ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
აქტუალური თემა
07.08.2012
მაიზერ გელოვანი: „ქართულ ჯარში მეთაურები მეგობრული და ნათესაური პრინციპით ინიშნებიან, პროფესიონალიზმი უკანა პლანზეა გადასული“

ჩვენი სტუმარია ქართული შეიარაღებული ძალების ვეტერანი, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში მონაწილე ახლახან გადამდგრი კაპიტანი მაიზერ გელოვანი, რომელიც ქართულ ჯარში არსებულ სიტუაციაზე გვესაუბრება.

       -მაიზერ,როგორ დაიწყო შენი სამხედრო კარიერა?


   -ქართულ არმიაში შექმნის დღიდან, 1991 წლის 4 მარტიდან ვმსახურობ,როცა ახლად არჩეულმა ხელისუფლებამ ეროვნული გვარდია შექმნა.მაშინ ისეთი ატმოსფერო იყო,რომ გვარდიაში ახალგაზრდობა სიხარულით,იმედით მოდიოდა და ეწერებოდა. ჩვენ ვიყავით პირველები,რომლებიც სამშობლოს დასაცავად იარაღით ხელში დავდექით და ეს სიამაყით გვმსჭვალავდა.საზოგადოებაშიც მოწიწებით და სიყვარულით გვიყურებდნენ.რა დამავიწყებს 1991 წლის 26 აპრილს,როცა გვარდიელებმა პირველად დავდეთ სამხედრო ფიცი... ერთი თვის შემდეგ, 26 მაისს პირველი აღლუმი ჩატარდა.ეროვნული სტადიონი ხალხით იყო გადაჭედილი. აღლუმს ესწრებოდა მაშინდელი ხელისუფლებაც, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით. მე მაშინ უკვე ასმეთაური ვიყავი და ის წუთები ჩემთვის ყველაზე საამაყო და ბედნიერ წუთებად დარჩა.


   მას შემდეგ საქართველოში მრავალი უბედურება დატრიალდა.ჯერ გვარდიაში მოხდა განხეთქილება.მოგვიწია რკონის ხეობაში გასვლა.    ამ დროს მე ახალციხის მე-9 ბატალიონში,ეროვნული გვარდიის ასმეთაურად ვმსახურობდი.ასე გვითხრეს,სწავლებაზე გავდივართო,თუმცა აღმოჩნდა,რომ მოგვატყუეს და სინამდვილეში სულ სხვა მიზნით გაგვიყვანეს იქ.. მაშინ თითქმის ყველა ბატალიონმა მოიყარა თავი რკონის ხეობაში,გარდა ზუგდიდის ბატალიონისა,რომელსაც ლოთი ქობალია ედგა სათავეში.თავიდან მართლაც გვეგონა,თითქოს გვარდია ტყეში იმიტომ გაგვარიდეს,რუსებს არ დავეხოცეთ.მერე,სიტუაცია გაირკვა,რადგან ჯარისკაცების მშობლები მოდიოდნენ,ინფორმაციები მოჰქონდათ.გაცხადდა, ეროვნული გვარდიის სარდალი თენგიზ კიტოვანი კანონიერ ხელისუფლებას გადაუდგა. ეს რომ შეიტყვეს, რკონიდან ჯარისკაცების დიდი ნაწილი სახლებში დაბრუნდა,თუმცა დაძაბულობა ამით არ განეიტრალებულა.1991 წლის 22 დეკემბერს პირველი ტყვია გავარდა,რასაც ძმათამკვლელი ომი მოჰყვა.ომის შემდეგ,ერთხანობას,სვანეთში გადავიხვეწე,მერე,კვლავ დავბრუნდი ჯარში.1992 წლის ივნისში თამაზ მეფარიშვილის ხელმძღვანელობით განსაკუთრებული დანიშნულების ბატალიონი შეიქმნა, 250 კაცი შევიკრიბეთ.ბრძანების თანახმად სამაჩაბლოში შევედით და შერეულ სამშვიდობო კონტინგენტში ჩავერთეთ.ქართულ სოფლებში გაგვანაწილეს. ქართველები, ოსები და რუსები ერთად ვამყარებდით წესრიგს. 13 აგვისტოს 6 ქართველი ჯარისკაცი, მათ შორის ჩემი ძმადნაფიცი - ვეფხია ბიჩინაშვილი მოგვიკლეს. ამავე პერიოდში აფხაზეთის ომი დაიწყო და 10 სექტემბერს ჯერ სოხუმში, მერე გაგრაში გადაგვისროლეს. გაგრა რომ დაეცა,ალყას მთელი ბატალიონიდან  სამმა მებრძოლმა დავაღწიეთ თავი. 46 კაცი ტყვედ ჩავარდა, დანარჩენები დაიღუპნენ! ჩვენი ბატალიონი ბოლომდე იდგა გაგრაში. გვებრძოდნენ შამილ ბასაევის და კაზაკების რაზმები. სამწუხაროდ, დავმარცხდით, რასაც მერე დამარცხებათა კასკადი და აფხაზეთის დაცემა მოყვა...


  -დღევანდელი ქართული ჯარი რა მდგომარეობაშია ?


-დღევანდელი ჯარი კარგად გაწვრთნილი და შეიარაღებულია. ხელფასით, ჭამა-სმით, ჩაცმით და აღჭურვილობით უზრუნველყოფილია. ოღონდ ჯარისკაცს მიმართულების მიცემა სჭირდება. ქართველი ჯარისკაცი მთას გადადგამს, თუკი სწორ ბრძანებას მიიღებს. თუ მეთაური პროფესიონალია, ჯარს წარმატებები ექნება, მაგრამ ისეც ხშირად ხდება, რომ ჯარისკაცს უფრო მეტი გამოცდილება აქვს, ვიდრე მეთაურს... 2008 წელს აგვისტოს ომში ისეთი ფაქტებიც ხშირი იყო, როცა გაქცეულმა მეთაურებმა ჯარისკაცები მტერს შეატოვეს. მერე, ასეთი მეთაურები კი არ დასაჯეს, რატომღაც დააწინაურეს. საკუთარ გულში ჩაიხედონ და იმას მაინც ნუ იზამენ, ისეთი კადრები შეავიწროვონ, ვისაც მათზე მეტი ღვაწლი და საბრძოლო დამსახურება აქვს, ვისაც სიცოცხლე გაუწირია და სასწაულებრივად გადარჩენილა ბრძოლაში, თანაც ჯარისკაცების წინაშეც უფრო მეტი ავტორიტეტი აქვთ. ასეთი საქციელი საბრძოლო განწყობისაა და სულისკვეთების დამანგრეველია.


 -ზოგადად საუბრობთ. ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის წამოჭრის დროს კონკრეტიზაციაა აუცილებელი. მოდით, პირდაპირ დაასახელეთ მეთაურები,რომლებიც დაწინაურებას არ იმსახურებდნენ...


    -მეთაური ლიდერია,რომელიც ნდობაზე დამყარებულ ურთიერთობებს აყალიბებს,ვაჟკაცობის მაგალითებს იძლევა და გაღებულ მსხვერპლს გონივრულ ახსნას უძებნის.ლიდერის ხასიათი ვერ გამოამჟღავნა მაგალითად, გოგი თათუხაშვილმა. მან საერთოდ არ იცოდა, რა უნდა ეკეთებინა. თანამდებობაზე დანიშვნისთანავე პროფესიონალი და მებრძოლი ოფიცრები სამსახურიდან დაითხოვა. ამ ადამიანებმა კარგად იცოდნენ მისი, როგორც სამსახურიდან გათავისუფლებული კაცის ბიოგრაფია ანუ კარგად იცნობდნენ მას და სწორედ ეს არ აძლევდა ხელს უკვე გენერალსა და შინაგანი ჯარების ძლევამოსილ სარდალს. სამსახურებში მან სამხედრო საქმის სრულიად უცოდინარი, მათ შორის ადრე „მგლის ბილეთით“ გამოგდებული კადრები დანიშნა.


   სააკაშვილი უკვე არჩეული იყო პრეზიდენტად, როცა სამთავრობო დაცვის რიგებიდან  ქურდობისთვის გამოძევებული ზაზა ჩუტკერაშვილი შინაგანი ჯარის სპეცდანიშნულების ბატალიონის მეთაურად მხოლოდ იმიტომ დანიშნა,მისი მეგობარი რომ იყო. ჩუტკერაშვილმა ისე გაამწარა თანამშრომლები, რომ 8 წლის გასვლის მიუხედავად დღემდე აგინებენ. სამსახური გაავსო მეზობლებით, ნათესავებით, ბავშვების ნათლიებით და ამგვარად, სპეცდანიშნულების ბატალიონი თათუხაშვილის პირად კანტორად გადაიქცა. თანამდებობაზე დანიშნულმა ხალხმა პირად კეთილდღეობაზე იწყეს ზრუნვა. საერთოდ,ვარდების რევოლუციიდანვე ტენდენციად დამკვიდრდა,რომ თანამდებობაზე უვიცი,მლიქვნელი და მხდალი ადამიანი დანიშნულიყო. ახლაც ასე გრძელდება. აჭარის „რევოლუციის“ შემდეგ ბათუმში რომ ვიმყოფებოდით, 400 ლარი ხელფასი და დამატებით, სოროსის ფონდიდან 150 $ გვეძლეოდა (თუმცა როგორც გაირკვა, ქართულ ჯარს არა სოროსის ფონდი, არამედ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა - რედაქციის შენიშვნა) , თუმცა მოიტანდნენ სარდლის ლაქიები უწყისებს,ხელს მოგვაწერინებდნენ და მერე ფულს არ გვაძლევდნენ! ბოლოს, უკმაყოფილებამ პიკს მიაღწია და თათუხაშვილს პრეტენზიებით მივადექით, თუმცა ზაზა ჩუტკერაშვილმა და ზაზა ბიჩინაშვილმა ჩვენი სამართლიანი პრეტენზია ამბოხად მონათლეს და დასჯის მიზნით ზოგი გაათავისუფლეს,ზოგი-დააქვეითეს. მაშინ მე ასმეთაურობიდან ათმეთაურამდე დამაქვეითეს. ცხადია,ასეთი საქციელების ჩამდენი ადამიანი ლიდერი და ავტორიტეტი ვერ გახდებოდა! მისი შექმნილი სპეცდანიშნულების ბატალიონიც 1 წელიწადში დაიშალა. დამატებით შეგახსენებთ,რომ ეს სწორედ ის თათუხაშვილია, რომელიც გლდანის ეკლესიის დარბევაში ღებულობდა მონაწილეობას... სხვათა შორის,ვარდების რევოლუციამდე იგი სააკაშვილის პირადი დაცვის უფროსი ბრძანდებოდა! მოგვიანებით, მას თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილთან მოუვიდა უთანხმოება,რომელმაც თანამდებობა დაატოვებინა და მას შემდეგ პენსიაში გავიდა.


     -თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილზე რა აზრის ხართ?


      - ვარდების რევოლუციით მოსულ ხელისუფლებას ერთი ავი ზნე დასჩემდა: რაც უფრო დილეტანტია ან რაც უფრო ცუდი ავტორიტეტი აქვს ხალხში,იმ ადამიანს უფრო მეტად უწყობენ ხელს და შეიძლება, მაღალ პოსტზეც წამოასკუპონ.ასეთი იყო დავით კეზერაშვილიც.იმდროინდელი ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის განლაგებებს რაც  შეეხება,სულ  5 ბაზა იყო. აქედან 2-დასავლეთ, 3 კი აღმოსავლეთ საქართველოში. ეროვნული გვარდიის მთავარი ფუნქცია და მოვალეობა რეზერვისტების გაწვევა და მომზადება გახლდათ. თითო რეგიონში, საბრძოლო მოქმედების შემთხვევაში, ზურგის გასამაგრებლად თითო ბატალიონი უნდა ჩამოყალიბებულიყო რეზერვისტების ბაზაზე, რომელთა მომზადების დრო სულ რაღაც 18 დღე იყო.სამხედრო კომისარიატებიდან სამოქალაქო პირები მოყავდათ, რომელთა უდიდეს ნაწილს არც სამხედრო მომზადება აინტერესებდათ, არც სამშობლოს დაცვის სურვილი ჰქონდათ, მაგრამ იძულებით, შიშით მოდიოდნენ, რათა ეს 18 დღე როგორმე გაეყვანათ. იმის იმედიც ჰქონდათ, რომ ომი არ დაიწყებოდა, თორემ საერთოდ ვინღა მოვიდოდა! 18 დღეში რეზერვისტს კი არა, ჯარისკაცს მწყობრში სიარულსაც ვერ შეასწავლი. არადა, ათასგვარ სულელურ რეკლამებს უკეთებდნენ რეზერვისტებს და ისე წარმოაჩენდნენ,თითქოს საქართველო მათ იმედად იყო. სასაცილო ამბავი მახსენდება: სენაკში 1 რეზერვისტს კოღოს ნაკბენი გაუღიზიანდა და პანიკაში ჩავარდნილმა ხელმძღვანელობა აიძულა,სასწრაფო დახმარება გამოეძახებინა. რეზერვისტის მოგებული ომი სად გაგონილა! ომი პროფესიონალმა სამხედრომ უნდა მოიგოს,ვისაც ამ საქმის სათანადო ცოდნა და გამოცდილება გააჩნია!


 -როგორი თავდაცვის მინისტრი იყო ბაჩო ახალაია ?


 -მის დროს რაიმე განსაკუთრებული ცვლილება ჯარში არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით იმ ნეგატიურ მოვლენას, რომ ჯარიდან ძალიან ბევრი კვალიფიციური კადრი წავიდა. მიზეზები ბოლომდე გარკვეული დღემდე არ არის და ამ მიზეზთა კვლევის მიზნით ვაპირებ, შევქმნა არასამთავრობო ორგანიზაცია „მეომართა დაცვის ასოციაცია“ ,რომელიც დეტალურად შეისწავლის ჯარიდან კვალიფიკაციური კადრის გადინებას. გავაანალიზებთ, თუ რა პრინციპით ხდება მეთაურებად დაწინაურება,აშკარაა,რომ ფეხი მოიკიდა მეგობრულმა და ნათესაურმა გავლენამ, რაც დაწინაურების მთავარი საფუძველია, ხოლო პროფესიონალიზმი უკანა პლანზეა გადაწეული! ეს ნებისმიერ სტრუქტურას დაანგრევს, თუმცა ასეთი მიდგომა განსაკუთრებით სახიფათოა ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტისთვის, როგორიც შეიარაღებული ძალებია! იარაღიანი ადამიანი ყველა ასპექტით უნდა ბრწყინავდეს. უნდა ჰქონდეს უმწიკვლო ბიოგრაფია, იყოს ნიჭიერი, გამოცდილი, შეუპოვარი, მამაცი, იმავ- დროულად, მხურვალედ უნდა უყვარდეს სამშობლო! ახლობლობის,ნათესაობის და მეზობლობის პრინციპით მეთაურად დაწიანურებული კადრი იშვიათად თუ იქნება ღირსეული.


 -მაიზერ, როგორ გგონიათ, ამ სიტუაციაში, როცა ხალხსა და ხელისუფლებას შორის უფსკრული ღრმავდება, შესაძლებელია თუ არა, რომ ხელისუფლებამ ხალხს ჯარი დაუპირისპიროს ?


 -არა მგონია, ასე მოხდეს და ხელისუფლებამ თავადაც კარგად იცის, რომ ხალხის წინააღმდეგ ჯარს ვერ გამოიყენებს,რადგან ჯარი ხალხის ნაწილია და თითოეულ ჯარისკაცს თავისი მსოფლმხედველობის მიუხედავად, ოჯახის წევრები და ნათესავ-მეგობრები ხელისუფლების მხარესაც ჰყავს და მის მოწინააღმდეგე ბანაკშიც. ჯარი ასეთ დაპირისპირებაში შეიარაღებულ მონაწილეობას არ მიიღებს, უკიდურეს მომენტში, აუცილებლად ხალხის მხარეს აღმოჩნდება!


 -საბრძოლო სულისკვეთება ახსენეთ...რა განაპირობებს ამ ფაქტორს ?


 -მრავალი ნიუანსი, თუმცა ერთ-ერთი მთავარი - წარმატების სინდრომია. ნურავის გაუკვირდება და,ჯარს უყვარს ომის მოგება.მოგებული ომის მონაწილე ჯარისკაცი უფრო ბრძოლისუნარიანია ვიდრე წაგებული ომებისა. სამწუხაროდ ჩვენი მდგომარეობა ისე აეწყო, რომ ბოლო დროს წაგებებს შევეჩვიეთ. ეს ძალიან სახიფათო ინერცია და ტენდენციაა. ტერიტორიებს კი არ ვიმატებთ, თანდათან გვაჭრიან... როცა დამარცხებას ახალი დამარცხება მოჰყვება ხოლმე, საბრძოლო სულისკვეთება ეცემა. არც ის არის გამართლებული, ამდენი ტერიტორია გვაქვს დასაბრუნებელი და ამ დროს ჩვენი ჯარისკაცები ავღანეთსა და ერაყში იღუპებიან... თუმცა ეს პოლიტიკაა და ამასთან შეგუება გვიწევს. ჯარისკაცებმა კარგად იციან,რომ ავღანეთში და ერაყში თავიანთ სამშობლოს-საქართველოს არ იცავენ, როგორც ამას ხელისუფლების პროპაგანდა შთააგონებთ. ჯარისკაცი მაშინ არის ძლიერი, როცა სამართლიან ომში იბრძვის, ანუ როცა უშუალოდ თავის სამშობლოს იცავს.


  -მაიზერ, მოდით თქვენი თვალით დანახული, 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ მოგვითხრეთ...


  -6 აგვისტოს ჩემი ბატალიონით გამომგზავნეს მუხროვანისკენ. ქუთაისამდე ჩამოვაღწიეთ და იმ დღეს ქუთაისის მესამე ბრიგადაში დავრჩით. შუაღამე იქნებოდა, რომ განგაში გამოაცხადეს. ჯარი აყარეს და საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანეს. როგორც გაირკვა, ცხინვალში ომი დაიწყო და ჩვენი ჯარები უტევდნენ. ჩვენ უკან დაბრუნების ბრძანება მივიღეთ და დილის 5 საათზე სენაკის ბაზაზე რომ შევედით, არეული სიტუაცია დაგვხვდა. მობილიზაცია გამოცხადებული იყო, რეზერვისტები რაიონებიდან ავტობუსებით მოჰყავდათ. რეზერვისტთა 5 ბატალიონის მიღებას, ჩაცმას და იარაღით აღჭურვას ღამის 11 საათამდე მოვუნდით. ბრძანების თანახმად 1 ბატალიონი ყვითელი ავტობუსებით ცხინვალისკენ დაიძრა. მას ვიცე-პოლკოვნიკი ნუკრი აბულაძე მეთაურობდა. ეს ბატალიონი ზუგდიდის რაიონიდან იყო.ბაზიდან კიდევ 2 ბატალიონი გავიდა და მახლობლად, აეროპორტის ტერიტორიაზე დაბანაკდნენ. ღამის 11 საათსა და 25 წუთზე ბაზას თვითმფრინავმა გადაუფრინა.12 საათზე ჩრდილოეთით, გორაზე 2 მაშხალა შევნიშნეთ.ბიჭებმა თქვეს,უეჭველად,ცხინვალი აიღეს ჩვენებმა და ამას აღნიშნავენო, არადა  თურმე მაშხალები ბაზის დაბომბვის მაუწყებელი იყო. ზუსტად 20 წუთში თვითმფრინავის გუგუნი შემოგვესმა. ამ დროს ბაზაზე დაახლოებით 2000 კაცი იმყოფებოდა. გუმანით ვიგრძენი, რომ უცილობლად დაგვარტყამდნენ. მით უმეტეს ვიცოდით, ჯერ მარნეულის ბაზა, შემდეგ კი ვარიანის და გორის ბაზები უკვე დაბომბეს. ჩვენს ბაზას, რომელიც ყველაზე დიდი იყო მოცულობით და სტრატეგიულად- ყველაზე საინტერესო, ვინ დატოვებდა!  კიდეც დაგვარტყეს! დარტყმის ტალღა ისეთი ძლიერი იყო, რომ აქეთ-იქეთ გაგვფანტა. ჭურვი აეროპორტის ტერიტორიაზე დაეცა. ბაზაზე მყოფი ამდენი ხალხი, დაფეთებულნი, ყველა მხარეს გაცვივდა. თავქუდმოგლეჯილები გარბოდნენ, გზადაგზა იარაღსა და ტანსაცმელს ყრიდნენ. იმ წუთში ენით აუწერელი პანიკა ატყდა... აღსანიშნავია, რომ სენაკის ბაზა  ჭაობის პირას მდებარეობს. ადრე იქ საბჭოთა არმიის სამხედრო ნაწილი იდგა. თურმე, დაშინებული ხალხი რომ გარბოდა ღამით, ძალიან ბევრი ჭაობში ჩაცვივდა და იქიდან ძლივს ამოიყვანეს. პირველი დაბომბვის შემდეგ ოციოდე წუთში მეუღლემ დამირეკა, რა ხდება მანდ, რადიომ გადმოსცა სენაკის ბაზის დაბომბვის ამბავიო... მშვიდობა არის-მეთქი, ძლივს მოვასწარი თქმა და მეორედ დაგვარტყეს. ძლიერმა ტალღამ კედელს მიმანარცხა. ტელეფონი ხელიდან გამივარდა და ძლივს ვიპოვნე. იმ ღამით დაღუპულების რიცხვმა 7-ს მიაღწია, ხოლო 53 კაცი მძიმედ დაიჭრა. მთელი ღამე დაღუპულები და დაჭრილები სენაკის საავადმყოფოში გადაგვყავდა.დილით ბაზაზე რამდენიმე კაციღა დავრჩით. ბაზის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი ნუგზარ სუხაშვილი ძველი მეომარია და ბოლომდე ღირსეულად იდგა. დავიწყეთ დაფანტული იარაღის მოგროვება, რასაც მთელი დღე მოვუნდით. „ჰაილუქსის“ მანქანით გავდიოდი,  ქუჩებში  და ჭაობებში დაყრილი ავტომატებითა და ტყვიამფრქვევებით მანქანას ვავსებდი,ბაზაზე შემომქონდა და პლაცზე ვყრიდი. საერთოდ,ძალიან ბევრი იარაღი დაიკარგა. ზოგი ჭაობში ჩაიძირა და ზოგი მოსახლეობამ წაიღო სახლში. ოჯახების ჩხრეკას იმ დროს აბა, ვინ დაიწყებდა. ხელმძღვანელობისგან მითითებებს ველოდით, მაგრამ მათი მხრიდან არაფერი ისმოდა. ბაზა კი, პერიოდულად იბომბებოდა, ბაზის მიმდებარე აეროპორტიც რამდენჯერმე დაბომბეს და საერთოდ მწყობრიდან გამოიყვანეს. ბაზის მეთაურს შევთავაზე, იარაღი ზუგდიდის მახლობლად მდებარე ჩემს სოფელში, ჩემს სახლში დავმალოთ მეთქი, მაგრამ მეთაურმა ზემდგომების ნებართვის გარეშე ვერ გარისკა და მერე ისე მოხდა, 2000-მდე ავტომატი და ტყვიამფრქვევი მოწინააღმდეგის ხელში აღმოჩნდა. ჩვენ მოულოდნელად, ჯერ აჭარაში ჩაგვიყვანეს ყვითელი ავტობუსებით,მერე ოზურგეთში გადაგვიყვანეს, სამხედრო ფორმა გამოგვაცვლევინეს და დაგვშალეს. ხან ფეხით ვიარე, ხან   გამვლელ მანქანას მოვყვებოდი,როგორც იქნა, ჩამოვაღწიე თბილისში.კოჯრის სამხედრო ბაზაზე შევიკრიბეთ. რუსების ვერტმფრენებმა იქაც მალე მოგვაგნეს და მერე ისევ ყვითელი ავტობუსებით თელავის ბაზაზე გავერიდეთ...


  ერთი სიტყვით, თავიდან ბოლომდე ყველაფერი გაუაზრებლად და უთავბოლოდ კეთდებოდა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო,რომ თბილისში და კოჯრის გზებზე არსებულ რესტორნებში ომის კვალი იქ მოქეიფე ვაიქართველებს საერთოდ არ ეტყობოდათ. რესტორნები ხალხით გადაჭედილი იყო და მუსიკა- ხმამაღლა ჩართული. ამ დროს კი ცხინვალში დაღუპული ბიჭები ჯერ გადმოსვენებულებიც არ იყვნენ. რომ არა უწმინდესისა და უნეტარესის ძალისხმევა, ალბათ ცხედრებს საფლავებიც არ ეღირსებოდათ. ჩვენი „სასიქადულო და საამაყო“ მთავარსარდალი კი ამალასთან ერთად „ომის მოგებას“ ზეიმობდა.  მიხეილ სააკაშვილი გამარჯვებას ალბათ იმას ეძახდა, გორში თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე მიწაზე სამარცხვინოდ ფორთხვის დროს ცხვირი რომ არ გადაიტყავა!


  -სამხედროებ ამ ხელისუფლება ხშირად გაგიცრუათ იმედები ?


  - სამწუხაროდ,დიახ. თავდაცვის სამინისტრომ 2007 წელს კონტრაქტები გაგვიფორმა, რის მიხედვითაც 4 წლის სამსახურის შემდეგ თბილისში 40 კვადრატული მეტრი ბინით დაკმაყოფილებას დაგვპირდნენ. 2008 წლის ბოლოს კონტრაქტზე ხელი თავიდან მოგვაწერინეს. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ამ კონტრაქტს მხოლოდ 2009 წლის 14 იანვარს მოაწერეს. კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე თაღლითურ ხერხს მიმართეს : ოფიცერთა ნაწილი სხვადასხვა აბსურდული მიზეზით სამსახურიდან დაითხოვეს, ხოლო იმ მცირე ნაწილს ,რომლებიც სამხედრო სამსახურს შემოვრჩით, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე კონტრაქტები გაგვიუქმეს ! დღეს, სამხედრო მოსამსახურე, ოფიცერია თუ რიგითი, მონის მდგომარეობაში იმყოფება. უსამართლობას თუ გააპროტესტებს, უკეთეს შემთხვევაში სამსახურს დაკარგავს, უარეს შემთხვევაში კი, ნარკოტიკს ან იარაღს ჩაუდებენ და ციხეში გაუშვებენ. ასეთი შიშის, შეურაცხყოფის, დამცირების და ღირსების შელახვის ფონზე უწევთ დღევანდელ სამხედროებს სამსახური. აღარავის აღარ უნდა ჯარში, ყველა გასაქცევად იწევს, მაგრამ ბანკებიდან აქვთ გამოტანილი კრედიტები და იძულებით არიან ამ სამსახურს მიჯაჭვულები. ეს არის ადამიანის აბუჩად აგდება.

 
 -მაიზერ, ანაზღაურების მიხედვით რა კატეგორიებად იყოფიან  სამხედროები ?


 - არის კატეგორია, რომელსაც 4-წლიანი კონტრაქტი აქვს, რაც ნებაყოფლობითია და შესაბამისად- ანაზღაურებადი. მაგალითად, რიგითი ჯარისკაცი, რომელიც კონტრაქტით მსახურობს, 700 ლარამდე იღებს ხელფასს, ხოლო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვეული ჯარისკაცი მაქსიმუმ 25 ლარამდე იღებს, როგორც საბჭოთა დროს იღებდნენ ჯარისკაცები. ჯარისკაცის ჯანმრთელობა და სიცოცხლე დაზღვეულია, თუმცა სამწუხაროდ, ქართველი ჯარისკაცი ბევრად ნაკლებად არის შეფასებული, უცხოელთან შედარებით...


 -ახლახან,თავდაცვის მინისტრად დიმიტრი შაშკინი მოგვევლინა.მის ხელში ქართული ჯარი წარმატებას მიაღწევს ?


 -შაშკინი ჯერ სასჯელაღსრულების სისტემის, შემდეგ კი განათლების მინისტრი იყო, მაგრამ არც ერთ პოსტზე ღირებული არაფერი შეუქმნია. არა მგონია, თავდაცვის მინისტრად მაინც ივარგოს.


  ყველა სფეროს იმ საქმის მცოდნე უნდა ხელმძღვანელობდეს. მე საერთოდ არ ვარ მომხრე, რომ თავდაცვის მინისტრად სამოქალაქო პირი დაინიშნოს. თავდაცვის მინისტრი მეომარი უნდა იყოს, პროფესიონალი სამხედრო, რომელიც ჯარისკაცებისთვის ავტორიტეტი იქნება. შაშკინი ასეთი ნამდვილად არ არის!




                                                                               საუბრა  ლაშა გაბისკირია,

                                                                                        სპეციალურად „პოლიტფორუმისთვის“

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"