ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
აქტუალური თემა
23.08.2012
ცხინვალიდან დევნილების თავშესაფარზე „გაკეთებული“ მილიონები

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის  (UNCHR)  მონაცემებით, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაახლოებით 134 000 ადამიანი დარჩა უსახლკაროდ და დევნილად იქცა საკუთარ ქვეყანაში. დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფის შესახებ სახელმწიფო პროგრამის განხორციელების მიზნით საქართველოსთვის ფინანსური დახმარება არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ და ქვეყანამ გამოყო. აღნიშნული თანხა უმეტესწილად დევნილთა დროებითი საცხოვრებელი ფართების მშენებლობისათვის დაიხარჯა.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2008 წელს შიდა ქართლის მასშტაბით 1263 კოტეჯის მშენებლობა განახორციელა. სამუშაოების მთლიანმა ღირებულებამ 34 316 900 ლარი შეადგინა. ერთი კოტეჯის საშუალო ღირებულებამ _ 27 200 ლარი.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ფონდის საქმიანობის აუდიტორული შემოწმების შემდეგ ამ პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკის მიერ ანაზღაურდა 6.5 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების, ხოლო ევროკავშირის მიერ 10.5 მლნ ევროს ღირებულების სამუშაოები.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის #563 გადაწყვეტილების შესაბამისად, სამუშაოთა მაქსიმალურად მოკლე ვადაში შესრულების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო შესყიდვები ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელდა.

შიდა ქართლის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი დევნილთა ჩასახლება გორის რაიონის სოფ. კარალეთის ტერიტორიაზეა. აღნიშნულ ჩასახლებაში სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდნენ შემდეგი კომპანიები: შპს `პლანეტა~ (158 სახლი _ მთლიანი საკონტრაქტო ღირებულება 4 148 668.16 ლარი), შპს `ბლოკ ჯორჯია~ (160 სახლი _ საკონტრაქტო ღირებულება 4 201 203.20 ლარი) და შპს `აკსმშენი~ (162 სახლი _ საკონტრაქტო ღირებულება 4 253 718.24 ლარი). მშენებელი კომპანიისათვის სამუშაო ანაზღაურდა დღიური სამუშაოების ხელმოწერილი ფორმების საფუძველზე.

თავდაპირველად  მშენებელმა კომპანიებმა მიიღეს ავანსი _კონტრაქტის ღირებულების 50%, ერთი თვის შემდეგ _ 25%, კონტრაქტის დასრულების შემდეგ კი _ დარჩენილი 25%.

   კარალეთის ტერიტორიაზე  სულ 480 კოტეჯი აშენდა, თუმცა სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებული პირები ამანაც ვერ უზრუნველყო ელემენტარული საცხოვრებელი პირობებით. აღნიშნული მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში წლების განმავლობაში არაერთხელ მოხვდა. სახელმწიფოსა და მშენებელ კომპანიებს შორის დადებულ ხელშეკრულებაში დეტალურად იყო აღწერილი რა, როგორ და რა ხარისხის მასალით უნდა აშენებულიყო, ამავე ხელშეკრულებებში მითითებულია სამშენებლო მასალების დეტალური ხარჯთაღრიცხვა, თუმცა მშენებლობაზე გამოყენებული მასალისა და კომპანიების მიერ წარმოებული სამუშაოების ხარისხი დღემდე სადაო საკითხია.

 

მარიამ გიუნაშვილი _ დევნილი: `ყველა არასპეციალისტი კოტეჯების მშენებლობაზე იყო დასაქმებული, კედლებიდან ბათქაში ცვიოდა, სახურავიდან წყალი ჩამოდიოდა, იატაკიდან მატლები ამოდიოდა, სახლში ყველაფერი გვიობდებოდა.~

მარიამ გუგუტიშვილი  _  დევნილი: `როდესაც კოტეჯებში შემოგვასახლეს, უკვე დაზიანებული იყო, როგორც გარეთ, სახლშიც ისე წვიმდა. ხის ავეჯი დაგვილპა, იატაკიდან ნესტი ამოდიოდა, სველ საწოლში გვეძინა. ჯანმრთელობა აღარ შეგვრჩა.~

ნუგზარ ოთინაშვილი _ დევნილი:  `ჩვენი პრობლემების თავი და თავი დასაქმება იყო, არის და იქნება. მე ხელოსანი ვარ, მანქანების შეკეთება შემიძლია. იმჟამინდელი პრემიერმინისტრის დახმარებით სამუშაო იარაღები შევიძინე, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი, ჩემი სახსრებით ყიდვის საშუალება ნამდვილად არ მქონდა, მაგრამ იმდენად მცირე შემოსავალი მაქვს, რომ ეს ყოველდღიურ ხარჯებსაც არ ყოფნის. დევნილთა დასახლებაში ხელოსანს ვინ დაუწყებს ძებნას?!~

ზური მაისურაძე _ დევნილი: `კაპიკად არ ვარგოდა ეს კოტეჯები. იატაკი მიწაზე იყო დაგებული, რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო ფართოვდებოდა ფიცრებს შორის მანძილი. თავისუფლად ჩაიხედებოდი ფიცრებს შორის და დაინახავდით, რომ ქვეშ ბეტონიც არ იყო დასხმული. მოდიოდნენ მშენებლები, აუვლიდნენ და ჩაუვლიდნენ კოტეჯებს, მაგრამ არავინ არაფერს აკეთებდა.

კოტეჯში რომ დავსახლდი, სახლში ყველა კარი ჩამოვარდნილი იყო. როგორც მოვახერხე, მე თვითონ გავამაგრე ისინი, თორემ ნებისმიერ წუთს შეიძლებოდა შემთხვევით ვინმეს დასცემოდა. ის ტექნიკა, რომელიც შემოსახლების დროს აქ დაგვახვედრეს, წყობიდან რამდენიმე კვირაში გამოვიდა. ჭის ამოთხრა დავიწყე  და 40 სანტიმეტრის სიღრმეზე წყალი ამოვიდა. სათლი არც არის საჭირო, ხელითაც შესაძლებელია წყლის ამოღება.~

ავთანდილ მაისურაძე _ დევნილი:  `გაუსაძლისი პირობები იყო. იატაკზე იმხელა ხანები გაკეთდა, რომ სახლში ბალახები ჭერამდე იზრდებოდა, თაგვების დაჭერას ხომ ვეღარც ავდიოდით! დენის გაყვანილობაც ღიად იყო დარჩენილი. არავითარი დამცავი საშუალება არ გააჩნდა.~

კახა ხეთაგური _ დევნილი:  `ვითხოვდით კოტეჯების შეკეთებას, კი მოდიოდნენ  სამშენებლო კომპანიის თანამშრომლები და ზოგიერთი კოტეჯის სახურავიც შეაკეთეს, მაგრამ მოვიდა წვიმა და ისევ ანალოგიურად განმეორდა ყველეფერი,  ჩვენს კოტეჯებშიც გაწვიმდა. როგორ უხარისხოდაც ააშენეს, ისე უხარისხოდ აწარმოებდნენ მის შეკეთებას.~

ნანა კორინთელი _ დევნილი: `გამათბობელიდან გაზი ჟონავდა. როდესაც მისი გამოყენება დავიწყეთ თავდაპირველად, რამდენიმე კვირაში დაზიანდა. რამის გავიგუდეთ. ჩემი შვილი გაზით მოწამლული გავაქანეთ საავადმყოფოში...

ჩემს შვილს კალამი რომ დაუვარდებოდა იატაკზე, ვეღარ ვპოულობდით, იატაკის ქვეშ ვარდებოდა. იატაკი, ჭერი, კედლები, კარები, ფანჯრები, ტექნიკა, ავეჯი _ ყველაფერი დაზიანებული იყო. ეს არის ამათი 38 ათასი ლარის ღირებულების ქონება? ის ფული ჩემთვის რომ მოეცათ, ბინასაც ვიყიდიდი და ავეჯსაც!

რომ გვასახლებდნენ კოტეჯებში, მშენებლებმა ხელი რაღაც საბუთზე მოგვაწერინეს. იმ საბუთის მიხედვით, ამ კოტეჯის ღირებულება 38 ათას ლარს შეადგენდა. გვითხრეს, ახლა უბრალოდ დროში ვეღარ ვეტევით და მოგვიანებით ყველაფერს კაპიტალურად გავაკეთებთო, პარკეტსაც დავაგებთ და სხვა დანარჩენ სამუშაოებსაც დავასრულებთო, მაგრამ აქ დაპირების შესასრულებლად დიდხანს არავინ გამოჩენილა. როდესაც ჩვენ დაპირების შეხსენებისათვის მივმართეთ მშენებლებს, მათ გვაჩვენეს ჩვენ მიერ ხელმოწერილი საბუთები, სადაც ეწერა, რომ კოტეჯები იდეალურ მდგომარეობაში ჩავიბარეთ. რაღას თხოულობთო?!_გვითხრეს. მე პირადად, ის საბუთები თვალითაც არ მქონდა ნანახი და საიდან გაჩნდა იქ ხელმოწერა, წარმოდგენა არ მაქვს.~

არც სამშენებლო კომპანიების და არც სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები ხსენებულ ხელმოწერებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით,  დევნილი მოსახლეობის მიერ დასახელებული ხარვეზები 2010 წლის განმავლობაში განხორციელებულ ცალკე პროექტის ფარგლებში უნდა აღმოფხვრილიყო, თუმცა საყურადღებოა, რომ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ სამშენებლო კომპანიებთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით, გათვალისწინებული იყო სამუშაოების დასრულებიდან 1 წლიანი `დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდი~.  აღნიშნულის მიხედვით, თუ დევნილთა საცხოვრებელ ფართში 1 წლის განმავლობაში ტექნიკური წუნი აღმოჩნდებოდა, არსებული ხარვეზი თავად მშენებელ კომპანიას უსასყიდლოდ უნდა გამოესწორებინა. დევნილთა უმეტესობას ინფორმაცია არ ჰქონდა ხელშეკრულებიდან გამომდინარე  დეფექტებზე  პასუხისმგებლობის 365 დღიან პერიოდზე და შესაბამისად არ მოუთხოვიათ ხარვეზების გამოსწორების დაკისრება მშენებელი კომპანიებისათვის.

  ქეთევან ბებიაშვილი _ `საიას~ გორის ოფისის თავმჯდომარე: `ერთი წლის განმავლობაში, სამშენებლო კომპანიებმა რომლებმაც თავდაპირველად ააშენეს აღნიშნული კოტეჯები, სრულად არ განახორციელეს და იკისრეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, იმიტომ რომ არ მოახდინეს სათანადო რეაბილიტაცია ხარვეზების,  რაც იცოდნენ რომ აუცილებლად იქნებოდა და ეს პირობა იყო ერთი წლის განმავლობაში. ფაქტობრივად 2009 წლის განმავლობაში კოტეჯები უნდა ყოფილიყო ისევ რეაბილიტირებული იმ სახელშეკრულებო თანხის ფარგლებში, რომელიც თავდაპირველად გაფორმდა სამშენებლო კომპანიებთან და ის დანახარჯი შესაძლებელია არც ყოფილიყო საჭირო რაც 2010 წლის განმავლობაში განხორციელდა, მაგრამ ის პირველი პირობა არ იყო შესრულებული და შესაბამისად გახდა საჭირო რეაბილიტაციის მეორე ეტაპი.~

საქართველოს მუნიციპალური ფონდის აღმასრულებელი დირექტორის _ კონსტანტინე მგელაძის ინფორმაციით,  2009 წელს ფონდმა განახორციელა შესრულებული სამშენებლო სამუშაოების დათვალიერება-ინვენტარიზაცია და გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების შესაბამისად, შემსრულებელმა ორგანიზაციებმა მოახდინეს მათი მიზეზით წარმოქმნილი დეფექტების აღმოფხვრა. არ განხორციელებულა შიდა კედლების, ჭერის და იატაკის დეფექტების გამოსწორება, რომლებიც გამოწვეული იყო სამუშაოების არაშესაბამის კლიმატურ პირობებში ფორსირებულად ჩატარების გამო. დეფექტების აღმოფხვრის დამადასტურებელი აქტები ხელმოწერილია კომპაქტურ დასახლებებში განთავსებული ოჯახების წარმომადგენლების მიერ.

ოფიციალური ინფორმაციით, 2010 წელს განხორციელებული კოტეჯების  სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად საქართველოს სახელმწიფომ კრედიტი საერთაშორისო განვითარების ასოციაციისაგან აიღო. ქეთევან ბებიაშვილის განმარტებით, აღნიშნული თანხა არის სესხი, რომელიც სახელმწიფომ უკან უნდა დააბრუნოს. რეაბილიტაციის პროცესი 2010 წლის სექტემბერში დაიწყო და წლის ბოლომდე დასრულდა.

რობიზონ მიდოდაშვილი _ დევნილი: `რემონტები გააკეთეს 2010 წლის შემოდგომაზე. თხელი კედლებია, ნახევარ ბლოკზეა აშენებული ბინები, რომ დაასრულეს რემონტი, კედლები  ერთ კვირაში ისევ დაობდა, ვწმენდავდით, ხელმეორედ ობდებოდა და ფაქტობრივად აზრი არ ჰქონდა რეაბილიტაციის ჩატარებას. ხალხსაც მოგვწყინდა უკვე ეს ყველაფერი.~

დემურ ვახტანგაშვილი _ დევნილი: `მე ასე მახსოვს რომ ჩემს კოტეჯში დეკემბრის თვეში დაიწყეს რეაბილიტაცია. თითქმის ერთ თვეს მოუნდნენ რემონტის გაკეთებას. ხან ნახევარი დღე მოდიოდნენ, ხან მთელი დღე, ხან 2 საათი მუშაობდნენ...~

როგორც მედიასაშუალებებში გაჟღერდა, ერთი კოტეჯის რეაბილიტაციის საშუალო ღირებულება 4-დან 8-ათას ლარამდე მერყეობდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კოტეჯების საერთო ღირებულებამ იმ დროისათვის საშუალოდ 34 ათას ლარს მიაღწია, თუმცა დევნილთა თქმით სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებამაც ვერ უზრუნველყო ისინი ელემენტარული საცხოვრებელი პირობებით.

ქეთევან ბებიაშვილი _ `საიას~ გორის ოფისის თავმჯდომარე: `კოტეჯების რეაბილიტაციის მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ ფაქტობრივად არ მომხდარა დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, ვინაიდან კვლავ აღინიშნებოდა ტექნიკური ხასიათის გარკვეული დეფექტები, რაც შესაბამისად საჭიროებდა გამოსწორებას. როგორც ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით მუნიციპალური განვითარების ფონდში გვიპასუხეს,  ხელახლა უნდა მომხდარიყო კიდევ ერთი ეტაპის დაწყება, რა დროსაც უნდა მომხდარიყო გარე  ფასადის მოპირკეთება იმდაგვარად,  რომ სინესტე აღარ ჰქონოდა საცხოვრებელ ფართს. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის კიდევ ერთი არამიზნობრივი ხარჯი. ეს თანხა შეიძლებოდა სხვა პრობლემების მოსაგვარებლად ყოფილიყო მიმართული, იმიტომ, რომ დევნილებს ამასთან ერთად სხვა ბევრი პრობლემაც აქვთ. იმ ეტაპზე, მათთვის უპირველესი პრობლემა გახდა საცხოვრებელი პირობების შექმნა და ეს ასე არ მოხდებოდა, წინა პროექტი სწორად რომ შესრულებულიყო _ კოტეჯების მშენებლობის დროს ზედამხედველობა და მონიტორინგი რომ განხორციელებულიყო სამშენებლო კომპანიების მიმართ, ეს ფაქტები არ იქნებოდა დაფიქსირებული.~

ნინო ვახტანგაშვილი _ დევნილი: `ჩემს ბინაში ახლა მესამედ აკეთებენ რემონტს. ასე თქვეს სინესტე აღარ იქნებაო, მაგრამ რა ვიცი, ადრეც თქვეს ყველა პრობლემა მოგეხსნებათო,  თუმცა რეალურად სულ ტყუილად ვატარეთ აქეთ-იქით ავეჯი. დავბინავდით და ისევ დაობდა ყველაფერი.~

ნიკოლოზ ოქროპირიძე _ დევნილი: `მე ყველაფრით კმაყოფილი ვარ, ახლა კიდევ შეარემონტეს ჩემი კოტეჯი, ვინც ამ მთავრობის უკმაყოფილოა, ყველა ინტრიგანია!~

თამარ მთვარელიძე _ დევნილი: `რამდენი რეაბილიტაციაც არ უნდა ჩაუტარონ შენობებს, მაინტერესებს იმას რას მოუხერხებენ წყალში რომ ვდგავართ? წყალი საძირკვლიდან ამოდის პირდაპირ. ჭაობია აქ, აქ როგორ შეიძლება ადამიანმა იცხოვროს, ჯანმრთელობის შენარჩუნება მაინც არ გვინდა ხალხს?~

ხშირად მახვილდება კომპეტენტირი საზოგადოების ყურადღება იმაზე, რომ არ მომხდარა იმ რეკომენდაციების გათვალისწინება,  რომელიც კარალეთის (და არა მარტო კარალეთის) ტერიტორიის გეოლოგიური გამოკვლევის შემდეგ ს.ს `საქქალაქმშენპროექტის~ სპეციალისტების მიერ დაიდო.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში კარალეთის დევნილთა ჩასახლების ტერიტორიის გეოლოგიური გამოკვლევის შემდეგ მომზადებულ დასკვნაში ვკითხულობთ:

`კარალეთის ტერიტორიის აღმოსავლეთით მდებარე ზოლში _ ცალკეულ ადგილებში  გავრცელებულია ჭაობის მცენარეები, რაც მიანიშნებს წყალუხვობის პერიოდში ამ უბნებზე წყლის დონეების აწევას მიწის ზედაპირამდე...~

რეკომენდაციის სახით ნათქვამია:

`გრუნტის წყლების მაღალი დონეებისა და ტერიტორიის დატბორვის საშიშროებიდან გამომდინარე აუცილებელ პირობას წარმოადგენს სადრენაჟო სისტემის მოწყობა, რომელიც გამორიცხავს ტერიტორიაზე გრუნტის წყლების დონეების აწევას და მისი დატბორვის შესაძლებლობებს...~

იძულებით გადაადგილებული პირების კოტეჯების მშენებლობისათვის გამოყოფილი ტერიტორიის საინჟინრო გეოლოგიური პირობების შემცველი დოკუმენტების ასლებში ხელს `საქქალაქმშენპროექტის~ სპეციალისტები აწერენ, თუმცა დოკუმენტში არ არის მითითებული შექმნისა და ხელმოწერის თარიღი. მის შესავალ ნაწილში მითითებულია მხოლოდ საინჟინრო გეოლოგიური კვლევის ჩატარების პერიოდი _ 2008 წლის სექტემბერი. აღნიშნული ხელშეკრულება სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და სს `საქქალაქმშენპროექტს~ შორის 2008 წლის 18 სექტემბერს გაფორმდა. სამუშაოების დაწყების თარიღად მითითებულია 18 სექტემბერი, დასრულების თარიღად კი 20 ოქტომბერი განისაზღვრა. მიღება-ჩაბარების აქტი 24 ოქტომბერს არის გაფორმებული.

როგორც ჩანს, აღნიშნული კვლევები დაიწყო არა სამშენებლო სამუშაოების დაწყების წინ, არამედ მის შემდეგ, რადგან ობიექტზე შესვლის თარიღად კარალეთის ჩასახლებაში მომუშავე მშენებელ კომპანიასთან დადებულ ხელშეკრულებაში მითითებულია 17 სექტემბერი. აღნიშნულიდან გამომდინარე ეჭვს ბადებს, რომ იგი  ნამდვილად იყო რაიმე შედეგზე ორიენტირებული და არ ჰქონდა მხოლოდ ფორმალური სახე. ფაქტობრივად, კოტეჯების მშენებლობა და იმ ტერიტორიის გეოლოგიური კვლევა, სადაც საცხოვრებელი სახლები შენდებოდა, ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობდა. ამ რეკომენდაციების გათვალისწინება, ფაქტობრივად, არ მომხდარა.

დევნილების საცხოვრებელი კოტეჯების პრივატიზაციის პროცესი უკვე დაწყებულია. საცხოვრებელი ფართი იძულებით გადაადგილებულ პირთა უმეტესობამ იკვე დაიკანონა. ამონარიდი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლის, მანანა ჭამპურიძის ინტერვიუდან:

` ... პრივატიზაცია არის ნებაყოფლობითი პროცესი. თითოეულ ოჯახს აქვს უფლება დაიკანონოს ან უარი თქვას საცხოვრებელ ფართზე, ამ შემთხვევაში იმ კოტეჯზე, რომელშიც მას უწევს ცხოვრება. სახელმწიფო, როგორც დევნილს, რა თქმა უნდა, დაეხმარება, მაგრამ კოტეჯის კერძო მესაკუთრე უკვე თვითონაა და თვითონ უფრო მჯეტი უნდა გააკეთონ მისთვის... ~

აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო სტრატეგია ცალსახად გულისხმობს, რომ ყველა დევნილი უნდა იყოს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილი _ იგულისხმება როგორც აფხაზეთიდან, ისე 2008 წლის აგვიოსტოს ომის შედეგად ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებული პირები. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი,  კოტეჯებში ჩასახლებული დევნილები ხელშეკრულებას სახელმწიფოსთან აფორმებენ, რომლის ფარგლებშიც დევნილებს პრივატიზებული საცხოვრებელი ფართების გაყიდვა მხოლოდ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან შეთანხმების შემდეგ შეეძლებათ.

 

ლედი ოქროპირიძე,
სპეციალურად პორტალისთვის - „პოლიტფორუმი“
თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"