ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
აქტუალური თემა
16.08.2012
ახალი საფრთხე აჭარაში

უკვე კარგა ხანია, ქართულ საზოგადოებაში ბათუმიდან და ახალციხიდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანით გამოწვეული აღფრთოვანება მიცხრა და საქართველოს სამხრეთ-დასავლეთი საზღვრების დაუცველობით, განსაკუთრებით კი აჭარაში თურქი ბიზნესმენების, ავანტიურისტებისა და სექს-ტურისტების მომრავლებით განპირობებულმა შეშფოთებამ დაისადგურა, რომელიც მუდმივად მატულობს და არც თუ უსაფუძვლოდ. თუმცა ამჯერად კიდევ უფრო დიდი საფრთხე იკვეთება, არა ირიბი - ეკონომიკური ხასიათის (რასაც თურქული კაპიტალის მოძალება წარმოადგენს საზღვრისპირა რეგიონში), არამედ პირდაპირი, სამხედრო-პოლიტიკური საფრთხის წინაშე დგას აჭარა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია დადასტურდა. აღნიშნული საფრთხე ახლო აღმოსავლეთის რეგიონში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარეობს.

  კერძოდ, ევრაზიის ინსტიტუტს შეერთებული შტატებიდან, სახელმწიფო დეპარტამენტთან დაახლოებულმა წყარომ აცნობა, რომ ვაშინგტონსა და ანკარას შორის მიმდინარეობს ფარული მოლაპარაკებები ქურთების საკითხთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში ქურთი ეროვნების მოსახლეობა სჭარბობს, რომელიც მეტ-ნაკლებად ავლენს სეპარატიზმისკენ მიდრეკილებას. ქურთულ სეპარატიზმს ბოლო დროიდან ხელს უკვე სირიის ხელისუფლება, ბაშარ ასადის მეთაურობით, უწევს დახმარებას. ეს იმიტომ, რომ თავად თურქეთმა მტრული პოზიცია დაიკავა სირიის ხელისუფლების მიმართ, სირიის შიგნით არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, ამ ქვეყანაში თურქეთის ტერიტორიიდან შედის დიდი რაოდენობის იარაღი და მატერიალური დახმარება აჯანყებულთა სასარგებლოდ, ერდოღანის მთავრობა აღარ სცნობს ასადის ხელისუფლებას და თავის ტერიტორიაზე შეიარაღებულ ოპოზიციას აძლევს თავშესაფარს. შედარებით ძლიერ მეზობელზე პრევენციული სამხედრო დარტყმის განხორციელება სირიას არ შეუძლია, ამიტომ ასადმა მსხვერპლად გაიღო სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ასევე ქურთებით დასახლებული, ხუთი პროვინცია:  ივლისის ბოლოს ანუ მაშინ, როდესაც ძირითადი ბრძოლები აჯანყებულ ტერორისტებსა და სირიის ხელისუფლებას შორის დამასკოში მიმდინარეობდა, სირიელმა ქურთებმა თავიანთ კონტროლს დაუქვემდებარეს რამდენიმე ქალაქი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში. ამაში მათ დახმარებას ერაყში ბაზირებული ქურთთა მუშური პარტია უწევდა. მაგრამ ყოველივე ეს მოხდა სირიის რეგულარული ჯარების მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, ასადის ხელისუფლებამ ქურთებს ხელი არ შეუშალა. ასადი და ქურთები ფარული მოკავშირეები არიან, რადგან სირიელ ქურთებს არაფრად ეპიტნავებათ თურქეთის მიერ მხარდაჭერილი სუნიტი ტერორისტები და ისინი ალავიტ ასადთან თანამშრომლობით გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იქნებიან. ის, რომ ქურთების გაძლიერება სირიაში ისევ და ისევ სირიის ხელისუფლების ხელშეწყობით მოხდა, რათა შეიქმნას უფრო ძლიერი პლაცდარმი თურქეთის ქურთისტანში სიტუაციის დასაძაბად, თავად თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ერდოღანმა განაცხადა აღშფოთებით. თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ იგი საომარი მოქმედებებისგან უკან არ დაიხევს და თუ საჭიროა, სირიის ტერიტორიაზეც შეიჭრება ქურთი სეპარატისტების ასალაგმად.

   ვითარების ასეთი დაძაბვა და სირიის კონფლიქტის განვრცობა მთელს რეგიონზე არ აძლევს ხელს შეერთებულ შტატებს, არც ისრაელს. რეგიონის დესტაბილიზაცია მოცემულ მომენტში ნიშნავს ასადის ხელისუფლების შენარჩუნებას და ირანის გავლენის ზრდას. ამიტომ აშშ ცდილობს, თურქეთის ზედმეტი სამხედრო გააქტიურება არ დაუშვას. მაგრამ თურქეთი თავის მხრივ ვერ მოითმენს ქურთების გაძლიერებას და სეპარატიზმის გაღვივებას საკუთარ საზღვრებში, ყოველ შემთხვევაში, ომის გარეშე. ამიტომ, როგორც ჩვენი წყარო იუწყება ვაშინგტონიდან, ერთ-ერთ გამოსავლად აშშ-ის ადმინისტრაციაში განიხილება თურქეთის დარწმუნება, გარკვეული ავტონომიური უფლებები მიეცეს თურქეთის ქურთისტანს, სამაგიეროდ კი თურქეთის რესპუბლიკის პოზიციები შავ ზღვაზე, კერძოდ, აჭარაში გაძლიერდება - სამხედრო კონტინგენტის განთავსების ჩათვლით.

   ვიმეორებთ: ამას იუწყება ინფორმირებული წყარო ვაშინგტონიდან, მაგრამ ეს არის შესაძლებლობა, ჯერ დაუდასტურებელი ფაქტი და მით უმეტეს, იგი არ გახლავთ უკვე მიღებული გადაწყვეტილება. მაგრამ ასეთი შესაძლებლობა არსებობს. თუმცა ამ შემთხვევაში ისმის კითხვა: რა ფორმით და სახით არის შესაძლებელი, კიდევ უფრო გაძლიერდეს თურქეთი აჭარაში. თავისთავად ცხადია, რომ მიუხედავად საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების ზომაზე მეტად მლიქვნელური პოზისა თურქეთის ხელისუფლების წინაშე, მასაც გაუჭირდება აჭარაში თურქეთის უფლებების ოფიციალური აღიარება. ასევე, მიუხედავად სისუსტისა, ქართული საზოგადოება გადაჭრით და ასპროცენტიანად იქნება წინააღმდეგი, აჭარის გასხვისებისა. ამიტომ ჩვენ პრობლემურად გვეჩვენა ზემოთ აღწერილი სცენარის განხორციელება.

   თუმცა კომენტარი მაინც ვთხოვეთ კოლეგა-პოლიტოლოგს, ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას, რომელიც ამჟამად მოსკოვში მოღვაწეობს. მისი აზრი განსხვავებული აღმოჩნდა და არსებულ რეალობასთან მიახლოებული. ბატონი ჭაჭია მიიჩნევს, რომ ასეთი სცენარის განხორციელება პრინციპში შესაძლებელია, აჭარაში საშინელი პროვოკაციის მოწყობის და ამ პროვოკაციის რუსეთზე გადაბრალების გზით. მაგალითად, არ არის გამორიცხული, რომ პროვოცირებულ იქნას ყოფით დონეზე ჩხუბი აჭარის მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის, რომელიც შემდეგ უფრო ფართო, პოლიტიკური ხასიათის შეტაკებებში გადაიზრდება. ხელისუფლება ამაში მაშინვე „რუსეთის ხელს“ დაინახავს და ატეხს გნიასს. თურქეთი, როგორც აჭარაში მშვიდობის და მუსლიმების ხელშეუხებლობის გარანტი, ყარსის ხელშეკრულებიდან გამომდინარე (ყარსის ხელშეკრულების პრინციპები კი აღიარებულია 1992 წლის თურქულ-ქართულ ხელშეკრულების პრეამბულაშიც), უფლებამოსილი იქნება, „სამშვიდობო მისიით“ შემოიყვანოს ჯარები და „გააშველოს“ აჭარის მოსახლეობა. მეტიც, თურქეთი აჭარაში შემოვა ნატო-ს ეგიდით, რადგან თავად საქართველოს ხელისუფლება მიმართავს ბრიუსელს დახმარებისთვის. ანუ აჭარაში განლაგდება თურქული ჯარები ნატოს ეგიდით. ეს მისაღები იქნება დასავლეთისთვისაც და საკუთრივ თურქეთისთვის.

   ჩვენს მხრივ დავძენთ, რომ მართალია, აჭარის ქართველობა, აღმსარებლობისგან დამოუკიდებლად, ერთი ორგანიზმია და შუღლის საფუძველი ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის არ არსებობს, მაგრამ ბოლო პერიოდში თურქულ საგანმანათლებლო ცენტრებში მრავალი აჭარელი ახალგაზრდის „მომზადება“ არ არის ხელწამოსაკრავი ფაქტი. ქართულ ლიბერალურ (ანუ პროდასავლურ) მასმედიაში უკვე რამდენჯერმე წავაწყდით აჭარის და ზოგადად, საქართველოს მუსლიმების სახელით მოლაპარაკე რამდენიმე „მოღვაწეს“, რომლებიც მუსლიმანების „დისკრიმინაციაზე“ საუბრობენ, თურმე, ნუ იტყვით და, საქართველოში მუსლიმებს არ აწინაურებენ, სამსახურშიც არ ღებულობენ და ასე შემდეგ. ამასთან, მათი აზრით, სტატისტიკაც მახინჯდება მუსლიმების საზიანოდ და მუსლიმანთა წილი საქართველოს მთელს მოსახლეობაში არა 10, არამედ 20 პროცენტს შეადგენს... ბუნებრივია, ასეთი განწყობის ქართველებს პოტენციურად დიდი ზიანის მოტანა შეუძლიათ ჩვენი ქვეყნისათვის. ამიტომ იმედი ისევ ქართველობის გენეტიკურ ინსტინქტზეა, და რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ღვთის ნებაზე. მთავარია, რომ საზოგადოებას აღმოაჩნდეს შინაგანი სიმწიფე და არ აყვეს პროვოკატორებს. ჩვენი მიზანი კი წინამდებარე შენიშვნით არა პანიკის და ფობიების გავრცელება, არამედ საზოგადოების გაფრთხილებაა.

                                                       

 

ევრაზიის ინსტიტუტი

 

 

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"