ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
აქტუალური თემა
29.08.2012
ასე სდევნის ხელისუფლება ბიზნესმენებს

 

   მართალია, დე ფაქტო პრეზიდენტი სააკაშვილი მუდმივად აღმშენებლობაზე ლაპარაკობს, მაგრამ სინამდვილეში საქართველოში თავისუფალი ბიზნესგარემო არ არსებობს. ყველა სახის ბიზნესს ხელისუფლება ლობირებს და შესაბამისად, მხოლოდ იმ ბიზნესმენებს აძლევს გასაქანს, რომლებიც ხელისუფლების პოზიციებს იზიარებენ,  თანაც ხელისუფლების მაღალჩინოსანთა ნათესავები,  მეგობრები და ახლობლები არიან. არც წარმოება ვითარდება, რადგან მეწარმეებს, რომლებიც მთელ სარჩო-საბადებელს  აბანდებენ ბიზნესში, შეთითხნილი ან უმნიშვნელო მიზეზით აპატიმრებენ, მრავალწლიან სასჯელს უსჯიან,  ხოლო შემდეგ საპროცესო გარიგებას უდებენ  და ციხიდან გამოშვების ან მრავალწლიანი  სასჯელის ცოტათი შემცირების სანაცვლოდ  ბიზნესსაც ართმევენ და დიდ ფულსაც ახდევინებენ. ვერცერთი ბიზნესმენი, რომელმაც უარი თქვა „ნაციონალური მოძრაობის“  და მათი პროექტების ნებაყოფლობით  დაფინანსებაზე, ვერ გადაურჩა სააკაშვილის ხელისუფლების მსახვრალ კლანჭებს. ყველა მეწარმეს და ბიზნესმენს, რომელსაც თუნდაც მცირედი შემოსავალი აქვს, არაოფიციალურად ავალდებულებენ, წილი შეიტანოს „ნაციონალების“ ყულაბაში. ხელისუფლებამ თითოეული ბიზნესმენის ზუსტი შემოსავალი იცის, უკანასკნელ თეთრამდე, და თუ მათ საქმის კეთება სურთ, თუ თავისუფლების შენარჩუნება სურთ, ხარკიც უნდა გაიღონ. ეს არის ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის რეკეტი და არქიფო სეთურის ყმების არ იყოს, ხელისუფლება მათ ზუსტად იმდენს უტოვებს საკუთარი ნაშრომიდან, რომ შიმშილით სული არ ამოსძვრეთ, დანარჩენი თავისკენ მიაქვს. ასეთ სიტუაციაში, თავმოყვარე ადამიანი ალბათ საერთოდ შეწყვეტდა საქმიანობას, თუმცა ბიზნესმენთა და მეწარმეთა დიდ ნაწილს არც ამის გაკეთება შეუძლიათ, რადგან მთელი ქონება ამ ბიზნესის თუ წარმოების ამოქმედებაში ჩადეს, თანაც ბანკის ვალებიც ხომ დასაფარი აქვთ, თავისი პროცენტებით... ამიტომ ინერციით აგრძელებენ საქმიანობას და როცა განსაკუთრებული წნეხის ქვეშ მოყოლილები მცირედ პროტესტს გამოხატავენ, ციხეშიც ხვდებიან...

            ჩვენ გთავაზობთ 140-მდე სხვადასხვა დონის მეწარმისა და ბიზნესმენის სიას,რომლებიც  სწორედ ურჩობის და ხარკზე უარის თქმის გამო დაიჭირეს, თუმცა სხვადასვა მუხლით შეუთითხნეს დანაშაული. აქ ჩამოთვლილი ადამიანებიდან, ზოგი უკვე თავისუფალია, თუმცა სრულიად გაკოტრებული...უმრავლესობა კი, უკანონოდ მისჯილი სასჯელის მოხდას აგრძელებს, ძირითადად სასჯელაღსრულების N8 გლდანის, ასევე სხვა დაწესებულებებში (სია იხ. სტატიის ბოლოს).


     თუ მსჯავრდებული ბიზნესმენების დაპატიმრების საფუძვლებს გავაანალიზებთ, აღმოჩნდება, რომ ყველაზე მეტი მათგანი სისხლის სამართლის კოდექსის 210 -ე  მუხლით იხდის სასჯელს, რაც ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადებას, გასაღებას ან გამოყენებას გულისხმობს. ამის მერე, „ლიდერობს“ 194-ე მუხლი, რაც კვალიფიცირდება, როგორც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ანუ ფულის გათეთრება. ბევრი მათგანია დაპატიმრებული 180-ე მუხლის (თაღლითობა) ფარგლებში; 182-ე მუხლითაც (მითვისება ან გაფლანგვა) ბევრი იხდის სასჯელს. არიან ან  მსჯავრდებულები 223 -ე (უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა ან ხელმძღვანელობა ან და მასში მონაწილეობა) მუხლითაც, ასევე 286-ე ( ეგმ-ის სისტემის ექსპლუატაციის წესების დარღვევა) მუხლის ფარგლებში. მეწარმეთა შედარებით მცირე რაოდენობას წაყენებული აქვს 314 -ე  (ჯაშუშობა) 260-ე (ნარკოტიკთან დაკავშირებული დანაშაული ) 193-ე (ცრუ მეწარმეობა) და 214 -ე (საბაჟო წესების დარღვევა) მუხლები. ამას გარდა, სხვადასხვა მუხლებით კიდევ არიან ბიზნესმენები პატიმრობაში, ოღონდ ამ მუხლების განხილვა არ ღირს, რადგან მათ საფუძველზე თითო-ოროლა არის გასამართლებული.

         მთლიანობაში წაყენებული მუხლების ანალიზი იძლევა დასკვნის გაკეთების საფუძველს,რომ დაპატიმრებულ ბიზნესმენთა უმრავლესობას დანაშაული სინამდვილეში არ ჩაუდენიათ და შეუთითხნეს. ან ჩადენილი აქვთ ისეთი მცირე გადაცდომა, რომლისგანაც ჩვეულებრივ სიტუაციაში მოქალაქე დაზღვეული არ არის და რომ არა შურისძიების ინტერესი, ეს მცირე დანაშაული შეუმჩნეველიც კი დარჩებოდა...აღსანიშნავია, რომ მეწარმეთა და ბიზნესმენთა უმრავლესობას მისჯილი აქვს არაადეკვატურად დიდი სასჯელები იმ დანაშაულის ხარისხთან შედარებით, რომელიც მათ ჩაიდინეს ან დააბრალეს.


   ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ასეთ სიტუაციაში შეუძლებელია საქართველოში თავისუფლად განვითარდეს წარმოება და ბიზნესი. არის მოსაზრებაც, რომ ხელისუფლებას, გარკვეული გათვლების შესაბამისად, არც აწყობს საქართველოში წარმოებისა და ბიზნესის განვითარება, რადგან საქართველოს მოსახლეობის მომსახურე პერსონალად გადაქცევას ისახავს მიზნად, რაც ვერ მოხდება, თუ წარმოება ამოქმედდება და მოქალაქეებს საკუთარ ქვეყანაში ღირსეული, შრომის შესაბამისი შემოსავალი გაუჩნდებათ.

 

 

ლაშა გაბისკირია,
სპეციალურად პორტალისთვის - „პოლიტფორუმი“


გამოყენებული სურათის (კარიკატურის) წყარო.

 დაპატიმრებულ ბიზნესმენთა სია იხილეთ აქ.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"