ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
მსოფლიო
22.08.2012
გამოიყენებს აშშ-ი დიდი სიზუსტის სუპერბომბს ირანის წინააღმდეგ?

სულ ახლახანს აშშ-ი გამოსცადეს დიდი სიზუსტის სუპერბომბი Massive Ordinance Penetrator. ბომბი გამიზნულია მიწის სიღრმეში განლაგებული სამხედრო ობიექტების განადგურებისთვის. ბომბი შეიცავს ორნახევარ ტონა ასაფეთქებელს, რაც აძლევს მას საშუალებას, გაანგრიოს 60 მეტრი სისქის არმირებული ბეტონი.

ბომბი - 13.6 ტონაა. ვაშინგტონის გათვლით, ბომბი შეიძლება გამოყენებული იქნას ირანის ბირთვული ობიექტების გასანადგურებლად, რომლებიც მდებარეობენ ღრმად მიწის წიაღში. ასე, რომ ირანი ვერ შეძლებს ბირთვული ობიექტების საიმედო დაცვას. ყველაფერი დამოკიდებული იქნება გრუნტის სიმყარეზე.

ამ ბომბის დასამზადებლად პენტაგონმა 330 მილიონი დოლარი დახარჯა. ბომბის სერიოზული გამოცდა ირანის ბირთვულ ობიექტებზე მოხდება, ცხადია, თუ ვაშინგტონი გადაწყვეტს ირანის ბირთვული პროგრამის ძალისმიერი გზით მოგვარებას. არსებული მდგომარეობით, ირანის პოზიცია უცვლელია. ის აგრძელებს ურანის გამდიდრებაზე მუშაობას, მიუხედავად მძიმე ეკონომიკური სანქციებისა, რომელიც აშშ-ა და მისმა მოკავშირეებმა დაუწესეს ირანს.

ეკონომიკურმა სანქციებმა სერიოზულად შეარყია ირანის ეკონომიკა, მაგრამ ვერ გატეხა ირანელთა სული - ბირთვული კვლევების წარმოებაში. ირანი მეტ-ნაკლებად იტანს ეკონომიკურ-საფინანსო ბლოკადას და, როგორც ჩანს, დასავლეთს არავითარ შესაძლებლობას არ აძლევს, იფიქროს არამილიტარისტულად.

მაგრამ როდის გადადგამს აშშ-ი ირანის მიმართ სამხედრო ნაბიჯს? ზოგი დასავლელი ექსპერტის გათვლით - ა.წ. ოქტომბერ-ნოემბერში ან აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

წინ პოლიტიკური ვნებით აღსავსე პერიოდია, მაგრამ ვიდრე ირანის ამბავი დაიწყება, სირიის ვითარებაა გასარკვევი. დასავლური გეგმის მიხედვით, ლიბიის რეჟიმის დამხობის შემდეგ, სირიის რეჟიმია ამოღებული სამიზნეში, ხოლო ამ უკანასკნელის მოშთობით აშშ-ს და მის მოკავშირეებს გზა გაეხსნებათ ირანისკენ.

ასადის ხელისუფლების პოლიტიკური არენიდან გაქრობით, ახლო აღმოსავლეთში ერთობ დასუსტდება ირანული გავლენა. თვით ირანს დღევანდელთან შედარებით მეტი პრობლემები შეექმნება. ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვა გარკვეულ უკმაყოფილობას შექმნის ამ ქვეყანაში საკუთარი ხელისუფლბის მიმართ, გამოიწვევს ოპოზიციის გამოფხიზლებას და ის, რაც მიღწეულ ვერ იქნა მკაცრი ეკონომიკური სანქციებით, შეიძლება საჰაერო თავდასხმით იქნას მიღწეული - ასე ვარაუდობს აშშ-ი, დასავლეთი.

მაგრამ ვიდრე ეს მოხდება - ჯერ სირიაა. მსოფლიო მედიის, განსაკუთრებით ამერიკულ-ბრიტანულის შემხედვარე საზოგადოებას უკვე ნათლად ჩამოუყალიბდა აზრი ბარბაროსი ასადის რეჟიმის შესახებ, რომლის მთავარი მიზანი - საკუთარი ხელისუფლების შენარჩუნებაა, საკუთარი ხალხის განადგურების ხარჯზე. მთელი პასუხისმგებლობა სირიის ომისა მხოლოდ ასადის ხელისუფლებას ეკისრება და არა იმ ძალებს, რომლებიც „თავისუფალი სირიის არმიის“ სახით ებრძვის ხელისუფლებას.

„სირია არის პროლოგი ირანთან ცხელი კონფლიქტისა. დასავლეთის ქვეყნები ყველაფერს იღონებენ, რათა სირიიდან ირანზე გავიდნენ“, - აცხადებს ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის სტრატეგიული კვლევის თანამშრომელი, რომელიც გვარის დასახელებას ერიდება.

მაინც რას აძლევს დასავლეთს სირიის, შემდეგ ირანის დაჩოქება? უპირველეს ყოვლისა პოლიტიკურ და სამხედრო თავისუფლებას ახლო აღმოსავლეთში. ირან-სირიის მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი პალესტინის ორგანიზაცია „ჰამასი“ და ლიბანის „ჰესბოლა“ ერთობ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. დასავლეთი შეისრულებს სანუკვარ ოცნებას, რომელიც 30 წელზე მეტია აუსრულებლად ჩანს ირანის კლერიკალური ხელისუფლების გამო. ეს ოცნება ირანის ნავთობის, გაზის და სხვა სიმდიდრეების ხელში ჩაგდებაა.

ირანის ხელისუფლების გაქრობის შემდეგ აშშ-სა და ისრაელს შანსი მიეცემათ არა მარტო ირანში საკუთარი პოზიციების განსამტკიცებლად, არამედ კავკასიაში, კასპიის ზღვის აუზის ქვეყნებში, ცენტრალურ აზიაში. ირანის კლერიკალური ხელისუფლების დამხობით აშშ-ს გზა გაეხსნება სხვადასხვა სახის რევოლუციების ორგანიზებაში ცენტრალური აზიის ქვეყნებში.

დასავლეთი უმალ დაივიწყებს ცენტრალური აზიის ზოგიერთი ქვეყნის ლიდერთან დღეს არსებულ თანამშრომლობას, ეგვიპტის, ტუნისის, ლიბიის მსგავსად და მათ წინააღმდეგ აბრძოლებს რეაქციულ ფუნდამენტალისტურ ისლამისტურ ძალებს. აშშ-მა კარგა ხანია, საერთო ენა გამოძებნა ამ ძალებთან მისთვის არასასურველი რეჟიმების დასამხობად. ამის ნათელი მაგალითი იყო ლიბია. ამის მაგალითია სირია, სადაც არა მარტო ტალიბანის (ავღანეთი) წარმომადგენლები იბრძვიან, არამედ ალ-კაიდასიც.

ირან-ცენტრალურ აზიაზე გასვლა რუსეთ-ჩინეთის საწინააღმდეგო სერიოზული პლაცდარმის შექმნას ნიშნავს. ეს ორი ქვეყანა აშშ-ს ნომერ პირველ მტრად მოიაზრება, განსაკუთრებით ჩინეთი, რომლის მსოფლიო ეკონომიკური გავლენა თვალსა და ხელს შუა იზრდება, ისევე, როგორც სამხედრო პოტენციალი. რაც შეეხება რუსეთს - ის დასავლეთის სამხედრო რკალში აღმოჩნდება. გარდა ამისა, გაფართოვდება დასავლეთის მიერ წაქეზებული და დაფინანსებული რუსული ლიბერალური ძალების ანტისახელისუფლებო გამოსვლები, რაც სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის რუსეთის სახელმწიფოს არსებობას.

აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის მადლენ ოლბრაიტის განცხადება, რომ რუსეთის სიმდიდრეები მარტო რუსეთის არ უნდა იყოს - რეალურად იქცევა.

რომელი სუპერსახელმწიფო, ისეთი თუნდაც, როგორიც რუსეთია, შეეგუება მეორე სუპერსახელმწიფოს შორსმიმავალ გეგმებს - სუვერენიტეტისა და თავისუფლების ხელყოფით? რუსეთი მზადაა, მიიღოს გამოწვევა და შემხვედრი გეგმა შეაგებოს დასავლეთს. რუსეთი იცავს სირიას ისე, როგორც დაიცავს ირანს, რამეთუ ამით საკუთარ თავს იცავს.

რუსეთმა დაიცვა 2008 წელს საკუთარი თავი, წინააღმდეგ შემთხვევაში სრული შესაძლებელი იქნებოდა ფართომასშტაბიანი ომი - უკრაინის და დასავლეთის ჩართვით.

სირიის მიმართ კი ძლიერდება დასავლეთის მილიტარისტული ყურადღება. დღის წესრიგშია სირიის ოპოზიციის მძლავრი, ეფექტიანი იარაღით მომარაგება. ლიბანის, ერაყის, იორდანიისა და თურქეთის საზღვრებიდან სირიაში მეამბოხეებისათვის შედის დიდძალი სამხედრო ტექნიკა და მატერიალური დახმარება.

გარდა ამისა, თურქეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ბოევიკების ნატოს სტანდარტების მიხედვით წვრთნა. თვით სირიაში 260 სამხედრო ფორმირება მოქმედებს. ოპოზიციური არმიის საერთო რაოდენობა 50 ათასს აჭარბებს. დასავლური მედიის მიხედვით, სირიაში ინგლისის სპეცდანიშნულების სამხედროთა ჯგუფებია. მათი ამოცანა ისეთივეა, როგორც ლიბიაში - ოპოზიციის კონსოლიდაცია და ერთ მუშტად შეკვრა.

ამას წინათ დიდი ბრიტანეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ოუენმა განაცხადა, რომ „საჭიროა ფრენის აკრძალული ზონების შექმნა, ისეთის, როგორიც ლიბიაში იყო. ამისათვის ნატომ უნდა დააფიქსიროს სირიის შვეულმფრენების მოსახლეობაზე თავდასხმის ფაქტები. ამ შემთხვევაში რუსეთ-ჩინეთს გაუჭირდებათ გაეროს უშიშროების საბჭოში აკრძალული საჰაერო ზონების რეზოლუციის მიღებასთან შეწინააღმდეგობა“, - განაცხადა მინისტრმა.

ივნისის ბოლოს საუდის არაბეთის ელიტარულმა და კარგად გაწვრთნილმა არმიამ დაიკავა პოზიციები იორდანიის და ერაყის საზღვრებთან. ცნობის მიხედვით, ის შეიძლება გამოყენებულ იქნას სირიაში ვითარების გამწვავების შემთხვევაში.

თვით აშშ-ი და მისი მოკავშირეები ზრდიან თავიანთ სამხედრო ძალებს სპარსეთის ყურეში. სრულიად მოულოდნელად ბირთვული ავიამზიდი „ჯონ სტენისი“ გადაისროლეს ახლო აღმოსავლეთში. ამჯერად სპარსეთის ყურეში არიან ატომური ავიამზიდები „ენტერპრაიზი“, „ეიზენჰაუერი“, მათ მალე შეუერთდება ფრანგული ატომური ავიამზიდი „შარლ დე გოლი“. სპარსეთის ყურეში იმყოფება დიდი სადესანტო გემი „პონსე“. საერთო ჯამში ირანის საზღვრებთან თავმოყრილია 40 ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე.

სამხედრო ზეწოლასთან ერთად ირანის წინააღმდეგ ამოქმედებულია მკაცრი ეკონომიკურ-საფინანსო სანქციები, რაც აუარესებს ირანის მდგომარეობას. მიმდინარე წელს ინფლაციამ 22.2% შეადგინა. აღინიშნება ფასების მკვეთრი ზრდა კვების პროდუქტებზე. ნახევარი წლის განმავლობაში ფასებმა ხორბალზე 56%-ით მოიმატა, ხილზე - 67%-ით, ბოსტნეულზე - 100%, ქათმის ხორცზე - 30%-ით. მიმდინარე წელს ირანის ნავთობის ექსპორტი 40%-ით შემცირდა. ექსპერტთა აზრით, ბიუჯეტი დაგეგმილზე 32 მილიარდი დოლარით ნაკლებ შემოსავალს მიიღებს. მიუხედავად ამისა, დასავლეთი აგრძელებს მსოფლიო ბაზრიდან ირანის განდევნის პროცედურას. მაგრამ სპეციალისტების აზრით, ეკონომიკური სანქციები ვერ შეაფერხებს ირანის ბირთვულ პროგრამას. 2015 წლისათვის ირანს ექნება კონტინენტშორისი ბალისტიკური რაკეტა. ინგლისური გაზეთის „სანდი ტაიმსის“ მიხედვით, „ირანს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი შექმნას თუ არა ბირთვული ბომბი, მაგრამ თუ გადაწყვეტს - მას 12-18 თვე დასჭირდება ამისათვის“.

სირიაში მიმდინარე მოვლენები ჯერ-ჯერობით სრულად ვერ ეწერება დასავლურ გეგმებში. ალეპოს წარმატებული ოპერაციის შემდეგ სირიის სამთავრობო ძალებმა განიმტკიცეს პოზიციები და იმედი შემატეს ხელისუფლებას, იბრძოლოს ბოლომდე. დღევანდელი მდგომარეობით ანტისახელისუფლებო ძალები ვერაფერს აკეთებენ ბაშარ ასადის რეჟიმის დასამხობად, ისე, როგორც სირიის არმია ვერ ახერხებს ოპოზიციური ძალებისა და მომხდურების საბოლოო დამარცხებას. დასავლეთი ძალას არ იშურებს ვითარების თავის სასარგებლოდ შებრუნებისათვის და სირიაში ახალი სამხედრო ფორმირებების გადასროლისათვის. თუ სამთავრობო ძალები უახლოეს პერიოდში ვერ შეძლებენ მთავარი ქალაქების გათავისუფლებას და კონტროლის დამყარებას - ომი კარგახანს გაგრძელდება.

ბაშარ ასადის ხელისუფლების პოზიციების განმტკიცება ხელს შეუშლის ზემოთმოყვანილი დასავლური გეგმის განხორციელებას, რაც არა მარტო სირიის ინტერესებში შედის, არამედ ირანის, რუსეთის, ჩინეთის ინტერესებში.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"