ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
საავტორო სვეტი
11.08.2012
ოთხი წელი ცხინვალის ომიდან და პუტინის განცხადება

8 აგვისტო საქართველოს დარჩენილ ტერიტორიაზე საყოველთაო გლოვით აღინიშნა. პრეზიდენტის განკარგულებით, გლოვის აღნიშვნის ნიშნად, ყველგან დაეშვა სახელმწიფო დროშები. გაგანია საარჩევნო მარათონი რამდენიმე დღით შეწყდა - ხელისუფლების ინიციატივით. მას უმალ მხარი აუბა არჩევნებში მონაწილე პარტიებმა (მაინც რამდენი არიან ეს დალოცვილები). მართალია, უმრავლესობა მათგანი ისე ეღირსება პარლამენტს, როგორც უახლოეს მომავალში ტერიტორიებჩამოჭრილი საქართველო გამთლიანებას, მაგრამ, რომ იტყვიან, ცდა ბედის მონახევრეა და, გარდა ამისა, პარტიის მესვეურთ უჩნდებათ შანსი, განაცხადონ, რომ საპარლამენტო არჩევნებში იღებდნენ მონაწილეობას.

საქართველოში არჩევნები თავის გამოჩენის შესაძლებლობადაა ქცეული. უყვართ ქართველ პოლიტიკოსებს მასმედიაში გამოჩენა, „ბრძნული“ აზრების ფრქვევა, რაც საარჩევნო მარათონის დროს უფროა შესაძლებელი, ვიდრე ჩვეულებრივ ცხოვრებაში. ასეთ დროს პრესა რაღაც ყურადღებას მაინც იჩენს „უჭულა-ბუჭულა“ პარტიების მიმართ, თავი რომ გიგანტები ჰგონიათ.

ჩაიარა გლოვამ და ახალი ძალით იფეთქა მოჭარბებულმა ნაცურმა ენერგიამ, მას არც „ოცნება“ ჩამორჩება. თუმცა გლოვის დღეები სააკაშვილმა პროპაგანდისთვის გამოიყენა. ცხინვალის ომმა მეორე პლანზე გადაინაცვლა. მას მხოლოდ „მეოცნებეთა“ გასალანძღად იხსენებენ „ნაცები“ და მათზე მიტმასნილი საზოგადოება. ნახეთ, რა თქვესო - ომი საქართველომ დაიწყოო, - აცხადებენ ერთობ „პატრიოტი“ ნაცები - თითის „მეოცნებეთა“ მისამართით გაშვერით. „ვინც იმას აცხადებს, რომ ომი საქართველომ დაიწყო, მას არ უყვარს საქართველო“, - ბრძანა სააკაშვილმა და ამით ყველას აგრძნობინა, რომ ამ საკითხში სხვაგვარი აზროვნება ღალატის ტოლია.

ის და მისი გუნდი 4 წლის განმავლობაში ცდილობს 2008 წლის აგვისტოს ავანტიურის ჩამორეცხვას. ნაწილობრივ ახერხებს კიდეც, რაც აშკარა თვალშისაცემია, თუნდაც იმ სატელევიზიო სიუჟეტებიდან გამომდინარე, რომელსაც თავს ახვევენ ინფორმაციამოკლებულ ქართულ საზოგადოებას. მტერმა და ყველა ეპოქის ბარბაროსმა რუსეთმა ხელი ასწია უმანკო საქართველოზე, წაგლიჯა რა მას ტერიტორიები, მაგრამ სიმართლე საქართველოს მხარესაა და განგების დახმარებით (იგულისხმება დასავლეთი) საქართველო გამთლიანდება.

კავკასიონის მეორე მხარესაც გაიხსენეს 2008 წლის აგვისტოს ომი, ცხადია, დიამეტრალურად განსხვავებული მოსაზრებით, ცხინვალის დაბომბვის ვიდეო კადრებით, დაღუპულთა საფლავების მონახულებით და 8 აგვისტოს შესაბამისი ტერმინის - „გენოციდის“ - სისტემატური ხსენებით.

უსმენ ორივე მხარეს და ფიქრობ, რომელია მტყუან-მართალი. იმასაც ფიქრობ, რამ გამოიწვია ორი მეზობელი ერის ერთმანეთთან დატაკება, ვისი შემოქმედებით მოხდა ყოველივე, ვის მიუძღვნის ბრალი.

იქეთ მხარეს გაიხსენეს ომის პერიპეტიები, ალაპარაკეს ცნობილი სამხედროები, ცხინვალის ომში მონაწილენი, ქართულ-რუსულ ურთიერთობებში გათვითცნობიერებულები. ისინი სინანულით აცხადებდნენ, რომ რუსეთის ხელისუფლებას უნდა გადაედგა პრევენციული ნაბიჯი, რაც თავიდან ააშორებდა მას მსხვერპლს. გენერლები ამბობდნენ, რომ რუსეთს საჰაერო თავდასხმა უნდა მიეტანა ცხინვალის შემოგარენთან და გორში თავმოყრილ ქართულ სამხედრო ძალებზე, რაც არათუ შეაფერხებდა, არამედ აღკვეთდა აგრესიას. გარდა ამისა, ისინი იმასაც ამბობდნენ, რომ შეტევა ცხინვალის გადასარჩენად დაგვიანდა. გადაწყვეტილება ამის თაობაზე გვიან იქნა მიღებული.

სამხედროთა განცხადებას პუტინიც გამოეხმაურა, აღნიშნა, რომ მხოლოდ აგრესიის ფაქტის შემდეგ იყო შესაძლებელი სამხედრო პასუხის გაცემა, სხვა მხრივ პრევენციული დარტყმა გაუმართლებელი იქნებოდა.

ცხინვალის მოვლენების გახსენებას თან ახლდა ხელისუფლების დაპირებაც - საგამოძიებო სამსახურის სახით, რომ საგამოძიებო კომიტეტი აგრძელებს გამოძიებას და სულ მალე ახალ ფაქტებს წარუდგენს საერთაშორისო სასამართლოს იმ პერიოდში ქართველ პოლიტიკოსთა და სამხედროთა ქცევის შესახებ.

შეძლებს თუ არა რუსეთი საქართველოს ხელისუფალთა საერთაშორისო სამართალში მიცემას, დრო გვიჩვენებს და საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე არსებული ვითარება, მანამდე კი სააკაშვილი, „ბარბაროსი“ რუსეთის წინააღმდეგ დაუღალავ მებრძოლად რჩება - ჭარბი „პატრიოტიზმით“, საქართველოს აღმშენებლობით დაკავებული ლიდერის იმიჯით.

პუტინის განცხადება, რომ რუსეთი ემზადებოდა საქართველოსთვის პასუხის გაცემისათვის, სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ თავისებურად, ცხადია, თავიანთ სასარგებლოდ შეაფასეს - ხომ გითხარით, რომ რუსეთი კიდევაც ემზადებოდა და ომიც მან დაიწყო ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგო.

ქართულმა მედიამ გულმოდგინედ ატრიალა პუტინის მიერ ნათქვამი - თითქოს ახალი რამ აღმოაჩინეს მასში, თითქოს რაღაც საიდუმლოს ახადა ფარდა რუსეთის პრეზიდენტმა. პუტინი პროფესიონალი მზვერავი იყო და მისი მხრიდან საიდუმლოს გათქმა ერთობ შეუფერებელია. მაშ რაშია საქმე, რამ გამოიწვია პუტინის „გულწრფელობა“?

პუტინის განცხადება რამდენიმე მიზანს ემსახურება - პირველი - განაწყენებული გენერლებისათვის პასუხი, რომ პრევენციული თავდასხმა ქართულ ჯარზე, თანაც თავისსავე ტერიტორიაზე, საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევად შეფასებოდა და რუსეთის ხელისუფლებას თავის გასამართლებლად აღარაფერი დარჩებოდა. მეორე - რუსეთის მიერ გადაიდგა საპასუხო, ადეკვატური ნაბიჯი საქართველოს გონდაკარგული ხელისუფლების აზრზე მოსაყვანად. მესამე - სამომავლო გაფრთხილება, რომ მსგავსი გამოხდომის შემთხვევაში რუსეთის რეაქცია უფრო მკაცრი იქნება.

ის, რომ რუსეთი ემზადებოდა საქართველოს ხელისუფლების აგრესიის მოსაგერიებლად და შესაბამისი პასუხის გასაცემად, არავითარ აღმოჩენას არ წარმოადგენს. ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც მიიჩნევს, რომ მტრები ჰყავს, შეეცდება სავარაუდო აგრესიის საწინააღმდეგოდ სამხედრო საპასუხო გეგმა შეიმუშაოს.

უკვე მრავალი წელია საქართველო რუსეთის მიმართ პერმანენტულ მტრულ დამოკიდებულებას ავლენს, რაც თავისთავად უბიძგებს რუსეთის ხელისუფლებას შესაბამისი საპასუხო სამხედრო გეგმის შემუშავებას.

პუტინის განცხადებას არც არაფერი შეუცვლია და არც ახალი გამოუმზეურებია. და რაც მთავარია, მას არ შეუცვლია ის ფრაზები, რომლებიც ჩაიწერა ტალიავინის დასკვნაში: „ქართული შეიარაღებული ძალების მიერ ცხინვალის საარტილერიო დაბომბვით 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამით დაიწყო ფართომასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტი“.

„შეუძლებელია დავუშვათ, რომ მთელი ღამის განმავლობაში ცხინვალის დაბომბვა „გრადის“ ტიპის მასიური სარაკეტო დანადგარებითა და მძიმე არტილერიით შესაბამისობაშია აუცილებლობისა და პროპორციულობის მოთხოვნასთან, იმისათვის, რომ დაცული ყოფილიყო სოფლები“.

ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლიდან ვერა და ვერ მიეცა რეალური შეფასება რუსეთსა და მის სამხედრო ძალებს. “დაჟანგული ტანკების“ თემამ სძლია საღ აზრს, გადაადგმევინა რა მას მცდარი, ქვეყნისათვის სავალალო, საბედისწერო ნაბიჯი.

ამ ნაბიჯის გადადგმაში საქართველოს ხელისუფლება მარტო არ იყო, მას პირდაპირ თუ ირიბად მხარს უჭერდა და ეხმარებოდა აშშ-ს გარკვეული ძალები. სწორედ მათ უზრუნველყვეს დამარცხებული ქვეყნის, გამარჯვებულად წარმოჩენა - არა ბრძოლის, არამედ პროპაგანდისტულ ველზე. დასავლეთმა რუსეთის საწინააღმდეგო პროპაგანდისტული კოზირები იგდო ხელთ, რასაც ხშირად ათამაშებს რუსეთთან პოლიტიკური ჭიდილის დროს.

საქართველოს ხელისუფალი ძალას არ იშურებს საკუთარი ავანტიურის გასამართლებლად, სრულიად საქართველოს ამ გაუმართლებელ აგრესიაში ჩართვისათვის. „საქართველოს ომი, საქართველოს აგრესია“, რასაც ხშირად ამბობენ უცხოეთში, ყურს ჭრის და რაც მთავარია, ამახინჯებს ფაქტებს.

საქართველოსთვის ომის დაწყება არც არავის უკითხავს, ის ისეთივე მოწმე გახდა ამ მოულოდნელი ამბისა, როგორც ნებისმიერი ქართველი. საქართველო არაფერ შუაშია. ვინც შუაში, თავში და ბოლოშია - ეს საქართველოს ხელისუფლებაა - გაყალბებით, სხვადასხვა მაქინაციებით იმავე წლის დასაწყისში ხელისუფლებაში მოსული.

საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად მოსახსენებელია მისი მხარდამჭერი საზოგადოება, ისინი, ვინც ომის დროს პარლამენტის შენობის წინ გამართულ ნაცთა მხარდასაჭერ (და არა საქართველოს) მიტინგ-ტლინკაობაში იღებდა მონაწილეობას. სამწუხაროდ, მაშინ მოხდა საქართველოსა და ნაცთა ბელადის გაიგივება - ვამბობთ საქართველოს, ვგულიხმობთ სააკაშვილს. ვამბობთ სააკაშვილს, ვგულისხმობთ საქართველოს. სააკაშვილმა ნაწილობრივ შეძლო ამ თეორიის პრაქტიკაში განივთება.

ოთხი წლის შემდეგ სააკაშვილი გაცილებით თავდაჯერებულია, ვიდრე ადრე - იმდენად, რომ აფხაზეთ-სამხრეთ-ოსეთის ავტონომიების მიმართ თავისუფალი შეფასების უფლებასაც აძლევს თავს - ისინი საბჭოთა კავშირის დროსაც გამიჯნული იყვნენ თბილისისგანო. ამ ნათქვამით პატივცემული მიხეილი ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა 2008 წლის აგვისტოს ომიდან კი არ დაწყებულა, არამედ გაცილებით ადრე, საბჭოთა პერიოდიდან.

უნებლიედ იბადება კითხვა - აჯერებს თუ არა ამ ბლეფით საზოგადოებას? ცხადია აჯერებს, თუ ყველას არა, საკმაოდ დიდ ნაწილს - ინფორმაციით და ანალიზის უნარით მოკლებულთ - სამთავრობო ექსპერტობისა და ჯიბის ტელევიზიების საშუალებით, ოპოზიციის სრული უუნარობით, სიზარმაცით, უცოდინარობით.

არც ოპოზიციას და არც ე.წ. ოპოზიციურ ტელეკომპანიას არ უჩვენებია 2008 წლის 7-8 აგვისტოს ომამდელი ამბები - სააკაშვილის და ქართველ სამხედროთა „პატრიოტიზმით“ გაჟღენთილი განცხადებები. არც არავის გახსენებია პრეზიდენტის მიერ ოსთა მიმართ ნათქვამი ძმობის და ერთად ცხოვრების სიტყვები. იყო თუ არა ეს ოსთა ყურადღების მოდუნებისათვის ნათქვამი?! და როდესაც ძმობის ჰიმნს მღეროდა, პარალელურად ამ „ძმობის“ დასამარების სამხედრო გეგმა „ჩისტოე პოლე“ ითხვზებოდა.

ისტორიას ბევრი მსგავსი მზაკვრული მაგალითი აქვს შემონახული, მათ შორის აღსანიშნავია ჰიტლერის მიერ სტალინისადმი გაგზავნილი წერილი, 1941 წლის 14 მაისით დათარიღებული. წერილი იწყება ასე: „პატივცემულო, ბატონო სტალინ! მე გწერთ ამ წერილს იმ მომენტში, როდესაც საბოლოოდ მივედი იმ დასკვნამდე, რომ ევროპაში მტკიცე მშვიდობის შექმნა შეუძლებელი იქნება ინგლისის, როგორც სახელმწიფოს განადგურების გარეშე“. შემდეგ ჰიტლერს მოჰყავს მთელი რიგი მოსაზრებები ამ საქმის განხორციელებისათვის და გადადის მთავარზე - საბჭოთა საზღვრებთან 80 დივიზიის თავმოყრაზე.

ის წერს, რომ დივიზიების საბჭოთა საზღვრებთან განლაგება ინგლისის თვალის ახვევისათვის მოხდა და მთავარი სამიზნე ინგლისია. „გარწმუნებთ სახელმწიფო მეთაურის პატიოსანი სიტყვით, რომ დივიზიების თქვენს საზღვრებთან თავმოყრა არ ნიშნავს სამხედრო კონფლიქტს ჩვენს შორის. გარდა ამისა დაბეჯითებით გთხოვთ, არ წამოეგოთ ზოგიერთი ჩემი გენერლის პროვოკაციას, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს ადგილი. გთხოვთ, არ გადადგათ საპასუხო ნაბიჯი და უმალ შემატყობინოთ მე ამის თაობაზე თქვენთვის ცნობილი არხებით. . .

გულწრფელად თქვენი, ადოლფ ჰიტლერი“.

მკითხველი ისე ნუ გამიგებს, თითქოს მიშას და ადოლფს ერთმანეთს ვადარებდე. ჰიტლერი იყო ბოროტი მხედართმთავარი, სააკაშვილი კი არც მხედართმთავარია და არც სამხედრო სტრატეგი. ის უბრალოდ ბოროტი სულია, რომელმაც იოლად მოახერხა გულუბრყვილო საზოგადოებაში სიმპათიების მოპოვება, მხარდამჭერთა დარაზმვა და ისეთი საამური ცხოვრების შექმნა, რომელიც ბედნიერების მომტანია სააკაშვილისა და ერთი მუჭა მისი გუნდისთვის.

2008 წლის ომით სააკაშვილმა კიდევ უფრო განიმტკიცა რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი პატრიოტი ადამიანის სახე, კიდევ უფრო დაარწმუნა საზოგადოება, რომ საქართველოს ერთადერთი  მტერი რუსეთია, რომლის ჯინაზე საქართველო ევროკავშირშიც შევა და ნატოშიც.

ვაშა, ახალ მიშლენდად ქცეულ საქართველოს!

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"