ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
აქტუალური თემა
11.09.2012
არჩევნების გაყალბების აპრობირებული მეთოდები საქართველოში

   მეცნიერებას არჩევნების შესახებ პსეფოლოგიას უწოდებენ და იგი მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან იღებს სათავეს. მაგრამ არჩევნები, როგორც პროცესი და არჩევანის უფლება, მეტ-ნაკლებად ადამიანთა სოციუმის, როგორც ასეთის, გაჩენის დღიდან არსებობდა. თითოეულ ქვეყანას თავისი შტრიხები შეჰქონდა არჩევნების ჩატარებისა და განვითარების წესში, ამიტომ პოლიტიკური თავისუფლებისა და დემოკრატიისაკენ მიმავალი გზა თავისებური და განსაკუთრებულია, რაც განპირობებულია ეროვნული, სოციალური თუ ეკონომიკური პირობებით. ზოგ ქვეყანას დემოკრატიული მოწყობის საუკუნოვანი გამოცდილება გააჩნია და მით უფრო მნიშვნელოვანია მთელი საზოგადოებისათვის მის მიერ განვლილი გზა თუ მიღებული კანონები, რომელზე დაყრდნობითაც ხდება საარჩევნო სისტემების დამკვიდრება, ზოგი კი მისი ტრანსფორმირებული ფორმის მიმდევარი და მატარებელია, ამიტომ ისეთი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, ძალზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჭეშმარიტად დემოკრატიული პრინციპებიდან მონახული იქნას ის რაციონალური მარცვალი, რომელმაც მისი მომავალი უნდა უზრუნველყოს.

   სამწუხაროდ, ჩვენ ვერ დავიკვეხნით დემოკრატიული ტრადიციების არსებობით, პირიქით, ფიზიკური განადგურების მუდმივად თანმდევი შიში მოკავშირის სურვილის გათვალისწინებას და ლავირებულ საგარეო და საშინაო პოლიტიკის გატარებას მოითხოვდა, რაც ნაწილობრივ, თუ მთლიანად არა, გამორიცხავდა თავისუფალი ნების გამოხატვას და განხორციელებას. მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს, უარი ვთქვათ დიდ სახელმწიფოთა მიერ მიღწეული არჩევნების ინსტიტუტების თუ საარჩევნო პროცედურების გათანამედროვეობის პროცესის გასიგრძეგანებისაგან, რამეთუ სულ სხვა ვითარება იყო მე-19 საუკუნეში და სულ სხვა ვითარებაა დღეს, 21-ე საუკუნის დამდეგისათვის. იცვლებოდა რა საზოგადოება, მას მოყვებოდა საარჩევნო ინსტიტუტების ტრანსფორმაცია. თუკი წარმომადგენლობითი დემოკრატია სხვადასხვა ცენზების გამო ელიტარული ხასიათისა იყო, ამ ხარვეზის გამოსწორება საყოველთაო საარჩევნო უფლების დამკვიდრებით და საარჩევნო პროცესში პოლიტიკური პარტიების აქტიური ჩართვით მოხდა, რაშიც თავისებური როლი მ. ვებერის პლებისციტური დემოკრატიისა და ი. შუმპეტერის კონკურენტული დემოკრატიის კონცეფციებმა შეიტანეს. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოყალიბებული დემოკრატიის თანამედროვე თეორიული შეხედულებები ძალზე განსხვავდება ერთმანეთისაგან, როგორც თანამედროვე დემოკრატიის გააზრების თვალსაზრისით, ასევე ალტერნატიულ თეორიებთან წარმოებული დისკუსიების სიმწვავით. რაც შეეხება 21-ე საუკუნის განვლილ პირველ თორმეტ წელს, მან დემოკრატიის, როგორც ცივილური ფენომენის და დემოკრატიულ ქვეყნებში საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული ახალი პრობლემების, ტენდენციების და პერსპექტივების გააზრების აუცილებლობა დააყენა დღის წესრიგში. ტექნიკურმა პროგრესმა, მასიურმა კომპიუტერიზაციამ ხელმისაწვდომი გახადა და სხვადასხვა არსი და სახეები წარმოაჩინა დემოკრატიულ, არადემოკრატიულ თუ გარდამავალ საზოგადოებებში წარმომადგენლობითი სისტემის არჩევის გზაზე. დღეისდღეობით, ჩვენი საზოგადოება არჩევნებმა ზედმეტად პოლიტიზირებული გახადა, რამაც ხელი შეუწყო მსოფლიოში აპრობირებულ თუ ადგილზე წარმოშობილ გაყალბების ტექნოლოგიების სრულყოფას და მრავალფერობას.   

  ნორბერტო ბობიო თავის ნაშრომში „,დემოკრატიის მომავალი“, განიხილავს რა ჯონ სტიუარტ მილის წიგნს ,“მოსაზრებები წარმომადგენლობითი ხელისუფლების შესახებ“, აღნიშნავს, რომ ავტორი გამოყოფს მოქალაქეთა ორ ტიპს – აქტიურსა და პასიურს. ხელისუფლებას, ცხადია, პასიური მოქალაქეები ურჩევნია, ვინაიდან მორჩილი და აპათიური ხალხი უფრო ადვილი სამართავია. რაც შეეხება დემოკრატიას, იგი აქტიურ მოქალაქეებზეა ორიენტირებული. თუ მოსახლეობის მორჩილ ნაწილზე გაბატონება მოუხდებათ, მმართველები იოლად გადააქცევენ მათ ცხვრის ფარად, რომელიც მხოლოდ იმითაა დაინტესებული, რომ ჯგუფურად ძოვოს ბალახი (ჩვენის მხრივ დავამატებდით, ამ ფარას ბალახიც რომ არ მისცე, მაშინაც არ დაიჩივლებს - ავტ.).

    არჩევნებს ყოველთვის თან სდევდა და სდევს სხვადასხვა ტექნოლოგიური პროცესები, რომლებიც მიზნად ისახავდნენ მოსახლეობის ფართო ფენების გადმობირებას თუნდაც არაკანონიერი, აკრძალული მეთოდებით. ამ პროცესს საზოგადოებასთან ურთიერთობას, (ინგლისურად Public Relations), შემოკლებით პიარს (PR) უწოდებენ. ძირითადში, შინაარსიდან და საქმიანობიდან გამომდინარე, მას „შავი“ და „თეთრი“ ტექნოლოგიები ჰქვია. შესაბამისად „თეთრი“ ტექნოლოგიების გამოყენების დროს კანდიდატები მოქმედებენ არსებული კანონმდებლობის და საზოგადოებაში არსებული ზნეობრივ-ეთიკური ნორმების ფარგლებში, ხოლო „შავი პიარის“ დროს კანდიდატები იყენებენ (თავიანთ გუნდთან ერთად) ისეთ მეთოდებსა და ფორმებს, რომლებიც აშკარად სცდება საზოგადოებაში მიღებულ ზნეობრივ-ეთიკურ ნორმებს და ახლოსაა სისხლისა და სამოქალაქო სამართლის დარღვევის ზღვართან. არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში, სამწუხაროდ, წარმატება არ მოაქვს მარტო „თეთრ“ საარჩევნო ტექნოლოგიებს, რომელიც არჩევნების არსებული კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარებას ითვალისწინებს. გამარჯვების მისაღწევად სულ უფრო ხშირად იყენებენ „შავ“ პიარს. ბოლო წლებში საქართველოში იზრდება ხელისუფლების ჩარევა საარჩევნო პროცესებში, რის გამოც ღირსეულ კანდიდატთა უმრავლესობა უფულობის გამო მარცხდება. ყოველივე ეს იმითაა გამოწვეული, რომ არათანაბარია სასტარტო კაპიტალი, ტექნიკური საშუალებები, პრესა, რადიო, ტელევიზია მხვილი მაგნატების კონტროლქვეშაა მოქცეული, მას გვერდს უმშვენებენ მოსყიდული თუ მეგობარი საზოგადოებისათვის მეტნაკლებად ცნობილი პიროვნებები, ახალი ყვარყვარეები, ასევე იმიჯმეიკერები, რომლებიც ასეთ კანდიდატს ერის, ქვეყნის თუ რეგიონის მზრუნველ „მამად“ წარმოუდგენს, რითაც იწვევს ამომრჩეველთა გაბრუებას და ხელისუფლებისათვის საჭირო პირის სასარგებლოდ მათ დარაზმვას. ამას ემატება ისტებლიშმენტის მთელი შემადგენლობის უსიტყვო მორჩილება და თანადგომა, რაც იმითაა განპირობებული, რომ სახელმწიფო საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელები იბარებენ თავიანთ ხელქვეითებს და აყენებენ ალტერნატივის წინაშე, ან მისცემთ ხმას თქვენი ოჯახის წევრებიანად ხელისუფლებისათვის საჭირო კანდიდატს, ანდა დაწერეთ განცხადება სამსახურიდან დათხოვის შესახებ. მოგეხსენებათ, რა დიდ ძალას წარმოადგენს სახელისუფლებო, აღმასრულებელი და ძალოვანი რესურსები და როგორ ემორჩილებიან ისინი პირველი კაცის, ჩვენს შემთხვევაში პრეზიდენტის ბრძანებებს.

     არჩევნების პროცესის გაყალბებას ნებისმიერ დროს შეიძლება ჰქონდეს ადგილი, დაწყებული წინასაარჩევნო ხელმოწერების შეგროვებიდან, არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე დამთავრებული. ჩვენ მოვიტანთ არასრულ შესაძლო ხერხებს, რამეთუ ადამიანის გონება კვლავაც დიდი მონდომებით აგრძელებს ფიქრს იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება გაყალბებული იქნეს არჩევნები მათთვის სასურველი პირის სასარგებლოდ, ასევე შემოგთავაზებთ შესაძლო გზებსა და საშუალებებს, როგორ ავიცილოთ ისინი თავიდან. აქ არ შევეხებით და ცალკე კვლევას მოითხოვს კიბერთავდასხმები და მათგან გამოწვეული საშიში შედეგები.

    საქართველოში გაყალბების ვარიანტებიდან მრავალპარტიული არჩევნების საწყის ეტაპზე საკმაოდ გახშირებული იყო ე.წ. „მარაოები“, რაც გულისხმობდა ერთი რომელიმე ამომრჩევლის ხელში რამდენიმე ყალბი ბიულეტენის არსებობას, რომელსაც დაინტერესებული პირი ერთდროულად ჩაყრიდა ხოლმე საარჩევნო ყუთში. როგორც წესი, ასეთ ფაქტებს არაერთხელ ჰქონდა ადგილი, როგორც მთელი საარჩევნო დღის განმავლობაში, ასევე ხმების დათვლის პროცესში. ენერგოკრიზისი სწორედ მაშინ „იჩენდა თავს“, გამოირთვებოდა შუქი და ამით სარგებლობდა წინასწარშემზადებული პოტენციური გამყალბებელი და ახერხებდა ყალბი ბიულეტენებით მანიპულირებას, ან საარჩევნო ყუთში ყრიდა მათ, ან მაგიდებზე გაშლილ დასათვლელ ბიულეტენებში ურევდა. ასეთი რამის ლიკვიდაცია შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც გამოყოფილი იქნა დამატებითი მეთვალყურეები უშუალოდ ყუთთან, რომლებიც მეტს არაფერს უყურებენ, გარდა იმისა, რომ თითოეულმა ამომრჩეველმა მხოლოდ ერთი ბიულეტენით, ან კონვერტით ისარგებლოს.

    ასევე გავრცელებულია უშუალოდ საარჩევნო ბიულეტენით მანიპულირების ხერხები. ცნობილია, რომ ის ბიულეტენი, რომელშიც არაა გამოკვეთილი, თუ რომელ კანდიდატზეა გაკეთებული არჩევანი, ბათილად ითვლება და ცალკე ინახება, ანდა დავუშვათ, არჩევანი გაკეთებულია არასასურველ კანდიდატზე, მაგრამ ჩვენი ჩარევით იქ სხვაც შემოიხაზა, ასეთი ბიულეტენიც ბათილია. ამიტომ მსგავსი ქმედებები რომ აღმოიფხვრას, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კომისიის წევრებს და მეთვალყურეებს თავაზიანად უნდა ჩამოართვას საწერი საშუალებანი და ცალკე შეინახოს, რაც, ბუნებრივია, გამორიცხავს გაყალბების ამ მომენტს. ასეთ შემთხვევაშიც კი ფხიზლად უნდა ვიყოთ, რადგანაც თანამედროვე ქალბატონებს ფრჩხილების ლაქი სხვადასხვა ფერის გააჩნიათ და ადვილად შეუძლიათ საჩვენებელი თითის ფრჩხილის ქვეშ ოსტატურად დაიმონტაჟონ (ჩაიმაგრონ) წებოთი ბურთულიანი ავტოკალმის თავი, რომლითაც მინიმუმ 50 ბიულეტენის გაყალბებას ახერხებს,   რაც ჯამში მთელი ქვეყნის მასშტაბით საკმაოდ შთამბეჭდავ ციფრად შეიძლება გადაიქცეს.

სურათზე: ხათუნა გოგორიშვილი - არჩევნების შედეგების მანიპულირებისა და გაყალბების აღიარებული სიმბოლო საქართველოში.

    გასული საუკუნის 90-იანი წლების შუახანების „დამსახურებად“ შეიძლება ჩაითვალოს არჩევნების დღეს ე.წ. „კარუსელების“ მოწყობა. ყოველივე ამის უკან მაშინდელი „მოქალაქეთა კავშირის“ და ახლანდელი „ნაცმოძრაობის“ ცნობადი სახეები იდგნენ პრეზიდენტით სათავეში. ამ პროცესს წინ უძღოდა საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობების განახლება, რომელიც წინამორბედისაგან იმით განსხვავდებოდა, რომ შედგება ორი ნაწილისაგან, ერთ ნაწილზე მოთავსებულია მოქალაქის სურათი პირადი ნომრით, ხოლო მეორეზე კი -პირადი ნომერი საცხოვრებელი ადგილის ჩვენებით. სწორედ ეს განცალკევება და სპეციალურად ადრინდელ საარჩევნო კოდექსში შესული დამატებითი საარჩევნო სიების დაშვება გახდა კარუსელების მოწყობის რეალური ხელშემწყობი საშუალება. ყოველივე ამის რეალიზება შემდეგნაირად ხდებოდა: ხელისუფლების ზედა ეშელონისათვის სასურველ განსაკუთრებით სანდო პირებზე, ან იმათზე, ვინც ამა თუ იმ კანდიდატმა გადაიბირა თუ მოისყიდა, გაიცემოდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მეორე ნაწილი იმ რაოდენობით, რამდენ საარჩევნო უბანშიც მოასწრებდა მისვლას და ხმის მიცემას, შესაბამისი მისამართების ჩვენებით. ადგილობრივი კომისიების თავმჯდომარეებს მიეცათ მითითება დამატებით საარჩევნო სიებში შეეტანათ ყველა ის ამომრჩეველი, რომელიც წარმოადგენდა პირადობის დამადასტურებელ მოწმობას და მისამართს არსებული საარჩევნო უბნის საზღვრებში. ასე რომ, ასეთნაირად „შეიარაღებულ“ პირს შეეძლო დამშვიდებული სინდისით ემუშავა მთელი დღის განმავლობაში, შესაბამისი ანაზღაურების ფასად (მოგვიანებით, როდესაც მსგავსი ქმედებები ერთ დროს ერთად მყოფი, ხოლო შემდეგ ოპოზიციაში გადასული პარტიების წარმომადგენლებმაც დაიწყეს, იძულებულნი გახდნენ აეკრძალათ დამატებითი სიები, რაც გახდა ახალი გზების ძიების საბაბი, როგორიცაა გარდაცვლილების წინასაარჩევნო სიებში შეტანა და მათ ნაცვლად „ხმების მიცემა“ – ეს იყო ე. შევარდნაძის ირგვლივ დარჩენილი ელექტორატის ბოლო კოზირი, რომელმაც სრული ფიასკო განიცადა - ავტ.), რა თქმა უნდა, ახალ უბანში იმ უბნის შესატყვის მისამართიან მოწმობას უჩვენებდა.

   ხმების მყიდველს, ჩვენს შემთხვევაში დეპუტატობის კანდიდატის ნდობით აღჭურვილ პირს, გარანტირებული რომ ჰქონოდა კონტროლი ხმების მიცემის პროცესზე, ასეთი კატეგორიის ხალხს ჩასხამდნენ მიკროავტობუსებში და გადაჰყავდათ ერთი საარჩევნო უბნიდან მეორეზე, ხოლო მეტი ორგანიზებულობისათვის ზედამხედველი კურატორი საჭიროებისამებრ თავადვე ურიგებდა იმ უბნის შესატყვის დოკუმენტს, რათა რომელიმეს უნებლიე შეცდომა არ დაეშვა და არ მომხდარიყო დროის უქმად დაკარგვა. ასეთი ხერხით ერთი მიკროავტობუსით, მაგალითად, 15 ამომრჩევლის 20 საარჩევნო უბანზე მიყვანა დღის ბოლოს 300 გარანტირებულ ხმას მოიტანს და, ბუნებრივია, რაც მეტი იქნება ასეთი მიკროავტობუსების რაოდენობა, მით „უკეთესი“ იქნება შედეგი.

    1998-2000 წ.წ. საარჩევნო ციკლის დროს გამჟღავნდა ამ პროცესის არსებობა მმართველ პარტია მოქალაქეთა კავშირში მომხდარი განხეთქილების გამო, რის გამოც მომდევნო არჩევნებში აიკრძალა დამატებით სიებში ამომრჩევლების შეყვანა და მათ დაევალათ წინასწარ მისულიყვნენ თავიანთ საარჩევნო უბნებში და გაევლოთ რეგისტრაცია, ანდა დაერეკათ ტელეფონით 09-ზე და გადაემოწმებინათ, იყვნენ თუ არა შეყვანილნი წინასაარჩევნო სიებში, მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ გამოირიცხა გაყალბების ეს ვარიანტი, რადგან ზუსტად არ ვიცით, რამდენი ასეთი სხვადასხვა მისამართიანი პირადობის მოწმობა დაილექა, ანუ დარჩა ხალხში და ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება არსებული წინასაარჩევნო სიების სისწორის დადგენა, აქ ხალხის გულწრფელობის იმედად ყოფნა ვერაფერი შეღავათია. თუ ნამდვილად გვსურს აღმოიფხვრას გაყალბების ეს ვარიანტი, არ მოვერიდოთ ხარჯებს და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში აღვადგინოთ  მამის სახელის მითითება, ამასთანავე ძალადაკარგულად გამოვაცხადოთ მანამდე გაცემული ყველა სხვა დოკუმენტი და სიძვირის მიუხედავად, მოვახდინოთ საარჩევნო უბნების კომპიუტერიზაცია. ეს კი გამორიცხავს ყოველგვარი მარკირების საჭიროებას და ხმის რამდენჯერმე მიცემის შესაძლებლობას, ამასთანავე, არ გამორიცხავს საკუთარი ხმის მიცემის პროცედურის შემოწმებას საარჩევნო უბანზე მიუსვლელადაც კი, როგორც ეს ხდება ცივილურ ქვეყნებში.

    წინასაარჩევნო აგიტაციის პერიოდში კანდიდატები ცდილობენ მიიზიდონ (ძირითადში ინერტული მასიდან, რომელთაც ჩვენ შემდგომში „პოლიტიკის ობიექტებს“ ვუწოდებთ - ავტ.) პასიური ამომრჩეველი და თავის მხარეზე გადაიბირონ, ანუ მოისყიდონ. ყოველივე ამის მოსაწყობად  დეპუტატობის თუ პრეზიდენტობის კანდიდატის ნდობით აღჭურვილი პირი წინასწარვე არჩევდა იმ ადამიანთა შესაძლო რაოდენობას, რომელთაც ჯერ კიდევ არ ჰყავდათ თავისი რჩეული, და გარკვეულ გასამრჯელოს (თანხა, პროდუქტი) სთავაზობდა მათ და ძალზე ხშირად, მთელი ოჯახის წევრებსაც. როგორც წესი, ასეთი კატეგორიის ხალხი ახალი კლიენტების მოძიების (მოყვანის) შესაშური დასაყრდენი ანუ წყარო ხდებოდა (რა თქმა უნდა, გარკვეული დამატებითი გასამრჯელოს შეთავაზებით). ყველაზე უმთავრესი ამ საქმეში ენაზე კბილის დაჭერა, ანუ სიჩუმე იყო, რის გამოც ხმის გამყიდველთა რიცხვის ზრდა გეომეტრიული პროგრესიით ხდებოდა, მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო არჩევნების დღეს მყარი გარანტია იმის თაობაზე, რომ ხმა დანიშნულებისამებრ წავიდა და არ მოხდა უნებლიე შეცდომა. ახლა გავარკვიოთ, რა უნდა გაკეთებულიყო ამის უზრუნველსაყოფად უშუალოდ არჩევნების დღისათვის, როგორ უნდა დარწმუნებულიყვნენ, რომ ამომრჩეველმა გარანტირებული ხმა თავის კანდიდატს მისცა, ანუ როდის შეიძლებოდა მისთვის გასამრჯელოს გადახდა.

    მივყვეთ თავიდან, პოლიტიკური პარტიების მეთაურები არჩევნების დანიშვნამდე იჭერდნენ თადარიგს და გარკვეულ ზემოქმედებას ახდენდნენ საკანონმდებლო ორგანოზე, რათა მიაღებინონ ამა თუ იმ პარტიის (როგორც წესი, მმართველი პარტიისათვის) სასარგებლო გადაწყვეტილება საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების დროს მასში უმრავლესობის ყოლის თაობაზე, (ჩვენს პარლამენტს ამ კუთხით „ჯვარი სწერია“, რაც უნდათ, უდიდესი უმრავლესობის გამო, გარანტირებული აქვთ), რაც ძალზე აიოლებს ქვემოთ აღწერილი პროცესის განხორციელებას. არჩევნების დღეს სასარგებლო ხმების უმთავრესი  გარანტი ხდება ნამდვილი ბიულეტენის არსებობა (ე. ი., მასზე უკვე გაკეთებულია ხელმოწერები და დასმულია საარჩევნო კომისიის ბეჭედი, თუკი ამას მოითხოვდა საარჩევნო კოდექსი), წინასწარ, ყოველ საარჩევნო უბანზე თუ იქნებოდა ერთი, ან რამდენიმენამდვილი ბიულეტენი, მით უკეთესი, მაშინ შედარებით მშვიდად ხერხდებოდა ხმების `ყიდვა-გაყიდვის" პუნქტის, ან პუნქტების მოწყობა. წინასწარ შერჩეულ ამომრჩეველს საარჩევნო უბანზე  ატანდნენ შემოხაზულ ბიულეტენს, რომელსაც იგი  ცალკე ინახავდა და მიდიოდა საარჩევნო უბანზე  საკუთარი  ბიულეტენის მისაღებად. საარჩევნო უბანზე მეთვალყურეების, ზედამხედველების და ასევე კომისიის წევრების დასანახად ყველაფერი მიმდინარეობდა კანონის სრული დაცვით, დამკვირვებელი და მით უმეტეს, საერთაშორისო, დარღვევას ვერ დააფიქსირებდა, რადგან იქ ადგილზე ყველაფერი კანონის დაცვით მიმდინარეობდა. სათანადო საბუთის წარდგენის შემდეგ ამომრჩეველი იღებდა საკუთარ ბიულეტენს, რომელიც კომისიის წევრების მიერ იყო დამოწმებული, შედიოდა ინდივიდუალური ხმის მისაცემ კაბინაში და ასრულებდა ბოლო ოპერაციას. ჯიბიდან, თუ ჩანთიდან შეუმჩნევლად იღებდა „პუნქტიდან“ გატანებულ ბიულეტენს და ჩადებდა მას კონვერტში, რომელსაც ის შემდეგ საარჩევნო ყუთში აგდებდა, ხოლო ახალი ხელუხლებელი ბიულეტენი კი გამოჰქონდა უკან. სწორედ ამ პროცესის გავლის შემდეგ მიიღებდა შეპირებულ გასამრჯელოს, ხოლო მის მიერ მოტანილი ბიულეტენი თავიდან შემოიხაზებოდა და მას ახალი „კლიენტი“ წაიღებდა და ასე გრძელდებოდა ბოლომდე. ამიტომ, გამყალბებელს  რაც მეტი ექნებოდა დამოწმებული ბიულეტენების რაოდენობა, მით უფრო ოპერატიულ და შთამბეჭდავ შედეგს აჩვენებდა საღამოს. ასეთი ბიულეტენის მოპოვება შესაძლებელი იყო საარჩევნო უბანზე საკუთარი ბიულეტენის მოპარვის გზითაც, კონვერტში არ დებდნენ და ასე  გამოჰქონდათ გარეთ.

   ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი, მით უმეტეს საარჩევნო, განსახილველია დროსა და სივრცეში. საარჩევნო მარათონი მხოლოდ იმ პარტიებისა თუ პოლიტიკური გაერთიანებისათვის მთავრდება დადებითად, რომლებიც ამ სამუშაოს შეასრულებენ მოკლე დროში, შეიძლება ითქვას, რომ რაც უფრო ნაკლებია დანახარჯი, ჩვენს შემთხვევაში დრო, მით უფრო მეტია მოგება.Mმინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური ეფექტის მიღწევა ნებისმიერი საქმისათვის სასარგებლოა. ქ-ნი ლია მეზვრიშვილი ნაშრომში «ეკონომიკური სოციოლოგია» (ეკონომიკა და საზოგადოება), აღნიშნავს: „როგორც ა. ტრომპენაარი წერს, დრო შეიძლება აღთქმული იყოს, როგორც დოღი ან როგორც ცეკვა. დროისადმი ორივენაირი (თანამიმდევრობა და სინქრონულობა) მიდგომა ბიზნესის (ჩვენს შემთხვევაში – პოლიტიკის  -- ავტ.) წარმოების პროცესში ძალზე მნიშვნელოვანია, ამიტომ დროის მენეჯმენტი, როგორც თანამიმდევრული დროის კულტურა, მუშაობის პროცესის დაჩქარებას ისახავს მიზნად. სქემაში დრო, როგორც თანამიმდევრობა და დრო, როგორც სინქრონიზაცია – პირველში დრო გამოყვანილია როგორც საფრთხე, ამიტომ ის სრულად უნდა იყოს გამოყენებული, ხოლო მეორეში – დრო მეგობარია, რომელიც ციკლურად მოძრაობს და გვაძლევს შესაძლებლობას, მოვლენებს ხელმეორედ შევხედოთ. დროის ფაქტორი ნათლად ვლინდება მაშინაც კი, მაგალითად, როდესაც თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შედეგების დადგენას შევუდგებით. თუ ორი ან მეტი პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა თანაბარი აღმოჩნდება, მანდატი მიეკუთვნება იმას, რომელმაც საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად შესაბამის საოლქო კომისიაში უფრო ადრე გაიარა რეგისტრაცია.

    2003  წლის  30  სექტემბერი,  1  ოქტომბრის  გაზეთ  „ალიაში“,  #114(1482), რეზო შატაკიშვილი გვთავაზობს არჩევნების გაყალბების ტექნოლოგიას ექსკლუზიურად „ალიასათვის“ სათაურით: „როგორ აყალბებდა და როგორ იგებდა არჩევნებს სააკაშვილი?“. სტატიაში ავტორი დასაწყისშივე სვამს კითხვას - ვინ და როგორ აყალბებდა დღემდე არჩევნებს? და მოაქვს ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ ინკოგნიტო თანამებრძოლთან (ალბათ, ვისაც არ „დაუფასა“ მიხეილ სააკაშვილმა შრომა და სათანადო თანამდებობით ვერ უზრუნველყო, ანდა ბიზნესინტერესები არ დაემთხვა ერთმანეთს - ავტ.), რომელიც 1999 წელს ვაკეში მიმდინარე არჩევნების დროს მის ერთ-ერთ მარჯვენა ხელს წარმოადგენდა, წერს: „რეალურად არჩევნების გაყალბებაში ყველა ძალა მონაწილეობდა - სახელისუფლებოც და მაშინდელი ოპოზიციაც. ვინ მეტს და ვინ ნაკლებს - ეს დამოკიდებული იყო შნოზე, გავლენაზე და მარიფათზე“. შემდეგ ის საუბრობს იმ მომენტზე, როდესაც უბნებზე მოქკავშირის კანდიდატებს პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია წარადგენდა, ხოლო მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგიდანაც კი ურეკავდა შევარდნაძეს და სთხოვდა, რომ ეს ფორმალური პროცედურა უშუალოდ მას ჩაეტარებინა. ეს ასეც მოხდა თბილისობაზე, ნახევრად არაოფიციალურ ვითარებაში. სააკაშვილის შტაბის სხდომები ძალიან ხშირად იმართებოდა ვაკის იმდროინდელი გამგებლის დავით სულაძის კაბინეტში. ინფორმატორის თქმით, მერე რა, რომ საკრებულოში მისულმა სააკაშვილმა პირველად სწორედ სულაძეს გადაუტყლაშუნა მათრახი... და დასძენს, კარუსელების პარალელურად ვაკეში გაყალბება ჰოლოგრამებით ხდებოდაო და გვთავაზობს შემდეგ სქემას: 1999 წლის არჩევნებზე საარჩევნო ბიულეტენებს აკრავდნენ ჰოლოგრამებს (რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული ყალბი ბიულეტენების არსებობა ოპოზიციის ხელში და გამორიცხული ყოფილიყო მათი ჩაყრა საარჩევნო ყუთში _ ავტ.). ყველა საარჩევნო უბანს სხვადასხვანაირი ჰოლოგრამა ჰქონდა და მის გარეშე ყუთში აღმოჩენილი ბიულეტენი ბათილად ითვლებოდა, რაც საგრძნობლად აძნელებდა არჩევნების გაყალბების პროცესს. მაგრამ ხელისუფლებამ მიშა არ გაწირა (მისი მოწინააღმდეგე ბატონი დავით სალარიძე იყო, რომელმაც წინასაარჩევნოდ თავის ამომრჩევლებს უფასო ლუდის სმის კვირეული შესთავაზა - ავტ.) და მას მისცეს წინასწარ „ლევად“ დაბეჭდილი 3 ათასი ჰოლოგრამა (სხვადასხვა) უბნების მაჟორიტარული არჩევნებისათვის და ცალკე 3 ათასი - პროპორციული არჩევნებისათვის. ხელისუფლებამ ჰოლოგრამებთან ერთად „მიშას“ მომხრეებს ბეჭედდასმული ბიულეტენებიც მისცა, სადაც ეს ჰოლოგრამები უნდა დაეკრათ. ბიულეტენებში შემოხაზული იყო სააკაშვილი და მოქკავშირი, მაგრამ საჭირო იყო საუბნო კომისიის ორი წევრის ხელმოწერა, რომელიც ხორციელდებოდა სანდო წევრების მეშვეობით, საარჩევნო კომისიის შენობის გარეთ გამოყვანის შემდეგ. მაგრამ ურნებში მათ ჩასაყრელად შედიოდა რამდენიმე კაცი, ძაბავდნენ ხელოვნურად სიტუაციას, ატყდებოდა აყალ-მაყალი და ამ დროს მომენტალურად ურნებში რომელიმე პირი ყრიდა ამ ბიულეტენებს. ამ სპექტაკლის შემდეგ კომისიის სანდო წევრები ადგილზე ჟურნალში აკეთებდნენ შესაბამისი რაოდენობის ხელმოწერებს და დღის ბოლოს შესაბამისი კონტროლის დროს ყველაფერი წესრიგში აღმოჩნდებოდა და ვერც ვერავინ შეიტანდა ეჭვს მის გაყალბებაში (მსგავსი მოვლენები რომ თავიდან აეცილებინათ, აუცილებელი გახდა საარჩევნო უბანზე ერთი ოპოზიციონერი დამკვირვებლის გამოყოფა, რომელიც ცალკე აღრიცხავდა იმ ბიულეტენების რაოდენობას, რომელსაც საარჩევნო კომისია გასცემდა).

   იგივე ინფორმატორი ამტკიცებს, რომ იმ დღეს სააკაშვილის სახელით კარუსელებიც კეთდებოდა, რომლის წყალობით მიშა სააკაშვილმა 500 ხმა მიიღო, რაც შეეხება ჰოლოგრამებით გაყალბებას, იგი 2000-დან 2500-მდე მერყეობს, არადა, სააკაშვილმა სულ 1200 ხმით მოუგო არჩევნები სალარიძეს. სამწუხაროდ, ეს ინკოგნიტო ინფორმატორი არაფერს ამბობს მეორე მხარის, ოპოზიციის მიერ განხორციელებული საპასუხო ღონისძიებების შესახებ, გარდა „ალიას“ მცდელობისა, კომენტარი ეთხოვათ მიხეილ სააკაშვილისათვის, რომელმაც ეს ფაქტი უკომენტაროდ  დატოვა, ასევე დავით მუმლაძე და ლევან გაჩეჩილაძეც (შტაბის ახალი და ყოფილი თავმჯდომარე), არაფერს ამბობენ ჰოლოგრამების შესახებ, რის გამოც სრული სურათის წარმოდგენა არ შეგვიძლია.

 

    ზემოთ აღწერილი ტექნოლოგიები არასრული ჩამონათვალია იმისა, რასაც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ აქვს ადგილი და რომელსაც მივყავართ ლოგიკურ ბუნებრივ შედეგებამდე, არსებული ვითარების გამო ხალხის ძირითადი მასა უკმაყოფილოა.

 

   ლევან ოსიძე,
პოლიტიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, პროფესორი

 

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"