ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
14.09.2012
1812 წელი - ევრაზიული ცივილიზაციის გამარჯვება დასავლურ გლობალიზმზე

ორგანიზაციამ „ისტორიული მემკვიდრეობა“ 1812 წლის საფრანგეთ-რუსეთის ომს, რომელშიც ქართველმა სამხედროებმაც ისახელეს თავი, კონფერენცია - „1812 წლის სამამულო ომი და ქართველები“ - მიუძღვნა, რომელზეც ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძეც წარსდგა სიტყვით.

საქინფორმის ცნობა:

ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორმა, პოლიტოლოგმა გულბაათ რცხილაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „ისტორიულ მემკვიდრეობას“, რომელმაც ამ დაძაბულ წინაასაარჩევნო პერიოდში მაინც გამონახა დრო ამ ღონისძიების ჩასატარებლად.

„ეს ღირსშესანიშნავი თარიღი, რომელიც რუსეთისთვის ზეიმია, არც საქართველოში უნდა იყოს დავიწყებული, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ომში ქართველები მონაწილეობდნენ – იგი ვიწრო ნაციონალურ ჭრილში არ უნდა განვიხილოთ. ჩვენმა მონაწილეებმა სწორად დასვეს საკითხი –1812 წლის ომი ქართველი ხალხისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამ ომის წაგების შემთხვევაში ავტომატურად იცვლებოდა სიტუაცია კავკასიაშიც და ოსმალეთი და სპარსეთი ნამდვილად არ ისხდებოდნენ გულხელდაკრეფილნი; ისევ დაიბრუნებდნენ დაკარგულ პოზიციებს კავკასიაში, რაც ქართველებისთვის ძალიან მძიმე შედეგის მომტანი იქნებოდა, თუნდაც, იმიტომ, რომ ქართველები მათ თვალში უკვე მოღალატეები იყვნენ –ისინი გადავიდნენ რუსეთის მხარეზე და ეს მათი მხრიდან დაუსჯელი არ დარჩებოდა. რაც შეეხება თავად ამ ომს, 1812 წლის ომის დაწყებამდე ევროპაში ომებს რეგლამენტირებული ხასიათი ჰქონდა. ხალხის ფართო მასები არ ებმებოდნენ იმ ომში, რომელთაც ერთმანეთთან აწარმოებდნენ სხვადასხვა ხელმწიფეები, იმპერატორები თუ წვრილ-წვრილი თავადები. მეთვრამეტე საუკუნის ბოლოსათვის კი დამკვიდრდა ომის ისეთი სტილი, როცა არმიები ეტაკებოდნენ ერთმანეთს სადღაც პატარა სოფლებში, რომლებიც ისტორიაში დიდი ბრძოლების სახელწოდებით შევიდა. იგივე ბოროდინო – ეს პატარა სოფელია სმოლენსკთან.

ასეთი სტილი იყო – არმიები ეჯახებოდნენ ერთმანეთს, მოსახლეობა განზე იდგა, მაგრამ სწორედ ბოროდინოს ბრძოლის შემდეგ იცვალა ომმა თავისი ხასიათი და გახდა – სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით – სამამულო ომი. თუნდაც პარტიზანების ბრძოლა ნაპოლეონის ზურგში ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო, რომელმაც ძალზე დაასუსტა ნაპოლეონის უზარმაზარი არმია და მისი დამარცხებაც გარდაუვალი გახდა. ამ ომის პერიოდში ტოტალური ომის ნიშნები გაჩნდა. ძველი რომანტიკული ომების ხანა, როდესაც მარტო სამხედროები არკვევდნენ ურთიერთობას, დამთავრდა.

მაგრამ იბადება კითხვა, რატომ მოხდა ეს მაინცადამაინც რუსეთში, როცა ერთმანეთს ნაპოლეონის საფრანგეთი და ალექსანდრე პირველის რუსეთი შეეტაკნენ? ჩემი აზრით, განსხვავებით იმისაგან, როცა ნაპოლეონი შეიჭრებოდა ავსტრიაში და არკვევდა ურთიერთობებს – ეს ავსტრიის იმპერატორი იქნებოდა თუ პრუსიის, რუსეთი იყო სხვა სამყაროს, სხვა ცივილიზაციის წარმომადგენელი – ესაა მართლმადიდებლური სამყარო, ევრაზიული სივრცე. ნაპოლეონი, მაშინდელი საფრანგეთი და ის სულისკვეთება რაც მაშინ ევროპაში არსებობდა, იყო უცხო სხეული და საფრანგეთის მცდელობა – გაბატონებულიყო მაშინდელ რუსეთზე, დღევანდელი გადასახედიდან შეიძლება შევაფასოთ როგორც გლობალიზაციის პროცესი, მცდელობა ძალადობრივი გლობალიზაციისა – შექმნილიყო უნივერსალური იმპერია გარკვეული მასონური იდეოლოგიით და ამას დამორჩილებოდა ყველა, ვინც ევროპაში მოიაზრებოდა. ალექსანდრე პირველი, ისევე, როგორც მანამდე პავლე და ეკატერინე მეორე, იყო გატაცებული ამ განმანათლებელთა იდეებით.

ახლახან მოსკოვში შევიძინე სახელმძღვანელო „მასონთა ორგანიზაციები ალექსანდრე პირველისა და ნიკოლოზ პირველის მმართველობის პერიოდში“, სადაც ნათლადაა წარმოდგენილი, რამდენად  გაძლიერებულნი იყვნენ მასონები რუსეთში და დეკაბრისტთა გამოსვლაც ამის დასტურია. 1812 წლის ომის შემდეგ უკვე იწყება ალექსანდრე პირველის შემობრუნება მართლმადიდებლობისკენ. იგი უფრო ჩაუღრმავდა რელიგიას, ჩამოშორდა დასავლურ იდეოლოგიას და, საბოლოო ჯამში, რუსეთის ხელისუფლების მეტამორფოზა და დაბრუნება ფესვებისადმი განაპირობა დეკაბრისტების აჯანყებამ. ამ სამამულო ომმა დიდი ბიძგი მისცა ამას. მაშინ ფრანგული ენა მოდური, სალონური იყო და საერთაშორისო ენად მიიჩნეოდა, ზუსტად ისე, როგორც დღეს ინგლისურია, და რუსეთის მაღალ წრეებში კარგ ტონად მიიჩნეოდა ერთმანეთში ფრანგულად საუბარი.

ამ ომის შემდგომ რამდენიმე წელიწადს ფრანგულად რუსეთში აღარავინ საუბრობდა. მერე განელდა ეს ანტიფრანგული განწყობა, თუმცა ამ ომმა პატრიოტული სულისკვეთება გააღვივა რუსეთში და ევროპაშიც კი გაიღვიძა ეროვნულმა სულისკვეთებამ. ბიძგი მიეცა პრუსიის გაძლიერებას, რაც შემდეგ დაგვირგვინდა გერმანიის გაერთიანებით. ყველა ამ პროცესს რუსეთში ნაპოლეონის მარცხმა დაუდო სათავე და ევროპას გარკვეული როგორც პოლიტიკური, ისე სულიერი თავისუფლება მიეცა.

საქართველოსთან მიმართებაში ამ ომში რუსების გამარჯვებისას მხოლოდ ირან-ოსმალეთის ასპექტი არაა გასათვალისწინებელი. ნაპოლეონსაც რომ დაეპყრო კავკასია და არა ირან-ოსმალეთს და მათთვის არ „ეჩუქებინა“ საქართველო, არც ეს იქნებოდა ჩვენთვის დადებითი. გავაკეთებ პარალელს დიდ სამამულო ომთან, სადაც გერმანიის მხარეზე იბრძოდნენ ქართველები; მაგალითად, ვერმახტის გენერალი შალვა მაღლაკელიძე, რომელსაც გულწრფელად სჯეროდა, რომ ჰიტლერი საქართველოს ბოლშევიკებისაგან გაათავისუფლებდა. მას ამის გულწრფელად სწამდა და გარკვეულ დაფასებასაც იმსახურებს. თუმცა, ის ხალხი რომ ცდებოდა, საბოლოო ჯამში ისტორიამ დაამტკიცა...

აქ აღინიშნა, რომ უმადურობა საშინელი გრძნობაა და ქართველებს არ გვახასიათებს. განსაკუთრებით ამ ბოლო 20 წლის განმავლობაში დამკვიდრდა მოსაზრება, რომ, თუ აფხაზებსა და ოსებთან დღეს დაძაბული ურთიერთობა გვაქვს, ეს თურმე რუსეთის წაქეზებაა, რაც აბსოლუტურ სისულელედ მიმაჩნია. რომელ აფხაზებსა და ოსებზეა ლაპარაკი, როცა ერთმანეთს დავერიეთ უკვე 90-იანი წლებიდან და რუსი გენერალი ბალტინი სამეგრელოში რომ შევიდა, ხალხი ტაშით შეხვდა ზუგდიდში! ეს ფაქტია, მაგრამ დღეს ზოგიერთი ხელმოცარული პოლიტიკოსი და, არა მხოლოდ ისინი, და, იმედია, დღვანდელი ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენელნიც მალე ხელმოცარულნი გახდებიან, მარადიულად იმას გაიძახიან მხოლოდ, რომ ეს იყო აგრესია, დაპყრობა და ანექსია. ჩვენს თავს თვითონ უნდა მივუდგეთ კრიტიკულად და შემდეგ, თუნდაც, რუსებისადმი უფრო იოლი გახდება რაიმე კრიტიკულის თქმა. იმაში, რაშიც რუსული პოლიტიკა ცდება და შეცდომა მოსდის საქართველოსთან მიმართებაში, ის რუსიც უფრო ყურს დაგვიგდებს და გაითვალისწინებს ჩვენს შენიშვნებსა და სურვილებს...

დასასრულს, მინდა, გაჩვენოთ რუსეთში ქართული დიასპორის ერთ-ერთი წარმომადგენლის, ალექსანდრე ებრალიძის სპონსორობით გამოცემული ევგენი ანისიმოვის წიგნი პეტრე ბაგრატიონზე, რომელიც ძალიან სერიოზული მონოგრაფიაა. ძალზე საინტერესო ფაქტებია როგორც პეტრე ბაგრატიონზე, ისე 1812 წლის ომზე... აქვე დავძენ, რომ სუვოროვის არმიაში აკრძალული იყო სიტყვები „გაქცევა“ და „უკან დახევა“, ფრანგულად კი თავის ჯარისკაცებს ასწავლიდა სიტყვებს „დაყარეთ იარაღი!“, „დაგვნებდით!“, „ალყაში ხართ!“. ეს იწვევდა საოცარ სულისკვეთებას და ბაგრატიონი ამ  მამაცი ოფიცრების ფონზეც კი გამოირჩეოდა თავისი სიმამაცით.

შვედეთთან ომის დროს არცერთი გენერალი არ წავიდა ყინულზე, რათა გადაელახათ გზა შვედეთის ჯარის ზურგში მოსაქცევად, მაგრამ ბაგრატიონისთვის არ არსებობდა ე.წ. კორპორატიული სოლიდარობა, მან თავად შესთავაზა იმპერატორს, რომ გადაკვეთდა ყინულის გზას, იძულებით სხვა გენერლებიც აიყოლია, რათა დანარჩენები მის ფონზე არ გამოჩენილიყვნენ მხდალებად და გაამართლა კიდეც მისმა ამ ნაბიჯმა... ძალზე სასიხარულოა, რომ ამ 1812 წლის ომის 200 წლისთავის აღსანიშნავად ისევ ალექსანდრე ებრალიძის სპონსორობით პეტერბურგში გაიხსნა პეტრე ბაგრატიონის ძეგლი, რომელიც მრავალი სხვადასხვა მიზეზის გამო აქამდე იქ არ იყო...“

სრული ინფორმაცია კონფერენციის შესახებ იხ. საქინფორმის ვებ-გვერდზე.

 

სურათზე: ნადოლსკისა და შუცმანის გენიალური მონუმენტი, 1812 წლის სამამულო ომის გმირებისადმი მიძღვნილი (გაიხსნა 1913 წელს, ქ.სმოლენსკი) - კლდე და არწივის ბუდე განასახიერებს რუსეთს, რომელზეც გალიელი მეომარი მიძვრება მახვილით (ნაპოლეონის არმიის სიმბოლო), ორი არწივი კი ორი რუსული არმიის სიმბოლოა, რომლებიც ნაპოლეონის წინააღმდეგ შეერთდნენ სმოლენსკში. ერთ არწივს კლანჭებით დამორჩილებული აქვს გალიელის ხმლიანი ხელი, მეორე არწივი კი ბუდეს იცავს.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"