ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
აშშ
09.02.2009
ამერიკული პოლიტიკის ტროას ცხენი (ნაწილი მეორე)

მერაბ რატიშვილი

(სტატიის პირველი ნაწილი იხ.: ბმული)

 

ტრადიციულად, დემოკრატების მმართველობის პერიოდში აშშ გამოირჩევა უფრო მეტი მომჭირნეობით და როგორც წესი, ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფინანსირებისგან თავს იკავებს. ამიტომ საკუთარი სტრატეგიული ინტერესების გატარებას პოლიტიკური პროცესებით და პოლიტიკური ტექნოლოგიებით, დიპლომატიური წყაროებით და სპეცსამსახურების ხელშეწყობით ცდილობს, რაც უფრო ეფექტურია და ეკონომიკურადაც გამართლებული. ერაყის ომმა, სხვადასხვა მონაცემებით, უკვე ტრილიონამდე დოლარი შეიწირა. შეძლებს აშშ დაიბრუნოს ომში ჩადებული ინვესტიცია უახლოეს წლებში?

უახლოეს წლებში ჩვენს რეგიონში მოსალოდნელი პოლიტიკური პროცესების ავტორად და სულის ჩამდგმელად მოგვევლინება აშშ. ეს პროცესები შეეხება პრაქტიკულად რეგიონის ყველა სახელმწიფოს და გადაიყვანს მას პერმანენტული დაძაბულობის რეჟიმში, რაც შექმნის პოლიტიკურად “ამღვრეული წყლის” სიტუაციას. ამას ემსახურებოდა საქართველოში განვითარებული აგვისტოს მოვლენები და ამას მოემსახურება ქურთული ფაქტორის გააქტიურებაც. ამაზე იქნება ორიენტირებული და გათვლილი სეპარატიზმის გაღვივება და ხელშეწობა რუსეთშიც და რეგიონის სხვა ქვეყნებშიც. “წყლის ამღვრევა” იქნება მთავარი ამოცანა სტრატეგიული გეგმების შემდეგი ეტაპის განსახორციელებლად. რეგიონს ემუქრება გადაიქცეს სამხედრო-პოლიტიკური მოქმედების თეატრად, სადაც ბევრი დაინტერესებული სახელმწიფო შეეცდება დაიჭიროს თევზი მღვრიე წყალში. ამავე დროს, რეგიონი შეასრულებს დანარჩენი მსოფლიოსთვის მაპროვოცირებელ ფაქტორს.. აქ შეიძლება პასუხი გავცეთ წინა სტატიაში დასმულ კითხვებს, თუ რატომ არ აქტიურობენ და არ ახორციელებენ ინვესტიციებს აშშ-ს კომპანიები საქართველოში და ერაყში? თუ თქვენი გეგმები მიზნად ისახავს დესტაბილიზაციას რეგიონში და ხელს უწყობთ წყლის ამღვრევას, რა თქმა უნდა, არც თქვენ იჩქარებდით ინვესტიციების ჩადებას.

რეგიონში შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური მოქმედების არეალი გამოიწვევს სერიოზულ რეზონანსს ევრაზიის ქვეყნებში, რომლებიც იძულებით, მაგარამ მაინც ჩართულები აღმოჩნდებიან ამ პროცესებში. მეტნაკლებად მათაც შეეხებათ ის პრობლემები, რაც კავკასიი რეგიონთან იქნება დაკავშირებული. ჩნდება ლოგიკური კითხვა: რამდენად შეიძლება რეგიონში განვითარებულმა მოვლენებმა ზეგავლენა იქონიონ საქართველოზე და მის მომავალზე? ალბათ მნიშვნელოვანია ავღნიშნოთ, რომ საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან ვერ გახდა რეალურად დამოუკიდებელი და სრულფასოვანი სახელმწიფო, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად, რაც გარკვეულწილად შეუძლებელიც კი იყო. როგორც პოსტსაბჭოთა რესპუბლიკას და რუსეთის იმპერიის ერთ-ერთ პერიფერიას, რამდენიმე საუკუნის მანძილზე არ გაგვაჩნდა სახელმწიფოს დამოუკიდებლად მართვის გამოცდილება. აქედან გამომდინარე, ქვეყანამ ვერ მონახა საწყის ეტაპზე რეგიონის გეოპოლიტიკურ სივრცეში საკუთარი კურსი და ორიენტირები, ვერ შექმნა სახელმწიფოს ჩამოყალიბების და სტრატეგიული განვითარების სრულფასოვანი კონცეფცია. ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ შეგნებულად დავადექით იმავე გზას, რომლითაც საუკუნეების მანძილზე ვსარგებლობდით. როგორც ყმადნაფიცი ქვეყანა, ერთი მფარველის ხელიდან მეორის მფარველობაში გადავიდოდით. თანამედროვე საქართველოს ისტორიაშიც იგივე განმეორდა, ერთ “მფარველ-პატრონს” გავექეცით და მეორეს ხელში ნებაყოფლობით აღმოვჩნდით. წინა საუკუნეებში ამას უფრო გააზრებულად ვაკეთებდით, ამჟამად კი ეს უფრო ისტორიული მეხსიერების ინერციით იყო გამოწვეული. ვფიქრობ, ბევრი დამეთანხმება, რომ ჩვენთვის რუსეთი უფრო ნაცნობი ჭირი იყო, ვიდრე ახალი მფარველი აშშ.

მაგრამ რაც მოხდა, მოხდა. დღეს უკვე, ეს სიტუაცია ქვეყნის მართვის და ცხოვრების რეალობად იქცა. ეს უკვე მომხდარი ფაქტია, ამიტომ ჩვენი ქვეყნის განვითარების ისტორიის გარკვეული ეტაპი, მოგვწონს თუ არა, დაკავშირებული იქნება იმ ქვეყანასთან და იმ გზასთან, რომელიც ნებაყოფლობით ავირჩიეთ. გვიანია მივეცეთ თვითგვემას და ძვირფასი დრო ერთმანეთის, ძველი და ახალი ხელისუფლების ლანძღვაში ვხარჯოთ. ახლა ჯობია შევეცადოთ იმ რეალობიდან, სადაც ვიმყოფებით, იმ პროცესებიდან რის მოლოდინშიც ვართ ქვეყნისთვის, ჩვენთვის და მომავალი თაობებისთვის რაიმე სასიკეთო გამოვადნოთ. პრაგმატულად და ცივი გონებით მიუდგეთ დღევანდელ და ხვალინდელ პრობლემებს. დღეს კიდევ შეგვიძლია იმ ფორმატში, რომელშიც გვიწევს ურთიერთობა ბევრი რამ ჩვენს სასიკეთოდ შემოვატრიალოთ. პირველ რიგში კი, თავიდან ავიცილოთ ის რეალური საფრთხეები, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას, ეს ნამდვილად შეგვიძლია, თუ უფრო მობილიზებული და მოქნილები ვიქნებით.

მოდით, ერთად გადავხედოთ და გავაანალიზოთ შეძლებისდაგავარად, რასთან გვაქვს საქმე, რას უნდა მოველოდეთ და რა შეგვიძლია სწორი პოლიტიკის წარმართვით მივიღოთ.

დავიწყოთ იმით, რომ დღეისათვის საქართველოს ჰყავს ე.წ. სტრატეგიული პარტნიორი, რომლის ქმედებებმაც და უმოქმედობამაც დაგვანახა, რამდენად მზად არის ოპერატიულობის თვალსაზრისით ჩვენს დასაცავად. ამავე დროს, მის სტრატეგიული გეგმებში ჩვენ უკვე გარკვეული როლიც და სტატუსიც მონიჭებული გვაქვს. ამაზე მეტყველებს რამდენიმე დღის წინ ხელმოწერილი აშშ-ს - საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია, რომელიც საკმარისი არ არის ქვეყნის სრულფასოვანი უსაფრთხოებისთვის. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში მეტ დატვირთვას მიიღებს, ვიდრე ეს დღეს წარმოგვიდგენია. ნათქვამია: “ჩათრევას ჩაყოლა ჯობიაო,” ჰოდა ამ შემთხვევაში ყოველმხრივ გამართლებული იქნება, უკვე დღეს საფუძველი ჩაეყაროს უფრო ფართომასშტაბიანი ხელშეკრულების დადებას, როგორც აშშ-სთან და ევროკავშირთან, ასევე მეზობელ ქვეყნებთან. სასურველია, დრო არ დავკარგოთ და აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან. ამავე დროს, შევეცადოთ გავაფორმოთ მასთან რაიმე სახის ხელშეკრულება, ქარტია, თუნდაც მემორანდუმი, რომელიც დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, დროებით მაინც გადაიყვანს ჩვენს ურთიერთობას სტაბილურობის ფაზაში. სასურველია, მივაღწიოთ მიტაცებული ტერიტორიების საკითხის გადაყვანას გამყინვარების რეჟიმში, რაც საფუძველს ჩაუყრის უახლოეს მომავალში ფართომასშტაბიანი ხლშეკრულების ხელმოწერას და პროცესების სასურველ ჭრილში გადაყვანას, როგორც უსაფრთხოების, ასევე მიტაცებული ტერიტორიების სტატუსის განსაზღვრაში. Eეს კი პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის მომავალი სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობის კონცეფციას.

რატომ არის საჭირო ამ პროცესების გააქტიურება უკვე ამ ეტაპზე, ნაწილობრივ ზემოთ აღვნიშნეთ. მაგრამ ამაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი ე.წ. სტრატეგიული პარტნიორისგან უფრო მნიშვნელოვანი გარანტიების მიღება, როგორც უსაფრთხოების სფეროში, ასევე ქვეყნისთვის დივიდენდების მიღებაში. მხედველობაში გვაქვს არა ფინანსური, არამედ პოლიტიკური, რაც უკავშირდება როგორც ქვეყნის სუვეენიტეტს, ასევე ტერიტორიულ მთლიანობას და პერსპექტივაში ისტორიული მიწების დაბრუნების საკითხებს. მაგრამ ამაზე ცოტა ქვემოთ.

იმ მოვლენების, რომლის განვითარებაც მოსალოდნელია რეგიონში, რეჟისორი და პროდუსერი იქნება ჩვენი ე.წ. სტრატეგიული პარტნიორი. ისინი თავისი არსით მიმართული იქნება რეგიონის დიდი მოთამაშეების - რუსეთის, თურქეთის, ირანის წინააღმდეგ. თუ აშშ-მა უახლოეს პერიოდში განავითარა სტრატეგიული გეგმა ქურთული ფაქტორის გააქტიურებით, აუცილებლად თავს იჩენს გასული საუკუნის დასაწყისში ბოლშევიკურ რუსეთსა და თურქეთს შორის მიღწეული შეთანხმებების და ხელშეკრულებების მნიშვნელობა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება საქართველოს და მეზობელი ქვეყნების აზერბაიჯანის და სომხეთის სასიცოცხლო ინტერესებს, სადაც ჩვენც და ჩვენი მეზობლებიც მხოლოდ ვაჭრობის ობიექტები ვართ და არა სუბიექტები. ეს ხელშეკრულებები საუკუნის შემდეგაც კი არ შეიძლება ჩაითვალოს არააქტუალურად. 1918-1921 წლების ხელშეკრულებებმა საქართველო-თურქეთსა და რუსეთ-თურქეთს შორის (მოსკოვის და ყარსის), დღესაც შეუძლია საფრთხე შეუქმნას საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, თუ ვაჭრობის და ხელშეკრულების ერთ-ერთი სუბიექტი დაისახავს მზაკვრული ზრახვების განახორციელებას ჩვენს წინააღმდეგ. Aამიტომ, მნიშვნელოვანია შევეცადოთ მაქსიმალურად დავიცვათ თავი მოსალოდნელი საფრთხეებისგან.

მედალს ორი მხარე აქვს. იმის მიხედვით, თუ როგორ დინამიკას შეიძენს და განვითარდება პროცესები რუსეთშიც და თურქეთშიც, ის, რაც შეიძლება დღეს ჩვენთვისაც და სომხეთისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს, ხვალ შეიძლება ჩვენთვის პოზიტიური აღმოჩნდეს, მაგრამ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. Aამას, სამწუხაროდ დღევანდელ ვითარებაში ვერ ვხედავთ და ამ ხელისუფლების პირობებში პერსპექტივაც არ არსებობს. დღეს საქართველოს სჭირდება ძლიერი პროფესიონალი ხელისუფლება, რომელიც თავისი გონიერი და მოქნილი საგარეო პოლიტიკით და დიპლომატიით, იქნება აშშ-სთვის სტრატეგიული პარტნიორი, მაგრამ არა ბრმა შემსრულებელი სახელმწიფოს და ეროვნული ინტერესების ხარჯზე. დარწმუნებული ვართ, ჩვენი მეზობელი სომხეთი ამ პროცესებისთვის სერიოზულად ემზადება. ამაზე მიანიშნებს მრავალი ფაქტორი, მათ შორის მკვეთრად ანტითურქული ნაბიჯი აშშ-ს და საფრანგეთის მხრიდან - 1915 წელს თურქეთში სომხების გენოციდის აღიარება. სომხური დიასპორას გააქტიურება როგორც თურქეთის, ასევე საქართველოს წინააღმდეგ. ასევე სომხეთ-თურქეთის საიდუმლო მოლაპარაკებები მოსკოვის ხელშეწყობით და მხარდაჭერით, სადაც საქართველოს სტატისტის როლსაც კი არ სთავაზობენ. ამავე დროს, სომხური ოპოზიციის ერთსულოვნად გააქტიურება და ანტიქართული დემარში “დაშნაკების” მეთაურობით. უნდა აღვნიშნოთ, რომ “დაშნაკები” ტრადიციულად მზად არიან რადიკალური და აგრესიული ქმედებებისთვის, დიდი ისტორიული გამოცდილებაც გააჩნიათ სხვისი მიწების მიტაცების საქმეში.

მოსალოდნელია, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია გაითვალისწინებს ყველა იმ შეცდომას, რომელიც ბუშის ადმინისტრაციამ დაუშვა სააკაშვილის დემოკრატიულობის გაფეტიშებით, მმართველი გუნდის წაქეზებით, ორმაგი სტანდარტების ხელშეწყობით, რამაც საქათველო უფსკრულის პირამდე მიიყვანა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ობამას ადმინისტრაცია შეეცდება ხელი შეუწყოს ქვეყნის სათავეში ზომიერი პოლიტიკოსის და გუნდის მოსვლას. მაგრამ რას მოგვცემს მხოლოდ ფასადის შეცვლა და იგივე საგარეო კურსის გაგრძელება? რამდენად აგვაცილებს იმ საფრთხეებს, რომლებიც ქვეყნის წინაშეა დღეს? ასეთი კურსით, რადენად შესაძლებელია რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შერბილება ან შეცვლა საქართველოს მიმართ? ან ტერიტორიული პრობლემების მოგვარებასთან მიახლოება? ეს და მრავალი სხვა კითხვები ისმის დღეს და კიდევ მრავალი წელი დღის წესრიგში იქნება.

რა თქმა უნდა, მხოლოდ სახელისუფლებო გუნდის და ფასადის შეცვლა ვერ მოაგვარებს ყველა იმ პრობლემას, რომელიც ჩვენს წინაშე დგას, თუნდაც ყველა არსებული შიდა პრობლემების გამოსწორებაც მოვახერხოთ. მხედველობაში მაქვს არა მარტო სერიოზული დემოკრატიული გარდაქმნები და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება ან თავისუფალი სასამართლო, თავისუფალი მედია, სამართლიანი და დემოკრატიული საარჩევნო სისტემა, პარლამენტის და აღმასრულებელი ხელისუფლების დაბალასება, ჭკვიანური საკადრო პოლიტიკა, ეკონომიკური სტაბილურობა და წინსვლა, სოციალური პრობლემების მკვეთრი გამოსწორება, არამედ საგარეო პოლიტიკური ვექტორის სერიოზული კორექტირება, რაც ითვალისწინებს დაბალანსებული პოლიტიკის წარმართვას არა მარტო აშშ-თან, ასევე რეგიონის სხვა მოთამაშეებთან. საქართველოს სწრაფვა არა სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსებში, არამედ პოლიტიკურ-ეკონომიკურ კავშირებში, რაც უნდა იყოს არა მიზანი, არამედ საშუალება, თუ გნებავთ, ინსტრუმენტი ქვეყნის აღმშენებლობისათვის. დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ამჟამად ხელი უნდა ავიღოთ სამხედრო და აგრესიული მისწრაფებებისაგან, რაც უფრო მეტად წაადგება ქვეყნის სტაბილურობას და განვითარებას. სამწუხაროდ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის და კურატორების ხელში მშვიდი ცხოვრება არ გვიწერია და ამის განხორციელება უახლოეს წლებში შეუძლებელიც კი ხდება. ხშირად ისმის ჩემი კოლეგებისგან, რომ აშშ-ში დემოკრატების ხელისუფლებაში მოსვლით მკვეთრად შეიცვლება საგარეო პოლიტიკა ყველა არადემოკრატიული ქვეყნის და მმართველობის, მათ შორის რუსეთის მიმართაც.

დავსვათ კითხვა, რა მეთოდებით აპირებს ახალი ადმინისტრაცია აშშ-სთვის პოზიციების დაბრუნებას, მათ შორის ჩვენს რეგიონში და რა მეთოდებით შეეცდება ახალი პოლიტიკის წარმართვას? თუ გავიხსენებთ გასული საუკუნის 90-იან წლებში დემოკრატების მმართველობის და კლინტონის პრეზიდენტობის პერიოდს, დავინახავთ, რომ კონფლიქტი აფხაზეთსა და დნესტრისპირეთში (მოლდავეთი) სწორედ კლინტონის მმართველობის დასაწყისს ემთხვევა. ბალკანეთის ომი და იუგოსლავიის დაშლა, ჩეჩნეთის ორი ომი და მისი შედეგები, სწორედ დემოკრატების მმართველობის დროს მოხდა. ყველა ეს ომი მიმართული იყო რეალურად რუსეთის წინააღმდეგ და მის დასასუსტებლად, მაგრამ, როგორც წესი, სხვისი ხელით და სუსტი ქვეყნების სისხლის და ტერიტორიების ხარჯზე. თუ არ ჩავთვლით გაეროს ეგიდით რამდენი სამშვიდობო კონტინგენტის მონაწილეობას, მათ შორის იუგოსლავიაში, დემოკრატები რესპუბლიკელებისგან განსხვავებით პრაქტიკულად არ მონაწილეობდნენ პირდაპირ სამხედრო კონფლიქტებში საკუთარი შეიარაღებული ძალებით. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რესპუბლიკელებისა და დემოკრატების განსხვავებულ პრინციპებს აშშ-ს საგარეო პოლიტიკის წარმართვაში. მემკვიდრეობა, რაც დემოკრატებს დარჩათ რესპუბლიკელების მმართველობის შემდეგ, ასეთია: ომი ავღანეთში და ერაყში; გაურკვეველი და დაძაბული სიტუაცია ირანთან და ისლამურ სამყაროსთან; საქართველოს და რუსეთს შორის უკიდურესად დაძაბული და მძიმე მდგომარეობა; საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ორი აღიარებული რესპუბლიკა და ჯერ კიდევ საომარი მოქმედებების განახლების საფრთხე. აშშ-ს ახალ ადმიანისტრაციას მოუწევს ყველა ამ პრობლემურ რეგიონებში საომარი და კონფლიქტური სიტუაციების სტრუქტურირება და სხვა რელსებზე გადაყვანა.

თუ აქცენტს გავაკეთებთ ჩვენი რეგიონის პრობლემებზე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა რეგიონში მიმართული იქნება შელახული პოზიციების აღდგენისკენ და უფრო მეტიც, სიტუაციის და პროცესების მაქსიმალურად გაკონტროლებისკენ. იმისათვის, რომ აშშ-მ გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე, მისი იმპერიული ზრახვების შესაკავებლად, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ახალმა ადმინისტრაციამ განახორციელოს კლინტონის პერიოდის სამოქმედო გეგმის განახლებული ვარიანტის ამოქმედება, რაც მიმართულია რუსეთის ნაციონალურ რესპუბლიკებში და განსაკუთრებით ჩრდილოეთ კავკასიაში სეპარატისტული მისწრაფებების გაღვივებისა და მხარდაჭერისკენ, რაც დღეისთვის უფრო მომწიფებულია და გაძლიერებული, ვიდრე თუნდაც 90-იან წლებში.

დაუბრუნდეთ აგვისტოს მოვლენებს და ე.წ. 5-დღიან ომს, რომელიც სინამდვილეში, ჩვენი შეიარაღებული ძალების აქტიური მონაწილეობით, ექსპერტების მონაცემებით, სულ რაღაც 48 საათს გაგრძელდა. ეს ომი რუსეთის მხრიდან უფრო ჰგავდა არა ომს, არამედ სამხედრო-სადამსჯელო სპეცოპერაციას ურჩი და უკვე საშიში საქართველოს მიმართ. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ორივე მხარე მიზანმიმართულად მიექანებოდა ამ კონფლიქტისკენ, რასაც საქართველოს მხრიდან არა მარტო სააკაშვილის და ხელისუფლების კონუნქტურული ინტერესები განაპირობებდა, არამედ საზოგადოების დიდი ნაწილის ფარული, თუ ღია მოთხოვნილებაც, რაც განპირობებული იყო სამართლიანობის აღდგენის და რევანშის ფსიქოლოგიური ფაქტორით. ამან შექმნა მოუთმენელი მოლოდინის განცდა. ყველაფრის მიუხედავად რაც მოხდა აგვისტოში, რა შედეგიც მივიღეთ, ეს განწყობა, განცდა კიდევ არსებობს და არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ უფრო მეტი მოტივაციით და მეტი აგრესიულობით. თუ ამ განწყობას ხელი შეეწყობა, შეიძლება მივიღოთ აქტიური პარტიზანული მოძრაობა და პარტიზანული ომი კონფლიქტის ზონებში. შევარდნაძის ხელისუფლება ცდილობდა დისტანცირებას და ოფიციალურად მხარს არ უჭერდა პარტიზანულ მოძრაობას აფხაზეთში 90-იან წლებში, მაგრამ პარტიზანულმა მოძრაობამ შევარდნაძეს მისცა რამდენიმე ძლიერი არგუმენტი რუსეთთან სავაჭროდ. პარტიზანების აქტიურობა ხელს უშლიდა რუსეთს, როგორც კონფლიქტური რეგიონის, ასევე ჩრდილოეთ კავკასიაში სეპარატისტული რესპუბლიკების გაკონტროლებაში, უკონტროლო იარაღის მიმოქცევაში, რაც აძლიერებდა შესაძლებლობას ჩრდილოეთ კავკასიაში ახალი კონფლიქტური და საომარი კერების წარმოქმნაში. ადვილი წარმოსადგენია პარტიზანული ომის შემთხვევაში რამდენი ჩრდილოკავკასიელი დაირაზმება ომში მონაწილეობისთვის და ამავე დროს, რამდენ შეიარაღებულ “ბოევიკს” მიიღებს თავის ტერიტორიაზე რუსეთი, ყარაჩაიში, ყაბარდოში, ჩერქეზეთში და ა.შ. ისიც გავითვალისწინოთ, რომ ჩრდილოეთში მოწინააღმდეგეების გარდა მომხრეებიც გვყავს როგორც ინგუშების, ასევე ჩეჩნების გარკვეული ნაწილის სახით.

ამ სიტუაციას რუსეთი შესანიშნავად ფლობს და ყველა მოსალოდნელი საფრთხის კერებს საკმაოდ კარგად იცნობს. რუსეთის ხელისუფლება ასევე კარგად აცნობიერებს იმ მოსალოდნელ ქმედებებს და ზეწოლას, რომელიც შესაძლებელია განახორციელოს აშშ-ს ახალმა ადმინისტრაციამ რუსეთის დასაოკებლად, რამაც გარკვეულწილად სერიოზული ბიძგი მისცა აგვისტოს მოვლენების დაჩქარებას. ამა წლის ზაფხულში, წინასაარჩევნო პერიოდში აშშ-ში გამოიკვეთა დემოკრატების უპირატესობა. ამის გამო რუსეთის ხელმძღვანელობა დაინტერესებული იყო, დაეჩქარებინა პრევენციული ზომების განხორციელება საქართველოს ტერიტორიაზე, რათა მაქსიმალურად გადაეკეტა ყველა შესაძლო გადაადგილების მარშრუტები ჩრდილოეთისკენ, რასაც ახლა აქტიურად ახორციელებს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მათ შორის ამ გარემოებამაც ითამაშა მნიშვნელოვანი როლი იმისათვის, რომ რუსეთის ხელმძღვანელობას დაეჩქარებინა ამ კონფლიქტის დაწყება, რისთვისაც გამოიყენა ყველა შესაძლო რესურსი. შეიძლება ვივარაუდოთ ბუშის ადმინისტრაციის და პუტინის რუსეთის ინტერესების დამთხვევა, როდესაც ორივე მხარეს სჭირდებოდათ ეს კონფლიქტი. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება არ განიხილავდა და არც მოელოდა ამ მოტივით ჩვენს წინააღმდეგ რუსეთის მიერ პროვოკაციების მოწყობას, რამაც გამოიწვია ხელისუფლების მხრიდან წინდაუხედავი და გაუთვლელი, შეიძლება ითქვას, პრიმიტიული ნაბიჯების გადადგმა. ზუსტად ასეთ ქმედებებს ჰქვია იმპულსებით მოქმედება და არა ანალიზის საფუძველზე აგებული და განხორციელებული გეგმები. ამიტომ ავღნიშნეთ, რომ ორივე მხარე მიზანმიმართულად მიექანებოდა კონფლიქტისკენ და ორივე მხარე აწყობდა პროვოკაციას. ეს სჭირდებოდათ თავისი მიზნების მისაღწევად.

დღეს რუსეთმა მიიღო მომგებიანი პოზიციები ტაქტიკური თვალსაზრისით, მჭიდროდ გადაკეტა სამხრეთიდან მოსალოდნელი საფრთხეები და მიიღო საკუთარი რეგიონების გაკონტროლების საშუალება. პუტინის მიერ გავლებული წითელი ხაზი კავკასიაში უფრო მატერიალური აღმოჩნდა, ვიდრე ბუშის მიერ გავლებული ვირტუალური ხაზები. ამიტომაც აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ამოცანა იქნება ამ პირობითი წითელი ხაზის ადგილზე დაბრუნება, ან კიდევ უფრო ჩრდილოეთით გადაწევა. აქედან გამომდინარე, ობამას ადმინისტრაციას საქართველოში სჭირდება უფრო გაწონასწორებული ლიდერი, რომელიც პირველ რიგში თავისი გამოხტომებით არ შექმნის საფრთხეს აშშ-ს სტრატეგიულ და გეოპოლიტიკური ინტერესების გატარებაში. არ შექმნის საკუთარი პოლიტიკური ამბიციების გამო დაძაბულობას ქვეყნის შიგნით და გარეთ, რაც მუდმივად მოითხოვს აშშ-ს ადმინისტრაციის ჩარევას და მმართველი გუნდის გადარჩენას საკუთარი ავტორიტეტის და რესურსების ხარჯზე. ამიტომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია შეეცდება აქცენტი გააკეთოს არა პროდასავლურ ლიდერზე და დასავლური ფასეულობების გამტარებელ გუნდზე, არამედ მკვეთრად პროამერიკულ ლიდერზე, რომელიც ასევე შეძლებს თავი მოაწონოს ევროპელ პარტნიორებსაც, იმ გარანტიით, რომ ზედმეტ თავის ტკივილს არ შეუქმნის ევროპას რუსეთთან მიმართებაში.

ვაღიაროთ, რომ იმ ფაქტორებიდან გამომდინარე რაც ზემოთ ავღნიშნე აშშ-ს ადმიანისტრაციას არც თუ ისე დიდი არჩევანი აქვს საქართველოში. მათთვის მისაღებ კანდიდატებად შეიძლება მოიაზრებოდეს სულ რამდენიმე პოლიტიკოსი: ნინო ბურჯანაძე, ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, უფრო ნაკლებად ლევან გაჩეჩილაძე და დავით გამყრელიძე. მემარცხენე და ეროვნული იდეების მატარებელი პოლიტიკოსები მათთვის, დღეს და ალბათ შემდეგშიც მიუღებელი იქნება. იმიტომ, რომ მათი მართვა, როგორც წესი, ან შეუძლებელია, ან ძალიან რთულია და საკუთარი ინტერესების ცალმხრივად გატარება საქართველოში გაუჭირდებათ.

იმ შემთხვევაში, თუ ობამას ადმინისტრაციის პროტეჟე გახდება ალასანია, მოსალოდნელია ის ქმედებები, რაც ზემოთ მოგახსენეთ. პრიორიტეტული იქნება არა მასშტაბური სამხედრო საომარი მოქმედებები, არამედ პარტიზანული ომები აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, რასაც ექნება სულ მცირე ორმაგი დატვირთვა. როგორც რუსი სამხედროების და სეპარატისტული ხელისუფლების შევიწროვება, ასევე ჩრდილო კავკასიელების ჩართვა ამ პროცესში. ასეთი პროცესების მართვას, როგორც წესი, კოორდინირებას უწევენ სპეცსამსახურები, რაშიც გარკვეული გამოცდილება აქვს მიღებული ირაკლი ალასანიას. მხოლოდ ამ სფეროში გამოცდილ ადამიანს ძალუძს გააკონტროლოს სპეცსამსახურები, რომ აქტიური საომარი და პოლიტიკური პროცესების დროს არ გამოვიდნენ კონტროლიდან.

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ობამას ადმინისტრაცია აირჩევს რუსეთთან ურთიერთობის სხვა გზას, როდესაც შესაძლებელი გახდება უფრო მშვიდობიანი პოლიტიკური და ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით მოახდინოს რუსეთზე ზეწოლა და მისი გაკონტროლება, იმ შემთხვევაში შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აქცენტი გააკეთონ სხვა კანდიდატზე, რომელმაც შეიძლება მშვიდობის მტრედის როლი შეასრულოს და მისაღები გახდეს არა მარტო აშშ-თვის და რუსეთისთვის, ასევე სხვა რეგიონალური მოთამაშეებისთვის.

მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ უახლოეს თვეებში წინ წამოიწევს ის ლიდერი, ვისზეც შეჩერდებიან ობამას ახალ ადმინისტრაციაში და ეს შეეტყობა როგორც მის ხშირ გამოჩენას ტელეეკრანზე და პრესაში, ასევე მის ფინანსურ თუ სხვა რესურსებს და იმ პოლიტიკურ ძალთა აქტივობას, რომლებსაც დასავლეთში მიანიშნებენ ე.წ. მეგობრები, თუ ვის გვერდში სჯობია დგომა.

ქ. რუსთავი მე-2 საპყრობილე
თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"