ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
17.10.2012
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა პოლიტიკური ორიენტაციის გზაგასაყარზე

გლობალიზაციის პროცესიAთანამედროვე მსოფლიოსთვის შეუქცევადი ფორმით ხასიათდება, რაც სახელმწიფოებს ურთიერთდამოკიდებულს, ზოგ შემთხვევაში კი ურთიერთდაპირისპირებულ ძალებად წარმოაჩენს. ეთნო-ნაციონალისტური კონფლიქტები, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებობს და დაუძლეველ სენად მიიჩნევა, წარმოადგენს გლობალიზაციის პირველ საფეხურს. გლობალიზაციის დამაბრკოლებელ საშუალებად უნდა მივიჩნიოთ აგრეთვე ისეთი ფაქტორი, როგორიც არის ინფორმაციის შეზღუდვა და იზოლაციონიზმი, მაგრამ ეს ფაქტორი არის მხოლოდ დროებითი და ნეგატიურად მოქმედებს მხოლოდ იმ ჯგუფებზე, რომლებიც იზოლაციონიზმის პოლიტიკის გავლენას განიცდიან.

   გლობალიზაციის მთავარ მამოძრავებელ ძალად დასავლეთი მიიჩნევა, რადგან მსოფლიოში ინერგება დასავლური ფასეულობები, ნებსით თუ იძულებით. გლობალიზაცია ამა თუ იმ ფორმით ყველა სახელმწიფოს ეხება. მის წარმმართველ ძალად აშშ უნდა მივიჩნიოთ. ისეთი დიდი სახელმწიფოები, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი, ჯერ-ჯერობით არ მიიჩნევიან გლობალიზაციის წარმმართველ ძალებად, პირიქით, დაპირისპირებაში მოდიან აშშ-ს ინტერესებთან. NATO  და ევროკავშირი შეგვიძლია მივიჩნიოთ,  გლობალიზაციის  შემადგენელ ნაწილებად.

     რუსეთიs სახელმწიფო არის  გლობალიზაციის ერთ-ერთ დამაბრკოლებელი, რადგან მის ინტერესებში არ შედის მეორეხარისხოვან სახელმწიფოდ ყოფნა. გლობალიზაციური ელემენტების შედინება არადასავლურ ქვეყნებში იწვევს ამ ქვეყნებზე დასავლეთის ზეგავლენას და აზროვნების საერთო სტანდარტების ჩამოყალიბებას, რაც ამ ქვეყნების ელიტების უმრავლესობის აზრით, ეროვნული სახელმწიფოს ფუნდამენტურ ინტერესებს ეწინააღმდეგება.

     აშშ-ის და რუსეთის ინტერესთა დაპირისპირება ნათლად აისახება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში  და ქვეყნის განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე.

     შევეცდები, განვიხილო, თუ რა ფაქტორებმა გამოიწვია საქართველოს შემადგენლობიდან აფხაზეთის და ცხინვალის გასვლა, არის თუ არა ეს  ლოკალური პრობლემა, კავშირშია თუ არა გლობალურ მოვლენებთან და როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად გლობალიზაციის ელემენტები.

 

        საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობიდან რამდენიმე წელიწადში ქართულმა სახელმწიფომ, ერთმანეთის მიყოლებით დაკარგა ცხინვალი და აფხაზეთი, ეს კონფლიქტები ერთი შეხედვით გვევლინება, როგორც ეთნოკონფლიქტები აფხაზებსა და ქართველებს და ცხინვალის ოსებსა და ქართველებს შორის. საკითხის უფრო სიღრმისეული შესწავლა ვიწრო ეთნიკური კონფლიქტიდან ტრანსფორმირდება რეგიონალურ და გლობალურ დონეზე, სადაც მსოფლიო მოთამაშეები ურთიერთდაპირისპირებაში მოდიან.

   საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო და რუსეთის ეროვნულ ინტერესებში შედიოდა კავკასიის რეგიონის, მათ შორის საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროდან არგაშვება. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას კურსი მკვეთრად ემიჯნებოდა რუსეთს და ასევე დიდ სურვილს არ ამჟღავნებდა დასავლეთთან ურთიერთობისთვის, იგი ცდილობდა დამოუკიდებელი კავკასიური სახლის შექმნას, რომელიც ძლიერ რეგიონალურ ძალად უნდა გადაქცეულიყო, მაგრამ მარტო ამ ჩანაფიქრის იმედად ყოფნა ეროვნული ინტერესების დაცვის კუთხით სუსტ პოზიციაში აგდებდა ქართულ სახელმწიფოს.

   თუ გავითვალისწინებთ რუსეთისა და აშშ-ს ინტერესებს, რომლებიც კავკასიის რეგიონში იკვეთება, დავინახავთ, თუ მათთან ორივესთან რაოდენ წინააღმდეგობაში მოდიოდა დამოუკიდებელი კავკასიის ერთიანი რეგიონი, რომელზე კონტროლის დაწესებაც გაცილებით უფრო რთული იქნებოდა, ვიდრე კავკასიის დაქუცმაცებულ პირობებში.

   ზოგიერთი მეცნიერის მტკიცება, თითქოს საქართველოს ტერიტორიული პრობლემა გამოწვეულია მხოლოდ  ნაციონალისტური რადიკალიზმით, ჩემი აზრით, მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება ჭეშმარიტებას.

      საქართველო, როგორც ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის უშუალო მეზობელი  რუსეთიs შემთხვევაში, ძალთა ბალანსის პრინციპიდან გამომდინარე, ლოგიკურად მოექცეოდა NATO-ს და აშშ-ს გავლენის ქვეშ, რაც დღეს უკვე რეალობად არის ქცეული. ეს კი კავკასიის რეგიონში რუსეთის სამხედრო პოლიტიკურ იზოლაციას მოასწავებს, რაც დაემუქრება რუსეთის გავლენას, როგორც აღმოსავლეთით, ისე ევროპის მიმართულებით. ამ ლოგიკიდან გამომდინარე, პირველი პრეზიდენტის ნაციონალისტური პოლიტიკა  მხოლოდ საბაბად შეიძლებოდა  გამოყენებულიყო ტერიტორიული რღვევის საკითხში. თუ არა რუსეთის ფედერაცია, აღნიშნული პრობლემა სხვა ფორმით მოახდენდა საკუთარი ნეგატიური ძალის აკუმულირებას.

      დღესაც არის განხილვები იმდროინდელი პოლიტიკური ორიენტაციის პრობლემებისა, რაც ხშირად აზრთა სხვადასხვაობას  იწვევს. ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს უფრო ზომიერი პოლიტიკა რომ ჰქონოდა  რუსეთთან, ამგვარად შესაძლოა ტერიტორიული საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარიყო, მეორე ნაწილს კი მიაჩნია, რომ იმდროინდელ ხელისუფლებას აქცენტები  არა  კავკასიურ სახლზე, არამედ დასავლეთისკენ უნდა მიემართა. განვიხილოთ მოკლედ, დადგებოდა თუ არა იგივე შედეგი, რაც დადგა.

   თუ საქართველო თანხმობას განაცხადებდა რუსეთთან უფრო რბილ, მისი ინტერესების უფრო მეტად გათვალისწინების პოლიტიკაზე და შევიდოდა  “დსთ”- ში, მაშინ დარტყმების სიმძლავრე განახევრდებოდა ან სულაც დროებით შეჩერდებოდა. მარგამ, რუსეთი, თავისი გრძელვადიანი ინტერესებიდან გამომდინარე, მაინც მოახდენდა ოსეთის და აფხაზეთის კონფლიქტის გამწვავებას, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში  უფრო მეტი გარანტიები მიეღო კავკასიის რეგიონზე კონტროლის თვალსაზრისით. რუსეთისთვის ასევე მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს შავი ზღვის აუზში გავლენის შენარჩუნება, მათ შორის, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს თურქეთს რუსეთის უსაფრთხოების და ინტერესთა კვეთის თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ, მუდმივი კონფლიქტი საქართველოსა და კავკასიის სხვა სახელმწიფოებში პირდაპირ შედის ამგვარად გაგებულ რუსეთის ეროვნულ ინტერესებში, რაც, თავის მხრივ, იწვევს ჩვენი ეროვნული ინტერესების ხელყოფას.

     დასავლეთთან ურთიერთობის პრიორიტეტულად აღიარების შემთხვევაში ტერიტორიული მთლიანობა მაინც დარტყმის ქვეშ აღმოჩნდებოდა, რადგან თუ გავიხსენებთ იმდროინდელ მსოლიო პოლიტიკას, კერძოდ საბჭოთა კავშირის დაშლით გამოწვეულ ქაოსს და გაურკვევლობას, ასევე დასავლეთის უცნობი ქვეყნებისადმი მიდგომის პოლიტიკურ სიფრთხილეს, ისინი მაინც ვერ გაუწევდნენ (და ვერც გაუწიეს) წინააღმდეგობა რუსეთს, განეხორციელებინა თავისი აგრესიული გეგმები კავკასიაში და კერძოდ საქართველოში (აფხაზეთსა და ცხინვალში განვითარებული მოვლენები, ყარაბაღი) რუსეთთან ხელახალ სამხედრო, პოლიტიკურ დაპირისპირებას თავს არიდებდა აშშ, რადგან საქართველო, როგორც საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკა, რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მიიჩნეოდა, რუსეთის გავლენის სფეროში მყოფ ტერიტორიად. აშშ-ის ჩარევა პირდაპირ ნიშნავდა რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას, რასაც შეიძლება სერიოზული გამწვავება მოჰყოლოდა რუსეთsა და აშშ-ს შორის, ეს კი ამერიკის ინტერესებს არ შეესაბამებოდა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში განვითარებული კონფლიქტები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გარდაუვალ საფრთხედ გადაიქცეოდა. რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, კავკასია გადანაწილებულია რუსეთ – აშშ-ს შორის, ასევე გაყოფილია საქართველოც, რაც კონფლიქტის არა გალღობას და მოგვარებას, არამედ გაქვავებას იწვევს.

       საქართველოს სწრაფვა დასავლურ სტრუქტურებში  მნიშვნელოვან წყალგამყოფს წარმოშობს რუსეთთან ურთიერთობაში, რაც ვლინდება დაძაბულობასა და ქართულ სახელმწიფოზე სერიოზული პოლიტიკური, სამხედრო  და ეკონომიკური ზემოქმედებით, ასევე რუსეთში მყოფი ემიგრანტი ქართველების პერიოდული შევიწროვებით და მათი დევნით.

     დღეს საქართველო იმყოფება ორი სახელმწიფოს ინტერესთა კვეთის ერთ-ერთ უმთავრეს წერტილში, სადაც  ორივე  მხარის დაინტერესებას ზურგს უმაგრებს ეკონომიკური ფაქტორი. აშშ-ს ინტერესებს თუ განვიხილავთ,  ნათლად დავინახავთ, რომ საქართველოს და მთლიანად კავკასიის რეგიონის მეშვეობით შესაძლებელი იქნება გავლენის მოპოვება ცენტრალურ აზიასა და მთლიანად დიდ ახლო აღმოსავლეთის  სახელმწიფოებზე. ასევე რუსეთისთვის სამხედრო პოლიტიკური რკალის შემორტყმა, რომლის მიზანი არა რუსეთის დაშლა ან მასზე სამხედრო აგრესიის განხორციელება, არამედ მისი შებოჭვა და მუდმივი კონტროლის ქვეშ მოქცევაა. რადგან დაშლილი რუსეთი ვერ შეაჩერებს დასავლეთზე მომდინარე ისლამურ ფუნდამენტალიზმს ან ჩინურ საფრთხეს, რომელიც ასერიგად განიცდება როგორც ევროპის ქვეყნების ისე აშშ-ის მხრიდან. დაშლილი რუსეთი ხელს შეუწყობს ჩინეთის მზარდ გაფართოებას, რაც საბოლოო ჯამში მთელი დასავლეთის პოლიტიკური მზის ჩასვენებით დასრულდება.

    სადღეისოდ რუსეთის გავლენა საქართველოზე შემოიფარგლება რეგიონალური მასშტაბით, რუსეთის ამჟამინდელ ინტერესებში შედის, რომ არ დაუშვას დასავლეთის არსებულზე უფრო მეტი გაფართოება, რუსეთის ერთ -Eერთ მთავარ მიზნად შეიძლება მივიჩნიოთ, აშშ-ის ყურადღების მოდუნება რეგიონალურ დონეზე პოზიციების განმტკიცების მიზნით. რის შემდეგაც იგი თანდათანობით შეეცდება დაიბრუნოს მსოფლიო დონეზე ძველი დიდება. აშშ-ის და რუსეთის საერთო თანამშრომლობის სფეროებად უნდა განვიხილოთ მუსლიმანთა ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლა, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ორივე სახელმწიფოს უსაფრთხოებას და პოლიტიკურ პრესტიჟს. ორ ქვეყანას შორის    თანამშრომლობის სფეროებად უნდა განვიხილოთ ენერგორესურსები, მეტიც,  რუსეთი ენერგორესურსებს საკმაოდ  კარგად იყენებს დასავლეთზე ზეგავლენის განსახორციელებლად. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რუსეთ- აშშ-ს შორის არსებობს, როგორც ინტერესთა კონფლიქტი, ასევე ინტერესთაA თანხვედრა.

   2008 წლის აგვისტოს ომი იყო არა რუსეთ-საქართველოს დაპირისპირება, რაც ასე ხშირად ისმის  ტელევიზიით და იწერება პრესის ფურცლებზე, არამედ რუსეთ- აშშ-ის ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც გამოიხატა საქართველო-რუსეთის დაპირისპირებით. ეს ომი შეგვიძლია განვიხილოთ ორი ცივილიზაციის შეხების და შეჯახების არეალადაც (შდრ. ს.ჰანტინგტონის კარგად ცნობილი თეზისები).

რაც შეეხება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს, საქართველოში ესეც შეიძლება მივიჩნიოთ რუსეთსა და აშშ-ს შორის ინტერესთა კონფლიქტად, რომელიც  მკვეთრად გამოიკვეთა ორი პოლუსის სახით, რომლებიც აფიქსირებენ რუსეთის ან აშშ-ს მიმართ კეთილგანწყობას. პოლიტიკურ ძალთა ერთი ნაწილის მტკიცებით, თუ საქართველო უარს იტყვის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე და აშშ-სთან მჭიდრო ურთიერთობაზე, ამ შემთხვევაში შესაძლებელი გახდება ტერიტორიული პრობლემის გადაწყვეტა. ხოლო მეორე ნაწილის მტკიცებით NATO-ში და ევროკავშირში გაწევრიანება ტერიტორიული პრობლემის გადაჭრის წინაპირობაა.

მოკლედ განვიხილოთ ორივე  ვარიანტი: როგორც ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, აფხაზეთის და ცხინვალის საკითხი, ისევე როგორც მთლიანად კავკასიის საკითხი, რუსეთის ეროვნულ ინტერესებზე გადის და არ გამართლდება ის მოლოდინი, რომ რუსეთთან საქართველოს ლოიალური პოლიტიკის შედეგად რუსეთი უარს იტყვის აფხაზეთზე და ცხინვალზე.

  1. რუსეთისათვის ერთ-ერთ სასიცოცხლოდ მნიშვენლოვან პუნქტს წარმოადგენს აფხაზეთი, როგორც შავ ზღვაზე გასასვლელი, ხოლო ეს უკანასკნელი კი ერთ-ერთი საშუალებაა აღმოსავლეთ ევროპაზე კონტროლისათვის.
  2. საქართველო, როგორც დერეფანი აზიასა და ევროპას შორის, რუსეთისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი პუნქტია, რადგან მის ხელში ექცევა სამართავი პულტი ევროპაზე და აზიაზე, აქვე შეიძლება გავაერთიანოთ ენერგო- დაინტერესებაც.
  3. რუსეთისთვის საქართველო არის გზა სამხრეთისაკენ, ახლო აღმოსავლეთისაკენ, ეს არის უშუალო კავშირი სომხეთის რუსულ ბაზებთან. ასე რომ, რუსეთი ყოველმხრივ სასიცოცხლოდ არის დაინტერესებული საქართველოზე გავლენის მოპოვებით.

რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ესენია:

  1. სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა.
  2. სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარება და დემოკრატიის განმტკიცება.
  3. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

 შევადაროთ რუსეთ-საქართველოს ეროვნული ინტერესები და დავინახავთ მხოლოდ ერთ საკითხში სანახევროდ თანხვედრას, მაგრამ მაინც განვიხილოთ სათითაოდ.

  1. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა:

  საქართველოს სრულფასოვანი დამოუკიდებლობის პირობებში რუსეთის ნებიდან გამომდინარე, საქართველოს ტერიტორიული პრობლემის გადაწყვეტა რუსეთის ეროვნული ინტერესების გვერდის ავლით ფაქტობრივად შეუძლებელია, ნებისმიერი ხელისუფლება რუსეთის ფედერაციის სათავეში ახლო- და საშუალოვადიან პერსპექტივაში იმავე გეოპოლიტიკური კურსის გამგრძელებელი იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარის ინტერესების წინააღმდეგ მოუწევს თამაში. აქედან გამომდინარე, რუსეთისგან დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიული პრობლემის მოგვარება, ორივე სახელმწიფოს ინტერესთა კონფლიქტს იწვევს.

      2. სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებისა და დემოკრატიის განმტკიცება:

    საქართველოში, ისევე როგორც რუსეთში, ხელისუფლების ლეგიტიმაციის პრობლემა არსებობს, ასევე პრობლემებია სამოქალაქო საზოგადოების და ადამიანის უფლებების შელახვის მხრივ. რუსეთს არანაირი მაგალითის მიცემა არ შეუძლია დემოკრატიულობის კუთხით საქართველოსთვის, აქედან გამომდინარე ინტერესთა თანხვედრა ამ საკითხში არ შეიმჩნევა.

      3. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია:

   პოლიტიკურ ძალთა ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ NATO-ში გაწევრიანება ტერიტორიული აღდგენის საკითხს აყენებს დარტყმის ქვეშ, ამასთან, რუსეთი ურთიერთობას დაათბობს NATO-ზე უარის თქმის შემთხვევაში, ხოლო აღნიშნული ძალები თანხმდებიან საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციაზე.

 რუსეთის ინტერესებით  რომ ვიხელმძღვანელოთ, NATO პირდაპირ ხელისშემშლელს წარმოადგენს, რადგან შემოჭრილია რუსეთის გავლენის სფეროში და აფერხებს მის გაფართოებას ევრაზიული კავშირის კუთხით. თუ რუსეთი შეძლებს  დათმობაზე წაიყვანოს საქართველო NATO -ზე უარის თქმის გზით, მაშინ გაუგებარია, მისთვის პრობლემას რატომ არ წარმოადგენს ევროკავშირი, რომელიც თავიდან ბოლომდე დასავლური ინტერესებისა და ღირებულებების  ორგანიზაციაა. საქართველოს ევროკავშირში გაერთიანების შემთხვევაში ევროსტანდარტების ფარგლებში სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფო იქნება, რაც ხელს არ უნდა აძლევდეს  რუსეთის. შესაძლოა, რუსეთის ფედერაციას თავისი გეოპოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, აწყობს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, რადგან შემდგომში საკუთარი თავის  ევროკავშირში ინტეგრაცია გააიოლოს, ასეთ შემთხვევაში ძნელი სათქმელია რა ფასი ექნება საქართველოსათვის ევროკავშირს, მით უმეტეს, თუ ეს იქნება წინაპირობა საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებისა. ცხადია, რომ ამ შემთხვევაშიც საქართველოს ეროვნული ინტერესები სერიოზულად შეილახება.

ევრაზიული კავშირი  მაშინ  შეიძლება ჩავთვალოთ საქართველოსთვის მისაღებად, თუ რუსეთი ისეთივე დემოკრატიული სახელმწიფო იქნება, როგორიც ევროპაა დღეს და ასეთ კავშირში საქართველო შეინარჩუნებს თავის თვითმყოფადობას და  დამოუკიდებლობას, რაც, ვფიქრობ, გრძელვადიან პერსპექტივაშიც-კი უტოპიურად ჟღერს.

რაც შეეხება იმას, თუ ევროკავშირში და NATO-ში ინტეგრაცია რამდენად შეესაბამება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, შეგვიძლია, მოკლე შეფასება გავაკეთოთ.

  1. დემოკრატიზაცია.
  2. ენერგოუსაფრთხოება.
  3. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

      NATO-ში ინტეგრაცია საქართველოს უსაფრთხოების გარანტიებს სერიოზულად გაზრდის და განამტკიცებს, ასევე ქვეყნის დამოუკიდებლობაზე დოვლათზე კულტურულ, საგანმანათლებლო დონეზე უაღრესად პოზიტიურად აისახება, რაც შეეხება საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გარანტიებს, ნატოში ინტეგრაცია ამ კუთხითაც პოზიტიურად შეგვიძლია მივიჩნიოთ,  ეს ყოველივე კი ჰარმონიაში მოდის ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან.

       საქართველოს დემოკრატიზაციის გზაზე NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანება სრულფასოვნად დაეხმარება საქართველოს დემოკრატიას, დაჩქარებული ტემპებით გაუთანაბრდეს აღმოსავლეთ ევროპის დემოკრატიებს.

     ორი ფაქტორი სრულ ჰარმონიაში მოდის საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან გარდა მე-3 ფაქტორისა, რომელიც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას განეკუთვნება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წინააღმდეგობრივი მომენტია NATO-ში გაწევრიანება, აღნიშნული ძალის მიმხრობის შემთხვევაში ტერიტორიული პრობლემის გადაწყვეტა ჩიხურ მდგომარეობაში იმყოფება, რადგან დღევანდელი ფონიდან გამომდინარე გაყოფილია ორ ძალას შორის (რუსეთი და აშშ).

      ამ ორი მიმართულებიდან ყველაზე გონივრული იქნება სწრაფვა დასავლურ სტრუქტურებში, ხოლო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის  საკითხი კარგად მომწიფების შედეგად გადაწყდება.  დღეს საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ყველაზე მისაღებ ფორმად უნდა მივიჩნიოთ საქართველოს დასავლურ სტრუქტურებთან ინტეგრირება, პარალელურად მუშაობა რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქტების შესვლის კუთხით. საქართველოს რუსეთის ბაზარზე დაბრუნება პოლიტიკური კურსის შეუცვლელადაც შეიძლება მოგვარდეს, სწორი დიპლომატიური და საერთაშორისო ბერკეტების გამოყენებით.  

      დასავლური კურსი, როგორც უკვე აღვნიშნე, ხანგრძლივ და შრომატევად სამუშაოს მოითხოვს, ეს თავის თავში გულისხმობს აფხაზებთან და ოსებთან ახლო ურთიერთობის დაწყებას. კონფლიქტის დარეგულირების ერთ-ერთი მთავარი პირობად უნდა მივიჩნიოთ ქართველებსა და აფხაზებს შორის და ქართველებსა და ცხინვალის ოსებს შორის თავისუფალი ეკონომიკური კავშირებისა და მიმოსვლის აღდგენა. ეს გამოიწვევს  ახალი ფსიქოსოციალური ბირთვის შექმნას, რაც მოიზიდავს და ჩართავს ოს და აფხაზ მოქალაქეებს. თუ კავშირი გაწყდება თაობებს შორის, მაშინ საბოლოოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება საქართველოს გაერთიანების საკითხი. ამიტომ მეტი დიალოგია საჭირო, ოს, აფხაზ და ქართველ ახალგაზრდებს შორის. თაობათა სულიერ, კულტურულ და საგანმანათლებლო დონეზე ჩართულობა მომავალში გამოიწვევს დიდ სულიერ აფეთქებებს რაც დაგვირგვინდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით.

 

გიორგი პოპიაშვილი -
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი

 

გამოყენებული მასალები:

  1. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია
  2. გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ტრანსფორმაცია ევროპაში. ავტორი: კახაბერ კაციტაძე.  (გამომცემლობა მერიდიანი, 2001წ)
  3. დემოკრატიზაცია. საზოგადოებები გარდამავალ პერიოდში: დემოკრატიზაცია თანამედროვე სამყაროში. ავტორი: გია ჟორჟოლიანი, თამარ ბერიკაშვილი, მარინა მუსხელიშვილი. (თბილისი 2001წ)
  4. თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები. ავტორი: გიორგი სანიკიძე, ნინო კიღურაძე.  (თბილისი 2001წ)
  5. ნაციონალიზმი და გლობალიზაცია. ავტორი ზურაბ დავითაშვილი გამომცემლობა: (თბილისი 2001)
  6. რელიგია და კულტურა სამხრეთ კავკასიაში ავტორი: ნინო ჩიქოვანი, თბილისი 2006.
  7. მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია. ავტორი: ვალერი მელიქიძე, თბილისი 2006წ.
  8. http://www.polity.ge/georgia/politika/2334-saqartvelos-politikuri-orientacia-carsuli-da-tanamedroveoba.html

 

 

George Popiashvili, Magister of Social and Political Sciences -

     In the article are discussed the questions of political orientation of Georgia, also there are shortly given the interests of the USA and Russia in the Caucasian region, particularly Georgian geopolitical location and question of territorial integrity; Intersection of interests of Russia and the west towards the Caucasian region, particularly Georgia.

August war in 2008, as the conflict between two civilizations.

In the article is discussed a question of orientation of the parties participating in the parliament elections in 2012, also questions of restoration of territorial integrity of Georgia, prospects and challenges. 

 

განხილვა ფორუმზე (
Fatal error: Call to undefined function curl_init() in /home/geurasia/polit/class/ipb_forum.class.php on line 183