიდან გამომდინარე, საკუთარი სამშობლოს პატრიოტებად ვიზრდებოდით!..

შემდეგ სსრკ იმპერია დაინგრა და თავისი ავ-კარგით ისტორიას ჩაბარდა -დამოუკიდებელ რუსეთში პრეზიდენტი ელცინი სიონისტური ძალების ხელში მარიონეტი იყო და ამ ძალებმა უმოწყალოდ ძარცვეს, ანგრიეს, გაანიავეს რუსეთის ამოუწურავი ბუნებრივი რესურსები, რის ხარჯზედაც გამდიდრდნენ და გაზულუქდნენ დასავლეთის მიერ გმირებად შერაცხული ბერეზოვსკები თუ ხოდარკოვსკები - რუსეთი პრაქტიკულად დაშლის პირას აღმოჩნდა და სწორედ ამ დროს, ბორის ელცინმა ერთადერთი სწორი ნაბიჯი გადადგა - ხელისუფლება ახალგაზრდა ვლადიმირ პუტინს გადასცა, რომელმაც, როგორც მინიმუმ, პირველ ხანებში დაშლა-დაქუცმაცებისგან იხსნა ქვეყანა და მოგვიანებით ძველი სამხედრო ძლიერება აღუდგინა რუსეთს და ადრინდელი შიშის ქარები ჩაუყენა მუხლებში დასავლეთს!

ახლა არის და, აშკარა ეკონომიკურად გაძლიერების პოტენციის ფონზე, რითიც ახლო პერსპექტივაში უნდა დასრულდეს რუსეთის ფუნქცია, როგორც მხოლოდ ნედლეულის მიმწოდებლისა დასავლეთისთვის, იმავე დასავლეთიდან მართულ-დაფინანსებული, აშკარად სიონისტური წარმომავლობის „ოპოზიცია“ უპირისპირდება  კიდევ ერთხელ, ყოველგვარი გაყალბებების გარეშე დიდი უმრავლესობით არჩეულ რუსეთის პრეზიდენტს. „ოპოზიცია“, რომლის მთავარი ლოზუნგი ყბადაღებული „ადამიანის უფლებების“ დაცვაა!

დაახლოებით იგივე ხდებოდა და ხდება საქართველოშიც. დაახლოებით, რადგანაც, რუსეთისგან განსხვავებით, ჩვენთან თავიდანვე ეროვნული ძალები მოვიდნენ ხელისუფლებაში, რომელიც „დინების საწინააღმდეგო ცურვის“ ამერიკული ბრალდებით, იმავე ამერიკის  და რუსეთის აშკარა თუ ფარული ხელშეწყობით, მალევე დაამხეს!

დიახ, არავითარ წინააღმდეგობაში არ ვვარდები, როდესაც თანაბრად ვუნაწილებ ამერიკა-რუსეთს საქართველოს ეროვნული ხელისუფლების დამხობაზე პასუხისმგებლობას - მაშინ რუსეთიც პრაქტიკულად მოსკოვის აშშ-ს საელჩოს დირექტივებით იმართებოდა!

შევარდნაძის ხელისუფლებას, მართალია, ეროვნულს ვერ დაარქმევდი, ამ სიტყვის ტოტალური გაგებით, მაგრამ არც ანტი-ეროვნული იყო. თუმცა ერთი რამ უდავოა, მიუხედავად მრავალი ნაკლისა, შევარდნაძის ხელისუფლება რეჟიმი ნამდვილად არ იყო და სააკაშვილის რეჟიმისგან განსხვავებით, იქ კაცები ბევრად სჭარბობდნენ არაკაცებს!

და აი, მივადექით რუს-ქართველთა ერთი ბედის მთავარ მახასიათებელს დღევანდელობაში: ვითომ მოვიცილეთ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი, მაგრამ ამავე დროს დღესაც აქტუალურია „თავისუფლების ინსტიტუტის“ თემა. ამერიკელები აშკარად ცდილობენ ლიბერტარიანული ძალების დომინანტობის გარანტირებას „რესპუბლიკელების“ სახით.

იგივე ხდება რუსეთშიც - პუტინის ოპოზიცია, ნავალნების, კასპაროვების, ნოვოდვორსკაიების, უდალცოვების და ა.შ. სახით, სხვა არაფერია, თუ არა ჩვენებური „თავისუფლების ინსტიტუტი“ გიგა ბოკრიების, გიგი თევზაძეების, ლევან რამიშვილების და ა.შ. სახით!

ორივე ქვეყნის ლიბერასტების მთავარი სამიზნე კი ეროვნული მენტალობა და ამ მენტალობის მთავარი ბურჯები, რუსული და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიაა, როგორც მთავარი მოწინააღმდეგენი ადამიანის უფლებების დაცვის ლიბერასტული გაგებისა, რაც ლგბტ-პედერასტების პროპაგანდას და აქედან ერთსქესიანი ქორწინებების დაკანონებას გულისხმობს, რაც, თავის მხრივ, აუცილებელი პირობაა ნებისმიერი ტრადიციული ერის მენტალური გადაგვარებისა!

განსაკუთრებით უტევენ რუსულ ეკლესიას, რადგანაც ჩვენგან განსხვავებით რუსეთის ეკლესია და ხელისუფლება დაუფარავად არიან, როგორც იტყვიან, „ერთსულ და ერთხორც“ და ყველაზე მთავარი - რუსული მართლმადიდებელი ეკლესია მსოფლიოში უდიდესი და უძლიერესი მართლმადიდებლური ციტადელია და მისი წაქცევა ზოგადად მართლმადიდებლობის დასასრულის დასაწყისს ნიშნავს!

 

          ერთმორწმუნეობა დღეს უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს მეფე ერეკლეს დროს იყო ...

   200 წლის მანძილზე ჩვენი ყოფა და კულტურები ისე გადაიხლართა ერთმანეთში, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ერთმანეთისგან ძალისმიერი გახლეჩვა ორივე ერმა მტკივნეოლად განიცადა. უფრო მეტიც, რუსებს კი შეუძლიათ ქართველების გარეშე ცხოვრება, მაგრამ უმეტესობას არ უნდათ, ჯერ კიდევ არ უნდათ!..

და პირიქით, იქნებ საქართველოში უნდათ რუსეთის გარეშე ცხოვრება, მაგრამ უმრავლესობას არ გვინდა, ჯერ კიდევ არ გვინდა!..

 მაშ საით, ერთმორწმუნე რუსეთთან ერთად კეთილდღეობისკენ და რაც მთავარია, ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებით თუ ლიბერასტულ ამერიკასთან ერთად მშიერი კუჭით და მენტალური გადაგვარების გარანტიით?

 მით უმეტეს, რომ ზემოთ თქმული აფხაზეთ-საქართველოს მომავალი ურთიერთობებისა არ იყოს, „რუსეთთან ერთად“ სულაც არ ნიშნავს მპყრობელისა და პყრობილის ძველი ურთიერთობების დაბრუნებას. არამედ, „რუსეთთან ერთად“ სწორედ სტრატეგიულ პარტნიორობას ნიშნავს, რის იმედადაც უხეიროდ ავტორღიალებივართ ამერიკას. აშშ-ს, რომლისთვისაც უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ გავლენის ობიექტი ვიქნებით, ხოლო რეალურად მართლაც აშშ-ს კოლონია ვართ და ამადვე დავრჩებით.

თავის დროზე მეფე ერეკლემ დიდი ფიქრისა და განსჯის შემდეგ ბრძნულად განაგო და საქართველოს ბედი ერთმორწმუნე რუსეთს დაუკავშირა!

 „ასის წლის შემდეგ“ კი, ამ სახელწოდების ბრწყინვალე პუბლიცისტურ წერილში, დიდმა ილიამ პატარა კახს არჩევანის ისტორიული სისწორე დაუდასტურა!

სწორედ ილიასეული წერილის ფინალს გთავაზობთ წინამდებარე წერილის დასასრულს:

„ამ ღისსახსოვარ დღიდამ საქართველომ მშვიდობიანობა მოიპოვა. შიში მტრისა ერთმორწმუნე ერის მფარველობამ გაუფანტა. დამშვიდდა დიდი ხნის დაუმშვიდებელი, დაღალული ქვეყანა, დაწყნარდა აკლებისა და აოხრებისაგან, დასცხრა ომებისა და ბრძოლისაგან. დადუმდა ჟღერა ხმლისა და მახვილისა, მტრისა ხელით მოღერებულისა ჩვენზე და ჩვენს ცოლ-შვილებზე, გაჰქრა ცეცხლი, რომელიც სწვავდა და ჰბუგავდა ჩვენს მამა-პაპათა ბინას, ჩვენს საცხოვრებელს, გათავდა რბევა და აკლება, მიეცა წარსულს და მარტო საშინელ და შემაძრწუნებელ სახსოვრად-ღა დაგვრჩა. დაუდგა ახალი ხანა, ხანა მოსვენებულის, უშიშარის ცხოვრებისა, სისხლდანთხეულ და ქრისტეს ჯვრისათვის ჯვარცმულ საქართველოს, რომელიც ღმერთმა სააქაო სამოთხედ გაუჩინა ადამიანს და კინაღამ ერთ დიდ სასაფლაოდ არ გადაექცა მისს თავდადებულ შვილებს, რომელნიც უმწედ, უნუგეშ, ყველასგან შორს, მარტოდ-მარტო იხოცებოდნენ ქრისტეს სარწმუნოების სადიდებლად და თავისის ვინაობის გადასარჩენად. დაიდვა საზღვარი მშვიდობის-მყოფელ ცხოვრებისა. ის დღეა და ეს დღე, ვეღარავინ გადმოლახა იგი საზღვარი ცეცხლითა და მახვილით ხელში და 26 ნოემბერს 1799 წელს, კვლავ სასოება-გაღვიძებული მეფე და ერი, გულწრფელად მიენდო თავისს მომავალსა, დიდი რუსეთის მფარველობის იმედითა და ნუგეშინით ფრთაშესხმული“...

 

დავით მხეიძე -
სპეციალურად პორტალისთვის "პოლიტფორუმი"
თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"