ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
მსოფლიო
13.08.2012
თეირანის სამიტი და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები

აგვისტოს ბოლოს, ირანის დედაქალაქ თეირანში გაიმართება „მიუმხრობლობის მოძრაობის“ ქვეყნების მე-16 სამიტი. „ცივი ომის“ დროს, როცა არსებობდა ორპოლუსიანი მსოფლიო (კაპიტალისტური და სოციალისტური ბანაკები), მიუმხრობლობის მოძრაობა საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მსოფლიო პოლიტიკაში. მოძრაობის არაოფიციალურ ლიდერად ითვლებოდა ინდოეთი. ამჟამად მასში გაწევრიანებულია 118 სახელმწიფო. 

 

საბჭოთა კავშირის და სოციალისტური ბლოკის დაშლის შემდეგ, ერთ ხანს, მიუმხრობლობის მოძრაობა მეორე პლანზე გადავიდა და თითქოს დაკარგა ძველი გავლენა. მასში შემავალმა რიგმა ქვეყნებმა მოითხოვეს, რომ მოძრაობა მხოლოდ ეკონომიკურ საკითხებზე ყოფილიყო კონცენტრირებული და თავისი საქმიანობის დეპოლიტიზაცია მოეხდინა. მაგრამ 2000-იანი წლების შუა ხანებში გამოჩნდა მოძრაობის გააქტიურების ნიშნები.

 

ამაში ერთ-ერთი ძირითადი როლი შეასრულა ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ, რომელიც მიუმხრობლობის ორგანიზაციაში გაწევრიანდა 80-იანი წლების დასაწყისში. ირანი თავიდანვე წინააღმდეგი იყო, რომ მიუმხრობლობის ორგანიზაცია „ეკონომიკურ კლუბად“ გადაქცეულიყო. ამავე დროს, ირანმა, კერძოდ, პრეზიდენტმა აჰმადინეჟადმა, 2006 წლის სამიტის დროს, რომელიც ჰავანაში გაიმართა, წამოაყენა ეკონომიკური საკითხებიც, მაგალითად, ერთობლივი პროექტების განსახორციელებელი ფონდის შექმნა, განვითარებადი ქვეყნების სიმდიდრეების დაცვა კაპიტალისტური დასავლეთის მიერ მათი ხელში ჩაგდებისგან და სხვა. ამ ინიციატივებს მხარი დაუჭირა საკმაოდ ბევრმა ქვეყანამ, განსაკუთრებით, ვენესუელამ, კუბამ, სირიამ, ალჟირმა და დამოუკიდებელი პოლიტიკის მქონე კიდევ რამდენიმე სახელმწიფომ.

 

მიუმხრობლობის ორგანიზაცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმაში, რომ ეხმარება მის წევრებს, დაიცვან საკუთარი ბირთვული უფლებები (ანუ ბირთვული ენერგიის განვითარების შესაძლებლობა მშვიდობიანი მიზნებით). განვითარებადი ქვეყნები ხედავენ, რომ დასავლეთი სულ უფრო აქტიურად ცდილობს წაართვას სხვა ქვეყნებს ატომური ენერგეტიკის დამოუკიდებლად განვითარების საშუალება. ეს კარგად ჩანს ირანის მაგალითზე, ამიტომ მოძრაობის სამიტის დეკლარაციაში, რომელიც მიიღეს 2006 წელს ჰავანაში, ჩაიწერა, რომ ირანს სრული უფლება აქვს განავითაროს საკუთარი ბირთვული ციკლი მშვიდობიანი მიზნებით.

 

თეირანის სამიტი იმით არის საინტერესო, რომ ახალ პოლიტიკურ ვითარებაში ჩატარდება. ე.წ. არაბული გაზაფხულის შემდეგ, რომელსაც ასევე „ისლამურ გამოღვიძებას“ უწოდებენ, სიტუაცია ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მკვეთრად დაიძაბა. რამდენიმე არაბულ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა და სათავეში მოვიდნენ ძალები, რომლებიც თავის თავს ისლამისტებს უწოდებენ. ამგვარი რამ მოხდა ეგვიპტეში და ტუნისში. ეგვიპტის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა მორსიმ მიიღო ირანის პრეზიდენტის მოწვევა, რომ დაესწროს მოძრაობის სამიტს თეირანში. ასევე მიწვეულია სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი, რომლის ქვეყანა ამჟამად დარტყმის ქვეშ არის დასავლეთის და ზოგიერთი არაბული ქვეყნის მმართველი რეჟიმების მხრიდან.

 

დღეისათვის მიმდინარეობს დაპირისპირება, ერთი მხრივ, დასავლეთის ქვეყნებსა და არაბულ მონარქიებს, ხოლო მეორე მხრივ ირანსა და მის მოკავშირეებს შორის, იმის თაობაზე, თუ როგორი ინტერპრეტაცია გაუკეთდება და რა მიმართულებით წავა სახალხო მოძრაობები არაბულ და მუსლიმურ ქვეყნებში. როგორც ერთი, ისე მეორე მხარე ცდილობს თავად ჩაუდგეს სათავეში ამ მოძრაობებს და გამოიყენოს ისინი დასახული მიზნების მისაღწევად.

 

აღსანიშნავია დასავლეთის ქვეყნების და სპეცსამსახურების „დახვეწილი“ ტაქტიკა და სტრატეგია, თუ როგორ ცდილობენ ისინი ინფილტრაცია გაუკეთონ მასობრივ სახალხო მოძრაობებს და შეაჩეჩონ მათ ის მიზნები, რომლებიც დასავლეთის ინტერესებშია. ამ მიზნებიდან გამოვყოფდით ორ „სატყუარას“, რომელზეც ამჟამად კეთდება ძირითადი აქცენტი ამერიკელების და მათი მოკავშირეების მხრიდან.

 

პირველი, ეს არის ტრადიციული მცდელობა, რომ არაბული რევოლუციების და აჯანყებების მიზნად წარმოაჩინონ ე.წ. თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლა. აქ იგულისხმება თავისუფლების და დემოკრატიის დასავლური გაგება. ამგვარი „თავისუფლება“ მიზნად ისახავს განთავისუფლებას ნორალური ნორმებისგან, რელიგიისგან, ყოველმხრივ წახალისებას სხვადასხვა გადახრების, სექტების, ე.წ. სუბკულტურების და ა.შ. ხოლო „დემოკრატია“ დასავლურად, მით უმეტეს, განვითარებადი ქვეყნებისთვის, არაფერია, თუ არა ილუზია, როცა მოქმედების უფლება ეძლევათ მხოლოდ იმ პარტიებს, ვინც მსოფლიო გლობალისტური სისტემის ჩარჩოებში ჯდებიან, დანარჩენები და მარგინალებად, ექსტრემისტებად და ტოტალიტარიზმის მომხრეებად ცხადდებიან და პოლიტიკური სივრციდან იდევნებიან.

 

პარადოქსია, მაგრამ „თავისუფლების და დემოკრატიის“ ლოზუნგების პარალელურად, დასავლეთის მეორე სატყუარა არაბული და ისლამური ქვეყნების მოსახლეობისთვის გახდა იდეა, რომელიც ფორმალური კრიტერიუმებით ძირშივე ეწინააღმდეგება ზემოთნახსენებ ლოზუნგებს. ეს არის ე.წ. ხალიფატის აღდგენის იდეა.

 

თუკი „თავისუფლებისთვის“ ბრძოლაში დასავლეთი მობილიზაციას უკეთებს ლიბერალურ და ანტირელიგიურ ელემენტებს განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობაში, განსაკუთრებით ისლამურ ქვეყნებში, ხალიფატის აღდგენისთვის საბრძოლველად, ანუ ჯიჰადის საწარმოებლად, სპეცსამსახურები იყენებენ სრულიად განსხვავებული ტიპის ადამიანებს. ესენი არიან ე.წ. სალაფიზმის, ანუ ვაჰაბიზმის პროპაგანდის ქვეშ მოქცეული ინდივიდები. მათი უმრავლესობა, როგორც წესი, ღარიბი ფენებიდანაა და არ გააჩნია თუნდაც ნორმალური საშუალო განათლება, სამაგიეროდ, ძლიერ არის ტვინგამორეცხილი შესაბამისი რელიგიური ქადაგებების მიერ.

 

„ხალიფატის“ იდეა, მისი ერთი შეხედვით ანტიდასავლურობის მიუხედავად, სინამდვილეში მიმართულია არა დასავლეთის, არამედ ირანის და მისი მოკავშირეების ისლამურ ქვეყნებში, ასევე რუსეთის და ჩინეთის წინააღმდეგ. მისი მიზანია, გაააქტიუროს ექსტრემისტული და რეტროგრადული სუნიტური მოძრაობები და ამრიგად, ე.წ. სუნიტური მოსახლეობა დაუპირისპიროს შიიტებს (შეგახსენებთ, ირანი ძირითადად შიიტური ქვეყანაა). ანალოგიურად, რადიკალური სუნიტური ორგანიზაციების გააქტიურება დიდ საფრთხეს უქადის ჩინეთის, და განსაკუთრებით, რუსეთის მომავალს, სადაც მოსახლეობის დაახლოებით 10-15% უკვე მუსლიმია და ეს ციფრი ნელ-ნელა იზრდება, ძირითადად იმიგრანტების ხარჯზე.

 

ხალიფატის, უფრო სწორად, ფსევდოხალიფატის იდეის გარშემო მომავალშიც ვისაუბრებთ, რადგან, როგორც ჩანს, უახლოეს წლებში ეს იქნება ახლო აღმოსავლეთის და მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი თემა.

 

გიორგი ვეკუა

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"