ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
აქტუალური თემა
04.10.2012
„ეს ურთიერთობებს მოწამლავს“

ამ სათაურით ცნობილმა რუსულმა ინტერნეტ-გაზეთმა „ვზგლიადმა“ გამოაქვეყნა ინტერვიუ ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელ გულბაათ რცხილაძესთან, რომლის განხილვის თემა არჩევნებში გამარჯვებული ბიძინა ივანიშვილის საგარეო-პოლიტიკური ორიენტირები იყო.

ВЗГЛЯД: „ქართველი მეწარმე ჯერ არ არის მზად, აშშ-სა და ევროკავშირის ბაზრებზე პროდუქციის ექსპორტირებისათვის. პირველ რიგში მნიშვნელოვანი იქნება რუსულ ბაზარზე დაბრუნება, რადგან ქართველი მეწარმე მას ბევრად უკეთესად იცნობს“ - განაცხადა პოლიტიკოსმა ოთხშაბათს, ტელეარხ „ევრონიუსთან“ საუბარში.

ივანიშვილმა ასევე უარჰყო ხმები საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნინო ბურჯანაძის დანიშვნის შესახებ. „ეს ტყუილია და ჯერ-ჯერობით არ მაქვს გადაწყვეტილება მიღებული, მთავრობის წევრების დანიშვნასთან დაკავშირებით“ - ივანიშვილის ციტირებას ახდენს სააგენტო „ინტერფაქსი“.

ასევე ცნობილი გახდა, თუ რომელ ქვეყანას მიიჩნევს „ქართული ოცნების“ ლიდერი თავის მთავარ მოკავშირედ. მან განაცხადა, რომ თავის პირველ საზღვარგარეთულ ვიზიტს პრემიერ-მინისტრის რანგში ვაშინგტონში განახორციელებს.

„ჩემი პირველი ვიზიტი იქნება შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ მე უკვე მიწვეული ვარ, მე ვითხოვე ამ ვიზიტის გადადება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ამაზე თანხმობა მივიღე და შეერთებულ შტატებში გავემგზავრები იქ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისთანავე“ - იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“. ამასთან, ივანიშვილმა დააზუსტა, რომ სხვა სახელმწიფოების მონახულებას ამჟამად არ აპირებს.

ის, თუ როგორ შეიძლება იყოს საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის საგარეო-პოლიტიკური ორიენტირები, გაზეთ „ვზგლიადთან“ ინტერვიუში განმარტა პოლიტიკის მეცნიერებათა კანდიდატმა, თბილისის ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, გულბაათ რცხილაძემ.

ВЗГЛЯД: ბატონო გულბაათ, ბიძინა ივანიშვილი ძალზე მკვეთრად გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციებს იმის შესახებ, რომ  საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა თითქოს ნინო ბურჯანაძეს უნდა დაეკავებინა. თქვენი აზრით, რატომ გამოიწვია ამ ხმებმა ივანიშვილის ასეთი გაღიზიანება? მას ხომ შეეძლო, რომ უფრო დაბალანსებული პასუხი გაეცა. როგორც ცნობილია, ბურჯანაძემ, რომელიც ბოლო წლებში რამდენჯერმე შეხვდა პუტინს, აშკარად პრორუსული რეპუტაცია დაიმსახურა. ნიშნავს ეს, რომ ივანიშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე უფრო ნეიტრალურ პოლიტიკოსი სურს?

გ.რ.:  ამჟამად ივანიშვილს, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, არ სჭირდება რუსეთთან დაახლოების თემაზე ზედმეტი შეკითხვებით დატვირთვა. თუმცა მან მტკიცედ განაცხადა, რომ ინტენსიურად დაკავდება რუსულ-ქართული ურთიერთობების დარეგულირებით. მაგრამ ახლა იგი ჯერ კიდევ არ გამოსულა წინასაარჩევნო მდგომარეობიდან, როდესაც მას მმართველი პარტია მუდმივად ბრალს სდებდა იმაში, რომ იგი თითქოს „რუსულ პროექტს“ წარმოადგენს - შესაბამისი შედეგებით.

ივანიშვილი თავს იცავს ამ ბრალდებებისგან და შესაძლოა, უფრო მკვეთრ განცხადებებსაც აკეთებს, ვიდრე ჩვენ ამას მივეჩვიეთ. მაგრამ ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ შემდგომ ეტაპზე იგი არ დაკავდება რუსულ-ქართული ურთიერთობების დარეგულირებით. მან იცის, რომ მისი ელექტორატი - ხალხი, რომელმაც იგი აირჩია, პირველ რიგში ამ ურთიერთობების დარეგულირებას ითხოვს...

რაც შეეხება ნინო ბურჯანაძეს, იგი ძალზე ღირსეულად მოიქცა. მან დროულად მოხსნა თავისი კანდიდატურა და მისმა პარტიამ ასევე უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე, ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ. და, რაც მთავარია, ნინო ბურჯანაძემ ხალხს მოუწოდა არჩევნებზე მისვლისა და სწორი არჩევნის გაკეთებისკენ. ეს ძალზე ღირსეული და ჭკვიანური საქციელია მისი მხრიდან, რომელიც უნდა დაფასდეს.

ВЗГЛЯД: საერთოდ როგორ არის შესაძლებელი მოსკოვისა და თბილისის დაახლოება მაშინ, როდესაც არც ერთი მათგანი აშკარად არ არის მზად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსის საკითხში დათმობებისთვის?

გ.რ.:  სამწუხაროდ, სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა, თავისი ოკეანისგაღმელი მფარველებისა და გარკვეული წრეების დავალებით, მოახერხა ის, რისიც მე ყველაზე მეტად მეშინოდა: დაიღვარა სისხლი ქართულ და რუსულ არმიებს შორის.

რუსეთი იძულებული გახდა, მას უბიძგეს იმისკენ, რომ მას ეცნო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებული „დამოუკიდებლობა“ . ეს დამოუკიდებლობა აბსოლუტურად ეფემერულია და მას ფასი არ გააჩნია. მაგრამ რუსეთი იძულებული იყო, ეს გაეკეთებინა, რათა შეენარჩუნებინა თავისი ყოფნა კავკასიონის ქედის სამხრეთით, სხვაგვარად ეს უკვე არ გამოდიოდა.

სააკაშვილის მთავარი „მიღწევა“ - მან შეძლო რუსულ-ქართული ურთიერთობების ფუნდამენტურად გაფუჭება. ახლა, რუსეთმა და საქართველომ როგორც არ უნდა იმეგობრონ, ეს პრობლემა დარჩება და ურთიერთობებს მოწამლავს. რუსეთის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გავა დრო, საქართველოში შეიცვლებიან თაობები და ისინი შეეგუებიან და აღიარებენ არსებულ სიტუაციას. არა, ეს არ მოხდება.

ამასთან, აუცილებელია სხვა საკითხებით დაწყება: პირველ რიგში, ეკონომიკური ურთიერთობების დალაგება, ჩვენს შორის ინტენსიური კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების აღდგენა, ჩვენს მორწმუნეებს შორის კონტაქტების გამოცოცხლება - ჩვენ ხომ ერთმორწმუნეები ვართ. საჭიროა დაუღალავი ყოველდღიური შრომა და ისეთი პრობლემური თემების, როგორც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თემაა, თავიდან აცილება.

ВЗГЛЯД: ეკონომიკაში პირველ ყოვლისა, რომელი მიმართულებით არის შესაძლებელი  თანამშრომლობის აღდგენა?

გ.რ.:   პირველ რიგში ესაა სოფლის მეურნეობის პროდუქტები, ღვინო. მაგრამ არსებობს სხვა ინტერესებიც. ამასვე აუცილებლად მიეკუთვნება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, რათა ბიზნესმენებს გაუადვილდეთ ურთიერთობების დამყარება.

ВЗГЛЯД: მოისურვებს-კი რუსეთის ხელისუფლება, დაეხმაროს საქართველოში ტურიზმის განვითარებას, რომელიც აშკარად გაუწევს კონკურენციას სოჭს?

გ.რ.:  საქართველოში ტურიზმის განვითარება სოჭს ხელს არ შეუშლის. ჩვენ, საქართველოს შიგნით, საკმარისზე მეტი გვყავს საქართველოში დასვენების მსურველი, ადგილების ნაკლებობაა, ყველაფერი ძვირია, სერვისი არ ვარგა.

რომ გავაუმჯობესოთ ეს ინფრასტრუქტურა, საქართველოს სულაც არ სჭირდება მრავალი უცხოელი ტურისტი. მთავარია, რომ საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდეთ ფული, რათა შეძლონ ამ ფულის ინტენსიური ხარჯვა, მათ შორის, საქართველოს ფარგლებში დასვენების მიზნით. ასე რომ, სოჭს შეუძლია განვითარდეს დინამიურად, და საქართველოსაც შეუძლია, განავითაროს თავისი ტურიზმი მშვიდად და დინამიურად.

რუსი ტურისტების შემოსვლა საქართველოში არა ეკონომიკურად, არამედ ჰუმანიტარული და კულტურული თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი. მთავარია, აღდგეს ადამიანური ურთიერთობები, რათა ჩვენი ადამიანები არ გადაეჩვიონ ერთმანეთს, რათა არ მოხდეს გაუცხოება, რომელიც უკვე შეინიშნება, განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობაში. მათთვის უკვე გაუგებარია ის ემოციური მომენტები, რომლებიც გვაქვს ჩვენ, ზრდასრულ თაობებს - თუნდაც იგივე საბჭოთა ფილმები ავიღოთ... აღარაფერს ვამბობ კლასიკურ ლიტერატურაზე და ასე შემდეგ. ყოველივე ეს თანდათან უცხო ხდება ქართველი ახალგაზრდობისთვის და მით უმეტეს, რუსი ახალგაზრდობისთვის.

საქართველო და რუსეთი არ უნდა იყვნენ ასეთი უცხოები ჩვენი მომავალი თაობებისთვის. ტურიზმს ამ თვალსაზრისით გარკვეული ჰუმანიტარული როლის შესრულება შეუძლია, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ურთიერთობა და უკეთ გაიცნონ ერთმანეთი.

ВЗГЛЯД: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყრილობის მონაწილეებმა ოთხშაბათს გადაწყვიტეს, გადაედოთ კომიტეტის ხელმძღვანელის არჩევნები. „ჩვენ გვსურს, ავირჩიოთ ოლიმპიური კომიტეტის ისეთი ხელმძღვანელი, რომელიც პოლიტიკისგან თავისუფალი იქნება“ - განაცხადა ძიუდოში საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა შოთა ხაბარელმა. ასევე ოთხშაბათს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩმა ვალერი კუზმინმა იმედი გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მხრიდან შეიცვლება რიტორიკა 2014 წლის სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით. „საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს იმაზე, რომ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზება მაქსიმალურად მალე მოხდეს“. თქვენი აზრით, გაიზარდა იმის შესაძლებლობა, რომ საქართველო აწი აღარ შეეცდება სოჭის ოლიმპიადის ჩაშლას?

გ.რ.:  რა თქმა უნდა, გაიზარდა. მე სავსებით დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ შეუშლის ხელს სოჭში ოლიმპიადის გამართვას. ეს საკითხი ცალკე უნდა იქნას განხილული და არ დაუკავშირდეს ჩვენს პრობლემებს სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მიმართებაში.

ოლიმპიადა სპორტული ღონისძიებაა. რა თქმა უნდა, აქ დიდი პოლიტიკაცაა, მაგრამ არ შეიძლება ამ მომენტის გამოყენება სხვა მიზნებისათვის. მე ვიმედოვნებ, რომ ქართველი სპორტსმენები ამ ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებენ. რუს და ქართველ სპორტსმენებს ისედაც აქვთ ერთმანეთთან შეხების წერტილები. ჩვენთან რუსეთიდან რაგბისტები ჩამოვიდნენ, გაიმართა მატჩები, ძალზე მშვიდობიანად, წყნარად, მეგობრულ გარემოში. რატომ უნდა იყოს ოლიმპიადა გამონაკლისი? დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება სავსებით სწორ და პრაგმატულ პოზიციას დაიკავებს ამ საკითხში.

ВЗГЛЯД: რამდენად სწრაფად შეიძლება, რომ აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობები მოსკოვსა და თბილისს შორის?

გ.რ.:  მოუთმენლად ველი, რომ დიპლომატიური ურთიერთობები აღდგება, მოსკოვსა და თბილისში საელჩოები სრული დატვირთვით ამუშავდება, ქართული და რუსული დროშების ქვეშ.

ველი, რომ როდესაც ჩამოყალიბდება მთავრობა, გაირკვევა სიტუაცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით და ეს დანაშაულებრივი ორგანიზაცია შეწყვეტს არსებობას. იქნება ეს დე ფაქტო თუ ქაღალდზე გაფორმდება, არ აქვს მნიშვნელობა. ივანიშვილი ჯერ ამ ამხანაგებს გაისტუმრებს და შემდეგი ეტაპი აუცილებლად იქნება ურთიერთობების დალაგება. ვფიქრობ, რომ ეს თანდათანობით მოხდება და ჩვენ უკვე ურთიერთობები გვქენება სახელმწიფოებრივ-დიპლომატიურ დონეზეც.

ტექსტი: კარინა არაქელიანი

 http://www.vz.ru/politics/2012/10/4/601006.html

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"