ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ექსპრესკომენტარი
01.09.2012
არა მხოლოდ მიშისტები უმღვრევენ ხალხს ტვინს

ლოპოტის ხეობაში, სოფ.ლაფანყურთან 11 ბოევიკის განადგურების შემდეგ საქართველოში გაისმა „ოპოზიციური“ ხმები, რომ ბოევიკები და მუსლიმები საერთოდ, ჩვენ ამას „არ გვაპატიებენ“. ამგვარი სულისკვეთებით ისაუბრა თვით აფხაზეთში ნაომარმა გიორგი ყარყარაშვილმა, რომელმაც სხვებზე უკეთ იცის, რამდენად დაუნდობელნი არიან ბოევიკები - ჩრდილოკავკასიელი კაციჭამიები. ბუნებრივია, გასაგებია, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი სიბრიყვე - ერთის მხრივ, ემტერება რუსეთს და „მფარველობს“ ჩრდილოკავკასიელ ხალხებს, ეგრეთ წოდებული ჩერქეზთა გენოციდის აღიარების გზით მათ ისტორიაში ჩარევის ჩათვლით, მეორეს მხრივ კი იმავე რუსეთის მტერ ბოევიკებს დაარტყა. ანუ ხელისუფლებამ მოახერხა როგორც მოსკოვის, ისე მოსკოვის მტრების გადაკიდება.

მაგრამ აპრიორი არანაირად არ შეიძლება უარი ვთქვათ საქართველოს მხრიდან ჩრდილოკავკასიელ (სინამდვილეში კი - საერთაშორისო) ბოევიკების - სალაფიზმის მიმდევრების (პოპულარულ ენაზე „ვაჰაბიზმი“) წინააღმდეგ დარტყმის მიყენებაზე. როდესაც ადგილი აქვს მცდელობას, ხალხს ჩაუნერგონ აზრი, თითქოს „ჩვენ არ გვაპატიებენ“, ამის კვალიფიცირება შეიძლება, როგორც პორაჟენულობის (რუსული სიტყვიდან - пораженчество, ფრანგულად - défaitisme) და პანიკის თესვა. საქართველოს, როგორც სახელმწიფოს და ახლო მომავალში უცილობლად რუსეთის ახლო მოკავშირეს (თუკი მას გადარჩენა სურს), აქვს სრული უფლება და მოვალეცაა, წინააღმდეგობა გაუწიოს ნებისმიერი წარმოშობის ბოევიკებს, მით უმეტეს, ჩვენ გვახსოვს, რა როლი შეასრულეს ამ ბოევიკებმა მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ აფხაზეთში.

სხვა საქმეა, რომ ჩატარებული კონკრეტული „სპეცოპერაცია“ ხელისუფლებას სჭირდებოდა „შიდა მოხმარებისთვის“, არჩევნების წინ. ამ თვალსაზრისით მის მიერ ჩადენილი ქმედება დაგმობას იმსახურებს. მით უმეტეს, რომ იგივე ხელისუფლება ჩრდილოკავკასიელებს რუსეთის წინააღმდეგ აქეზებს - ავიღოთ მაგალითად, თუნდაც ტელეკომპანია „პიკ“-ის შექმნა, რომელიც თავად საქართველოში არავის აინტერესებს და არავის სჭიდება, მაგრამ მაინც ფინანსდება ქართული სახელმწიფოს მიერ, ერთი მიზნით - ანტირუსული პროპაგანდის იარაღად გამოსაყენებლად. ჩატარებული „სპეცოპერაცია“, სამწუხაროდ, არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება გონს მოეგო და ცდილობს, ჩვენს დიდ ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობების დალაგებას. ამ ხელისუფლებამ ყველა უკან მომავალი ხიდი დაწვა.

კიდევ ერთი მომენტი: საქართველოს შსს ცალყბად აცხადებს, რომ მოკლული 11 ბოევიკიდან რამოდენიმე რუსეთის მოქალაქეა. გამოდის, რომ საქმე მართლაც საერთაშორისო ბანდასთან გვაქვს, რომელშიც ზოგიერთი საქართველოს მოქალაქეც მონაწილეობდა, განსაკუთრებით, თუკი დავუჯერებთ რადიო „ობიექტივის“ სტუდიაში განხორციელებულ ამ სატელეფონო ზარს - ქალის ხმა ქართულად ამბობს, რომ საქართველოს მუსლიმები, კონკრეტულად პანკისელები, არ აპატიებენ სააკაშვილს თავიანთი ხალხის მკვლელობას. მაგრამ ქალის ხმა არ არის პანიკაში ჩავარდნის საბაბი, პირიქით, უნდა მოვეგოთ გონს და გავიგოთ, რომ საქართველო რუსეთის გვერდით უნდა იდგეს, სხვა გზა მას არ გააჩნია. თავის მხრივ, რუსეთმაც უნდა შეიგნოს საბოლოოდ, რომ საქართველოს გარეშე მისი პოზიციები კავკასიაში არასოდეს იქნება მყარი. ეს კი ნიშნავს, რომ ადრე თუ გვიან, მან უნდა გადახედოს თავის პოზიციას ქართული სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის მიმართ.

 

ევრაზიის ინსტიტუტი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"