ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
აქტუალური თემა
17.10.2012
საქართველო და გლობალიზაცია - ევრაზიის ინსტიტუტის მიერ ინიცირებული განხილვა

ევრაზიის ინსტიტუტმა „კინოს სახლში“, მედიაკავშირ „ობიექტივის“ მხარდაჭერით, აკადემიური საზოგადოების ნაწილი შეკრიბა, რათა განეხილათ საქართველოს სამომავლო პრობლემები და პერსპექტივები გლობალიზაციის პროცესის ჭრილში. შეხვედრას, ევრაზიის ინსტიტუტის წევრების გარდა, ესწრებოდნენ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, აგრეთვე ჟურნალისტები.

გლობალიზაცია - ეს მოდური ტერმინი, მიუხედავად თავისი აბსტრაქტულობისა, მეტად აქტუალურია საქართველოსთანა მცირე ქვეყნებისათვის. ქართულ საზოგადოებას უჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეძლებს მცირერიცხოვანი ერი თავისი იდენტობის შენარჩუნებას "გლობალიზებულ" სამყაროში, დიდი ცივილიზაციების ჭიდილის პირობებში. რამდენად იქნება დაცული ჩვენი რელიგიური, კულტურული და ეროვნული თვითმყოფადობა პირობებში, როდესაც საზღვრებიც კი არ გვაქვს მეზობლებთან დემარკირებული და ასეც რომ იყოს, გლობალიზაცია სწორედ იმას ნიშნავს, რომ მას მხოლოდ საზღვრებით ვერ აღუდგები წინ. მაგრამ იქნებ არც არის საჭირო გლობალიზაციისადმი წინააღმდეგობის გაწევა და იგი უფრო მეტი სიკეთეების მომტანია, ვიდრე ვნება შეუძლია? სწორედ ეს და მსგავსი შეკითხვები ისმოდა ევრაზიის ინსტიტუტის მიერ გამართულ შეხვედრაზე.

 

„პოლიტფორუმი“ გთავაზობთ სამ სტატიას აღნიშნულ თემაზე, რომლებშიც გლობალიზაცია საქართველოსთან მიმართებით სხვადასხვა კონტექსტშია განხილული და შესაბამისი შეფასებებიცაა გაკეთებული.

ლევან ოსიძე: გლობალიზაცია და ეროვნული იდეოლოგია საქართველოში;

გიორგი პოპიაშვილი: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა პოლიტიკური ორიენტაციის გზაგასაყარზე;

ხათუნა ჩაფიჩაძე: გლობალიზაციის ნეოლიბერალური ფორმულა საქართველოსთვის?

ქვევით კი წარმოგიდგენთ ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, გულბაათ რცხილაძის ინტერვიუს გაზეთისთვის „ახალი თაობა“, რომელიც შეკრების შემდეგ იქნა ჩაწერილი.

 

"ახალი თაობა": რა საფრთხეებს უქმნის საქართველოს გლობალიზაცია


- ბატონო გულბაათ, რამდენად პროდუქტიულია მეტად"ცხელ" პერიოდში, არჩევნების წინ, ამგვარ მასშტაბურ თემებზე, როგორიც გლობალიზაციის თემაა, მსჯელობა?

- საზოგადოება წინასაარჩევნოდ განსაკუთრებით აქტიურად სარგებლობს მასმედიის მიერ მოწოდებული ინფორმაციებით, ამიტომაც მოგიწვიეთ ჟურნალისტები, რათა ჩვენს მიერ დასმული საკითხი შეძლებისდაგვარად გაშუქებულიყო - გლობალიზაციის პროცესები საქართველოს მომავლისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთრივ 1-ლი ოქტომბრის არჩევნები. დაახლოებით ორმა ათეულმა მეცნიერმა და სტუდენტმა წერილობით წარმოადგინა საკუთარი მოსაზრებები მოცემულ თემაზე, რომლებიც ბროშურის სახით გამოიცემა ჩვენი ინსტიტუტის მიერ, გაიმართა ზეპირი მსჯელობაც. ამიტომ, მიმაჩინია, რომ შეკრება საჭირო და პროდუქტიულიც იყო.

 

-გლობალიზაცია ფართო ცნებაა, როგორ უნდა მივუსადაგოთ იგი ქართულ რეალობას და კერძოდ რა მომენტებია ჩვენთვის საყურადღებო?

-ბევრი მომენტია საყურადღებო. მართალი ბრძანდებით, რომ კონკრეტიზაციაა საჭირო, ანუ ზოგადი, ჟურნალისტური ტერმინოლოგია სამეცნიერო ჩარჩოებში უნდა მოვაქციოთ, მაგრამ ამავე დროს, ჩვენთვის ამ თემის სამეცნიერო კვლევაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება, რისკ-ფაქტორების გამოყოფა და გარკვეული რეკომენდაციების შემუშავება. ჩვენი საზოგადოება დღეს შეშფოთებულია იმ არატიპიური, საქართველოსთვის თვისობრივად უცხო მოვლენებით, რომლებსაც აქვთ ადგილი. მაგალითად შეიძლება მოვიხმოთ ე.წ. გეი-პარადის მოწყობა თბილისში ან ქაშუეთის ტაძრის ეზოს კედლებზე წმიდა ნინოს ე. წ. კარიკატურის გამოხატვა, სავალალოდ ცნობილი რუსული პანკ-ჯგუფის მხარდაჭერის მოტივით. ყოველივე ეს გახლავთ სწორედ გლობალიზაციის პროცესების გამოხატულება, ანუ რაღაც მოვლენებს ერთ ქვეყანაში უნდა მოჰყვეს ჯაჭვური რეაქცია სხვა ქვეყნებში. მაგრამ ეს არ ხდება თავისთავად, როგორც ბევრს ჰგონია და როგორც ამაში არწმუნებენ ხალხს, არამედ განზრახ, გარკვეული რეჟისურით. აი სწორედ აქ არის პოლიტიკური სახის საფრთხე და ამას სჭირდება საზოგადოების მზადყოფნა, დაიცვას საკუთარი ფასეულობები, საკუთარი ღირსება, არ გახდეს გლობალისტური ძალების მორჩილი დანამატი.

მორალურ-ფასეულობრივი თვითმყოფადობის წაშლის გარდა გლობალიზმი  ეროვნული წარმოების მორღვევას, ტრანსნაციონალურ კორპორაციებზე დამოკიდებულებასა და საერთოდ, ეკონომიკურ ჩამორჩენასაც მოასწავებს საქართველოს ტიპის განვითარებადი ქვეყნებისათვის. საქართველო ვერასოდეს ჩამოყალიბდება რეალურად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, თუკი იგი არ ეცდება, წინ აღუდგეს გლობალისტურ ჭაობში ჩათრევის შეუწყვეტელ პროცესს.

 

-თქვენი აზრით, გამოდის, რომ გლობალიზაცია ხელოვნური პროცესია და მას მხოლოდ უარყოფითი შედეგები მოაქვს?

-გლობალიზაციას სხვა ინტერპრეტაციაც აქვს, კერძოდ ის, რომ იგი ბუნებრივი პროცესია, ისტორიის ლოგიკური განვითარება და მის უკან არ დგანან ვიღაც რეჟისორები და „ბოროტი ბიძიები“. დიახ, ეს მომენტიც არსებობს - მსოფლიო მასშტაბით სატრანსპორტო სისტემისა და ტელეკომუნიკაციების განვითარება, განსაკუთრებით, ინტერნეტში ჩართულობა, ინფორმაციების მყისიერი გავრცელებისა და გაცვლის საშუალების გაჩენა, რაც მე-20 საუკუნემდე არ არსებობდა, ასევე მიიჩნევა გლობალიზაციის გამოვლინებად. მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რაც ზემოთ ითქვა  - კერძოდ, რომ გლობალიზაციის ამა თუ იმ მიმართულებას ხელოვნური ხასიათი აქვს და კონკრეტული დამკვეთები ჰყავს. გლობალიზაციის მახინჯი ფორმებით განვითარებას მხარს უჭერს დასავლეთი, აშშ-ის ხელმძღვანელობით, სწორედ მათი სპეცსამსახურები დგანან ბევრი ნეგატიური მოვლენის უკან. ამას ნაწილობრივ არც მალავენ და სპეცსამსახურები იქით იყოს, დიპლომატიის დონეზეც ადასტურებენ. ისევ და ისევ მაგალითი, რომ ჩემი საუბარი ჰაერიდან მოტანილს არ დაემსგავსოს: აშშ-ის ელჩები და სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი დაესწრნენ გეი-აღლუმს რიგაში, ხოლო თბილისში ამ კატეგორიის დემონსტრანტებთან ბრიტანეთის ელჩი მივიდა პარლამენტის შენობის წინ... მეტი რაღა მტკიცება სჭირდება იმას, რომ გლობალისტური ტენდენციები ყოველთვის ისტორიის ბუნებრივ მსვლელობას არ წარმოადგენს და ისინი კონკრეტული სახელმწიფოების - დასავლური სახელმწიფოების - პოლიტიკის შედეგს წარმოადგენენ? ასევე ყურადსაღებია, რა თქმა უნდა, მართლმადიდებელ ეკლესიასთან ქიშპი და ჩვენი სარწმუნოების იურიდიული სტატუსის გათანაბრება სხვა რელიგიებთან. ესეც გლობალისტური მომენტია.

მინდა აღვნიშნო, რომ გლობალიზაცია თავისი არსით ახალი მოვლენა არ არის. ძველი რომის იმპერიაც „გლობალური“ სახელმწიფო იყო, რადგან მასაც ჰქონდა უნივერსალისტური ხასიათი. რომაული ფული ბატონობდა ატლანტის ოკეანის აღმოსავლეთი სანაპიროებიდან შავი და აზოვის ზღვების სანაპიროებამდე. დღესაც ერთი ჰეგემონი ვალუტაა მსოფლიოში - ამერიკული დოლარი, თუმცა მისი პოზიციები ბოლო დროს გარკვეულწილად შესუსტდა. დღევანდელობის არსებითი განსხვავება რომის თუ შუა საუკუნეების იმპერიებთან იმაში მდგომარეობს, რომ გაჩნდა გლობალისტური ექსპანსიის დახვეწილი მეთოდები, როდესაც სამხედრო ძალის გამოყენება არ არის საჭირო. გლობალიზმი (ანუ, რეალური სახელი რომ დავარქვათ მას - დასავლური სამყაროს ექსპანსია) რადიაციასავით უხილავად ვრცელდება. გარდა ამისა, თუკი რომის იმპერია პროგრესის მომტანი იყო „ბარბაროსული“ ხალხებისათვის, დღეს ამას უკვე ვეღარ ვიტყვით, რადგან დასავლეთზე უფრო ძველი და განვითარებული კულტურის ერები დგანან გლობალისტური „ურავნილოვკის“ საფრთხის წინაშე.

 

-ანტიგლობალისტურ მოძრაობაზე რას იტყვით, რომელიც ბოლო ათწლეულის მანძილზე გააქტიურდა მსოფლიოში? პრინციპში ესეც ხომ „გლობალისტური“ მოვლენა გამოდის, რადგან ტრანსნაციონალურ პრინციპზე დგას და მსოფლიო მასშტაბის მოძრაობაზე აცხადებს პრეტენზიას?

-სამწუხაროდ, ანტიგლობალისტური მოძრაობა ქაოტურია, არ ჩანან არც ამ მოძრაობის ლიდერები, არც იდეოლოგია და გაცნობიერებული ფასეულობები. მართალს ბრძანებთ, თავისი არსით ეს „ანტიგლობალისტური“ მოძრაობა სწორედ გლობალიზმს ემსგავსება, რადგან არ არის გამყარებული კონკრეტული შინაარსით, კონსტრუქციული ხედვებითა და გეგმებით.

 

-თქვენი აზრით, რამდენად აქვს საქართველოს შანსი, თავი დაიცვას მძლავრი გლობალისტური ძალების ზემოქმედებისგან?

-ჩვენ, ქართველებმა, უნდა ვისწავლოთ დიდი ცივილიზაციური სივრცეების კატეგორიით აზროვნება ანუ უნდა გამოვიდეთ ჩვენი ვიწრო-ნაციონალისტური ნაჭუჭიდან. ქართული პოლიტიკური ელიტის ნაწილი გლობალისტურ ძალებთან არის შეკრული და ამას ვიწრო-ნაციონალისტურად, კერძოდ, ანტირუსული დისკურსით ასაბუთებს. ეს არის მახე, რომელშიც არ უნდა გაებას ქართველი ხალხი, არ უნდა მივცეთ საშუალება ამ თვალთმაქცებს, რომ ჩვენი ეროვნული გრძნობებით მოახდინონ მანიპულირება თავიანთი შავბნელი მიზნების განხორციელების მცდელობისას. ჩვენ სწორედ ამ კონტექსტში უნდა გავიხსენოთ, რომ ვართ მართლმადიდებელი ქრისტიანები და მივეკუთვნებით საერთო-მართლმადიდებელ სივრცეს, რომელსაც ევრაზიული სივრცე ეწოდება. ევრაზია მუსლიმანებთანაც კეთილმეზობლობასა და ურთიერთობებს გულისხმობს, ნაცვლად მათთან კონფრონტაციისა, რასაც გვთავაზობს დასავლური ალტერნატივა. აბა დავფიქრდეთ, გვაწყობს ჩვენ, ვიყოთ დასავლეთის დანამატი (მისი თანასწორუფლებიანი ნაწილი ვერც გავხდებით, თუმცა ბევრს ეს უნდა) მაშინ, როდესაც დასავლეთში მოქმედებს მძლავრი პროვოკაციული ჯგუფები, რომლებიც უკვეთავენ მუსლიმების მოციქულ მუჰამედზე კარიკატურებსა და ბინძურ ფილმებს? მე მგონი, რომ ეს საქართველოს არაფერში სჭირდება. ჩვენ გვაქვს ჩვენი სარწმუნოება, რომლის საფუძველზეც უნდა ავაგოთ პოლიტიკური  იდეოლოგია. ეს იქნება ყველაზე უფრო ადამიანური და პროგრესული იდეოლოგია, თუკი ჩვენ შევძელით მისი კოდიფიცირება და გასისხლხორცება. ეს არის ის მინიმალური ფუნდამენტალიზმი, რომელიც ნებისმიერ ცივილიზაციას და მძლავრ სახელმწიფოს აქვს. როგორ ფიქრობთ, ამერიკა, ევროპა, არ არიან ფუნდამენტალისტები? რა თქმა უნდა, არიან, მათ აქვთ მკაფიო იდეოლოგიური ჩარჩოები, მათი პოლიტიკა დგას გარკვეულ იდეურ ფუნდამენტზე, რომელსაც ისინი არ გადაუხვევენ. სწორედ ეს არის ფუნდამენტალიზმი, რომელსაც ჩვენ გვისაღებენ „ფანატიზმად“ და ლამის „ტერორიზმად“, ამ დროს კი თავად პირველი ფუნდამენტალისტები არიან.

ჩვენი მომავალი გადის ევრაზიაზე, ქრისტიანულ-მუსლიმური ხალხების თანაცხოვრებაზე, დასავლეთთან ნორმალური, პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნებით, მასთან ტერორიზმის დაძლევის საკითხებში მჭიდრო თანამშრომლობისა და ინტენსიური კულტურული დიალოგის ფარგლებში. ფიქრი რადიკალურ დასავლურობაზე ანდა კავკასიურ იზოლაციონიზმზე („კავკასიური სახლის“ და მსგავსი მარგინალური იდეები, რომლებიც ცხოვრებამ უარჰყო) არაფერს გვარგებს.

ტექსტი: ლიზა მახარაშვილი


თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"