ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
17.10.2012
გლობალიზაციის ნეოლიბერალური ფორმულა საქართველოსთვის?

ნეოლიბერალიზმი, როგორც გვიანი მე-20 საუკუნის ფილოსოფია, ფაქტობრივად წარმოიშვა ეკონომიკის შესახებ არსებული ნეოკლასიკური თეორიების გავლენის შედეგად. თავად ცნება "ნეოლიბერალიზმი' სამეცნიერო ლიტერატურაში განმარტებულია, როგორც გლობალური საბაზრო ლიბერალიზმისა (კაპიტალიზმის) და თავისუფალი სავაჭრო პოლიტიკის განხორციელების საერთაშორისო ქსელი. [1] ხშირად ტერმინი გამოიყენება "გლობალიზაციის" ცნების შემცვლელადაც [2]; ნეოლიბერალური პოლიტიკის ღერძული პრინციპებია: თავისუფალი "მარკეტი" და თავისუფალი ვაჭრობა. პრაქტიკულ პოლიტიკაში ნეოლიბერალური მიმართულების მთავარ და უმსხვილეს "აქტორებად“ მიჩნეულნი არიან _ "ტრანსნაციონალური კორპორაციები" (რა თქმა უნდა, "მსოფლიო ბანკთან" და "საერთაშორისო სავალუტო ფონდთან" ერთად), ხოლო ნეოლიბერალური პოლიტიკის მთავარი საერთაშორისო და გლობალური მხარდამჭერი და დამცველი გახლავთ საერთაშორისო სავაჭრო პალატა პარიზში.

  რაც შეეხება გლობალიზაციის განმარტებას, მრავალფეროვანი სამეცნიერო და პოპულარული ლიტერატურის მიხედვით, გლობალიზაცია - საერთო ტერმინია მზარდი ადამიანური საქმიანობიდან წარმომდგარი საერთაშორისო ინტეგრაციის პროცესების აღსანიშნავად და გულისხმობს მსოფლმხედველობის, სხვადასხვა პროდუქტების, იდეებისა და კულტურის სხვა ასპექტების ურთიერთგაცვლას. [3] 

  მიუხედავად იმისა, რომ რიგი მეცნიერებისა [4] გლობალიზაციის წარმოშობას ცალსახად თანამედროვე ეპოქას უკავშირებს და ჩვენც შეგვიძლია მას ჩვენს დროში სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სფეროში წინსვლის და განსაკუთრებით, ინტერნეტის აღმავლობის ერთგვარი პროდუქტი ვუწოდოთ, მეცნიერების სხვა ნაწილი [5] გლობალიზაციის ისტორიას ”აღმოჩენების ხანამდე” (მე-15 ს.-ს ადრეული პერიოდიდან მე-17 ს.-მდე) და ე.წ. ახალი მსოფლიოსკენ მოგზაურობების ეპოქამდე გაცილებით ადრეულ პერიოდთან, ზოგიერთი კი თვით ქ. შ.-მდე მე-3 ათასწლეულთან აკავშირებს.

  ძალზე მოკლედ გვსურს, შევეხოთ კონკრეტულად გლობალიზაციისა და ნეოლიბერალიზმის ფენომენთა ურთიერთმიმართებას. ამ მხრივ საინტერესოდ გვეჩვენება ეკონომისტ თაკის ფოტოპოულოსის დეფინიციები [6]; კერძოდ, მან გლობალიზაცია სფეროების მიხედვით შრეებად დაყო, რომელთაგან ”ეკონომიკური გლობალიზაცია” უწოდა საქონლის, კაპიტალისა და ”მუშათა მარკეტების” (მუშათა ბაზრების) გახსნასა და დერეგულაციას, რამაც მიგვიყვანა სწორედ თანამედროვე ნეოლიბერალურ გლობალიზაციამდე. ფოტოპოულოსი ტერმინ ”ნეოლიბერალიზმს” ან ”ნეოლიბერალურს” აღარ ხმარობს გლობალიზაციის სხვა შრეების, მაგალითად, ”პოლიტიკური გლობალიზაციის” (ტრანსნაციონალური ელიტის გაჩენა და მისი გლობალური ძალაუფლების დომინაცია ერი-სახელმწიფოს სტატუსისა და გავლენის შესუსტების ფონზე), ”კულტურული გლობალიზაციის” (მსოფლიო მასშტაბით კულტურის ჰომოგენიზაცია), ”იდეოლოგიური გლობალიზაციის”, ”ტექნოლოგიური გლობალიზაციის” თუ ”სოციალური გლობალიზაციის” განსაზღვრებისას. თუმცა, თუნდაც თუ მხოლოდ ამ დეფინიციებიდან ამოვალთ, ეკონომიკურთან ერთად, გლობალიზაციის თითოეული შრე ჩვენს თანამედროვეობაში სწორედ რომ ნეოლიბერალური მსოფლმხედველობრივი და პრაქტიკულ-პოლიტიკური შინაარსისაა; კერძოდ კი, ეკონომიკურთან ერთად, პოლიტიკური, კულტურული, იდეოლოგიური, ტექნოლოგიური და სოციალური გლობალიზაციის თითოეული მახასიათებელი ნეოლიბერალიზმის კლასიკური თეორიული და პრაქტიკული მახასიათებლებია.

  ამდენად, ჩვენის ღრმა რწმენით, არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ თანამედროვე გლობალიზაციის ნებისმიერი სხვა სეგმენტი მკაფიოდ ნეოლიბერალურია, რადგანაც მიუხედავად იმისა, რომ ნეოლიბერალიზმი თავდაპირველად როგორც აპრიორი, ეკონომიკურ კონცეფციას წარმოადგენდა, ეკონომიკის მიერ ყოველი სხვა დანარჩენი სფეროს განმსაზღვრელობიდან გამომდინარე (ეს ორიგინალური იდეა ნამდვილად არაა), მალევე მისი არსის გათვალისწინებით, აღნიშნული თეორია და პოლიტიკა უნივერსალურად იქცა და გლობალური სახე მიიღო, კაპიტალიზმის თანამედროვე (კლასიკური ნეოლიბერალური) ფორმის ეკონომიკის დომინანტურობით.

  ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენი მოსაზრებით, ნეოლიბერალიზმი - თანამედროვე გლობალიზაციის (”ამერიკანიზაციის”, ე.წ. კულტურული იმპერიალიზმის) თეორიულ-კონცეფტუალური საფუძველია.

  რასაკვირველია, გარკვეული წინაპირობების გავლით (განსაკუთრებით კულტურულ აპსექტში), საქართველო ნეოლიბერალური გლობალიზაციის ფაზაში, შეიძლება ითქვას, შეძლებისდაგვარად სრულფასოვნად შევიდა 2003 წლის ”ვარდების რევოლუციის” შედეგად მოსული ხელისუფლების მმართველობის პირველივე წლებიდანვე, როცა საფუძველი ჩაეყარა ქვეყნის ”ვესტერნიზაციისკენ” მკაფიო და ერთგვარად - აგრესიულ სწრაფვას, რაც გამოიხატა ”შოკური თერაპიის” გზით და ხშირად სრულიად რეკორდულ ვადებში განხორციელებულ, შესაბამისად, მკვეთრ და რადიკალურ ნეოლიბერალურ რეფორმებსა და პოლიტიკაში. ესენია: ნეოლიბერალური ეკონომიკური და სოციალური რეფორმები (”ლიბერალური” საგადასახადო პოლიტიკა, საბაჟო რეფორმა, ბიზნესის ლიცენზირების/ნებართვების მოდერნიზებული სისტემა, თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია, ”ლიბერალური” შრომის კოდექსი, შეღავათიანი საგარეო-სავაჭრო რეჟიმები, ამერიკული სათესლე ხორბლის საქართველოში შემოტანა და ქართული სოფლის მეურნეობის კრიტიკული მდგომარეობა - ნეოლიბერალური პოლიტიკის ნაწილი და შედეგი, დასაქმების რადიკალური ნეოლიბერალური სოციალური პოლიტიკა საქართველოში - ”ეიჯიზმი”, ბიზნესმენთა, სხვა მეწარმეთა და უბრალო მოქალაქეთათვის ქონების ჩამორთმევა - ექსპროპრიაცია), ნეოლიბერალური პოლიტიკური ღონისძიებანი და რეფორმები (ევროკავშირთან სავიზო რეჟიმისა და ვაჭრობის გამარტივებისკენ საქართველოს სწრაფვა (ევროპული ინტეგრაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები), ნატოში ინტეგრაციისკენ გამიზნული მნიშვნელოვანი ღონისძიებები (ატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვა), საქართველოს საზოგადოების მიზანმიმართული ინტერნაციონალიზაცია - ”ამერიკანიზაცია” და უცხო ქვეყნების მოქალაქეებისათვის განსაკუთრებული პრივილეგიების მინიჭება საქართველოში, რელიგიური გაერთიანებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირების შესახებ კანონი, როგორც ნეოლიბერალური ინტერესებით განპირობებული რეფორმატორული ღონისძიება - საქართველოს საზოგადოების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის ნაწილი, უმცირესობათა უფლებების დაცვის აქცენტირება (ევროატლანტიკური ინტეგრაციის ნაწილი), ნეოლიბერალური ინსტიტუციონალური რეფორმები (ტრანსნაციონალური ინსტიტუციები, იდეოლოგიზირებული არასამთავრობო ორგანიზაციები და საჯარო სექტორი) და განათლების ნეოლიბერალური რეფორმა (ნეოლიბერალური განათლების კონცეფცია, იდეოლოგიზირებული სკოლები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და სამეცნიერო ინსტიტუციები).

  საქართველოში განხორციელებული თუ ჯერ კიდევ განხორციელების პროცესში მყოფი ნეოლიბერალური რეფორმებისა და პოლიტიკის მიზნებიცა და შედეგებიც სრულიად შეესატყვისება კლასიკურ მსოფლიო ნეოლიბერალურ ტრადიციებს, რომლებიც მე-20 ს.-ის 70-იანი წ.წ.-დან იღებს სათავეს აშშ-დან (რეიგანის დროინდელი ეკონომიკა - Reaganomics) და დიდი ბრიტანეთიდან (”ტეტჩერიზმი” - Thatcherism), აპრობირდება ლათინური ამერიკის ქვეყნებში, რომლებმაც გზა გაუხსნეს ”ვაშინგტონის კონსენსუსის” პრინციპთა დამკვიდრებას - 1990-იან წ.წ.-ში, რუსეთში - ელცინის მმართველობისა და პოლონეთში ”თერაპიის გარეშე შოკის” პერიოდში - პოსტ-კომუნისტური ტრანსფორმაციის დასაწყისის ხანით დამთავრებული. აღსანიშნავია ის, რომ, ამასთან და ამას გარდა, ქართულ ნეოლიბერალურ რეალობას განასხვავებს მკვეთრად გამოხატული და პრაქტიკულად დაუფარავი, უფრო მეტიც, დაკანონებული ავტორიტარული, ასევე, ძლიერი არაფორმალური თუ არცთუ იშვიათად, არალეგალური ხასიათი.

  ზოგიერთი პოლიტიკური მეცნიერისა და ეკონომისტის ლოგიკური მოსაზრებით, მიმდინარე გლობალური ეკონომიკური კრიზისის წყარო გახლავთ ნეოლიბერალური კაპიტალიზმის ამერიკული მოდელი ან უფრო კონკრეტულად, თანამედროვე "ინდივიდუალიზმის" დოქტრინა (laissez Faire), რომელიც კომერციულ საქმიანობაში შეუზღუდავ თავისუფლებას გულისხმობს, განსაკუთრებით - კერძო ინტერესებისათვის (დოქტრინა ასევე გულისხმობს ინდიფერენტულობას ან ჩაურევლობას, განსაკუთრებით - სხვათა საქმეებში) [7]. ამ მოსაზრების გათვალისწინებით, აღნიშნული პროცესი არ უნდა შეხებოდა სოციალური `სამარკეტო~ ეკონომიკის ქვეყნებს, ნეოლიბერალიზმის ანგლო-ამერიკული მოდელის მქონე ქვეყნებისგან განსხვავებით. ხოლო ინტენსიურ შოკს კი, რომელიც მსოფლიომ გამოსცადა ეკონომიკური კრიზისის შედეგად, შესაძლოა ადგილი ჰქონოდა მხოლოდ მრავალრიცხოვანი პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და ტექნოლოგიური გარემოებების დამთხვევის შედეგად. ამ უკანასკნელი ფაქტორის გარეშე წარმოუდგენელი გახლდათ მოვლენების მსგავსი განვითარება, თუნდაც ინტერნეტის გარეშე ვერაფერი მოხდებოდა. მოცემულ პირობათა ურთიერთგადაფარვა სპეციფიკური გზით, რომელმაც მოახდინა კრიზისთან დაკავშირებული მოვლენებისა და პროცესების აკუმულაცია, შესაძლებელი გახდა მხოლოდ ღირებულებათა, ინსტიტუციებისა და პოლიტიკის სპეციალური კომბინაციის ფონზე; ყოველივე ეს კი ნეოლიბერალიზმის ამერიკული მოდელისთვისაა დამახასიათებელი.

  ამგვარად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ უპირველეს ყოვლისა, ამჟამინდელი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი გახლავთ თავად ნეოლიბერალიზმის ყველაზე მწვავე კრიზისის გამოვლინება. მიმდინარე, პირველ რიგში - ეკონომიკურ-სოციალური პროცესები და ისტორიული გამოცდილება თუმცაღა ამტკიცებს, რომ ახლანდელი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი არ წარმოადგენს თავად კაპიტალიზმის ზოგად კრიზისს იმ კუთხით, რომ აღნიშნულ სისტემას დროთა მანძილზე და სხვადასხვა მძიმე განსაცდელთა წინაშე თავდაცვის არაჩვეულებრივი მექანიზმები აქვს გამომუშავებული, რაც თითქმის ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე კრიტიკულ პირობებშიც კი ადაპტაციის სხვადასხვა ახალი და განვითარებადი ფორმების ჩამოყალიბებაში გამოიხატება ტრადიციულად, თუმცა აქ პრაქტიკულად ვეღარ ვიგულისხმებთ მსოფლიო ორგანიზაციის ნეოლიბერალურ მოდელს (თანამედროვე კაპიტალიზმს), რომელიც ცხადია, რომ არსებული ფორმით ვეღარ განაგრძობს არსებობას და სულ მცირე, ფაქტობრივად ძირფესვიან მოდიფიკაციას თუ დაეყრდნობა სამომავლოდ.

  ძალზე მნიშვნელოვანი გახლავთ ასევე იმის გააზრებაც, რომ ნეოლიბერალური მოდელი, როგორც მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა უბრალოდ უფრო თვალნათლივ აჩვენა და, რაც ამავე დროს ძალზე ბუნებრივი შედეგი გახლდათ ნეოლიბერალური, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური პოლიტიკისა, პრაქტიკულად ვერ ამართლებს პირველ რიგში ეკონომიკურ და ფინანსურ კონტექსტში (განუხრელი და სულ უფრო მზარდი `დერეგულაციის~ - ფინანსური მექანიზმების განუზომელი და მათი გარკვეულ ლიმიტამდე ზრდის შემდეგ, გარდაუვალი აფეთქების გამო - თუნდაც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის სახით) და მით უფრო, გლობალიზაციის ფონზე, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორმაა - ფინანსური და ეკონომიკური მექანიზმების ან კონკრეტულად `ფინანსიალიზაციის~ გლობალიზაცია ისევე, როგორც, ასევე კაპიტალისტური წრეების მიერ დომინანტურად განპირობებული კონსიუმერიზმი - სულ მცირე, აშშ-სა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში, რაც ეკონომიკის სიცოცხლისუნარიანობისა და მისი განვითარებისათვის აუცილებელ ექსპორტ-იმპორტის ბალანსს არღვევს ამ ქვეყნებში, კერძოდ კი, ხშირად ადგილი აქვს ექსპორტის სიმცირესა და იმპორტის პრევალირებას. გარდა ეკონომიკურ-ფინანსური თვალსაზრისით უპერსპექტივობისა, რაც უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოებრივად, საზოგადოებრივად და ზოგადსაკაცობრიოდ უპერსპექტივობასა და მეტიც, ძალზე სერიოზულ საფრთხის შემცველობას გულისხმობს, წამგებიანობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ნეოლიბერალური მოდელი თავისი არსით პირველ რიგში ჰუმანურობისა და ადამიანის კეთილდღეობაზე ორიენტირებული ფასეულობის თუ მისი ამოსავლობის კუთხით – ასევე სრულიად მიუღებელი და გაუმართლებელია, რისი თვალსაჩინო გამოხატულებაცაა განუხრელი `უთანასწორობის ზრდა~ და საზოგადოების უმრავლესობის სულ უფრო მზარდი გაღატაკება ნეოლიბერალურ გარემოში. ამგვარ პერსპექტივას კი საქართველოში ემატება ასევე ნეოლიბერალიზაციის განხორციელებისას ავტორიტარულობის და საკმაოდ მაღალი ხარისხი, რაც სერიოზული ეჭვების საფუძველს იძლევა ნეოლიბერალური ფორმულის ნაკლებად სასურველობის გარდა, მისი სამომავლო განვითარების პოტენციალისა და ეფექტურობის თვალსაზრისით,  გლობალური მასშტაბის მსგავსად, საქართველოს შემთხვევაშიც.

  და, ბოლოს, სამომავლო განსჯისათვის კიდევ ერთი პრობლემა გვსურს გამოვყოთ. შესაძლებელია თუ არა, რომ ნეოლიბერალიზმის ბუნებრივი კოლაფსის გამო, გლობალიზაციამ შეძლოს, მაგალითად, ე.წ. კეთილდღეობის სახელმწიფოების მიერ აპრობირებული და მსოფლიო მასშტაბით უალტერნატივო, სოციალურად ორიენტირებული სისტემის შეთვისება, მაშასადამე, თავისი შინაარსის ცვლილება და აქამდე ისტორიულად სრულიად უპრეცენდენტო ტრანსფორმაცია? თუ მისი არცთუ მწირი ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით, გლობალიზაციის არსებობა და ეფექტურობა მხოლოდ ამ მასშტაბის კაპიტალიზმის მთავარი საყრდენის - გლობალური კაპიტალბრუნვისა და საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირებასთანაა ტრადიციულად დაკავშირებული, რის მიღმაც მხოლოდ ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე, მსოფლიო დონის ერთეულ აქტორთა კერძო მოგების მიღების და მაშასადამე, კაპიტალისტური ინტერესები მოქმედებს?

 

 

ხათუნა ჩაფიჩაძე -
პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი,
ასოცირებული პროფესორი,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

 

 

სქოლიო

 

1. Thorsen, D., Lie, A., “What is Neoliberalism?” Department of Political Science, University of Oslo, 1980, pp 30-39.

2. Thorsen, D., Lie, A., “What is Neoliberalism?” Department of Political Science, University of Oslo, 1980, pp 30-39.

3. Al-Rodhan, Nayef R.F., Stoudmann, G., “Definitions of Globalization: A Comprehensive Overview and a Proposed Definition”, GCSP Occasional Papers, Geneva: Geneva Centre for Security Policy (GCSP), 2006, 19 June.

4. Frank, Gunder, A., “Global economy in the Asian age”, Berkeley: University of California Press, ReOrient, 1998.

5. http://58.192.114.227/humanities/sociology/htmledit/uploadfile/system/20110522/20110522005012939.pdf, უკანასკნელად იქნა გადამოწმებული - 25.09.2012.  

6. Fotopoulos, T., “Globalization, the Reformist Left and the Anti-Globalization Movement”, Democracy & Nature: The International Journal of Inclusive Democracy, 7(2), July, 2001.

7. http://blogs.worldbank.org/developmenttalk/node/595, უკანასკნელად იქნა გადამოწმებული - 25.09.2012.

 

 

 

Khatuna Chapichadze

Academic Doctor of Political Sciences,

Associate Professor

Department of Liberal Arts

Faculty of Business-Engineering

Georgian Technical University

 

Globalization’s Neoliberal Formula for Georgia?

 

Summary

 

The article defines the terms of “neoliberalism” and “globalization”, as well as interrelations between of them.

Georgia was already involved in the process of globalization, especially with its trends of cultural development, quite before the beginning of the transformation of the country since 2003.

Georgia entered the new phase of its development since the Rose Revolution of 2003. And this is the time when the new government of the country started implementing neoliberal reforms and policy, which was broadly promoted as the “westernization” of Georgia. The reforms have been assessed as very radical, aggressive, and authoritarian, first of all for the ordinary people, the citizens. And this is not only about the methods of implementing of such policy, but also purposes and the results of the reforms turn to be the same.

The article analyzes the world’s economic crises of the late 2000s, and it is considered as the fatal crises of neoliberalism itself.

Along with non-efficiency and the lack of perspectives for the future development globally and locally, neoliberalism as the contemporary form of capitalism, is also criticized from just humane point of view, and it is assessed as totally undesirable for the majority of people in the society in the world, as well as in Georgia.

Concluding that the future for neoliberal globalization is under the big question in the whole world, including Georgia, and considering its negative aspects, especially in the case of the country, the article positions one important question; is it possible for the process of globalization to change its contemporary theoretical basis from impoverished and disappearing neoliberalism to the “new”, socially oriented conception, which is becoming more and more popular and potentially powerful in the civilized world? Or maybe globalization is being fed only by the driving forces of capitalism, global turnover of capital and the market economy, which stands for the world’s powerful actors’ demands of gaining private profit, and thus, its existence is just also under the big question?

 

Key words: globalization, neoliberalism, “transnational corporations”, World Bank, International Monetary Fund, Americanization, “cultural imperialism”, “Westernization”, laissez faire, “deregulation”, “financialization”                               

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"