ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ექსპრესკომენტარი
11.08.2012
სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს...

 

ბრძნული ქართული ანდაზა - „სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს, კარგისა მამაცისგანო“, სავსებით მიესადაგება ნინო ბურჯანაძის გადაწყვეტილებას, მონაწილეობა არ მიიღოს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში იმ მოტივით, რომ ხელი არ შეუშალოს ბიძინა ივანიშვილს ოპოზიციური ხმების კონსოლიდირებაში. ნინო ბურჯანაძის გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ პოლიტოლოგები და კომენტატორები. მკითხველს ვთავაზობთ რამდენიმე მათგანის მოსაზრებებს, რომლებიც სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოებმა გამოაქვეყნეს.

 

ნანა დევდარიანი: ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „დემოკრატიული მოძრაობა“ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, ცალსახად დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ძირითად მოტივად ის სახელდება, რომ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ იმედის უკანასკნელ ნაპერწკლად აღიქმება და მისთვის „ფართო გზის“ მიცემა პოზიტიურ ნაბიჯად ჩაითვალა.

პოლიტიკური ტექნოლოგიები ორ ძირითად ვექტორს სცნობს: ამომრჩევლისკენ და ოპონენტებისკენ მიმართულს. ის, რაც ამომრჩევლის გულს მალამოდ ეფინება, სულაც არ უნდა იყოს სასიამოვნო პოლიტიკური სუბიექტისთვის, ამ შემთხვევაში – „ქართული ოცნებისთვის“. ტაქტიკამ, რომლითაც ივანიშვილმა ოპოზიციურ ფლანგზე ზოგი პარტია შეიწოვა, ზოგი ფაქტობრივად დაშალა, ხოლო ზოგიერთის სრული დემორალიზაცია მოახერხა, ნინო ბურჯანაძის შემთხვევაში არ გაამართლა.

 მისი პარტიისა და „სახალხო კრების“ ლიდერებმა ივანიშვილის ფორმულას – „ყველა მინუს ბურჯანაძე“ უარით უპასუხეს. ორი მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელიც „ოცნებისგან“ იყრის კენჭს, საბოლოო ჯამში უფრო ბურჯანაძის აქტივია, ვიდრე ივანიშვილის. მაჟორიტარების საკითხი ერთობ საინტერესოა და ამაზე ცალკე ღირს მსჯელობა, აქ მხოლოდ იმას დავსძენ, რომ კანდიდატების მიმართ რეგიონებში არაერთგვაროვანი დამოკიდებულების გამო „ქართულმა ოცნებამ“ უკვე მიანიშნა მათ შესაძლო შეცვლაზე.

 დღემდე ქართულ პოლიტიკაში არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა ბოიკოტს უკავშირდებოდა. ბურჯანაძის განცხადება კი ცალსახად ემიჯნება არჩევნების ბოიკოტირების იდეას (რომელიც, სხვათა შორის, არასოდეს ყოფილა წარმატებული საქართველოში): „აღნიშნული გადაწყვეტილება არცერთ შემთხვევაში არ გულისხმობს არჩევნების ბოიკოტს, მით უფრო არ ნიშნავს „დემოკრატიული მოძრაობის“ დაწყებული ბრძოლის შეწყვეტას... „დემოკრატიული მოძრაობა“ მოუწოდებს ყველას, რომ 1 ოქტომბერს ქუდზე კაცი გამოვიდეს, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და მხარი დაუჭიროს რეალურ ოპოზიციურ ძალას, რომლის გამარჯვების იმედიც დღეს აქვს საქართველოს მოსახლეობას“.

ამ განცხადებაში კიდევ ერთი აბზაცია, რომელიც ნათლად აჩვენებს ბურჯანაძის გადაწყვეტილების მოტივს: „ჩვენს პოლიტიკურ ძალას კვლავ მიაჩნია, რომ მიზნის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ერთიანი ოპოზიციური ფრონტის ჩამოყალიბებით და არაერთხელ გამოვედით საჯაროდ ამ ინიციატივით, ოპოზიციური ერთობის მისაღწევად ჩვენ უარიც კი განვაცხადეთ საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებზე“.  როგორც ცნობილია, ოპოზიციურ ერთობაზე ივანიშვილმა იმთავითვე თქვა უარი და აზრი არც დღეს შეუცვლია.

 რამდენად ძლიერია ამომრჩეველში ოპოზიციის გაერთიანების სურვილი, 26 მაისს დაღუპულთა პარაკლისზე ივანიშვილი–ბურჯანაძის მისალმებისას ტაძარში მყოფთა ტაშმა აჩვენა. თუმცა ვერც ამან შეაცვლევინა გადაწყვეტილება ივანიშვილს. მისი სურვილი – ბურჯანაძე ხელს ნუ შეგვიშლისო, დღეს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა შეუსრულა და ის ვითარება შექმნა, რომელსაც ქართულად ეწოდება „ჰა – ბურთი, ჰა – მოედანი“.

 სააკაშვილის რეჟიმთან დაპირისპირებისას „წუნია პატარძალივით“ მოქცევა კარგს რომ არაფერს მოიტანს, ცხადია. იგი დათმობას არ აპირებს და მასთან დაპირისპირება მართლაც მხოლოდ ერთიანი ფრონტითაა შესაძლებელი. საუკეთესო შემთხვევაში ყველა იდეური შეუთანხმებლობა (თუ ასეთი არსებობს) გვერდით უნდა გადადებულიყო რეჟიმის დამარცხებამდე. თუმცა „ოცნების“ ბანაკის მხრიდან  მოტანილი ყველა მოტივი ერთმანეთის მიყოლებით გაბათილდა; ჯერ ბურჯანაძის მიერ „პუტინისთვის ხელის ჩამორთმევის“ მიზეზი ამოიწურა, რადგან „ოცნებაში“ „ჟირინოვსკისთვის ხელის ჩამომრთმევები“ აღმოჩნდნენ, შემდეგ ბურჯანაძის „ქუჩის აქციების მიმდევრობაზე“ საყვედური გაუაზროვდა, რადგან „ოცნება“ იძულებული გახდა, თავადაც განეცხადებინა, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ქუჩაში გამოვა.

 ერთი სიტყვით, დარჩა აუხსნელი სუბიექტური მიზეზები, რის გამოც ივანიშვილის გარშემო გამაგრებულ ძალებს ბურჯანაძის იქ ყოფნა არანაირად არ აძლევს ხელს. ეს ის ძალებია, რომელთაც დამოუკიდებლად საარჩევნო ბარიერის დაძლევა არ შეუძლიათ. ივანიშვილი მათთვის ლოკომოტივია, ოღონდ ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა მასზე მიბმული ვაგონები კარნახობენ ლოკომოტივს თამაშის წესებს.

 სულ ახლახანს ირმა ინაშვილისთვის მიცემულ ინტერვიუში ივანიშვილმა განაცხადა, რომ ყველაზე უარესი შედეგი „ქართული ოცნებისთვის“ საპარლამენტო არჩევნებში მიღებული 40 პროცენტი იქნება. ნუ დავწვრილმანდებით და ნუ შევახსენებთ მას, რომ იგი გადამწყვეტი უმრავლესობით გეგმავდა პარლამენტში მოსვლას; ამ 40 პროცენტზე შევჩერდეთ. ვინ მიიღებს დანარჩენ 60 პროცენტს? ივანიშვილი რომ უშვებდეს სხვა ოპოზიციური ძალის გასვლას, მას ელემენტარული პოლიტიკური ლოგიკით გვერდით უნდა იყენებდეს. რაკი არ იყენებს, ივარაუდება, რომ იმ 60 პროცენტში იგი ნაცმოძრაობასა და მის სატელიტებს გულისხმობს. განა ეს გამარჯვებაა? ცხადია, არა.

 ეს გამარჯვება იქნება მხოლოდ იმ პარტიებისთვის, რომლებსაც თავად არ შეუძლიათ საპარლამენტო მანდატების მოპოვება, ხოლო „ოცნების“ წყალობით ფრაქციების შექმნის შესაძლებლობასაც კი მიიღებენ. ეს დამარცხებაა ქართველი ხალხისთვის, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმის მოცილება სურს. ბურჯანაძის გამბიტი ამ მხრივ ივანიშვილს შიშველს ტოვებს: მან ან უნდა მოიგოს და დაიცვას საკუთარი ხმები (რაც ამ კონფიგურაციით ძალიან გაუჭირდება), ან აგვისტოს ბოლომდე მთლიანად შეცვალოს კოალიციის კონფიგურაცია და ნაციონალური რეჟიმი გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენოს.

 წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით ბურჯანაძემ ეს პარტია ივანიშვილს მოუგო. 40–პროცენტიანი “გამარჯვების“ შემთხვევაში ივანიშვილის რეიტინგი მკვეთრად დაეცემა, მაშინ როცა ბურჯანაძე არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმით ამ შედეგის დადგომისთანავე გაცილებით უფრო მომგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდება. ნუ დაგვავიწყდება, რომ სააკაშვილი კიდევ ერთი წლით რჩება პრეზიდენტად და შესაძლოა, ექვს თვეში მან თავად დაშალოს პარლამენტი. საარჩევნო პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როცა არჩევნების შედეგები არც გამარჯვებულს აძლევს ხელს და არც დამარცხებულს. ოქტომბრის არჩევნების გამოტოვებით ბურჯანაძე არაფერს აგებს, ხოლო ივანიშვილი გაუმართლებელ რისკზე მიდის. 2013 წელს კი საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, რომლისთვისაც საწყისი პირობები ბურჯანაძეს ბევრად უკეთესი აქვს, ვიდრე რომელიმე სუბიექტს „ქართულ ოცნებაში“.

 ამდენად, ბურჯანაძის ნაბიჯი, რომელიც მას ექსპერტებმა ღირსეულად ჩაუთვალეს, ამავე დროს უაღრესად პრაგმატულია. პოლიტიკას კი სწორედ პრაგმატული ნაბიჯები ქმნის და არა მხოლოდ ღირსეული. ამ გამბიტით ბურჯანაძემ ოქტომბრის არჩევნები მომავალ გამარჯვებას შესწირა, ხოლო ივანიშვილს ცაიტნოტი აქვს კონტრგამბიტისთვის; მას ვადა მხოლოდ აგვისტოს ბოლომდე დარჩა. 

 

კონსტანტინე ჩიკვილაძე: „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ მისი პარტია არ მიიღებს 1 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას.

 „მივიღეთ პოლიტიკური ძალისათვის უმძიმესი, მაგრამ ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება - არ მივიღოთ მონაწილეობა 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, რათა ხელი არ შევუწყოთ ოპოზიციის მომხრე ელექტორატის ხმების დაფანტვას...“- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ამ განცხადებას წინ უძღოდა  „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ და სახალხო კრების  თავდაუზოგავი და თანმიმდევრული ბრძოლა არსებულ რეჟიმთან, ქალბატონი ბურჯანაძის არაერთი განცხადება  იმის შესახებ, რომ  შექმნილ კრიტიკულ მდგომარეობაში ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხება, პარლამენტში რეალურად ოპოზიციური ძალების უმრავლესობით მოსვლა და დემოკრატიული, სისტემური ცვლილებების უზრუნველყოფაა, რისი მიღწევაც მხოლოდ ერთიანი ოპოზიციური ფრონტის ჩამოყალიბებით და კოორდინირებული მოქმედებით არის  შესაძლებელი, რამაც სამწუხაროდ ვერ ჰპოვა გამოხმაურება და განხორციელება, პირველ რიგში, კოალიცია „ქართული ოცნების“ მხრიდან.

არადა, რეალურად ოპოზიციური ძალების გაერთიანება და ერთიანი ფრონტით შეტევა პირველ რიგში საზოგადოების მოთხოვნაა. „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერი აშკარად ცდებიან, როდესაც ვითომ „იდეოლოგიური“ მოტივის გამო უარს აცხადებენ ამგვარ ერთიანობაზე, ეს ასუსტებს თავად „ქართულ ოცნებასაც“ და ზრდის „ნაციონალების“ შანსებს. სავალალოა ისიც, რომ თავად ივანიშვილი ერთის მხრივ საკუთარი თავის წარმოჩენას ცდილობს ძლიერ ლიდერად, მაგრამ ამავე დროს ყურს უგდებს თავისი გარემოცვის ყველაზე არაპოპულარული, შეიძლება ითქვას - მარგინალური წარმომადგენლების რჩევებს და მათ პრეტენზიებს ანგარიშს უწევს, რითაც საერთო-ეროვნულ საქმეს აზარალებს.

 ნინო ბურჯანაძე ქართულ პოლიტიკაში სხვა მასშტაბის ფიგურაა, მთელი რიგი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, საკუთარ იდეოლოგაზე უარის თქმის და ღირსების  შელახვის ხარჯზე ბიძინა ივანიშვილის მზის ქვეშ ადგილის მოპოვებას იგი ნამდვილად არ ისურვებდა და არ ისურვა კიდეც.   

ნინო ბურჯანაძე თანმიმდევრულად და ღირსეულად სთავაზობდა ოპოზიციურ სპექტრს ძალზედ გონივრულ და კონსტრუქციულ წინადადებებს და როდესაც დარწმუნდა, რომ ეს უშედეგო მცდელობა იყო, ჩამოშორდა საარჩევნო მარათონს, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართულ პოლიტიკაში ძალიან ცოტაა ნამდვილი ჯენტელმენი, ხოლო თავად ნინო ბურჯანაძე  დღევანდელ საქართველოში წარმოადგენს ერთ-ერთ უპირობო პოლიტიკურ ლიდერს, რომელსაც ღირსება  ჯერ კიდევ შემორჩენილი აქვს.

 ფაქტია, რომ ქართული საზოგადოება  არც ადრე იყო და არც ახლა   არის განებივრებული მსგავსი ჟესტებით პოლიტიკური სპექტრის მხრიდან, შექმნილ ვითარებაში ეს იყო ერთადერთი ლოგიკური და გამართლებული ნაბიჯი - არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა, ასპარეზის დათმობა და გზის დალოცვა  საზოგადოებაში მაღალი  რეიტინგის მქონე კოალიცია „ქართული ოცნებისთვის“, რაც, რა თქმა უნდა, ამავდროულად დიდ პასუხისმგელობას აკისრებს ამ უკანასკნელს, ამომრჩეველზეც და საბოლოო შედეგებზეც. ფაქტია, რომ  უამრავი ადამიანისა თუ ოჯახისთვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ სწორედ „ქართული ოცნება“ არის  იმედის უკანასკნელი ნაპერწკალი, არსებული  რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში...

ამავდროულად თავის განცხადებაში ნინო ბურჯანაძე ხაზგასმით ამბობს, რომ მისი გადაწყვეტილება არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს არჩევნების ბოიკოტს თუ ბრძოლის ველის დატოვებას, ის პირდება მხარდაჭერას ყველა იმ ძალას, ვინც იბრძოლებს ბოლომდე, რაც აგრეთვე მისასალმებელია და რაღაც ახალ სიოს თუ  „ნოუ ჰაუ“-ს ჰგავს ქართულ „ჟლობურ“ პოლიტიკაში - გუშინ  ხომ დეპუტატმა გია თორთლაძემაც განაცხადა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს და მოსახლეობას მოუწოდა, ივანიშვილის პარტიას მხარი არ დაუჭირონ... ანუ რისკენ მოუწოდა საზოგადოებას თორთლაძემ?!  „გავაპატიოსნოთ“ ეს სიტყვები და მოვხსნათ ზედმეტი ანტურაჟი, გამოგვივა: „ხმა მიეცით  ნაციონალურ მოძრაობას“! მთაზე ამსვლელ თუ ვერ ამსვლელ თორთლაძეს არ შეშვენის ჩახლართული ფორმულირებები, შეიძლებოდა, რომ პირდაპირ ასე ეთქვა...

  დასასრულს მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი  გამოხმაურების მთავარი აზრი და მიზანი არა  ნინო ბურჯანაძის განდიდებაა, არამედ ამორალურ  და უსახო ქართულ პოლიტიკაში უზნეობის კედლის გარღვევის მცდელობის ფაქტის დაფიქსირება და წარმოჩენა. მივესალმები მსგავს გადაწყვეტილებებს არა მხოლოდ ნინო ბურჯანაძის, არამედ ნებისმიერი, თუნდაც ჩემთვის მიუღებელი, „ნაფტალინში“ თუ „მარინადში“ ნადები, მაგრამ ღირსება-გამოღვიძებული პოლიტიკოსის მხრიდან. დღეს არ არის იმის დრო, რომ წარსულის შეცდომები ვახსენოთ ერთმანეთს  და არჩევნებამდე დარჩენილი მწირი დრო ურთიერთბრალდებებში და ქიშპობაში გავატაროთ.

 

გულბაათ რცხილაძე: ე. წ. „მესამე ძალის“ შექმნის აუცილებლობაზე რამდენიმე სტატია გამოვაქვეყნე, სადაც ასეთი ძალის შესაძლო ლიდერად ნინო ბურჯანაძეს მოვიაზრებდი. მკითხველს შევახსენებ ამ მოსაზრების არსს: იმ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლება, თავისი სატელიტი, ფორმალურად ოპოზიციური პარტიებით, ერთის მხრივ, და ბიძინა ივანიშვილის გარშემო გაერთიანებული ოპოზიცია, მეორეს მხრივ, დასავლური პოლიტიკური ორიენტაციის ურყევობაზე და ნატოში გაერთიანების აუცილებლობაზე აკეთებენ აქცენტს, ხოლო ამომრჩევლის აშკარად უდიდესი ნაწილი პირველ რიგში რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებას ითხოვს  (ერთდროულად  ნატოში ინტეგრაცია და რუსეთთან ურთიერთობების სრულფასოვანი დარეგულირება კი აშკარად შეუძლებელია), ლოგიკურად ჩნდება მოთხოვნილება განსხვავებული იდეოლოგიის პოლიტიკურ ძალაზე, რომელიც ხალხს არადასავლურ ალტერნატივას შესთავაზებს. დილემა - „ნატო თუ რუსეთი“ არ არის მხოლოდ სპეციფიური საგარეო-პოლიტიკური ხასიათის საკითხი, იგი სწორედ რომ იდეოლოგიაა, ქვეყნის მომავლის განმსაზღვრელი, ცხოვრების უმნიშვნელოვანეს საკითხებში, როგორც სარწმუნოებრივ-მორალური, ისე ეკონომიკისა და სოციალური სფეროების ჩათვლით. სწორედ ამ მიზეზით არის დღეს „რუსული თემა“ ასე აქტუალური არა მხოლოდ პოლიტიკურ ელიტებში, არამედ „უბრალო“ ხალხშიც.

 

   გამომდინარე აქედან, ნინო ბურჯანაძის ნაბიჯი, უარი თქვას მომავალ არჩევნებში მონაწილეობაზე, ალოგიკური და არასწორი ჩანს. მაგრამ ეს - პირველი შეხედვით, ვინაიდან ბოლო ორ-სამ თვეში საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა პოლიტიკურ ასპარეზზე. შევჩერდები მხოლოდ უმთავრესზე, რითაც დავიწყე: ბიძინა ივანიშვილმა შეძლო, ე. წ. „რუსული თემა“ არსებითად წამოეწია წინა პლანზე თავის პოლიტიკურ რიტორიკაში. ასე მაგალითად, ძალზე მნიშვნელოვანი იყო მისი გამოსვლა ხალხის წინაშე გორში, ამა წლის 15 ივლისს (ამ გამოსვლიდან საინტერესო ნაწყვეტის ვიდეო იხ. ქვევით - რედაქციის შენიშვნა). ივანიშვილმა საგარეო პოლიტიკაზე საუბარი ჩვეულებისამებრ ნატოთი და დასავლეთით დაიწყო: „საქართველოს დასავლური ორიენტაცია, ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში არის ჩვენი სტრატეგიული არჩევანი, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს“... აქ ივანიშვილმა შეგნებულად გააკეთა ძალიან მცირე, წამიერი პაუზა. იგრძნობოდა, რომ მას თავისი გამოსვლის ტექსტი სერიოზულად აქვს მომზადებული, გათვლილი იყო არა მხოლოდ ის, თუ რას იტყოდა, არამედ როგორ იტყოდა იგი. მან მკაფიო ინტონაციით განაგრძო: „მაგრამ ჩვენ ვერ ავარჩევთ ჩვენს მეზობლებს... ჩვენ, მიუხედავად ყველაფრისა, მოგვიწევს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება“... ახლა უფრო გრძელი პაუზა, ივანიშვილი თავს აქნევს და ამით შეგნებულად აძლევს საშუალებას დამსწრე საზოგადოებას, რომ დაუკრას ტაში. მართლაც, ხალხში ივანიშვილის განცხადების სწორედ ამ მეორე ნაწილმა, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას შეეხებოდა, გამოიწვია ოვაციები, და არა ნატოსა და დასავლეთზე მორიგმა ყბადაღებულმა ფრაზამ. ეს არ არის უმნიშვნელო მომენტი, ივანიშვილმა აუღო ალღო ქართველი ხალხის განწყობას. ამასთან იგი ცივი განსჯის შედეგადაც ხედავს, რომ რუსეთთან ურთიერთობებს საქართველო გვერდს ვერ აუვლის. ივანიშვილის პირიდან შემდეგი განცხადებაც დამაჯერებლად ჟღერს: „ვფიქრობ, ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ ჩვენ შევძლებთ ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნებას!“ (ისევ პაუზა და ისევ მქუხარე ტაში)...

 

   რაც შეეხება დასავლეთისადმი გაგორებულ „კოჭებს“, ივანიშვილმა შეძლო თავისი მხარდამჭერი ელექტრატის უდიდესი ნაწილის დარწმუნება, რომელიც ამავე დროს პირობითად „პრორუსულია“ და არა „პროდასავლელი“, რომ „ასეა საჭირო“. ეს „პრორუსული“ საზოგადოება მას რადიკალურად პროდასავლურ განცხადებებსაც პატიობს, რესპუბლიკურ პარტიასთან მჭიდრო თანამშრომლობის ჩათვლით. საინტერესოა, რა ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებით მიაღწია ამას ივანიშვილმა - სხვა მეთოდებთან ერთად მე გამოვყოფდი ხალხში ხმების დაყრას, რომ იგი ფარული რუსოფილია (ამაში ხელისუფლებამაც უნიათოდ შეუწყო მას ხელი, როდესაც ლანძღა და აგინა, როგორც „რუსი ოლიგარქი“ და მისთ.), პლუს ამას მისი დასავლური რიტორიკა აშკარად გადამლაშებულია და ნაწილობრივ არაგულწრფელ, ხელოვნურ შთაბეჭდილებას ტოვებს. ოღონდ იმავდროულად ივანიშვილი თავის მხარდამჭერ თუ კოლეგა მედასავლეთეებთანაც მართალია და ისინი მას „პრორუსული“ იმიჯისგან იცავენ. ერთი სიტყვით, ივანიშვილის პოლიტიკური პროგრესი ბოლო პერიოდში აშკარაა, ეს არც ნინო ბურჯანაძეს გამორჩენია - განსხვავებით სხვა, წვრილფეხა ოპოზიციონრებისაგან, რომლებიც მხოლოდ ბევრს ლაპარაკობენ რუსეთში ქართული ჩაის და ციტრუსის დაბრუნებაზე, მაგრამ მათი არასერიოზულობის გამო რუსეთის ხელისუფლება მხოლოდ ბურჯანაძეს ელაპარაკება.

 

   ნინო ბურჯანაძეს რომ პირადი ამბიციებით ემოქმედა, იგი აუცილებლად მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას, გაერთიანდებოდა რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების პრეტენზიის მქონე, ვითომ „არადასავლურ“ მინიატურულ პარტიებთან, მათგან შექმნიდა გარკვეულ ძალას და ივანიშვილს არცთუ ისე მცირე პრობლემებს შეუქმნიდა, მაგრამ მან ელეგანტურად დაუთმო გზა „ქართულ ოცნებას“, როგორც ყველაზე რეიტინგულ ოპოზიციურ ძალას. არჩევნებში მონაწილეობა ხომ თვითმიზანი არ არის, არამედ მიზნად ისახავს არსებული ხელისუფლების და მისი კურსის დემონტაჟს. რაც შეეხება იდეოლოგიურ პრინციპებს: ვინაიდან ივანიშვილმა თავი უკვე დაივალდებულა, რომ რუსეთთან ურთიერთობებს დაალაგებს (თუნდაც პარალელურად ნატოში ინტეგრაციასა და დასავლურ ორიენტაციაზე არ ამბობს უარს), ბურჯანაძეს ეს სრულ მორალურ უფლებას აძლევს, მოცემულ ეტაპზე უარი თქვას „მესამე ძალის“ შექმნაზე, ვინაიდან ივანიშვილმა სრულად არა, მაგრამ მნიშვნელოვანწილად გაიზიარა და შეითავსა ამ ჰიპოთეტური ძალის იდეოლოგია. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, მაშინ ბურჯანაძის გადაწყვეტილება აშკარად მიუღებელი და არასწორი იქნებოდა.

 

   მოცემულ ვითარებაში, როდესაც ივანიშვილი მნიშვნელოვნად აძლიერებს რუსულ ვექტორს თავის პოლიტიკურ ხედაში, მისდამი ოპოზიციური დროშით წინააღმდეგობის გაწევა, საუკეთესო შემთხვევაში, უაზრობაა, უფრო ცუდად რომ ვიფიქროთ - ხელისუფლების მხარეს თამაშში ჩართვაა. სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკა ვერ ასცდა ორპოლუსიანობას და „ქართული ოცნება“ ბოროტების საპირწონე ერთადერთი პოლუსი იქნება, თავისი ყველა ნაკლოვანების მიუხედავად.

 

   რაც შეეხება ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ მომავალს: ბურჯანაძე არა პასიური დამკვირვებლის ან გაბოროტებულ-განამცეცებული მოლაყბის  როლში იღებს ტაიმ-აუტს, და ხალხს არჩევნების ბოიკოტისკენ კი არ მოუწოდებს, არამედ უანგარო მხარდაჭერას ჰპირდება იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც თვალს არ დახუჭავს არჩევნების გარდაუვალ გაყალბება-მანიპულაციებზე და ბოლომდე იბრძოლებს. რეალურად ბურჯანაძემ თავი მოხერხებულად „შეინახა“ და არა „დაიძვრინა“, მით უმეტეს, მას კაპიტულაცია არ გამოუცხადებია. ნამდვილი პოლიტიკოსის უმთავრესი ნიშან-თვისებაც სწორედ ეს არის. 

 

VIDEO...

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"