ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ექსპრესკომენტარი
24.08.2012
სირიის გარშემო შექმნილი ვითარება და კავკასიის რეგიონი - შესაძლებელია რუსეთის სამხედრო გააქტიურება?

მ.ალექსანდროვი: „...ფასი, რომელიც დასავლეთმა სირიაზე თავდასხმის გამო შეიძლება, რომ გადაიხადოს, სამხრეთ კავკასიაზე რუსეთის სამხედრო კონტროლის აღდგენა იქნება“.

დაწვრილებით: "В случае натовского нападения на Сирию Россия может восстановить военный контроль над Южным Кавказом".

საქმე მხოლოდ მ.ალექსანდროვის მოსაზრებაში არ არის, სირიის კონფლიქტი პოტენციურად გავლენას ახდენს კავკასიის რეგიონზე, ამის შესახებ ევრაზიის ინსტიტუტი უკვე წერდა (მაგალითად, აჭარაში მზარდ თურქულ საფრთხეზე). ამიტომ კომენტარისათვის რამდენიმე ცნობილ რუს ექსპერტს მივმართეთ. კითხვა შემდეგში მდგომარეობს:

„თქვენი აზრით, შეუძლია თუ არა რუსეთს, შეეგუოს სირიაში ასადის რეჟიმის ძალისმიერ დამხობას (განსაკუთრებით დასავლეთის პირდაპირი აგრესიის შემთხვევაში), და თუ არა, შესაძლებლად მიგაჩნიათ რუსეთის მხრივ სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ, საქართველოში ძალისმიერი სცენარის განხორციელება?

 

ნიკოლაი სილაევი - ისტორიკოსი, პოლიტოლოგი, მეცნიერებათა კანდიდატი, ჟურნალ „ექსპერტის“ პოლიტიკის განყოფილების რედაქტორი, საექსპერტო ორგანიზაცია „კავკასიური თანამშრომლობის“ დამაარსებელი: „რუსეთის პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ მას არ შეუძლია ხელი შეუშალოს კანონგარეშე ძალისმიერ მოქმედებებს, მაგრამ ამასთან არ დაუშვებს, რომ აღნიშნული მოქმედებები სანქცირებულ იქნას გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით. ამგვარი პოზიცია არ ითვალისწინებს რაიმე ძალისმიერ პასუხს რუსეთის მხრიდან, სირიის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში. შეერთებული შტატების და მათი მოკავშირეების კანონგარეშე ქმედებებზე ასეთივე უკანონო პასუხი არ იქნება. ავანტიურა, რომლის მოწყობაც დასავლეთს შეუძლია, არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ჩვენც ავანტიურებში ჩავერთოთ.

სხვა საკითხია, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში მოკლებულია გააზრებულობასა და პასუხისმგებლობას. მას შეუძლია და უკვე შეძლო კიდეც, მთელი რეგიონის დესტაბილიზაცია. არსებითად, ამ ვითარებაში სარგებელს ნახულობენ არაბული მონარქიები და არაბი რადიკალი ისლამისტები. ამ ორ ძალას აშშ-ის მხარდაჭერით შეუძლია რეგიონში დარჩენილი არაკლერიკალური რეჟიმების დამხობა, მაგრამ საეჭვოა, რომ ისინი შეძლებენ ახალი სტაბილური და მშვიდობიანი წესრიგის დამყარებას. ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაცია კი კავკასიაზეც აისახება. კერძოდ, თურქეთის ზომაზე მეტი ჩართვა ახლოაღმოსავლურ საკითხებში გამოიწვევს კავკასიაში ძალთა ვაკუუმს. თუ ვის შეუძლია წარმოშობილი ვაკუუმის შევსება, ეს უკვე სხვა საკითხია“.

 

ანდრეი ეპიფანცევი - პოლიტოლოგი, მეცნიერებათა კანდიდატი, კავკასიის მკვლევარი, რადიო „გოლოს როსიის“ გადაცემის - „კავკასიური პოლიტიკა“ - წამყვანი: „სირიის შესაძლო დაცემა მტკივნეული დარტყმა იქნება რუსეთისთვის, რადგან იგი მოასწავებს კიდევ ერთი მოკავშირის ჩამოშორებას, გავლენის კიდევ უფრო მეტად შემცირებას ახლო აღმოსავლეთში, ასევე საბჭოთა დროიდან დარჩენილი ერთადერთი საზღვაო-სამხედრო ბაზის დაკარგვას. ამასთან, ამის არდაშვების შესაძლებლობები რუსეთისთვის შეზღუდულია და პრაქტიკულად ყველა ბერკეტს რუსეთი უკვე იყენებს - ასადის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების ბლოკირება საერთაშორისო დონეზე, სირიის ოპოზიციის მაქსიმალური დასუსტება, სირიის მმართველი რეჟიმის იარაღით მომარაგება, დიპლომატიური მხარდაჭერა და ა.შ. ცალკე შეიძლება გამოიყოს რუსეთს შიგნით სირიიდან მრავალრიცხოვანი ჩერქეზული, დაღესტნური, ჩეჩნური და სხვა დიასპორების რუსეთის ჩრდილო კავკასიაში ევაკუაციისადმი წინააღმდეგობის გაწევა, რადგან თავის მასაში ეს დიასპორები სირიის ამჟამინდელი რეჟიმის მხარდამჭერნი არიან და მათი ევაკუაცია იმის მანიშნებელი იქნებოდა, რომ რუსეთმა უკვე ჯვარი დაუსვა ბაშარ ასადს.

რუსეთის შესაძლებლობები ამ ღონისძიებებით ამოიწურება კიდეც, მეტის გაკეთება მას არ ძაულუძს და ამიტომ დასავლეთთან რაიმე არსებითი ხასიათის ვაჭრობაზე საუბარი ზედმეტია. სირიაში დასავლეთის ქვეყნების პირდაპირი ძალისმიერი ჩარევის შემთხვევაში, მაქსიმუმი, რის გაკეთებაც მოსკოვს შეუძლია, არის გაეროს უშიშროების საბჭოში მისი დაბლოკვა, მისი ვეტოს დარღვევაზე დიდ ხანს აღშფოთება და შემდეგ ნატოსთან ურთიერთობების სტატუსის დროებითი დაქვეითება.

გარდა ამისა, თუკი ასეთი ჩარევა მოხდება, შეიძლება ველოდოთ, რომ კონფლიქტის სამხედრო ფაზა დიდ ხანს საერთოდ არ გაგრძელდება და რუსეთი ვერაფრის გაკეთებას მოასწრებს. ამიტომ მე არ ვეთანხმები კოლეგა მიხეილ ალექსანდროვს მის შეფასებაში, რომ რუსეთის მხრიდან მოსალოდნელია ძალისმიერი გააქტიურება სირიის მოვლენების აქტივიზაციის პროცესთან ერთად. მაგრამ!

სავსებით სხვა სიტუაცია იკვეთება ირანის საკითხთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში ყველა დაინტერესებულ მხარეს ბევრად მეტი აქვს დასაკარგავი. აშკარაა, რომ დასავლეთი ირანით დაკავდება მხოლოდ სირიის საკითხის გადაჭრის შემდეგ - ომის ერთდროულად წარმოება ორი მიმართულებით, განსაკუთრებით აშშ-ში საარჩევნო კამპანიის გათვალისწინებით, შეუძლებელია. თუკი დასავლეთი მაინც გადაწყვეტს ირანის წინააღმდეგ აგრესიას, მაშინ ძალზე გაიზრდება ალიანსებისა და წინასაომარი ვაჭრობის როლი. ამ თვალსაზრისით იზრდება რუსეთის, და არა მხოლოდ რუსეთის, არამედ, თუნდაც აზერბაიჯანის გავლენა და ფასი, როგორც ირანის ოპერაციის წარმატებაზე უშუალოდ გავლენის მქონე ქვეყნებისა. საუბარი გვაქვს ერაყის მსგავს გრძელვადიან სახმელეთო ოპერაციაზე, და არა საჰაერო დარტყმაზე, რომელიც არაფერს მოიტანს.

ასეთ პირობებში არაფრით არ შეიძლება დასავლეთის მხრიდან რუსეთთან ვაჭრობის ელემენტების გამორიცხვა, ისევე, როგორც აზერბაიჯანთან. რუსეთთან ვაჭრობის საგნად შეიძლება, იქცეს საქართველო, აზერბაიჯანთან - ყარაბაღი. მიახლოებითი ფორმულა, შესაძლოა, ასე ჟღერდეს: „თქვენ - მოსკოვი - არ შეეწინააღმდეგებით ირანში ჩვენს შეჭრას დიპლომატიურად და არ მიაწოდებთ თეირანს რაიმე სახის შეიარაღებას, რომელიც ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენს, სამაგიეროდ, ჩვენ თვალს დავხუჭავთ საქართველოს წინააღმდეგ ელვისებურ ოპერაციაზე მაშინ, როდესაც ირანში ჩვენი შეჭრა აქტიურ ფაზაში შევა“. რუსეთის ოპერაციის სისწრაფე შესაძლოა, მეტად მნიშვნელოვან ფაქტორად იქცეს, რადგან იდეალურ ვარიანტში იგი ისე უნდა განხორციელდეს, რომ ვაშინგტონს, ბრიუსელსა და თელ-ავივს სახე შეუნარჩუნდეს, მათ უნდა მიეცეთ საშუალება, განაცხადონ, რომ მათ არაფრის გაკეთება შეეძლოთ, რადგან ხელები ჰქონდათ დაბმული ოპერაციის აქტიური ფაზით, ხოლო როცა ამ ფაზამ გაიარა, საქართველოში ყველაფერი დასრულებული იყო.

ამ თვალსაზრისითვე აზერბაიჯანთან ყარაბაღის გარშემო ვაჭრობის გამართვის შესაძლებლობა ბევრად ნაკლებია, რადგან ცხადია, რომ დაინტერესებულ მხარეთა პოტენციალი ერთმანეთთან ფარდობაშია და ელვისებური ოპერაცია აზერბაიჯანს არ გამოუვა, შესაბამისად, დასავლური საზოგადოებრიობა, ასე თუ ისე, აღმოჩნდება განახლებული კონფლიქტის წინაშე, ირანში ოპერაციის აქტიური ფაზის დასრულების შემდეგ.

ამრიგად, თეორიული თვალსაზრისით, ხაზს ვუსვამ - თეორიულს, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ძალისმიერი ქმედებების დაწყება რეგიონში დიდი ომის გაჩაღების შემთხვევაში, არსებობს.

დიდწილად იგი განპირობებულია არა მომენტის „ხელსაყრელობით“ - რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებით და დასავლეთისთვის ირანის საკითხში მისი ფასეულობით, საქართველოს ფასეულობასთან შედარებით, არამედ იმ არასტაბილური მდგომარეობით, რომელიც ჩამოყალიბდა 2008 წლის 8 აგვისტოს შემდეგ.

აუცილებელია ვაღიაროთ, რომ ვერც ერთმა მხარემ - ვერც რუსეთმა და ვერც საქართველომ - კონფლიქტის შედეგად ვერ მიიღო სასურველი შედეგი და უკმაყოფილო დარჩა. საქართველომ წააგო ომი, „მიაღწია“ რუსეთის და კიდევ რამდენიმე სახელმწიფოს  მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას, და როგორც ჩანს, განხილვას დაქვემდებარებულ მომავალში მან დაკარგა ეს ტერიტორიები. რუსეთმა ვერ შეძლო თავისი სამხედრო წარმატების გამყარება საერთაშორისო არენაზე, და ომის შემდეგ აშშ-სკენ საქართველოს კიდევ უფრო მეტად გადახრის გათვალისწინებით, თავის საზღვრებთან მიიღო კიდევ უფრო შეურიგებელი და პრობლემების შემქმნელი მოწინააღმდეგე, ვიდრე უწინ ჰყავდა. საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ხელისუფლების მეტად აგრესიული ანტირუსული პოლიტიკის გამო, რუსეთის გარკვეულ წრეებში ძლიერდება განცდა, რომ ტანკების ნებაყოფლობითი შეჩერება თბილისიდან 60 კმ დაშორებით, 2008 წელს, შეცდომა იყო და ჩრდილო კავკასიაში მოსკოვის გარკვეული პრობლემების ფესვი მახაჩყალაში, ნალჩიკსა და მაიკოპში კი არა, თბილისშია საძებარი, რაც იწვევს ამ საკითხის „ადგილზე“ მოგვარების სურვილს.

პოლიტიკური თეორიიდან გამომდინარე, მოცემული მდგომარეობა მეტად არამდგრადია და ისარი ადრე თუ გვიან, რომელიმე მხარეს უნდა გადაიხაროს. ამ „გადახრის“ პროცესის დაჩქარება ბევრ ფაქტორს შეუძლია, მაგრამ რეგიონში შესაბამისი გარემოს შექმნა, საამისოდ უმთავრესია.

კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ წარმოდგენილი მოსაზრებანი უფრო გარკვეული გონების ვარჯიშია, სიტუაციის გარშემო თეორიული მსჯელობით და კონკრეტულ დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემით. რეალობა ბევრად უფრო მრავალწახნაგოვანია და სრულყოფილი ანალიზის გაკეთების შემთხვევაში აუცილებელი იქნება მხედველობაში იქნას მიღებული სხვა ფაქტორების მთელი რიგი, მაგალითად, ის მდგომარეობა, რომელიც შეიძლება შეიქმნას სომხეთში ანტიირანული კოალიციის აუცილებელი გამარჯვების შემთხვევაში და ა.შ., მაგრამ ეს საკუთრივ ანალიზს კიდევ უფრო ართულებს, თუმცა არც იმ თეორიული შესაძლებლობების რეალიზებას გამორიცხავს, რომლებიც ზემოთ იქნა წარმოდგენილი“.

 

ანდრეი არეშევი - პოლიტოლოგი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის წამყვანი ექსპერტი სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების საკითხებში, საიტის kavkazoved.info მთავარი რედაქტორი, რამდენიმე წლის განმავლობაში ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია „სტრატეგიული კულტურის ფონდის“ გამგეობის წევრი: ჩემი აზრით, რუსეთი სირიის წინააღმდეგ წარმოებულ აგრესიულ ქმედებებს პირველ რიგში პოლიტიკურ-დიპლომატიური საშუალებებით შეეწინააღმდეგება. გამორიცხული არ არის ეკონომიკური და მატერიალური დახმარების ფორმებიც. უნდა აღინიშნოს, რომ სირია არ არის რუსეთის შეიარაღებათა მსხვილი მყიდველი, და ამ ქვეყანისათან თანამედროვე თავდაცვით შეიარაღებათა მიწოდების თაობაზე დადებული ყველა კონტრაქტი რომ შესრულებულიყო, ბ-ნი ობამას მიერ ახლახანს ღიად გაცხადებული აგრესია პრინციპში გამორიცხული იქნებოდა. სირიის, შემდეგ კი ირანის გარშემო დაპირისპირების გაძლიერება აუცილებლად შეეხება კავკასიის რეგიონსაც, ამ შემთხვევაში რუსეთს მოუწევს უსიამოვნო შედეგებთან შეჯახება. როგორც ცნობილია, სამხრეთ ოსეთში მომხდარ მოვლენებამდე რუსეთის გენერალურმა შტაბმა შეიმუშავა შესაბამისი გეგმა, რომლის ხსენებამაც მე მომიწია, ხოლო მისი არსებობა კიდევ ერთხელ დადასტურდა ინტერნეტში გამოჩენილ გახმაურებულ ფილმში - „დაკარგული დღე“.

აშკარაა, რომ შეუძლებელია, არ მუშავდებოდეს შესაბამისი გეგმები ირანის გარშემო შექმნილი ფეთქებადსაშიში სიტუაციის გამო. მაგრამ რუსეთის შესაძლო ქმედებები თავის სამხრეთ საზღვრებთან აუცილებლად შეეჯახება აშშ-ის აქტიურ წინააღმდეგობას, რომელმაც ბოლო წლებში საკუთარი პოზიციები გააძლიერა საქართველოში, და, როგორც ჩანს, აზერბაიჯანში. რუსეთის არმიის რეფორმირებასთან და მთლიანობაში სახელმწიფოს სამხედრო მოწყობასთან დაკავშირებული პრობლემების გათვალისწინებით, რაიმე აშკარად კონფრონტაციული სცენარის პრაქტიკული რეალიზაცია რუსეთისთვის უკიდურესად არასასურველი ჩანს. იმისათვის, რომ ვითარება არ მივიდეს ღია სამხედრო დაპირისპირებამდე, აუცილებელია მსხვილ რეგიონულ სახელმწიფოთა კავშირი, ურთიერთნდობაზე დამყარებული. ეს სახელმწიფოები სისხლხორცეულად არიან დაინტერესებულნი რეგიონში მოვლენების სტაბილური განვითარებით. ამ შემთხვევაში თვით ის ქვეყნებიც, რომლებიც ჯერ უფრო ვაშინგტონის მითითებებს უგდებენ ყურს, შეცვლიან თავიანთ პოზიციას უფრო მეტი დაფიქრებულობის სასარგებლოდ.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"