ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
13.10.2012
საქართველოს ახალი საგარეო პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილის საგარეო-პოლიტიკური პროგრამის ერთ-ერთ უმთავრეს გაცხადებულ მიმართულებას წარმოადგენს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დარეგულირება, დასავლური ორიენტაციის, მათ შორის, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრირების კურსის, შენარჩუნებით. სააკაშვილის რეჟიმის ალბათ ყველაზე უფრო მძიმე დანატოვარს სწორედ რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა წარმოადგენს, რაც 2008 წლის ომსა და მის შემდეგ რუსეთის მხრიდან ქართული ტერიტორიების „დამოუკიდებლად“ აღიარებას მოჰყვა. რაც არ უნდა კეთილი ურთიერთობა გაუჩნდეს ახალ ქართულ ხელისუფლებას რუსეთის ხელისუფლებასთან, რაც არ უნდა ვიმეგობროთ ქართველებმა და რუსებმა ადამიანურ დონეზე, სააკაშვილის რეჟიმმა შექმნა პრობლემა, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებს მომავალშიც ძალზე დაამძიმებს.

   თუმცა რუსეთის ფაქტორი საქართველოსთან მიმართებაში მხოლოდ ტერიტორიული საკითხით არ ამოიწურება. ბ.ივანიშვილმა კარგად გააცნობიერა და გამოხატა კიდეც, რომ საქართველოს ეკონომიკური აღორძინებისთვის რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციისა და ქართველი მუშახელის დაბრუნებას უზარმაზარი მნიშვნელობა ენიჭება. საქართველოს რუსეთის გარეშე რომ შეეძლოს ეკონომიკური განვითარება, მაშინ ჯერ ეკონომიკის განვითარებაზე შეიძლებოდა აქცენტის გაკეთება და რუსეთისკენ შემობრუნება შემდეგი, უფრო ხელსაყრელი მომენტისთვის გადაიდებოდა, მაგრამ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობების სწრაფი აღდგენა ქართული ეკონომიკისთვის აუცილებელია. სავაჭრო ურთიერთობების განახლება ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს საშუალო ფენას - ნამდვილ ბიზნესმენებს, და არა მონოპოლისტებს, რომელთა რიგებიც დადგა ივანიშვილის კარზე, არჩევნებში მისი შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ. მაგრამ ისმის კითხვა, თავად რუსეთს კი სურს საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა მაშინ, როდესაც ახალი ხელისუფლებაც, ძველზე არანაკლები ენერგიულობით, ნატოში ინტეგრაციის კურსის დეკლარირებას ახდენს?

   ივანიშვილის ბლოკის გამარჯვებას რუსეთში თავშეკავებული, მაგრამ მაინც ძირითადად დადებითი შეფასებები მოჰყვა. პრემიერ-მინისტრ მედვედევის, ასევე სახელმწიფო სათათბიროს გავლენიანი წარმომადგენლების დონეზე გამოითქვა ფრთხილი ოპტიმიზმი, რუსულ-ქართული ურთიერთობების მომავალთან დაკავშირებით. ეს სიგნალია რუსეთის ხელისუფლების მხრიდან. რუსეთი არ იქნება წინააღმდეგი, აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან, რაც აუცილებლად გამოიწვევს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენასაც. თუმცა სხვა საკითხია, რამდენად სწრაფად შეიძლება, ეს მოხდეს. ამ საკითხში ქართულ მხარეს მართებს დიპლომატიური ნიჭის გამოვლენა.

   პირველ ყოვლისა, უნდა შესრულდეს ბიძინა ივანიშვილის დაპირება, რომ ქართული მხარე დიპლომატიური ეთიკის ნორმებს დაუბრუნდება და შეწყვეტს სააკაშვილის რეჟიმის მიერ დამკვიდრებულ უპასუხისმგებლო, უწმაწურ რიტორიკას რუსეთისა და მისი ხელისუფლების მიმართ. ამის გაკეთება ძალიან ადვილია. ამავე დროს, გასათვალისწინებელია ზოგიერთი პოლიტიკური ტერმინის, პირველ რიგში, სიტყვა „ოკუპაციის“ ექსპლუატირების ფარგლები. ქართულ მხარეს მოუწევს ამ ტერმინის გამოყენების მნიშვნელოვანი შეზღუდვა. საქმე შემდეგშია: ტერმინი „ოკუპაცია“, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა დაამკვიდრა, მაგრამ რომელსაც ბევრი ოპოზიციონერიც იზიარებს, ინგლისურ ენაში შედარებით ნეიტრალურად ჟღერს, ნებისმიერ შემთხვევაში, არა ისე შეურაცხმყოფელად, როგორც რუსულში. რუსს  რომ უთხრა, რომ იგი ოკუპანტია, იგივეა, უთხრა, რომ ფაშისტია. ხოლო ვინმესთვის ფაშისტის წოდება, რუსეთში, როგორც ცნობილია, დედის გინებაზე უარესი შეურაცხყოფაა. ბუნებრივია, რომ ასეთ პირობებში არანაირი დიალოგი რუსეთთან არ გამოვა. მეორეს მხრივ, ისიც ფაქტია, რომ რუსეთის ჯარები განლაგებულნი არიან საერთაშორისო სამართლის მიერ საქართველოს ნაწილად აღიარებულ ტერიტორიებზე, საქართველოს ნებართვის გარეშე. მაშ რა გამოსავალი არსებობს, როგორ შეიძლება არსებული რეალობის ასახვა ქართული მხარის მიერ ისე, რომ რუსებთან ურთიერთობებში არ იქნას გამოყენებული ტერმინი „ოკუპაცია“? მე, როგორც პოლიტოლოგი - საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და საგარეო პოლიტიკის სფეროში 8-წლიანი სტაჟის მქონე ყოფილი სახელმწიფო მოხელე, ვთავაზობ საზოგადოებას, რომ აქცენტი გაკეთდეს არა „ოკუპაციაზე“, არამედ რუსეთთან დიალოგში ყურადღების ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ ჩვენთვის რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების მიუღებლობაზე. ჩვენ ხაზი უნდა გავუსვათ რუსეთის მხრიდან ჩვენი ტერიტორიების აღიარების მცდარობასა და მიუღებლობას, ხოლო რუსების ბრალდება ტერიტორიების ოკუპაციაში საჭირო არ არის.

   რაც შეეხება ნატოს საკითხის მუსირებას, ამან შეიძლება, ადრეულ ეტაპზევე შეუშალოს ხელი რუსეთთან დიალოგის წარმატებულ განვითარებას. არსებობს გეოპოლიტიკური რეალობა: რუსეთი თავის უსაფრთხოების კონცეფციაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სამხრეთის - კავკასიის ფლანგს. რუსეთის ინტერესებისთვის კატეგორიულად მიუღებელია (ხაზს ვუსვამ სიტყვას - კატეგორიულად!) სამხრეთ კავკასიის რომელიმე სახელმწიფოს, მათ შორის, საქართველოს, გაწევრიანება ნატოში. ეს არის რეალობა, რომელსაც დიდი მტკიცება არ სჭირდება და ჩემს მიერ არ არის გამოგონილი. ამ ფონზე რომ „ავუხსნათ“ რუსეთს, თითქოს საქართველოს ლტოლვა ნატოში მისთვის „საფრთხეს არ წარმოადგენს“, რბილად რომ ვთქვა, მიამიტობაა. ბალტიისპირა ქვეყნების გამოცდილება ამ შემთხვევაში საერთოდ არ უნდა განიხილებოდეს, და აი რატომ:

ა)კავკასია რუსეთის „რბილი მუცელია“, განსხვავებით ბალტიისპირეთისგან, სადაც რუსეთს სუსტი წერტილები არ გააჩნია და ბალტიისპირა ქვეყნების ნატოში წევრობა მას იმდენად დიდ პრობლემებს ვერ შეუქმნის, ამიტომ საქართველოს ნატოში წევრობაზე რუსეთს სხვაგვარი რეაქცია ექნება, ვიდრე ბალტიისპირეთის შემთხვევაში ჰქონდა;

ბ)ბალტიისპირა ქვეყნებს, განსაკუთრებით ესტონეთს, ასევე ლატვიას, სულაც არ აქვთ კარგი ურთიერთობები რუსეთთან. ეს ურთიერთობები დაძაბულია და ხშირ შემთხვევაში სკანდალურიც. ბალტიისპირა რესპუბლიკები იმთავითვე ცდილობდნენ საქართველოს გამოყენებას თავიანთ ანტირუსულ კურსში, მუდმივად აქეზებდნენ რა ჩვენს საზოგადოებასა და ხელისუფლებას რუსეთის საწინააღმდეგოდ. ამიტომაც ჰქონდა ადგილი ასე ძლიერ მხარდაჭერას ესტონეთისა და ლატვიის ხელისუფლებისგან, ასევე ლიტვის გავლენიანი პოლიტიკოსებისაგან, სააკაშვილის მიმართ - მათ არ სურდათ, რუსეთის მლანძღავი ხელისუფლება ჩამოშორებოდა ქართულ პოლიტიკურ სცენას;

გ)სერიოზული სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში, ბალტიისპირა ქვეყნებს რუსეთისგან ნატო ვერ დაიცავს, რუსეთი ძალზე იოლად „ჩარეცხავს“ ამ ქვეყნებს ბალტიის ზღვაში. რუსეთის მოტივაცია ამგვარ კონფლიქტში, გაცილებით დიდი იქნება, ვიდრე დასავლეთისა, რომელიც თავის განაპირა რეგიონისთვის თავს არ გაწირავს და ატომურ ომს არ გამოუცხადებს რუსეთს, სხვაგვარად კი რუსეთის არმიის შეჩერება შეუძლებელი იქნება. ეს მით უფრო ეხება საქართველოს. ნატოში წევრობა სულაც არ ნიშნავს ჩვენი უსაფრთხოების გარანტიას;

დ)რაც მთავარია, ბალტიისპირა ქვეყნებს არ აქვთ დაკარგული ტერიტორიები და რუსეთთან კონფრონტაციის რეჟიმში ცხოვრება მათთვის ამ მხრივ მაინც არ არის სასიკვდილო. ჩვენს შემთხვევაში კი, აფხაზები და ოსები გადაჭრით უარს აცხადებენ, განიხილონ რუსეთისგან დისტანცირებისა და ნატოში ინტეგრაციის ვარიანტი. გამოდის, რომ ნატოში საქართველოს წევრობა აფხაზეთიან-სამაჩაბლოიანად ამ ეტაპზე მაინც, შეუძლებელია.

   გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ ივანიშვილის ელექტორატი - ხალხი, რომელმაც „ქართული ოცნება“ აირჩია, სკეპტიკურად უყურებს საქართველოში ნატოს სამხედრო ბაზების განთავსებასა და ქართველი ჯარისკაცების გაგზავნას მსოფლიოს სხვადასხვა „ცხელ წერტილში“(ამ თემაზე გამოკითხვა საქართველოს მასშტაბით ევრაზიის ინსტიტუტმა ჩაატარა, რომლის შედეგების პრეზენტაცია 25 სექტემბერს შედგა) - ეს კი ნატოში წევრობის შემთხვევაში საქართველოსთვის პერმანენტული მდგომარეობა იქნება. შესაბამისად, „ნატოში გვინდა“-ს ტიპის რიტორიკას არ უნდა შეეწიროს ამ ხალხის მოლოდინი, მით უფრო, რომ საქართველოს ეკონომიკური აღორძინების გზა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რუსეთზე გადის და არა ნატოზე.

  მაგრამ ამასთან, ჩვენ სულაც არ ვქადაგებთ იმ აზრს, რომ ანტირუსული რიტორიკა ახლა ანტინატოურმა რიტორიკამ ჩაანაცვლოს. არსებობს ერთგვარი დიპლომატიური ფორმულა, რომელიც საშუალებას იძლევა, რუსეთის გაღიზიანებაც არ გამოვიწვიოთ და თან დასავლეთსაც (ნატოს) არ დავუპირისპირდეთ. ეს ისევ და ისევ არსებული რეალობიდან გამომდინარეობს. კერძოდ, როგორც ცნობილია, ნატოს ჩინოვნიკები არ ასახელებენ საქართველოს გაწევრიანების ვადებს, საქართველოს მიღება ნატოში არ არის ახლო პერსპექტივა. რუსეთს აღიზიანებს საქართველოს მხრივ ნატოში ინტეგრირების სურვილის დეკლარირება და ამ მიმართულებით ზედმეტი აქტიურობა. საკმარისია, ეს დეკლარირება და აქტიურობა შეწყდეს, რომ გაჩნდება გარკვეული ნდობის ატმოსფერო რუსულ-ქართულ ურთიერთობებში. ამ აქტიურობის (და რაც მთავარია, ფუჭი აქტიურობის) ნაბიჯ-ნაბიჯ შეზღუდვა, როდესაც ივანიშვილი მოვა ხელისუფლებაში და თანდათან გაძლიერდება, გარდაუვალია, თუკი მართლა გვსურს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება. ვიმეორებ, რომ ეს არ ნიშნავს ნატოსთან დაპირისპირების რეჟიმში გადასვლას და ზოგად პარტნიორობაზე უარის თქმას. იდეალური ფორმულა, რომელიც უნდა გააჟღეროს ხელისუფლებამ, ჩვენი აზრით, ასეთია: „საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ნატოს საქართველო ჯერ არ მიუწვევია საკუთარ რიგებში. თუკი ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს ოფიციალურად შესთავაზებს წევრობას, ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ“. დაე, ნატომ გადაწყვიტოს, როდის მოგვიწვევს, ჩვენს ლაპარაკს და სურვილების დემონსტრირებას მაინც არ აქვს აზრი. საქართველო ნატოსთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ნატო საქართველოსთვის, ამიტომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიყოთ მთხოვნელის როლში ნატოს წინაშე. ეს საქართველოს ქმედითუნარიანობასა და სუვერენიტეტსაც ზღუდავს. საჭიროა აქტიური, დამოუკიდებელი, ქართულ ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკა. გვახსოვდეს, რომ საქართველოს გარდა არც ერთი ყოფილი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა არ გამოხატავს ნატოში შესვლის სურვილს. ნუ შევეცდებით დინების საწინააღმდეგოდ გაცურვას, თორემ ჩავიძირებით.

  დაბოლოს, დავძენ, რომ ასევე აუცილებელია, გავააქტიუროთ საექსპერტო დიალოგი როგორც ქართველ ექსპერტებს, ისე ქართველ და რუს ექსპერტებს შორის. ყველა კოლეგას მოვუწოდებ, ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში.

 

გულბაათ რცხილაძე

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"