ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
საავტორო სვეტი
21.08.2012
ოცი წელი სოხუმის დაცემიდან

„საქართველოს რესპუბლიკა ძალის გამოყენებას ან მის მუქარას არ განიხილავს პოლიტიკის კანონიერ იარაღად და ნებისმიერი რეგიონული თუ სხვა კონფლიქტის შემთხვევაში იბრძოლებს მხოლოდ მოლაპარაკების გზით მათი გადაჭრისათვის, საქართველოს რესპუბლიკა, ევროთათბირის პროცესის შეთანხმებების საფუძველზე, დაიცავს თავის ტერიტორიაზე მცხოვრები ეროვნული უმცირესობების უფლებებს“. ეს სიტყვები ამონარიდია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჩიკვაიძის მოხსენებიდან, რომელიც მან 1992 წლის 31 ივლისს წარმოთქვა გაეროს ტრიბუნაზე, საქართველოს ამ ორგანიზაციის 179-ე წევრად მიღების დროს.

მინისტრის მოხსენების ამ ნაწილის გახსენება შემთხვევით არ არის განპირობებული, მას ბევრი რამ აკავშირებს იმჟამინდელი მოვლენების თანამედროვე აღქმასთან, მაღალი ტრიბუნიდან ნათქვამის გაბიაბურებასთან და უპირველესად იმასთან, სიტყვისა და საქმის დიამეტრალური განსხვავება რომ ჰქვია.

ბატონ ალექსანდრესთან დიდი ხნის მეგობრობა და თანამშრომლობა მაძლევს უფლებას განვაცხადო, რომ მისი სიტყვების სრულიად საწინააღმდეგო ქმედება, რასაც ადგილი ჰქონდა გაეროს გამოსვლიდან სულ რაღაც ორი კვირის შემდეგ, მისთვისაც ისე, როგორც ბევრი საღად მოაზროვნისათვისაც, შოკის მომგვრელი იყო.

გაეროს ახალგაზრდა წევრის, თანაც ორგანიზაციაში რის ვაი-ვაგლახით მიღებულის, მილიტარისტული ნაბიჯი ისეთივე მიუღებელი იყო, როგორც 2008 წლის საომარი გადაწყვეტილება. განსხვავება არცთუ დიდია იმჟამინდელ თუ 2008 წლის საქართველოს შორის, რამეთუ ორივე შემთხვევაში თვით საქართველოს მიერ აღიარებული სამშვიდობო პოლიტიკა თვით საქართველოს ხელისუფალთა მიერ იქნა ხელყოფილი.

ორივე შემთხვევაში არსებობს თავის დასამშვიდებელი არგუმენტები - რკინიგზის დაცვის და მოსალოდნელი რუსული აგრესიის შეჩერების სახით, მაგრამ ისინი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლევენ და ერთობ უსუსურად გამოიყურებიან.

1992 წლის 14 აგვისტოს საფუძველი ჩაეყარა საქართველოს ტერიტორიული რღვევის პროცესს, რომელიც 2008 წლის ომით დაგვირგვინდა. ისტორიისთვის ორ ომს შორის არსებული შუალედი, 20 წელი საკმაოდ მცირე პერიოდია შესაბამისი სერიოზული დასკვნების გაკეთების და სათანადო შეფასების მიცემისთვის - ალბათ ასე თვლის ხელისუფლება, თუმცა გამოთქმული მოსაზრებებიდან გამომდინარე არც ყოფილი და არც დღევანდელი ხელისუფლება გადადგმულ ნაბიჯს კატასტროფად არ მიიჩნევს, პირიქით საკუთარ ქმედებას პატრიოტული მოსაზრებებით ამართლებს - აუცილებლობით გამოწვეულს.

სინამდვილეში ორივე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ქვეყნის პირველ პირთა დაუოკებელ ამბიციურობას, დაუმორჩილებელი შინაურის დასჯა-დამორჩილების სურვილს. ორივე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ძველი ხერხით ახალი პატრიოტიზმის კერვას - მიუღებელს თანამედროვე საერთაშორისო ცხოვრებისთვის.

როდესაც ხელისუფლება იბრძვის ერთიანი ქვეყნისათვის, ამაში დასაძრახი არაფერია, მაგრამ ხერხსაც გააჩნია - პოლიტიკურით თუ ძალისმიერით. გარდა ამისა მნიშვნელობა აქვს დროს, ვითარებას, საერთაშორისო ცხოვრებაში მიმდინარე, პროცესებს. აფხაზეთის ომს ადგილი რომ საუკუნის წინათ ჰქონოდა, სხვაგვარად წარიმართებოდა ვითარება - უფრო ძალის მფლობელი ცენტრის სასარგებლოდ.

1992 წელს თბილისის ომით დასუსტებულ საქართველოს, ჩამოუყალიბებელი ჯარით, გაურკვეველი პოლიტიკურ-სამხედრო ხელმძღვანელობით, რუსთა მიერ მიწოდებული სამხედრო ტექნიკის უცოდინარობით, გაუაზრებელი სახალხო ლაშქრობისათვის დამახასიათებელი ფსევდოპატრიოტიზმით, არ შეეძლო გაცილებით მასზე სუსტი (სამხედრო თვალსაზრისით) ყოფილი ავტონომიის მორჯულება, და ეს უნდა სცოდნოდა თბილისს.

გათვლა იყო პრიმიტიული - ლაშქრის რაოდენობაზე, მოსახლეობის რაოდენობაზე, სისწრაფეზე, აფხაზთა დაშინებაზე. არც ერთი გამოვიდა. აფხაზები თვლიდნენ, რომ საკუთარ სამშობლოს იცავდნენ. მათთვის ომი სამამულო გამოდგა. აფხაზთა 70 ათასიანმა (ბავშვიან, ქალიან, მოხუციანად), ერთ მუშტად შეკრულმა საზოგადოებამ დიდი წინააღმდეგობა გაუწია, მათი განმარტებით, მომხდურს.

მაგრამ აფხაზეთში მოსახლეობის უმრავლესობას ხომ ქართველობა შეადგენდა? რაც მათ მოახერხეს, საკუთარი მიწა-წყლის მიტოვება იყო, ფეხით უღელტეხილებზე სიარული. 250 ათასი იქაური ქართველი ლტოლვილად იქცა, ბევრმა მათგანმა გზაში დალია სული.

20 წლის წინათ ვერც ერთი მათგანი ვერ იფიქრებდა, რომ ესოდენ გაძაღლებულ არსებობას არგუნებდა მას საკუთარი ხელისუფლება. ვერც ერთი მათგანი ვერ წარმოიდგენდა, რომ ვეღარ დაბრუნდებოდა აფხაზეთში, ვერც ერთი მათგანი ვერ იფიქრებდა, რომ საკუთარ ქვეყანაში ის მეორეხარისხოვან ადამიანად იქცეოდა - ლტოლვილის სასირცხვილო დამღით, რამეთუ დანარჩენ საქართველოში ლტოლვილის ხსენება ასოცირდება არაადამიანურ საარსებო პირობებთან, ყინვასა და აუტანელ სიცივეში ბაზრებსა და სახელდახელო ბაზრობებზე ვაჭრობასთან, ანტისანიტარიასთან, მუდმივ მოთქმა-გოდებასთან - დასასრული რომ არ უჩანს.

ოცი წლის თავზე თბილისში არსებული ე.წ. აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები სინანულით აცხადებენ, რომ მტერმა შეძლო ქართველებისა და აფზახების ერთმანეთზე გადაკიდება, ერთმანეთთან სამკვდრო-სასიცოცხლო დატაკება.

ისევ მესამეზე გადაბრალება, ისევ თავის მართლება - ჩვენი ბრალი არ არის, იმათი ბრალიაო. იმათში რუსი იგულისხმება - ოცი წლის განმავლობაში საქართველოს მთავარი მტერი, თითის გასაშვერი ობიექტი, საკუთარი დანაშაულების ჩამომწერი. დაიწყებ ომს - რუსეთის ბრალია, მით უმეტეს, თუ წააგე - ბრალი კუბში იზრდება; წააგებ ოლიმპიურ თამაშებში ჭიდაობას - ისიც რუსეთის ბრალია, ვინაიდან მის სასარგებლოდ წყვეტს მსაჯი ყველაფერს.

20 წლის განმავლობაში ვერაფრით შევიგნეთ, რომ ხანდახან, თუნდაც 100-დან ერთხელ, ჩვენც შეიძლება ვიყოთ სავალალო შეცდომის შემოქმედი. რბილად ნათქვამი „სავალალო შეცდომა“ ქვეყანას მძიმედ დაუჯდა, მაგრამ ვინ არის განმკითხავი. ვინც განმკითხავია, ხელისუფალთა პროპაგანდას აყოლილი, თავს უშეცდომოდ თვლის. ისიც ხელისუფალთა მსგავსად ხელს კრემლისკენ იშვერს. დამნაშავეს სხვაგან ეძებს.

შეეძლო მაშინდელ სახელმწიფოს მეთაურს სხვაგვარად ემოქმედა? ცხადია არა. ცენტრალიზებული მმართველობითი სისტემის ანუ ვერტიკალის მოტრფიალე, ერთპიროვნულ ხელმძღვანელობას დაჩვეული, ალღოს ვერ აუღებდა სხვაგვარ სისტემას - უფრო დემოკრატიულს, თანაბრობის პრინციპებზე დაფუძნებულს.

ამდენად, მისთვის მიუღებელი გამოდგა აფხაზთა ლიდერის არძინბას შემოთავაზება საქართველოს ახალ პოლიტიკურ სისტემასთან დაკავშირებით, რომელიც კონფედერაციულ-ფედერაციულს წააგავდა. პასუხი მეთაურის იყო 14 აგვისტო, თავისი შინაარსით და ჩანაფიქრით ერთპიროვნული მმართველობისთვის გამიზნული, საქართველოს გაერთიანების იდეაში შეფუთული.

საქართველოს გაერთიანებისთვის სულ სხვა იყო გასაკეთებელი და არა 14 აგვისტო. თუნდაც ისეთი, რასაც ომამდე ორი წლით ადრე ადგილი ჰქონდა ღალიძგაზე - ორი აქოჩრილი მხარის შემართული სანადირო თოფების დაშვება, მერაბ კოსტავას უიარაღო გავლა ხიდზე და ბრძენ აფხაზ ლიდერებთან ვითარების რეალური შეფასება.

მოლაპარაკება არის განგების მიერ ნაბოძები უნარი და არა თანამდებობით მიღებული შესაძლებლობა. უდიდესი იმპერიის საგარეო საქმეთა გამგებელმა, პატარა ქვეყნის მეთაურად მუშაობისას ვერ გამოიყენა ძველი სამსახურის ფუძემდებლური პრინციპი - მოლაპარაკება. მოლაპარაკების არსის მიმართ სხარტი, თანამედროვე მიდგომა არც ომის დამთავრებიდან, გაძევებამდე იქნა გამოყენებული. და ამაში არა მარტო მისი, არამედ ლორთქიფანიძეების, მენაღარიშვილების, ჯორბენაძეების და სხვა უკეთურთა, უცოდინართა, არაკომპეტენტურთა, ხელმრუდეთა ბრალია.

ვერც ერთმა მათგანმა ალღო ვერ აუღო იმას, რაც ჩვენს ირგვლივ ხდებოდა, ვერ დაინახა ფედერალური ქართული სახელმწიფო - მსგავსი, ევროპის არაერთი ქვეყნისა, ვერ შეიგნო, რომ ცენტრის მიერ ავტონომიისათვის სადამსჯელოდ მოქნეული კვერთხი ცენტრსავე დაუბრუნდებოდა.

და იყო ლაპარაკი ცენტრის დემოკრატიულობის, შემწყნარებლობის, დიდსულოვნების თაობაზე, პარალელურად სოხუმ-ცხინვალ-ბათუმის გამუდმებული ლანძღვისა: სეპარატისტები, რუსეთის მარიონეტები, ფაშა, რუსეთის გენერალი, აჭარის საქართველოდან გამოყოფა და სხვა მრავალი. სახელისუფლებო პროპაგანდას აყოლილი თბილისური საზოგადოება, შევარდნაძის ინტელიგენცია არათუ სოხუმ-ცხინვალის საქილიკოდ, ბათუმის საქილიკოდაც  ძალას არ იშურებდა.

ლანძღვა-გინების ფარვატერში ახალგაზრდა „მოქალაქეები“ იდგნენ - სწორედ ისინი, ვინც დღეს ქვეყნის სათავეშია. დედის რძესავით შეირგეს დიდი „მოქალაქეებისა“ და მათი ლიდერის სახელისუფლებო ვერტიკალისადმი ტრფიალი, რაც საქმითაც დაამტკიცეს 2008 წლის 7-8 აგვისტოს.

მამა-მასწავლებლის მიერ 1992 წელს გადადგმულ საბედისწერო ნაბიჯს, 2008 წლის ნაბიჯი მოჰყვა, რამაც წერტილი დაუსვა (კარგა ხნის განმავლობაში) ქვეყნის იმ საზღვრებში არსებობას, რაც საბჭოთა იმპერიის დაშლამ გვარგუნა. მასწავლებლის მიერ ფაქტობრივად დაკარგულს, მოსწავლემ იურიდიულად დაკარგულის სტატუსი შესძინა. ძველ ლტოლვილებს ახალი დაემატა - უამრავი პრობლემითა და თავსატკივარით.

და ისევ სხვისი ლანძღვა, ისევ კრემლისკენ თითის შვერა, ისევ სხვისი დადანაშაულება, ისევ ნიშნის მოგებით ლაპარაკი - ხომ ნახეთ, რა თქვა პუტინმა - ომისთვის გეგმა გვქონდა შემუშავებულიო. გასაკვირი ის იქნებოდა, რომ რუსეთს ასეთი არ ჰქონოდა იმ არასტაბილური, გამომწვევი ქვეყნის მიმართ, რომლის ხელისუფლება დღენიადაგ იბრძოდა დიდი მეზობლისათვის დისკომფორტის მისაყენებლად.

პუტინმა ეს როგორ თქვაო, გეგმაო და მერე როგორიო, და პატარა ქვეყნის „დიდი“ საგარეო უწყების, ტანად მოდიდო, ბლანჟიანმა მინისტრის მოადგილემ უმალ შეჰყრა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატობა პუტინის ნათქვამის გასამარტავად, თითქოს მათ არ იცოდნენ (საკუთარი ქვეყნის მაგალითზე) მსგავსი გეგმების შემუშავების შესახებ.

შესაძლოა ბრიყვი კაპანაძისთვის გეგმის შემუშავება მართლაც სიახლე იყო, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ მსგავსი პრაქტიკა არ არსებობს. რაღა შორს წავიდეთ, სულ ახლახანს ამერიკულმა გაზეთმა „ვაშინგტონ პოსტმა“ გამოაქვეყნა მასალა, ჩინეთის წინააღმდეგ აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სამხედრო გეგმის თაობაზე. მისი მიხედვით, ჩინეთი პირველი იწყებს ომს, ხოლო აშშ-ი ახორციელებს კონტრშეტევას. ამერიკელთა უპირველესი მიზანია რადარული და სარაკეტო სისტემების განადგურება, ხოლო შემდეგ ჩინეთის სანაპირო ზოლზე საჰაერო და საზღვაო შეტევის მიტანა. პეკინის რეაქცია იყო ყოველგვარი ისტერიისგან დაცლილი, ერთსიტყვიანი - „პროვოკაცია“.

დარწმუნებული ვარ, ანალოგიური სამხედრო გეგმა აშშ-ს მიმართ ჩინეთსაც აქვს, ისე, როგორც - აშშ-ს რუსეთის მიმართ და რუსეთს აშშ-ს მიმართ. ასე რომ, კაპანაძეს ახალი არაფერი აღმოუჩენია.

ნაცვლად გაუთავებელი სიტყვიერი ონანიზმისა, გაცილებით უმჯობესი იქნებოდა ვითარების რეალური შეფასება, შექმნილი ჩიხური მდგომარეობიდან გამოსავლის ძებნა, განდეგილებთან და მათ რუს მფარველებთან საერთო ენის გამონახვა.

მაგრამ დღევანდელ ხელისუფლებას, მრავალ მიზეზთა გამო, ამის გაკეთება არ შეუძლია - ის რუსეთის სხვა ხელისუფლებასთან აპირებს ურთიერთობას - ლიბერალური რომ ჰქვია. და იქნება კი ასეთი ხელისუფლება რუსეთში?

აფხაზეთში წამოწყებული ომით საქართველომ ბევრი დაკარგა, მაგრამ ხვდება ამას ქვეყნის მოსახლეობა? ომის შედეგად დაკარგულ ტერიტორიებზე საზოგადოება რომ იტყვის - მაინც დაკარგული იყოო - სხვაზე მეტყველებს, ანუ იმაზე, რომ ვერ ხვდება. თბილისელთა მიდგომა ასეთია - ზაფხულში არ წავალთ გაგრაში, წავალთ ბათუმში.

ქართულმა საზოგადოებამ ვერ გააანალიზა 1992 წლის აგრესია, ვერ გამოავლინა დამნაშავეები, ვერ აღიარა საბედისწერო შეცდომები - დანაშაულის ტოლფასი, ვერ გაითავისა მთავარი - შენსვე ქვეყანაში პრობლემები ტანკით არ უნდა მოაგვარო. და რახან ვერ გაითავისა, მსგავსი ნაბიჯი გადადგა 2008 წელს.

ორივე შემთხვევაში ხელისუფლება იყო ინიციატორი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვისა. ხელისუფლებამ გადადგა მიუღებელი ნაბიჯი, მაგარამ სად იყო ხალხი, საზოგადოება, ინტელიგენცია? ან სად არიან ისინი დღეს?

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"