ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
17.10.2012
გლობალიზაცია და ეროვნული იდეოლოგია საქართველოში

XXI  საუკუნის დასაწყისიდან ყველაზე მოდური ცნებაა გლობალიზაცია. იგი თანამედროვე საზოგადოებრივი ცხოვრების იმდენად  განმსაზღვრელ ნიშნად გადაიქცა, რომ დღევანდელობას გლობალურ სამყაროს უწოდებენ, მაშინ, როდესაც მისი პირველი გამოყენება 1983 წელს მოხდა ამერიკელი მეცნიერის ტ. ლევიტის მიერ წმინდა ეკონომიკური შინაარსით, როგორც ცალკეულ პროდუქტთა ბაზრების შერწყმის ფენომენი, ხოლო 1990 წლიდან იგი ერთიანი მსოფლიო საზოგადოების ჩამოყალიბებას და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი საზღვრებისა და შეზღუდვების გაუქმებას გულისხმობს. ეს პროცესი ჰარვარდის ბიზნეს-სკოლის იაპონელი კონსულტანტის კ. ომეს წიგნიდან  „მსოფლიო საზღვრების გარეშე“ და კრებულიდან „გლობალიზაცია: შემეცნება და საზოგადოება“ იღებს სათავეს, რომლის შესავალში მ. ელბროუმ გააერთიანა ყველა ის პროცესი, რომლის წყალობით მსოფლიო ხალხები ერთიან მსოფლიო საზოგადოებაში ერთვებიან, თუმცა მსოფლიო ერთიანი კულტურის, ეკონომიკის, ენისა და ერთიანი მსოფლიო საზოგადოების იდეა ყოველ ისტორიულ პერიოდში შეიძლება მოიძებნოს, (მაგ., მსოფლიო რელიგიები, კომუნიზმი, მონდიალიზაცია, ფაშიზმი და ა.შ.), ამიტომ გლობალიზაცია სწორედ დღევანდელი ფენომენია, ის თანამედროვე სიტუაციას ასახავს და მისი გამოყენება სხვა ისტორიული ეპოქების მიმართ გამართლებული ვერ იქნება. თანამედროვე ეპოქა ერებისა და სახელმწიფოების კვდომის ეპოქაა, ეროვნული საზღვრები იშლება, მსოფლიო მიდის პოლიტიკური,  ეკონომიკური, კულტურული და ენობრივი ერთიანობისაკენ და, ბუნებრივია, ასეთი რთული და წინააღმდეგობრივი ფენომენი არაერთმნიშვნელოვნად აღიქმება საზოგადოების მიერ და იწვევს სამართლიან დებატებს.

      დღევანდელ პოლიტიკურ ლიტერატურაში სხვადასხვა მკვლევარები გლობალიზაციას თავისებურად განმარტავენ: მარტინ ელბროუ -- გლობალიზაცია მოიცავს ყველა იმ პროცესს, რომელიც ხალხებს ერთ მსოფლიო, გლობალურ საზოგადოებად გადააქცევს... ინგლისელი სოციოლოგი ენტონი გიდენსი -- მსოფლიო სოციალური ურთიერთობების ისეთი ინტენსიფიკაცია, რომელიც დაშორებულ ადგილებს ისეთნაირად აკავშირებს, როცა ადგილობრივი მოვლენები ყალიბდება ათასობით მილის იქით მომხდარი მოვლენებით და პირიქით... გერმანელი მეცნიერი ემანუელ რიხტერი -- ეს არის გლობალური ქსელი, რომელმაც ადრე იზოლირებული და გაფანტული საზოგადოებები ერთი სამყაროს ურთიერთდამოკიდებულ ერთობად „შეადუღა“ ... ამერიკელი პოლიტოლოგი რობერტ კოქსი -- გლობალიზაცია ნიშნავს პროდუქციის ინტერნაციონალიზაციას, შრომის ახალ საერთაშორისო დანაწილებას, ახალ მიგრაციულ მოძრაობას სამხრეთიდან ჩრდილოეთით, ახალ დაპირისპირებულ გარემოს, რომელიც აჩქარებს ყველა ამ პროცესს და ბოლოს, სახელმწიფოს ინტერნაციონალიზაციას, რაც მათ სამყაროს უბრალო აგენტებად აქცევს.[1]

      ჩვენ ახლა მკვლევართა ამ ვიწრო წრით შემოვიფარგლებით, რადგან მივიჩნევთ, რომ ეს არის პროცესი, სადაც სოციალური კავშირები ტერიტორიულობისაგან, გეოგრაფიისგან განცალკევებულია ისე, რომ კაცობრიობის ცხოვრება მიმდინარეობს ერთიან, მთლიან და განუყოფელ სამყაროში, როცა ეროვნული სახელმწიფოები და მათი სუვერენიტეტი იფარება ტრანსნაციონალური აქტორებით და მათ ემორჩილება. [2]  მიუხედავად იმისა, რომ გლობალისტების აზრით, ვერც ერთი სახელმწიფო ვერ ჩაიკეტება თავის ნაჭუჭში და ვერ განცალკევდება სხვებისაგან, რადგან მსოფლიო საზოგადოება გულისხმობს სოციალური ურთიერთობების ერთობას, რომელიც არ განისაზღვრება ნაციონალური სახელმწიფოებრივი პოლიტიკით, მე მიმაჩნია, რომ ჩვენთვის ეროვნული სახელმწიფო, ეროვნული ეკონომიკა და კულტურა თუ ცნობიერება ითვლება უმაღლეს ღირებულებად, ამიტომ უნდა ვეცადოთ შევარბილოთ დაპირისპირება და წინააღმდეგობა და ახალი შინაარსი შევძინოთ ჩვენი წინაპრების მუდმივ მცდელობას შეენარჩუნებინათ სახელმწიფოებრიობა, ანდა გავითქვიფოთ მსოფლიო ხალხთა ოკეანეში...

      ქვეყნის არსებობა ეროვნული იდეოლოგიისა და პრიორიტეტების გარეშე წარმოუდგენელია. სიტყვა  „იდეოლოგია“ პირველმა გამოიყენა ფრანგმა ფილოსოფოსმა დესტიუტ დე ტრესიმ (1754 -1853), როგორც მეცნიერება იდეათა შესახებ, თუმცა მე-19 საუკუნეში კარლ მარქსმა იდეოლოგია განიხილა „მმართველი კლასის“ იდეების ერთობლიობად, საიდანაც გამომდინარეობდა კლასობრივი დაყოფა და ექსპლუატაციის გარდაუვალობა. მე-20 საუკუნეში ლიბერალური ორიენტაციის მეცნიერებმა კარლ პოპერმა, ჰანა არენდტმა და ჯ. ლ. თალმონმა იდეოლოგია სოციალური კონტროლის საშუალებად წარმოგვიდგინეს, რომელსაც უნდა უზრუნველეყო საზოგადოებრივი თანხმობა და მორჩილება, ამიტომ ფაშიზმი და კომუნიზმი განიხილებოდა როგორც დახურული აზროვნების ორი ვარიანტი, რომელიც არ უშვებდა განსხვავებული აზრის არსებობას. ამ ფონზე ლიბერალიზმი, კონსერვატიზმი და დემოკრატიული სოციალიზმი აღიქმებოდა როგორც „ღია“ სისტემები, რომლებიც უშვებდნენ და მოითხოვდნენ თავისუფალ აზროვნებას, კრიტიკასა და ოპოზიციას, მაგრამ იდეოლოგიის ნაცვლად (მაიკლ ოუკშოტი) უპირატესობას ანიჭებდნენ პრაგმატიზმს, ტრადიციას და ისტორიას. მარქსი დაჟინებით ამტკიცებდა, რიმ მისი იდეები ატარებდნენ არა იდეოლოგიურ, არამედ მეცნიერულ ხასიათს, ლიბერალებიც უარყოფდნენ თავიანთი ფილოსოფიის მსოფლიო იდეოლოგიისადმი მიკუთვნებას, ხოლო კონსერვატორები დღესაც პოლიტიკაში ემხრობიან არა იდეოლოგიურ, არამედ პრაგმატულ პოზიციას, ამიტომ დღეისათვის ვერ მოინახა ნეიტრალური და ყოველმხრივ მისაღები იდეოლოგიის კლასიფიკაცია, სწორედ ამიტომ უნდა განვთავისუფლდეთ იმ წარმოდგენისაგან, რომ იდეოლოგია შეიძლება იყოს კარგი ან ცუდი, ტყუილი ან მართალი, განმათავისუფლებელი, ან დამმოჩილებელი. ჩვენი აზრით, იდეოლოგია უნდა აიხსნას როგორც იდეების მთლიანობა, რომელიც ამა თუ იმ მეთოდით მართავს და ამართლებს პოლიტიკურ ქმედებას.

      შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული იდეოლოგიის იგნორირების მცდელობამ, რომელიც ჩვენი ხელისუფლების მიერ მექანიკურად გადმოტანილ ნეოლიბერტარიანულ დოქტრინას ეფუძნება, მიგვიყვანა ანტიპოლიტიკამდე ანუ ოფიციალური პოლიტიკითა და პოლიტიკური მექანიზმებით გამოწვეულ იმედგაცრუებამდე, რომელიც უნდა იყოს გამოხატული სისტემის ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერით ან პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობაზე უარის თქმით, ბოიკოტირებით.

      ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, „ნაციონალური“ ხელისუფლების არაადეკვატური ქმედებების შედეგად,  საქართველო გახდა მსოფლიო საცდელ ლაბორატორიად, რომელიც მიზანმიმართულად ახორციელებდა ქართული ეროვნული მსოფლმხედველობის იგნორირებას, რაც იწვევს გათითოკაცებას, სადაც ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების მიერ გამოვლენილი ალტრუიზმი, რომელიც სხვათა  კეთილდღეობაზე ზრუნვას და საერთო სიკეთის გააზრებას გულისხმობს, მიჩნეულია კანონდარღვევად, იმ ფონზე, როდესაც მილიონობით ჩვენი თანამემამულე იმყოფება იძულებით ლუკმა-პურის საშოვნელად საზღვარგარეთ  გადახვეწილად, რომლებსაც აქეთ დარჩენილი ოჯახის წევრები ხელში შეჩერებიან, რადგან იმყოფებიან საარსებო მინიმალურ ზღვარს მიღმა. ამასთან, პერმანენტულად ირღვეოდა ადამიანის უფლებები, სასამართლო და პენიტენციალური სისტემა ვერ აღიქმებოდა ხელისუფლების დამოუკიდებელ შტოდ, ხოლო ჯიბეში ჩასმული, ფაქტიურად ერთპარტიული, საკანონმდებლო ორგანო - პარლამენტი, გადაქცეული იყო დემაგოგი პოლიტიკური ლიდერის, პრეზიდენტის დიქტატორული სულისკვეთების რეალიზების სამჭედლოდ. ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლება ყურმოჭრილი ყმის როლში იმყოფებოდა, რომელსაც საკუთარი კეთილდღეობის გარდა არაფერი აწუხებდა...

  „ნაციონალთა“ მორჩილი მასმედიის საშუალებით, მაქსიმალურად აღდგენილი და პრაქტიკულად რეალიზებულ იქნა ყოფილი საბჭოთა იდეოლოგიური მანქანის მიზანი: „ყველაფერი კარგადაა, წინ მივდივართ, იყუჩეთ ხალხო!“  „...თქვენ არ გჭირდებათ ფიქრი, ამას ხელისუფლება უთქვენოდაც შესანიშნავად ახერხებს, თქვენი მისიაა გააქტიურდეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც დემოკრატიის სახელით, თქვენივე კეთილდღეობისათვის, ჩვენი არჩევნები მოვა და საჭირო გახდება კარტ-ბლანშის ხელახალი მიცემა, ესეც სხვათა დასანახად, ფასადური, მოჩვენებითი დემოკრატიის სადემონსტრაციოდ, რადგანაც ვიმყოფებით გლობალიზაციის დაუნდობელ პროცესში, რის შედეგადაც ნაციონალურ სახელმწიფოთა საზღვრები ეკონომიკაში, სოციალურ ურთიერთობებსა და ა.შ. სულ უფრო გამჭვირვალე ხდება და ეროვნული სახელმწიფო კვდება!“..

  ანუ, ამ ლოგიკით, უნდა ვისხდეთ და მშვიდად დაველოდოთ ისტორიული და კულტურული მეობის მქონე, საერთო წარმომავლობის ერი როგორაა მოქცეული დეტემინიზმის ტყვეობაში, რომელიც თავის თავში მოიცავს იმის რწმენას, რომ ყოველი ქმედება თუ არჩევანი გარე ფაქტორების ზემოქმედებითაა გამოწვეული და ამდენად, ადამიანის, ეთნოსის, ერის თავისუფალი ნება - ფიქციაა... ნურას უკაცრავად! ე.წ. ევროცენტრიზმი, კულტურის თვალსაზრისით მიკერძოებული მიდგომა, რომლის თანახმადაც ევროპული თუ დასავლური იდეები და ფასეულობები უკომენტაროდ ჭეშმარიტებად მიიჩნევა, ხოლო მისი საპირისპირო - ევროსკეპტიციზმი, ევროპასთან შემდგომი ინტეგრაციის წინააღმდეგობა, ძირითადად დამოუკიდებლობასა და ეროვნულ თვითმყოფადობაზე აქცენტირებით მყარი არგუმენტებისა და ეკონომიკური დაუსაბუთებლობის შემთხვევაში ემბარგოს სახეს მიიღებსო!.. მაშ, რა უნდა ვაკეთოთ, როგორ მოვიქცეთ, რომ არ გავქრეთ მსოფლიო რუკიდან და ჩვენი ქვეყნის სამი ათასწლოვანი სახელმწიფოებრიობა არ გაიწიროს და არ გადაიყოლიოს ე.წ. ვესტერნიზაციის ძლიერმა ტალღამ....

      უკანასკნელი ორი საუკუნის განმავლობაში ყველაზე უფრო მძლავრი, წარმატებული და გავრცელებული იდეოლოგია იყო ნაციონალიზმი. მილიონობით ადამიანმა შესწირა თავი ნაციონალურ იდეებს, ერს, სამშობლოს, ეროვნულ თავისუფლებას და აი, მე-20 საუკუნის ბოლო ათწლეულში თავი იჩინა ნაციონალიზმისათვის წმინდა და ხელშეუხებელი იდეების საწინააღმდეგო მოვლენამ, რომელსაც გლობალიზაცია ჰქვია და იგი ეროვნული სახელმწიფოსა და ეროვნული კულტურის წინააღმდეგაა მიმართული, ამიტომ ნაციონალიზმის გამოვლინება ნამდვილად არის რეაქცია გლობალიზაციაზე, რადგანაც მან შეასუსტა პირველი და იგი ფრაგმენტაციის, ლოკალიზმისა და პარტიკულაციის წყაროდ შეაფასა. გლობალიზაციის პროცესის გაღრმავების პარალელურად, ეთნიკური ნაციონალიზმი გაღვივდა,  რომელსაც ბრალად სასტიკი ეთნოკონფლიქტები ედება და რომელმაც საფრთხე შეუქმნა ერი-სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობას, დაასუსტა იგი, რამაც გამოიწვია სახელმწიფოს მიმართ მოსახლეობის ოპოზიციის გაძლიერება და  წარმოშვა ახალი ეთნიკური სოლიდარობის გრძნობა. ხალხმა დაკარგა ორიენტირი, ხოლო როდესაც ბრძოლა გამოვუცხადეთ ძველ ჩვევებსა და ტრადიციებს, მოქმედების სფეროდან თითქმის ამოგდებული იქნა ქრისტიანული მორალი, მოხდა ის, რასაც ტრადიციულად დიდ ბოროტებად ვთვლიდით; მის წიაღში გამოჩნდა წარმოუდგენელი ფენა, გაუსახურებული, ერთ არსებაში მოქცეული, ერთსა და იმავე დროს პატიოსანი და უპატიოსნოც, კეთილი და ბოროტიც, მიმტევებელი და შურისმაძიებელიც, საჭიროების შემთხვევაში იმ მხარეს რომ მოექცევა, რომელსაც ცხოვრება მოსთხოვს, ტრიალებს როგორც ფლიუგერი, ხან უპატიოსნოა, ხან პატიოსანი, ხან მაღალზნეობრივი, ხან უზნეო.

      წარმოიშვა ახალი ტიპის ზნე-ჩვეულებანი, ანუ, უფრო სწორად, უჩვეულო უზნეობანი. მისაბაძი გახდა უკანონოდ მოხვეჭილი სიმდიდრით ყოყოჩობა, საზოგადოების არაბუნებრივი კასტური დაყოფა, დაკნინებული სულის შეგნებული დაცვა, სხვისი ჭირის არად ჩაგდება, სულის უძრაობა. ჩვენ პრობლემათა ისეთი ურთიერთგადაკინძვა-გადახლართვის რთულ ხანაში შევედით, წარსული აწმყოს რომ ეხლება, ეკონომიკა -ეკოლოგიას, დემოგრაფია - სოციოლოგიას, ყველანი ერთად კი  - პოლიტიკას.   ]4] 

        ყოველივე ზემოთხსენებული ხელს უშლის დემოკრატიის წარმატებით ფუნქციონირებას, რომელშიც უპირველესად პარტიებისა და მათი ლიდერების ხელისუფლებისათვის კონკურენტული ბრძოლა იგულისხმება, რისთვისაც ამომრჩეველთა ხმებისათვის ბრძოლის მეთოდები და საშუალებები გამოიყენება.  
საარჩევნო კოდექსში, საკუთარი  წინასწარგანზრახული მიზნების მისაღწევი ცვლილებების შედეგად, მივიღეთ დემოკრატიის დაკნინებული ფორმა, რომელიც გამორიცხავს  დემოკრატიული ცენტრალიზმის ძირითად პრინციპს, უმრავლესობის მიერ უმცირესობის დამორჩილებას. თანამედროვე ქართული დემოკრატიის სახით მივიღეთ დასავლეთის მიერ ინიცირებული და დაფინანსებული დემოკრატიის დამახინჯებული ფორმა, რომელიც არ ექვემდებარება არავითარ კრიტიკას და, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, მიუღებელია ჩვენი ქვეყნისათვის.

 
ლევან ოსიძე -
 პოლიტიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, პროფესორი

 

                                             გამოყენებული ლიტერატურა:

 

  1. Bayls and Smith, 2001, p. 2-12.
  2. Bek, 2001, p. 27-31.
  3. ლ. ოსიძე, პლურალიზმი და თანამედროვე საარჩევნი სისტემა, იხ. პოლიტოლოგიის ინსტიტუტის შრომები „წელიწდეული“, გვ. 157-166, თბ., 2005.   
  4. კ. ომე, მსოფლიო საზღვრების გარეშე, 1990.
  5. პოლიტოლოგია (პოლიტიკური თეორია და პრაქტიკა) ენდრიუ ჰეივუდის მიხედვით, თბ.,2010.
  6. კურტუროლოგია, გამომცემლობა „უნივერსალი“ 2010.

 

Levan Osidze

Academic Doctor of Political Sciences

Associate Professor

Department of Public Sciences

Faculty of Business-Engineering

Georgian Technical University

Globalization and the National Ideology in Georgia

Summary

The direction emerged by the end of the 20th century, globalization has reached such a broad influence that the world became like a “small village”. It created problems for small nations as it was the apparent danger to their existence. Georgia is among such countries. We consider the nation state, national economy, culture or consciousness as high values. Thus, we should try to soften antagonism and oppositional moods, and enrich with the new essence the permanent attempt of our predecessors to keep the ancient historical face, or do we have to disperse in the ocean of the nations’ of the world, lose our statehood of three millenniums duration, and serve as slaves to the neo-libertarian doctrine? In our opinion, it is totally unacceptable for us.                             

 

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"