ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ექსპრესკომენტარი
23.09.2012
სჯობს გვიან, ვიდრე არასოდეს? – გლდანის საპყრობილე, ქართული საზოგადოება და დასავლეთი

რამდენად არის საქართველოს საპატიმროებში არსებული განუკითხაობა და ადამიანთა წამება დასავლეთისთვის მნიშვნელოვანი? რატომ ხდებოდა მსგავსი სისტემური არაადამიანობა დასავლეთის გავლენის ქვეშ მყოფ საქართველოში? რატომ აივსო ქართული საზოგადოების მოთმინების ფიალა მხოლოდ ახლა, უკიდურესი სისასტიკის გამომზეურების შემდეგ, და არა მანამდე?.. ეს კითხვები საერთო აღშფოთების ფონზე ბევრს არ დაუსვამს საქართველოში. პოლიტოლოგები ჰამლეტ ჭიპაშვილი და გულბაათ რცხილაძე სწორედ იმ იშვიათ კომენტატორთა რიცხვს განეკუთვნებიან, რომლებმაც აღნიშნული კითხვები დასვეს და მათზე ნაწილობრივ პასუხის გაცემას შეეცადნენ.

გულბაათ რცხილაძის კომენტარი (19 სექტემბერი) – იხ. ვიდეო.

ჰამლეტ ჭიპაშვილი:

პოსტსაბჭოთა სივრცის რევოლუციებიდან მხოლოდ „ვარდებისღა“ შემორჩა, მაგრამ მოვლენების განვითარება გვპირდება, რომ ისიც ცოტა ხნით - საპარლამენტო არჩევნებამდე, მაგრამ დამთავრდება თუ არა ამერიკელთა მრავალწლიანი ბოგინი საქართველოში - ძნელი სათქმელია, ვინაიდან ახალ ხელისუფლებასთან დღეს რომ ოპოზიციაშია, მათ ისე მიესვლებათ, როგორც ნაცებთან.

საქართველოს ციხეებში მყოფი პატიმრების წამების ფაქტების გამომზეურებამ ბოლომდე აავსო მოსახლეობის მოთმინების ფიალა და არათუ აავსო, გადაავსო. გადმოდინებულმა ცხელმა ლავამ - სტუდენტთა სახით, ახალი იმედი შესძინა დაბეჩავებულ-გაუპატიურებულ საქართველოს. ძნელი იქნება სტრატეგიული პარტნიორის მიერ სააკაშვილის ნამოქმედარის დაცვა, ისევე, როგორც იმის მტკიცება, რომ ნაცებმა პირველი ოქტომბრის არჩევნებში მეტი ხმები დააგროვეს, ვიდრე სხვებმა. ძნელი იქნება, მაგრამ ამერიკა ის ქვეყანა არ არის, იოლად დანებდეს ვითარებას.

ოფიციალურმა ვაშინგტონმა ზედმიწევნით კარგად იცოდა საქართველოში მიმდინარე პროცესები. ამაში მას ხელს უწყობდა საქართველოში არსებული ამერიკული ინსტიტუტები - დემოკრატიულის და რესპუბლიკურის სახით, თავისუფლების სახელგანთქმული ინსტიტუტი, ე.წ. სოროსის ფონდი, ამერიკულ-ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, თითოეულ სამინისტროში მომუშავე ამერიკელი მრჩევლები და სხვა.

პენიტენციარულ სისტემაში, იუსტიციის სამინისტროში, პროკურატურაში, თავდაცვის სამინისტროში გატარებულ რეფორმებში სწორედ ლომის წილი ამერიკელებზე მოდის. და როდესაც აშშ-ს, ევროპის ამა თუ იმ ქვეყანაში ვიღაც საშუალო თუ მაღალჩინოსანი ვიშ-ვიშით ამბობს - ეს რა საშინელება ყოფილაო, სულაც არ ნიშნავს მთქმელის გულწრფელობას. მან იცის, რომ ასე უნდა თქვას, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი საკითხი დადგება დღის წესრიგში.

აღშფოთება გამოითქვა დასავლელ პოლიტიკოსთა მხრიდან, მაგრამ მასთან ერთად ითქვა ისიც, თუ რა ელვისებური რეაქცია მოჰყვა ამ ამბავს სააკაშვილის მხრიდან - ორი მინისტრის დათხოვნით და ფიცით ყველა დამნაშავის დასჯის თაობაზე.

არც ერთ მათგანს არ უთქვამს, რომ „დემოკრატიულ“ საქართველოში, „დემოკრატი“ პრეზიდენტის და ხელისუფლების პირობებში მსგავს წამებას ადგილი არ უნდა ჰქონოდა და თუ ჰქონდა, მეისრის დასჯით არ უნდა შემოიფარგლოს, ზევით უნდა ავიდეს და ხელისუფლების დათხოვნის მოთხოვნით უნდა დაგვირგვინდეს. მსგავსი რეკომენდაცია „დემოკრატიული“ დასავლეთისგან მე არ მსმენია, რაც მოვისმინე - არის ის, რომ ხელისუფლებამ სწრაფი რეაგირება მოახდინა.

უფრო შორს წავიდა RTVI. ამ ტელეკომპანიამ გარკვეული დრო დაუთმო პატიმრების წამების ფაქტებს, მაგრამ გაცილებით მეტი იმას, თუ რა სწრაფად იმოქმედა სააკაშვილმა - დაითხოვა რა სამსახურიდან ორი მინისტრი, თან სინანულით ისიც აღნიშნა - აბა ამას მოვესწრებით რუსეთშიო? როგორც ამ, ისე სხვა ტელეკომპანიებმა, დასავლური მყავს მხედველობაში, ხაზგასმით გაიმეორეს სააკაშვილის ნაბოდვარი, რომ წამების სცენები ოპოზიციამ დადგა ნაციონალური მოძრაობის კომპრომენტირებისათვის. მხოლოდ 23 სექტემბრის „ბი-ბი-სი“-ს საინფორმაციო გადაცემამ მოახერხა მეტნაკლები ობიექტურობით შექმნილი ვითარების გაშუქება.

არის თუ არა მსგავსი მიდგომა გასაკვირი? ნამდვილად არა. საზოგადოებამ თავის თვალით იხილა წამების ფოტოკადრები და ვიდეოსიუჟეტები ერაყის ციხე „აბუ გრეიბსა“ და „გუანტანამოში“. ამერიკელმა ჯალათებმა გადაიღეს წამების სცენები და ინტერნეტშიც განათავსეს. შემაძრწუნებელი იყო მიწაზე გართხმულ, ნაწამებ პატიმრის სხეულზე ფეხშემდგარ ჯალათ ქალთა ყურებამდე გაცინებული სახის ყურება.

მერედა რა მოჰყვა ამას? ცხადია, ჯალათთა დაპატიმრება, მაგრამ არა მაღალი თანამდებობის პირების დასჯა. მსოფლიოს საზოგადოებამ ერთხანს უკმაყოფილოდ იჟივჟივა, შემდეგ ეს ამბავი მივიწყებას მიეცა.

თუ რა დემოკრატია და ადამიანის უფლებების დაცვაა დემოკრატიულ ამერიკაში, აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ალბერტ გორის სიტყვებიდანაც ჩანს:

„ჩვენ აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელს განვიხილავთ, როგორც კანონიერებისა და სამართლიანობის გარანტს, თუმცა დღეს გადაწყვეტილება მიიღება პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის მიერ, რომელთათვის საუკეთესო კანონი არის უკანონობა - მაშინ, როდესაც კანონი ზღუდავს მათ პოლიტიკურ სურვილს. იქ, სადაც ისინი ვერ ახერხებენ კანონით გათვალისწინებული ნორმების დაძლევას, მანიპულირების ხერხს მიმართავენ, გვერდს უვლიან, აყოვნებენ კანონის ამოქმედებას. ...ჩვენმა ქვეყანამ უნდა გამოძებნოს გზა ამერიკის მოქალაქეთა დაჭერის აღკვეთისათვის. სასამართლო სანქციების გარეშე მოქალაქეთა დაჭერა უნდა შეწყდეს. ეს მანკიერება შეუთავსებელია ამერიკის ტრადიცებთან და ფასეულობებთან.

ბევრი პატიმარი აცხადებდა, რომ ციხის მოხელეები წამების შიშით აიძულებდნენ შეურაცხეყოთ საკუთარი რელიგია, ეჭამათ ღორის ხორცი, დაელიათ ალკოჰოლური სასმელები. ერთ-ერთმა ისიც თქვა, როგორ აიძულეს უარეყო ისლამი, შემდეგ მას მოტეხეს ფეხი და მოტეხილ ფეხზე დაუწყეს ფეხებით ცემა, თან აიძულებდნენ მადლობა ეთქვა ქრისტესთვის, რომ ჯერ კიდევ ცოცხალია.

ჩვენი ხელისუფლება გასაქანს აძლევს სასტიკ მოპყრობას და წამების რეგულარულ გამოყენებას პატიმრებში. ასეთი ქმედება ლამის ოფიციალური პოლიტიკის რანგშია აყვანილი. აღმასრულებელი ხელისუფლება მასობრივად აწარმოებდა ამერიკელთა სატელეფონო საუბრების მოსმენას. ეს მავნე პრაქტიკა იმით დამთავრდა, რომ კონგრესმა ლეგალიზაცია გაუკეთა ამგვარ ქმედებას“.

გორის სიტყვები მის წიგნშია დაფიქსირებული და ასახავს წინა პრეზიდენტის ბუშის პერიოდს - საქართველოს პრეზიდენტის უახლოესი მეგობრისა და მხარდამჭერის.

მცნება იმისა, რომ შენი საქმე შენვე უნდა აკეთო, შენი დამნაშავე, შენვე უნდა გაასამართლო, შენი მუწუკი შენვე უნდა მოიშორო - სრული ჭეშმარიტებაა, რომ ნუგეშისა და დახმარებისთვის სხვისკენ ყურება უშედეგოა.

საქართველოს საზოგადოება ჯეროვნად აფასებს საპატიმროებში არსებულ წამების ფაქტებს, თუმცა ერთობ დაგვიანებით. ამ შემთხვევაში მოქნეული ფრაზა -„სჯობს გვიან, ვიდრე არასოდეს“ - გამოუსადეგარია. საქართველოს საზოგადოებას, რომ დროული რეაქცია მოეხდინა სააკაშვილის ავბნელ საქმეებზე, რომლებმაც თავი იჩინეს მისი მმართველობის პირველსავე დღეებში, დღეს სხვაგვარი ვითარება იქნებოდა.

საქართველოს ტელემაყურებლები, შურისძიებით აღვსილნი, კმაყოფილებით უყურებდნენ ოქრუაშვილის ღამის რეიდებს მძინარე „დამნაშავეების“ ოჯახებზე, ლოგინიდან ნიფხავ-პერანგის ამარა წამოყრილ ცოლ-ქმარს, აჭარის „გათავისუფლებას“ ასლან აბაშიძის „მონობისგან“, ასლან აბაშიძის ოჯახის წევრების შეურაცხყოფას - გარდაცვლილი დედის საფლავის მონახულების დროს. აჭარის „განთავისუფლებით“ აღფრთოვანებული „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი და არა მარტო ის, საჯაროდ ამბობდა, რომ სააკაშვილის მიერ გაკეთებული საქმეებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი - აჭარის დაბრუნებააო.

დღევანდელმა საზოგადოებამ ჯეროვნად შეაფასა საპატიმროებში გადაღებული ვიდეომასალა, განსაკუთრებით ნამუსის ამყრელი სცენები. მაგრამ განა ნამუსის ამყრელი არ იყო (ცხადია გადატანითი მნიშვნელობით) მეპატრონეთა მიერ ნაცთათვის საკუთარი ქონების „ჩუქება“? განა შეურაცხმყოფელი არ იყო დამშეული და წყლის გარეშე დარჩენილი მოსახლეობისთვის შადრევნების აგება? ანდა უფასო სასადილოების ზარ-ზეიმით გახსნა? განა შეურაცხმყოფელი არ იყო გამოუცდელი, უცოდინარი, უკმეხი, ბოროტი თინეიჯერების გამინისტრება-გადეპუტატება? განა გაუპატიურების ტოლფასი არ იყო ნულოვანი ტოლერანტობის მოთხოვნების შესრულებისთვის ახალგაზრდების ქუჩებში ჩაცხრილვა? რომელი ერთი ჩამოვთვალო...

საქართველოს საზოგადოება საპროტესტოდ არ გამოსულა მაშინაც კი, როდესაც სააკაშვილის წყალობით ცხინვალის ომიც დაიწყო და ომის შედეგად ტერიტორიებიც დაიკარგა. თუმცა არა, მაშინ საზოგადოება გამოვიდა სააკაშვილის მხარდასაჭერად, იცეკვა და იხტუნავა პარლამენტის წინ გაკეთებულ სცენაზე, შემდეგ ცოცხალი ჯაჭვიც გაჭიმა მთელს საქართველოში, რითაც სამარადისო ფიცი დადო დამნაშავე სააკაშვილის წინაშე.

საზოგადოება არც მაშინ გამოსულა, როდესაც სააკაშვილმა 2011 წლის 26 მაისის ღამეს სისხლი ადინა მომიტინგეებს, პირიქით ნასისხლარზე ქართულმა ინტელიგენციამ სააკაშვილს სამშობლოს ორდენებით მკერდიც დაამშვენებინა.

საზოგადოება კნავილის მსგავსი პროტესტით შეხვდა სახელოვანი რეჟისორის რობერტ სტურუას გაძევებას, ისევე, როგორც ძველი თბილისის დამახინჯებას - მინის ხიდითა და საბაგირო გზით, „აღდგენილი“ ბაგრატით, პარლამენტის ქუთაისში გადატანით, სხვა თავხედური პროექტების განხორციელებით.

არ ჰგავს საქართველოს საზოგადოება გერმანულს - შტუტგარტელებმა ხანგრძლივი საპროტესტო გამოსვლები შეაგებეს ამ ქალაქის რკინიგზის ისტორიული შენობის რეკონსტრუქციას. ჩვენ არც „ავადსახსენებელ“ რუსულ საზოგადოებას ვგავართ, რომელმაც სულ ახლახანს საპროტესტო გამოსვლით მოსკოვის მერიას ხელი ააღებინა ერთ-ერთ რაიონში მეჩეთის მშენებლობაზე.

საქართველოს საზოგადოება ქუჩაში არ გამოსულა არც ერთ სოციალურ საკითხთან დაკავშირებით, განსაკუთრებით უმუშევრობასთან, მაღალ გადასახადებთან, ტრანსპორტის გაძვირებასთან და სხვა.

საქართველოს საზოგადოება შეეგუა სააკაშვილის, მისი დედ-მამის, ძმების, ახლობლების მიერ ქვეყნის ძარცვას, საერთო-სახელმწიფო ქონების მითვისებას. საზოგადოება დუმს ნაცთა სხვა ლიდერების, მათ მიერ დანიშნული „ბიზნესმენების“ შეურაცხმყოფელ ქცევაზე.

საზოგადოება არაფერს ამბობს სააკაშვილს მიყიდული ინტელიგენციის საქციელზე. ის მორჩილად უსმენს კიკაბიძეების, გაბიანების, ხერხეულიძეების, წიკლაურების, ჩოლოყაშვილების, თავხელიძეების, ჩიტაძეების, სხვათა და სხვათა სიტყვა-სიმღერას, ხოტბას ნაცთა ლიდერის შესახებ.

ასეთ საზოგადოებას კიდევაც სცემ და ცოცხსაც გაურჭობ. იცის ეს მიშამ და ამიტომაც აკეთებს საზარელ საქმეებს. 9 წელიწადია მთელი საქართველო მომწყვდეულია პატარა საკანში - შეურაცხყოფებით, ცემა-ტყეპით. დასჯილი პატიმრები მარტონი არ არიან, მათთან ერთადაა სრულიად საქართველო.

„სჯობს გვიან, ვიდრე არასოდეს“ - ამ ფრაზას აშკარად სჯობს ადრე, დაუგვიანებლად, ვინაიდან დაგვიანება ნიშნავს უფრო დიდ უბედურებას.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"