ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
აქტუალური თემა
16.09.2012
საქართველო-თურქეთის ურთიერთობების და ჟურნალ „ტაბულა“- ში გამოქვეყნებული ერთი წერილის შესახებ

საქართველო-თურქეთის ურთიერთობების ახალი ისტორია იწყება ჩვენი ქვეყნის მიერ თავისი დამოუკიდებლობის აღდგენის (1991 წლის 9 აპრილი) შემდეგ. ამ დღიდან მოყოლებული საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზ. გამსახურდია და შემდგომ  ე. შევარდნაძე, უაღრესად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ქვეყნის ურთიერთობებს მეზობელ სახელმწიფოებთან და პირველ რიგში თურქეთთან. დღეს რომ თურქეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით ჩვენი ქვეყნის ძლიერი მოკავშირე და ერთგული პარტნიორი სახელმწიფოა, არის იმ მძიმე და წარმატებული დიპლომატიური მუშაობის შედეგი, რაც ახალგაზრდა ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელებმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩაატარა.

 თურქეთი იყო ის პირველი ე.წ. კაპიტალისტური სახელმწიფო, რომელმაც ცნობილი თბილისის  სამოქალაქო ომამდე 1 კვირით ადრე, 1991 წლის 16 დეკემბერს ოფიციალურად ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა; სწორედ თურქეთია ის სახელმწიფო, რომელმაც ძნელბედობის ჟამს გაგვიხსნა საზღვრები და გაგვახედა ევროპისაკენ; თურქეთია ის ქვეყანა, რომლის თუნდაც „უხარისხო“ პროდუქციამ გადაარჩინა ჩვენი ხალხი და საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ბიზნესის განვითარებას, უფრო მეტიც, თურქეთია ის ქვეყანა, რომელიც ერთგულად ეხმარებოდა და კვლავაც ეხმარება საქართველოს, ქართული ჯარის შექმნის საკითხში... აღნიშნული არასდროს  დაავიწყდება ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს, და მუდამ მადლიერი იქნება თურქეთის მთავრობის და ხალხის, მაგრამ განა ეს ნიშნავს იმას, რომ მსგავსი კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობების ფონზე დავიწყებულ იყოს ის ჭეშმარიტება, რასაც  ქვეყნის ინტერესები ჰქვია? თუ გადავხედავთ  2002 წლამდე  და თანამედროვე  თურქეთის პოლიტიკურ, რელიგიურ, ეკონომიკურ, სამხედრო  მდგომარეობას, ვნახავთ, რომ  რადიკალურად არის შეცვლილი ყველაფერი.

  თურქული პრესა, პოლიტიკური მიმომხილველები და ექსპერტები,  ერთხმად აცხადებენ, რომ თურქეთი ნელ-ნელა ცვლის თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის მუსტაფა ქემალ ათათურქის პოლიტიკურ კურსს და საერო-ლაიცისტური ქვეყნიდან იქცევა „ნეოოსმანურ“ და ისლამურ სახელმწიფოდ. სწორედ „ნეოოსმანური“ და „მცოცავი“ რელიგიური მიმართულების წინააღმდეგია დღევანდელი თურქეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც არ ეთანხმება საქართველოს „მეგობრის“ და თავისი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის საშინაო და საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომელსაც ჩვენგან განსხვავებით, არასდროს ავიწყდება „მეგობარ“ საქართველოსთან ურთიერთობებში თავისი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ამის დასტურია თუნდაც ფაქტი, რომ 2008-ის აგვისტოში თურქეთის მთავრობამ თავისი ეროვნული ინტერესების მიზეზით ხელი შეუშალა საქართველოსთვის განკუთვნილი ამერიკული ჰუმანიტარული ტვირთით დატვირთული გემების შემოსვლას სრუტეებში.

განა ქვეყნის პოლიტიკური ინტერესები არ არის, რომ დღემდე თურქეთის მთავრობა, ვითომდა დემოკრატიული პრინციპებიდან გამომდინარე, არ აღკვეთს მისი ე.წ. „ბიზნესმენების“ (სპეციალური დავალებით აღჭურვილი პირები), თითქოსდა ეკონომიკურ კავშირებს აფხაზეთთან? განა მათ პოლიტიკურ ინტერესებს არ ექვემდებარება მათი გემების მოძრაობა აფხაზეთში? განა მათ პოლიტიკურ  ინტერესებს არ ესადაგება მათი მოქალაქეების ჩასახლება აფხაზეთში, და ვინ იცის კიდევ რამდენი სხვა?

  განა იგივე არ ხდება დღეს აჭარაში: თურქი  მოქალაქეების მიერ სახლების, მიწების და ა.შ. თავისუფლად შესყიდვა, ქართველ ქალებზე დაქორწინება და მოქალაქეობის მიღება? ნათესაური კავშირების გამოყენება და თავისი სპეც.სამსახურების თანამშრომელთა ჩასახლება რეგიონში... და ეს მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს თურქეთში, თურქული კანონმდებლობის შესაბამისად, ეკრძალებათ მუშაობა და არალეგალურად მუდმივად პოლიციის კონტროლისა და დეპორტაციის შიშის ქვეშ უხდებათ დამამცირებელი შრომა ლუკმა-პურის მოსაპოვებლად.

   ამ ფონზე გაკვირვებას იწვევს ჟურნალ “ტაბულა“-ს 3-9 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებული წერილი „წინასაარჩევნო თურქოფობია“  (ავტორი - ბექა მინდიაშვილი), რომელიც, ვფიქრობთ, არასწორად სდებს ბრალს ქართველ ხალხს „ფობიაში“ თურქების მიმართ. ვინაიდან არ შეიძლება, რომ შენი ქვეყნის გარე სამხედრო თუ პოლიტიკური და  უკვე ჩამოყალიბებული რეალური კულტურულ-მორალური საფრთხეები აღქმული იქნას, როგორც რაღაც „ფობია“.

   ბევრ სხვა შენიშვნასთან ერთად ჩვენს დიდ გაკვირვებას იწვევს აღნიშნული სტატიის ავტორის მოსაზრება, რომ „თურქულ-ქართული ურთიერთობები შეუწყნარებლობის კი არა, საქართველოს კულტურული და ეკონომიკური გამდიდრების საფუძველი უნდა გახდეს(!), ისევე, როგორც კეთილმეზობლობისა და მშვიდობის სიმბოლოდ უნდა იყოს მოაზრებული ბათუმში სულთან აზიზიეს სახელობის (ეტყობა, პატივცემულ მინდიაშვილს „აზიზიე“ ამ ფორმით საკუთარი სახელი ჰგონია -კ.მ.) მეჩეთის აღდგენა, იშხნისა და ოშკის რესტავრაციის სანაცვლოდ“...

   რა კულტურული და ეკონომიკური გამდიდრებისა და რა მშვიდობის შესახებ არის საუბარი, როდესაც სუფთა კეთილმეზობლური და დიპლომატიური ნაცვალგების პრინციპებიდან გამომდინარე, არავითარ ჩარჩოში არ ჯდება ეს საკითხი.

  განა აზიზიეს მეჩეთი და ჩვენი კულტურის ძეგლები შეიძლება იყოს განხილული ერთ სიბრტყეზე, სად არის აქ ნაცვალგება?! ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები, რომლებიც წარმოადგენენ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებს და არაფრით გამორჩეული მეჩეთი... განა შეიძლება მათ შორის ტოლობის ნიშნის დაწერა? თუ ამას აუცილებლობა მოითხოვს, დაე აშენდეს კიდევ ერთი მეჩეთი აჭარაში, მაგრამ მაშინ ამას ნუ დავარქმევთ ნაცვალგების პრინციპს... აი, ეს არის ჩვენი დიპლომატიის სისუსტე და ქვეყნის ხელმძღვანელთა არაკომპეტენტურობის მაჩვენებელი...

   დიახაც, სტატიაში მოყვანილ ფრაზებს და თურქულ პრესასაც თუ დავესესხებით, „დაწყებულია დიდი თურქობა“, ნამდვილად არის „თურქების პარპაში“, „ბათუმი იქცა ჰოფად“. ქართველთა მოგონილი ფრაზები არ გახლავთ, აგრეთვე „თურქული ისლამის გეოგრაფიული ზრდა და მცოცავი ანექსია“, „ნეოოსმანური იმპერიალიზმი“. თურქეთის პრესა, თურქული საზოგადოება თვითონ აცხადებს და უკმაყოფილებას გამოხატავს იმ ფაქტებზე, რაც დღეს ხდება ორი ქვეყნის ურთიერთობების კუთხით.

სწორედ ამის დასტურია ა.წ. 21 მაისის გაზეთ „მილიეთში“ გამოქვეყნებული წერილების ციკლი, რომლის მოკლე თარგმანსაც გაახლებთ ქვემოთ.

გაზეთი „მილიეთი“ - 21.05.2012

  თურქი ჟურნალისტის თვალით დანახული ბათუმი

  ჟურნალისტი მირაჩ ზეინებ ოზქართალი, საქართველოს, ბათუმის შესახებ თხრობას იწყებს თურქი ქალის სატელეფონო ზარით თურქეთის რესპუბლიკის ბათუმის გენერალურ საკონსულოში, სადაც იგი შეწუხებული ხმით ეკითხება საკონსულოს წარმომადგენელს: „მანდ სადმე ჩემი ქმარი ხომ არ არის“. ეს ხდება პარასკევს, საღამოს საათებში...

  გახშირებულმა მსგავსმა მოვლენებმა გადააწყვეტინა თურქ ჟურნალისტს, თავისი თვალით ენახა ბათუმი და მისი შემოგარენი, რომელიც მის გონებაში ორგვარად იყო წარმოდგენილი. რა არის ეს, „თავისუფლების ბაღნარი“, თუ „ცოდვათა ქალაქი“? ზოგი მას „მომავალ კვიპროსსაც“ კი უწოდებს, თურქეთის შავი ზღვისპირეთის მოსახლეობა კი მას აღიქვამს, როგორც „ცოდვათა ქალაქს“.

… სარფის სასაზღვრო პუნქტში მანქანებისა და უმანქანოთა გრძელი რიგია. მანქანების სახელმწიფო ნომრებიდან აშკარა ხდება, რომ ისინი რიზელები, ტრაბზონელები და  ართვინელები არიან. მათი ერთმანეთში საუბრებიდან ირკვევა, რომ ყველანი ბათუმში „იმ საქმისთვის“ მიდიან.

  პირადობის მოწმობის წარდგენით და 1 თურქული ლირის ფასად  გადადიხარ ბათუმში.

  ბათუმისკენ მიმავალ გზაზე ხაფანგია დაგებული. ეს არის დასახლებული პუნქტი გონიო, რომელზეც არ შეიძლება ითქვას, რომ წმიდა ადგილია: დაბალი ხარისხის პავილიონები, საროსკიპოები, მოტელები..., ამის დამნახავი ახალჩამოსულთა უმრავლესობა აქვე ჩერდება. როგორც ამბობენ, აქ 1500-მდე მსუბუქი ყოფაქცევის ქალი მუშაობს.

... ბათუმი კონტრასტული ქალაქია. ერთის მხრივ განათებული, პომპეზური ნაწილი და მეორეს მხრივ გაცრეცილი, ბარაკული ტიპის დასახლებული უბნები, სიღარიბის და უმწეობის გამომხატველი ქუჩები...

  ერთი თვალის შევლებითაც კარგად ჩანს, რომ ქალაქს დაკარგული აქვს ძველი დროის  იერი და მთლიანად ჩაბარდა კაპიტალისტური ყოფის წესებს. ყველგან მიმდინარეობს მშენებლობა, აქვე დგას ფეშენებელური სასტუმროების რიგი...შერატონი, რედისონი, ინტურისტი.

  პირველი გაჩერება „Sheraton Peace Casino”-ში გავაკეთეთ. რულეტი, ბლეკჯეკი, პოკერის მაგიდები, სათამაშო მანქანებით სავსე. თითქმის ყველა აქ მყოფი თურქეთიდანაა ჩამოსული. ძირითადად თურქული ენაა გაბატონებული. სასმელ-საჭმელი უფასოა. ჯიბეში 10 დოლარიც რომ გქონდეს, მთელ ღამეს მშვიდად გაატარებ.

  ტელევიზიით თურქული არხების გადაცემებია ჩართული: Show TV, STAR, ATV და ა.შ. ისმევა თურქული ხილის წვენები, „მეჰმედ ეფენდის“ თურქული ყავა, თურქული ლუდი „ეფეს პილზენი“ და თურქული „რაკის“ რაოდენობაზე აღარაფერს ვამბობ.  

... ხელში ბანქო, პირში სიგარა, „რაკი“ წვრილ მაღალ ჭიქაში და მაღალფეხებიანი ლამაზმანები...შემდეგ დისკოთეკა, თურქული მუსიკის ფონზე მოცეკვავე ქალები და მომლოდინე მამაკაცები. ბევრი ხანშიშესული მამაკაცია, რომელნიც მთელ თავის პენსიას აქაურ გოგონებს უტოვებენ.

  40-ოდე წლის წინ ისინი სხვა ცხოვრებით ცხოვრობდნენ, დღეს გაცილებით განსხვავებული ცხოვრება აქვთ. მაგრამ ბათუმის მდგომარეობა მიგვანიშნებს, რომ 5 წლის შემდეგ აქაურობა კიდევ უფრო შეიცვლება.

ისიც ირკვევა, რომ თურქები არ უყვართ. ამბობენ, 2 წელიწადში კვლავ დაუწესებენ ვიზებს. ერთ-ერთი თურქი მოქალაქის თქმით, „რატომ უნდა ვუყვარდეთ? თან უხეშად ვეპყრობით მათ და, თანაც სხვა თვალით ვუყურებთ მათ ქალებს“.

  ასე და ამრიგად, თავად თურქები არ მალავენ იმას, რასაც „ტაბულა“ და მისი ავტორი ცდილობს, რომ დაგვიმალოს. გულდასაწყვეტია, რომ მეზობელ სახელმწიფოში საქართველოს ასე აქვს სახელი დაკარგული, მისი ერთ-ერთი უმშვენიერესი კუთხე საროსკიპოებისა და კაზინოების ბუდედ არის ქცეული, რომლებიც უცხოელებს ემსახურებიან. ასეთივე უპატივცემულო დამოკიდებულება ჩვენდამი სხვა მეზობლებსაც აქვთ და ექნებათ, სამწუხაროდ.

 

P.S. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ „აზიზიეს“ მეჩეთის აგების ისტორიულ წინაპირობას.

 ისტორიულად ცნობილია, რომ აზიზიეს მეჩეთი, აგებულ იქნა აჭარაში ისლამის საბოლოო გამარჯვების სიმბოლოდ (და არა „კეთილმეზობლობისა და მშვიდობის სიმბოლოდ“), ვინაიდან ოსმალეთის იმპერია მე-16 საუკუნის შუა წლებიდან დიდი ბრძოლებითა და ძალადობით, მაინც ვერ ახერხებდა მთლიანი რეგიონის მოქცევას ისლამზე და მხოლოდ მე-19 საუკუნის შუა წლებში, ყირიმის ომის (1853-1856 წ.წ.) ოსმალთათვის სასიკეთოდ დამთავრებისა და რუსეთის იმპერიის დროებითი უკან დახევის შემდეგ, საბოლოოდ გაამუსლიმეს ეს რეგიონი. თუ რა მეთოდებით მიმდინარეობდა ეს გამუსლიმება, ყველაფერი დაწვრილებით აქვს აღწერილი ზ. ჭიჭინაძეს თავისი მოგზაურობის დროს, 1895 წელს ადგილობრივი მუსლიმების ნაამბობიდან აღებული ფაქტებით (იხ. ზაქარია ჭიჭინაძის „ქართველთა გამუსლიმანება“, გამომცემლობა „არტანუჯი“, 2004 წ.). აზიზიეს მეჩეთის აგებას პოლიტიკური მნიშვნელობაც ენიჭებოდა რუსეთის იმპერიის საწინააღმდეგოდ, ვინაიდან იმ დროისთვის (1869 წ.) რუსეთი უკვე ფლობდა  ისტორიული საქართველოს მთელ ტერიტორიას, გარდა აჭარისა (მხოლოდ 1878 წელს მიიერთა). აზიზიეს მეჩეთი აგებულია იმდროინდელი სულტან აბდულაზიზის (მმართველობდა 1861-1876 წ.წ.) სახელზე ოსმალების მიერ საბოლოოდ საკუთარ მიწად მიჩნეულ ტერიტორიაზე, რომლის მოსახლეობის „მორჯულებაც“ ძალზე ძვირად დაუჯდათ თურქებს.

  ამჯერად კი, საკმაოდ იოლად და იაფად მიმდინარეობს თურქების მხრიდან აჭარის „შემობრუნების პროცესი“, რაც უნდა დაგვირგვინდეს აზიზიეს მეჩეთის სიმბოლური აშენებით. აჭარის, ანუ “ქვეყნის ეკონომიკური და კულტურული გამდიდრების პროცესი“ რომ ზედმიწევნით კარგად მიდის, ამას თურქული პრესის ზემოხსენებული გამოხმაურობებიც ადასტურებენ.  

  ტაო-კლარჯეთი კი, ისტორიულად ძირძველი ქართული მიწაა და იქ არსებული ტაძრები და სხვა ეროვნული ფასეულობები ქართველი ერის კულტურის საგანძური და სიმდიდრეა.  X-XI  საუკუნეების ქართული ტაძრების აზიზიეს მეჩეთთან გაიგივება და მათი ერთნაირ, თანაბარ ისტორიულ ფასეულობებად აღიარება, უმეცრებისა და ჭეშმარიტების შეუცნობლობის მაჩვენებელია.  

 

კოტე მესხი,
სპეციალურად პორტალისთვის - „პოლიტფორუმი“

 

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"