ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ექსპრესკომენტარი
07.09.2012
ამერიკელების წაუგებელი თამაში საქართველოში გრძელდება

ამერიკელ სენატორთა ჯგუფისა და ნატოს გენ.მდივნის თბილისში ჩამოსვლა მომავალი საპარლამენტო არჩევნების ფონზე ქართული საზოგადოებრიობის გაძლიერებულ ინტერესს იწვევს. კერძოდ, საზოგადოებას აინტერესებს: ვის დაუჭერენ მხარს ამერიკელები და მათი მოკავშირეები, ვისი ხილვა ურჩევნიათ პატარა, მაგრამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საქართველოს საჭესთან.

ევრაზიის ინსტიტუტის მიერ ადრე გავრცელებულ მასალებსა და ინტერვიუებში უკვე აღინიშნულ იქნა, რომ ამერიკელები ლავირებისათვის იტოვებენ სივრცეს, არ დებენ ფსონს მხოლოდ ერთ-ერთ მოთამაშეზე - სააკაშვილზე ან ივანიშვილზე. 2008 წლის იანვარში სულ სხვა ვითარება იყო: აშშ და მისი მოკავშირეები, დიპლომატიურად, მაგრამ სავსებით გამჭვირვალედ იკავებდნენ ცალსახა პოზიციას - მათ არ სურდათ საქართველოში ხელისუფლების შეცვლა და მხარი დაუჭირეს სააკაშვილის რეჟიმს. მაშინდელი ოპოზიცია მათთვის რიგი მიზეზების გამო მიუღებელი იყო.

ამჟამინდელი, ივანიშვილის გარშემო გაერთიანებული ოპოზიციის იმიჯი უკვე დიდი ხანია, „პროდასავლურობასთან“ (პროამერიკულობასთან) ასოცირდება (თუნდაც არა უხეში ანტირუსული რიტორიკით, როგორც სააკაშვილის შემთხვევაშია). თავად ივანიშვილი თავს „ევროპელად“ მოიაზრებს. მაგრამ ეს არასაკმარისია იმისათვის, რომ აშშ-ს ადმინისტრაციამ მოისურვოს სწორედ ივანიშვილისა და მისი მომხრეების მოსვლა ხელისუფლებაში. მით უმეტეს, რომ ამერიკელებს, უკვე 9 წელიწადია, ურთიერთობა აქვთ „ვარდების“ ხელისუფლებასთან, რომელიც კიდევ უფრო პროამერიკულია, და ოღონდ თავისი საიმედოობა დაუმტკიცოს ამერიკას, „ვარდრევოლუციონერები“ მთელი თავიანთი მმართველობის პერიოდში აშკარად საქართველოს სტრატეგიული ინტერესების წინააღმდეგ მიდიან, გამოიწვიეს რა რუსეთთან კონფრონტაცია, რამაც ჩვენს ქვეყანას არა მხოლოდ რუსული შრომისა და გასაღების ბაზარი, არამედ მოსკოვის მიერ ქართული ტერიტორიების აღიარების გზით ამ ტერიტორიების გრძელვადიანი დაკარგვა მოჰყვა.

თუმცა ამჟამად „ვარდთა“ ეს მონობაც აღარ არის საკმარისი იმისათვის, რომ აშშ-მ მათ, და მხოლოდ მათ მხარდაჭერაზე გააკეთოს აქცენტი. „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ არის ფაქტორი, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, ბოლო წლებში საქართველოში აშშ-ის წყალშეყენებული იმიჯი (ამის მიზეზი კი, არც თუ უკანასკნელ შემთხვევაში, ამერიკელების მიერ რეჟიმის ცალსახა მხარდაჭერა, სამაგიეროდ, 2008 წლის ომში ქართული ინტერესების სუსტი მხარდაჭერაა) შეიძლება, გამოკეთდეს, პოლიტიკური ვითარება კი - დაწყნარდეს. იმავე „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ სამაგიეროდ მეტყველებს  ის, რომ ივანიშვილი მაინც უფრო ევროფილია, რაც იგივე ამერიკანოფილიას არ ნიშნავს. გარდა ამისა, ივანიშვილმა თავისი ქონება რუსეთში დააგროვა, და, ასე თუ ისე, იქ აქვს კავშირები. ეს ამერიკელების სიფრთხილეს იწვევს, მათი თითქმის დაუფარავი მიზანი ხომ ორი მართლმადიდებელი ერის „ზედმეტი“ დაახლოების არდაშვებაა. სწორედ ამიტომ სენატორმა მაკკეინმა მისთვის ჩვეულ უხეშ სტილში განაცხადა თბილისში: „ივანიშვილმა თქვა, რომ რუსეთთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა და ჩვენ მის სიტყვებს ვიღებთ“ (თუმცა ივანიშვილმა ანგარიში ჩააბარა მაკკეინს, როგორ გაყიდა თავისი ბოლო რუსული ბიზნესი, მაკკეინის ფორმულირება სწორედ ამგვარი აღმოჩნდა).

იმდენად, რამდენადაც ორივეს - როგორც ივანიშვილის, ზუსტად ისევე სააკაშვილის გამარჯვების შემთხვევაში, ამერიკელებისთვის არის პლიუსებიც და მინუსებიც, ისინი უპირატესობას ანიჭებენ ისე მოიქცნენ, თითქოს მათთვის მთავარია დემოკრატია და ქართველი ხალხის ნება. ეს საკმაოდ მოსახერხებელი პოზიციაა - დააკვირდნენ, გაერკვნენ და მხოლოდ შემდეგ დაუჭირონ მხარი ორიდან ერთ ძალას, თავიანთი მხარდაჭერა კი „ხალხის ნებით“ იქნება ახსნილი (სწორედ ამიტომ მომავალი ხმის მიცემა არ არის ფარსი, ხალხმა თავისი არჩევანი უნდა გააკეთოს, ოპოზიციამ კი ეფექტურად დაიცვას ხმები თავის სასარგებლოდ; ანუ ხალხი მომავალ არჩევნებზე ყველაფერს არა, მაგრამ ბევრ რამეს წყვეტს!). იმავე მაკკეინმა ეს აზრი დაადასტურა, განაცხადა რა, რომ აშშ იხელმძღვანელებს საერთაშორისო დამკვირვებლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნით. თავისთავად ცხადია, რომ ქართულ არჩევნებს ძირითადად აკვირდებიან ამერიკელი ან ამერიკელების მიერ კონტროლირებადი სტრუქტურები. ეს დამკვირვებლები, რომლებიც უკვე იმყოფებიან საქართველოში, ჯერ-კერობით დუმილს ინარჩუნებენ წინასაარჩევნო პროცესთან დაკავშირებით. ისინი ხმას მაშინ ამოიღებენ, როდესაც მათ სიგნალს ვაშინგტონიდან მისცემენ.

სენატორმა ლიბერმანმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ „როგორიც არ უნდა იყოს ამ არჩევნების შედეგი, ეს მეგობრული ურთიერთობები გაგრძელდება“. ეს როგორც მორიგი დიპლომატიური ფრაზა, ისე ჟღერს, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ზედმიწევნით ასახავს რეალობას და აშშ-ის ადმინისტრაციის მისწრაფებებს. სენატორმა მაკკეინმა ასევე დაადასტურა: „მჭიდრო ურთიერთობა საქართველოსთან გაგრძელდება იმის მიუხედავად, ვინ გახდება აშშ-ის შემდეგი პრეზიდენტი“.

 

ამერიკული თამაში საქართველოში წაუგებელია - მანამ, სანამ რუსეთი არ გამოიღვიძებს, რომელსაც პერსპექტივაში შეუძლია, რადიკალურად შეცვალოს სიტუაცია და აჩვენოს, რომ ამერიკული გავლენა კავკასიაში დროებითი მოვლენაა და არამდგრად საფუძველს ემყარება. ამერიკელები, თავიანთი მხრივ, ყველაფერს იზამენ საიმისოდ, რომ რუსეთმა არ გამოიღვიძოს.

 

გულბაათ რცხილაძე

 

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"