ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
30.09.2012
არჩევნები და რეალური სიტუაცია საქართველოში

როგორც იქნა, დასასრულს მიუახლოვდა წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც ძალზე ნერვიული აღმოჩნდა მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის. თუმცა, როგორც ჩანს, ზედმეტმა აჟიოტაჟმა ამომრჩეველთა გარკვეული რაოდენობის გადაღლა და გაპასიურება გამოიწვია, რადგან ხალხი დაიღალა ყოველდღიური კომპრომატების ომით, ფარული ჩანაწერებით და გაურკვევლობით.

 

ერთი შეხედვით, ივანიშვილის კოალიციამ მოახერხა ელექტორატის მნიშვნელოვანი ნაწილის მობილიზაცია. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ 29 სექტემბრის მიტინგი, როგორც ჩანს, თითქმის ისეთივე ხალხმრავალი აღმოჩნდა, როგორც 27 მაისის ანალოგიური შეკრება (ან ისეთივე ხალხმრავალი), მიუხედავად იმისა, რომ ამ აქციის წინა დღეებში გამოქვეყნდა ე.წ. კომპრომატები. რომელთა მიხედვით, კოალიციის მთელი რიგი ლიდერები არცთუ სასიამოვნოდ მოიხსენიებდნენ ერთმანეთს პრივატულ საუბრებში. ივანიშვილის მომხრეთა ნაწილი იმდენად გამწარებულია არსებულ ხელისუფლებაზე (სხვადასხვა მიზეზებით), რომ მათზე არანაირი კომპრომატები არ იმუშავებს.

 

თუმცა, ხელისუფლების პროპაგანდის და კომპრომატების მთავარი სამიზნე იყო მერყევი და ნეიტრალური მოსახლეობა და არა ივანიშვილის დეტერმინირებული მხარდამჭერები. არჩევნების შედეგი აჩვენებს, მიაღწია თუ არა ამ ქმედებებმა მიზანს.

 

დავუშვათ ვარაუდი, რომ გაყალბების, ადმინისტრაციული ბერკეტების თუ სხვა ფაქტორების წყალობით, მმართველი პარტია მაინც შესძლებს გამარჯვების მოპოვებას. დიდი მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში „ანგარიშს“. ანუ „დიდი ანგარიშით“ ოპოზიციის დამარცხება ერთია და მცირე უპირატესობით - მეორე.

 

არსებული ინფორმაცია იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ სააკაშვილის გარემოცვის ნაწილი და ე.წ. უცხოელი პარტნიორები, ანუ გარე მოთამაშეები, იხრებიან „დაბალანსებული პარლამენტისკენ“. ანუ, ცდილობენ არ დაუშვან ის, რომ ნაციონალურ მოძრაობას პარლამენტში დიდი უპირატესობა ჰქონდეს. როგორც ჩანს, თავად სააკაშვილს ამგვარი პერსპექტივა მაინცდამაინც არ ეხატება გულზე, მაგრამ იძულებულია შეეგუოს. თუმცა სააკაშვილის არაპროგნოზირებადი ხასიათი სხვა პროგნოზების საფუძველსაც იძლევა.

 

დღემდე მმართველი პარტიის და ხელისუფლების „ხერხემლად“ ითვლებოდა ყოფილი შსს მინისტრი და ამჟამად პრემიერი ვანო მერაბიშვილი. აქ საქმე მარტო რეპრესიული და ძალოვანი აპარატის აწყობაში როდია, რასაც ჰქვია შსს. მერაბიშვილი განაგებდა პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობასაც, ანუ უზრუნველყოფდა მმართველი პარტიის და მისი სატელიტი პარტიების ურთიერთდამოკიდებულებას. იგი კურირებდა ქრისტიან-დემოკრატებს და სხვა ე.წ. სატელიტ პარტიებს. შეიძლება ითქვას, რომ მერაბიშვილი დაახლოებით იგივე როლს ასრულებდა ამ მხრივ ქართულ პოლიტიკაში, როგორც ვ. სურკოვი რუსულ პოლიტიკაში.

 

სწორედ სურკოვის დამსახურებაა რუსეთის ამჟამინდელი პოლიტიკური სისტემა, რომელიც ოთხი საპარლამენტო პარტიისგან შედგება. ასევე სურკოვმა ტექნიკურად უზრუნველყო პუტინის გადანაცვლება პრემიერ-მინისტრის სავარძელში და შემდეგ მისი დაბრუნება ისევ პრეზიდენტის პოსტზე. სხვათა შორის, რუსეთსა და საქართველოს შორის, ამ ბოლო წლების განმავლობაში, კონფრონტაციასთან ერთად, საოცარი მსგავსებაც არსებობდა შიდა პოლიტიკის გარკვეულ საკითხებში. ეს განსაკუთრებით ეხება ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობის შექმნის პროცესს. მაგრამ ამჯერად ამ ორ ქვეყანას შორის განსხვავებაც იკვეთება.

 

როგორც ჩანს, მერაბიშვილი არ აპირებს პრემიერის სავარძლის დათმობას 2013 წლის შემდეგაც. ამაზე მიანიშნებს აშშ-ში საქართველოს ელჩის, თ. იაკობაშვილის განცხადებაც. თუ ეს ასეა, მაშინ მერაბიშვილი და მისი ფარული მომხრეები ხელისუფლების სტრუქტურებში, დაინტერესებული უნდა იყვნენ იმაში, რომ ნაცმოძრაობამ მცირე სხვაობით გაიმარჯვოს ამ არჩევნებში. ამ შემთხვევაში სააკაშვილის პოზიციები შესუსტდება და მერაბიშვილის და ივანაშვილის სიტუაციურ ტანდემს შეეძლება მისი (სააკაშვილის) იძულება, დატოვოს პოლიტიკური ასპარეზი 2013 წლის შემდეგ, როგორც ჩანს, ხელშეუხებლობის გარკვეული გარანტიების მიცემის შემთხვევაში.  

 

სწორედ ამ სცენარში ჯდება ბ. ახალაიას დისკრედიტაცია და ჩამოცილება ისეთი მძლავრი ორგანოს სათავიდან, როგორც შსს-ა. ამით სააკაშვილის პოზიციები კიდევ უფრო სუსტდება. თუ მან ვერ მოახერხა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პრეზიდენტობის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში, მოუნახოს შემცვლელი მერაბიშვილს, პრაქტიკულად არავითარი შანსი აღარ რჩება, კვლავ იყოს დიდ პოლიტიკაში. ცხადია, სრულიად უტოპიურია იმის შესაძლებლობა, თითქოს სააკაშვილი მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის პარტიულ ლიდერად დარჩება და ამგვარად გააკონტროლებს ხელისუფლებას. ნაციონალური მოძრაობა, ისევე როგორც, ვთქვათ, „ედინაია როსია“ რუსეთში, ხელისუფლების დანამატია, ანუ ინსტრუმენტი და არა დამოუკიდებელი ძალა.

 

უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება გარე მოთამაშეების დამოკიდებულებას საქართველოში მიმდინარე მოვლენების მიმართ. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა თითქმის მთლიანად მერაბიშვილის და ივანაშვილის მხარეს იქნება, და არა სააკაშვილის. იგივე ითქმის აშშ-ს ადმინისტრაციაზე, თუკი არჩევნებში კვლავ დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა ობამამ გაიმარჯვა. ამავე დროს, შესაძლებელია, სააკაშვილს ჰქონდეს აშშ-ს რესპუბლიკური პარტიის გარკვეული ნაწილის მხარდაჭერის იმედი.

 

რაც შეეხება რუსეთს, აქ, ჩვენი აზრით, უფრო რთულად არის საქმე. ერთი მხრივ, მიუხედავად სააკაშვილის მიმართ აგრესიული რიტორიკისა, რუსეთის ხელისუფლებას უნდა აწყობდეს მისი დარჩენა ხელისუფლების სათავეში 2013 წლის შემდეგ. ამის მიზეზი ისიცაა, რომ თუ საქართველოში განხორციელდა ძლიერი ცენტრალიზებული ხელისუფლების დემონტაჟი, რაც შექმნა სააკაშვილმა და რაც თითქმის გარდაუვლად მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ის იძულებული გახდა დატოვოს პოლიტიკა, ეს აისახება რუსეთზეც. გავლენიანი ძალები რუსეთში საქართველოს პრეცედენტს გამოიყენებენ რუსეთში ანალოგიური სცენარის განსახორციელებლად.

 

მეორე მხრივ, სააკაშვილის ანტიკლერიკალური პოლიტიკა შესაძლოა რუსეთის ხელისუფლების და სასულიერო წრეების შეშფოთებას იწვევდეს, რომლებიც პირიქით, ცდილობენ ერთგვარი „ბიზანტიური“ მოდელის შექმნას „მართლმადიდებლური იმპერიის“ სახით. ჩვენი აზრით, მაინც პირველი მოსაზრება უფრო წონადი უნდა იყოს რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის, ვიდრე მეორე.

 

ნებისმიერ შემთხვევაში, მთავარი ბრძოლა სწორედ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ დაიწყება. ამ დროს განისაზღვრება საქართველოს მომავალი უახლოეს წლებში.

 

გიორგი ვეკუა

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"