ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
"სკივრი"
17.04.2009
ერეკლე მეორის საზოგადოების განცხადება

 

ერეკლე მეორის საზოგადოება უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო. 9 აპრილამდე საზოგადოებამ გაავრცელა მიმართვა თანამემამულეებისადმი, სადაც მკაფიოდ იყო ჩამოყალიბებული ჩვენი პოზიცია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის დაუშვებლობის შესახებ, რადგან, ნებისმიერი ძალადობა, ახალ ძალადობას წარმოშობს. ამ დაძაბულ ფონზე  საზოგადოებისთვის ბოლომდე ნათელი არ არის რას ემსახურებოდა ორგანიზაცია ,,ნაში”-ის აქტივისტის, ალექსანდრე კუზნეცოვის  დაკავება _ საქართველოსთვის რუსეთის მხრიდან არსებული საფრთხის თავიდან აცილებას, თუ ქართულ საზოგადოებაში რუსეთის მიმართ შიშისა და სიძულვილის კიდევ უფრო გაღვივებას.

საინფორმაციო წყაროებიდან რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი ამ ორგანიზაციის გადაწყვეტილების შესახებ. მისასალმებელია, რომ რუსეთში არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენას, ხოლო, კიდევ უფრო საგულისხმოა, რომ ამას აკეთებს ახალგაზრდული ორგანიზაცია.  დღეს, როდესაც ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებიც დეკლარირების დონეზე მაინც საუბრობენ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებისა და რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზე, სრულიად გაუგებარია მოვლენათა ისეთი განვითარება, რომელსაც გუშინ, 2009 წლის 16 აპრილს ჰქონდა ადგილი, და რომელმაც საზოგადოებაში კითხვები წარმოშვა.

ჩვენ დაუშვებლად მიგვაჩნია ნებისმიერი საზოგადოებრივი და მშვიდობიანი ინიციატივის გამოყენება რუსეთ-საქართველოს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობების გასამწვავებლად. 

ერეკლე მეორის საზოგადოება მოუწოდებს საქართველოს მასმედიის წარმომადგენლებს, ასეთ დაძაბულ პერიოდში მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ ფაქტების შეფასებისას და ხელი არ შეუწყონ ახალ პროვოკაციას, რამეთუ ვარდების ხელისუფლების ექვსწლიანმა ანტირუსულმა პოლიტიკამ და მასმედიის პროამერიკულმა პროპაგანდამ საქართველოს მოუტანა დაკარგული ტერიტორიები, განადგურებული ეკონომიკა და უიმედობისა და უმწეობის განცდა. 

ერეკლე მეორის საზოგადოება შეშფოთებას გამოხატავს ვლადიმერ ჟირინოვსკის მიერ გაკეთებული განცხადების გამო ქართველების რუსეთიდან შესაძლო დეპორტაციის შესახებ, რაც ასევე არ ემსახურება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობათა ნორმალიზებას.

ჩვენ უმორჩილესად ვთხოვთ რუსეთის ხელისუფლებას და რუს ხალხს, რომელთანაც საქართველოს მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლური ურთიერთობები აქვს, არ აჰყვეს ქაართული თუ რუსული მხარის მიერ გაკეთებულ პროვოკაციულ განცხადებებს და არ დაუშვას ამ ინციდენტის გამოყენება დაძაბულობის ესკალაციისთვის.

როგორც საქართველო, ისე რუსეთი, მხოლოდ ამ ქვეყნების მთავრობა ან ოპოზიცია არ არის, და არც მხოლოდ მათი დღევანდელი საზოგადოებაა. ეს არის ჩვენი წარსული თაობები, თანამედროვეობა და მომავალი, რომლის წინაშე პასუხისმგებლობა ყველას გვეკისრება, და არა მხოლოდ პოლიტიკოსებსა თუ მთავრობას.

2009 წლის 17 აპრილი თბილისი, საქართველო

 

 

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"