ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
აშშ
24.01.2009
გარდაქმნების მოლოდინში

ჰამლეტ ჭიპაშვილი

გასული წლის ოქტომბერში, აშშ-ი საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ცნობილმა ქართველმა ნაციონალისტმა (არა მარტო პარტიის სახელიდან გამომდინარე), ამჯერად საქართველოს ელჩმა ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში (გვარს არ დავასახელებ) ჩემთან საუბრის დროს განაცხადა, რომ აშშ არასდროს აირჩევს შავკანიან მაიმუნს ბარაკ ობამას პრეზიდენტადო. ელჩის განცხადება სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი არა ერთი ნაციონალის, არამედ ამ პოლიტიკური ორგანიზაციის გულიდან ამოხეთქილი განწირული ყვირილი უფრო იყო, ვიდრე აშშ-ს წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის ობიექტური შეფასება.

იმჟამად ამერიკული ინსტიტუტების მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით ობამა სოლიდურად უსწრებდა ქართველი ნაციონალების მეგობარს ჯონ მაკქეინს. სირაქლემას პოზას ჰგავდა ხელისუფლებაზე ჩამოკიდებული ქართული საზოგადოებრივი აზრის კვლევის ინსტიტუტების დასკვნები მაკქეინის წარმატებასთან დაკავშირებით და რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერდა მას. თუმცა არც ეს არის გასაკვირი, რამეთუ ხელისუფლების კონტროლს ქვეშ მყოფი მასმედია ჭურში მოქცეულ საზოგადეობას იმას ჩასძახებს, რაც ხელისუფლებას სურს – ამოძახილიც ადეკვატურია. წყალწაღებულის და ხავსის ისტორია, ნაციონალებისგან განსხვავებით ქართულ საზოგადოებას კარგად უნდა ახსოვდეს, თუმცა ჭარბმა იმპორტიზაციამ საკუთარი თავიც და ისტორიაც დაავიწყა. აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში შავკანიანი ობამას გამარჯვება უბრალო არ არის. ეს ისაა, რასაც კარდინალური გარდაქმნის დასაწყისი ჰქვია – არა მარტო ამერიკისათვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის.

ობამას გზა სრულიად ახალი იდეალებისა და სურვილების განხორციელების გზაა. ინაუგურაციის დღეს წარმოთქმული სიტყვა იმის მიმანიშნებელია, რომ აშშ-ი ახალი ცხოვრება იწყება – ძველისგან განსხვავებული, ახალი ოცნებებით, მიზნებით, შემართებით, შინ და გარეთ დემოკრატიის განმტკიცების სურვილით. იქნებ სწორედ ეს უკანასკნელი აღელვებდა ჩემს ნაცნობ დიპლომატს? დემოკრატია ან უფრო სწორად საკუთარი მთავრობის არადემოკრატიულობა ბუშს, რომ დემოკრატიად მოეჩვენა?

რადიო “იმედი”-ს შეკითხვაზე: რას მოელის ქართული საზოგადოება ობამასაგან, რესპონდენტთა უმრავლესობამ უპასუხა – საქართველოში დემოკრატიისთვის ხელის შეწყობას და სააკაშვილის ხელისუფლებიდან მოშორებას.

ხელისუფლებისაგან დაშინებულ-დაბეჩავებული, ბრძოლისუნარგამოცლილი მოსახლეობა საკუთარ ხსნას ობამაში ხედავს. მისგან მოელის იმ საქმეშიც დახმარებას, რაც მისი გადასაწყვეტია.

ინაუგურაციის დღეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გამართული ზეიმები იმის მიმანიშნებელია, რომ ახალი პრეზიდენტის სახით აფრიკელებს დიდი იმედი უჩნდებათ საკუთარი პრობლემების მოგვარებაში, ისევე, როგორც მუსლიმანურ სამყაროს, ევროპის, აზიის, ლათინური ამერიკის მოსახლეობას, რომელიც გაღიზიანებული ადევნებდა თვალს ბუშის ადმინისტრაციის მსოფლიო ჟანდარმობას, ქედმაღლობას, სხვათა აზრის შეუფასებლობას.

ამასწინათ ჟურნალი “ეკონომისტი” აღნიშნავდა: “ბუში ტოვებს თეთრ სახლს, ამერიკის ისტორიაში, როგორც ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტი, რომლის რეიტინგი შინ, მრავალი თვის განმავლობაში ათ პროცენტს ვერ ასცდა, ხოლო გარეთ, მისი წყალობით, ამერიკის რეპუტაციამ კატასტროფული კოლაფსი განიცადა”.

ამერიკული პოლიტიკური ცხოვრების გამორჩეული ბუშების ოჯახის რეპუტაცია იმდენად შეირყა, რომ უმცროსმა ჯებ ბუშმა უარი თქვა ფლორიდაში სენატორობისათვის ბრძოლაზე. ბუშის ნათესავი, ბუშის ოჯახის შეკრებას პანაშვიდს უწოდებს.

ჟურნალის მიხედვით, ბუშის მარცხის მიზეზი სამი რამით იყო განპირობებული – პარტიზანული მოქმედებით, პოლიტიკანიზმით და არაკომპეტენტურობით. ბუში იყო მხოლოდ ნახევარი ამერიკის პრეზიდენტი. პრეზიდენტი რესპუბლიკური პარტიის. ის ყოველთვის ყველაფერს აკეთებდა საკუთარი პარტიისათვის. ჟურნალის ნეგატიურ ჩამონათვალში გამოკვეთილი ადგილი უკავია უცოდინარობას. თვითმხილველთა განცხადებით ბუშის თეთრ სახლში განათლება არ იყო წახალისებული. ის გამოირჩეოდა ნაკლები ჭკუით და გონიერებით. თვით პრეზიდენტი იშვიათად ეტანებოდა წიგნს. არ ენდობოდა იმათ, ვინც კითხულობდა. ბუში მსოფლიოს ყოფდა მხოლოდ ცუდ და კარგ ნაწილებად. მისთვის საშუალო არ არსებობდა.

ობამას ამერიკა ყურადღებით მოუსმენს, როგორც მოკავშირეებს, ისე მტრებს. არ გადაუხვევს კონსტიტუციას და კანონებს. ჯორჯ მეორე ხშირად გვერდს უვლიდა მთავარს – ამერიკის მამების მიერ შექმნილ დაუწერელ კანონს – კანონებისადმი პატივისცემას. ბუში უკანონოდ უსმენდა ამერიკელებს. საიდუმლოდ ნებას რთავდა პატიმრების წამებას, პოლიტიკური სარჩულით ათავისუფლებდა მართმსაჯულების წარმომადგენლებს. ობამას გადაწყვეტილება – არ მიბაძოს წინამორბედს, მტკიცეა. მისი დევიზია არა პიროვნების, არამედ კანონის მთავრობა, რასაც ხშირად გვერდს უვლიდნენ ბუში და ჩეინი.

ყოფილი ადმინისტრაციის არაობიექტური, ზედაპირული მიდგომა საკითხებისადმი საკუთარ თავზე გამოსცადა საქართველოს მოსახლეობამ. ბუშის ადმინისტრაციის მიერ წაქეზებულმა საქართველოს პოლიტიკის ორივე ფრთამ – ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ისეთი ჭრილობა დატოვა საქართველოს ზედაპირზე, რომ მის შეხორცებას არაერთი წელი დასჭირდება. საუკუნეთა განმავლობაში საქართველოსთვის ისეთი ტრავმა არ მიუყენებია მომხდურს, როგორც ტკბილი კამფეტებით ხელდამშვენებულმა მიაყენა. ლოზუნგებმა – ჩაწვდით ამერიკულ სულს, ამერიკული ცხოვრების წესს, წაშალეს ის, რითიც ქართველი განსხვავდება სხვა ეროვნების ადამიანებისაგან.

როდესაც ზედამხედველობა წესდება ტელევიზიებზე, კონტროლდება ინტერნეტი, როდესაც რაის-ბრაისას შერჩევით გქონდა უფლება გემეგობრა სხვა ქვეყანასთან, როდესაც გაყალბებულ არჩევნებს დემოკრატიულად გითვლიდნენ, როდესაც არადემოკრატიულ ხელისუფლებას, ზედემოკრატიულად, დემოკრატიის შუქურად გინათლავდნენ და კიდევ მრავალი როდესაც – ჭირდა დემოკრატიულად მიგეჩნიათ დიდი ქვეყანა. აშშ-ს დემოკრატიულობის ეჭვი არა მარტო საქართველოში გაჩნდა, არამედ ყველა კონტინენტზე, ამიტომაც შეხვდა ესოდენი სიხარულით მსოფლიო საზოგადოება ბარაკ ობამას გამარჯვებას. ობამას პრეზიდენტობით გამოწვეულ საყოველთაო სიხარულში საქართველოს წილი სიხარული და იმედიც არის - მოლოდინი იმისა, რომ წერტილი დაესმება სახელმწიფო ტყუილებს, ბაქიაობას; რომ დემოკრატიულობა არ დაერქმევა იმას, რასაც ქვეყანაში აქვს ადგილი; რომ ხელისუფლება იტყვის იმას, რაც უნდა თქვას და არა ტყუილს თუნდაც ისეთ მარტივ თემაზე, როგორიცაა რუსული გაზის მოწოდება; რომ გულწრფელად აღიარებს შეცდომებს და თავს აარიდებს მათი სხვაზე გადაბრალებას და სხვა.

ქართული საზოგადოების შეგნებული ნაწილი მიიჩნევს, რომ ამერიკა-რუსეთის ურთიერთობის გამოსწორება ხელს შეუწყობს იმ დაძაბული ატმოსფეროს განეიტრალებას, რასაც ჩვენთან მიმართებაში აქვს ადგილი. ორი სუპერ სახელმწიფოს მიერ საერთო ენის გამონახვა თავისთავად დაამუხრუჭებს მასმედიაში გაჩენილ ურთერთის კრიტიკას, შეამცირებს მოთხოვნას ქართული პოლიტიკისადმი რუსეთის პერმანენტულ ლანძღვასთან დაკავშირებით, წინა პლანზე წამოწევს იმ ამერიკელ პოლიტიკოსთა და ექსპერტთა მოსაზრებას, რომლებიც დღიდან საქართველოს დამოუკიდებლობის მიღებისა დაბეჯითებით ურჩევდნენ ქართველ პოლიტიკოსებს რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის ჩამოყალიბებას.

აღნიშნული ვარაუდის ცხოვრებაში გატარება აიძულებს საქართველოს ხელისუფლებას არ იფიქროს რუსეთ-ამერიკის ერთმანეთზე გადაკიდებაზე, გააკეთოს ყველაფერი მეზობელ ქვეყანასთან პრაგმატული კავშირების დამყარებისათვის, ვინაიდან მხოლოდ პრაგმატული, კონსტრუქციული ურთიერთობებია მშვიდობიანი და წარმატებული არსებობის გარანტი.

ძნელია დაეთანხმო ყმაწვილ პოლიტიკოსებს, რომ საქართველოს ერთადერთი ხსნა ნატოში გაწევრიანებაა. იქნებ პირიქით? სწორედ ნატოში შესვლის სურვილმა დაგვატეხა ის უბედურებები, რასაც ჰქონდა ადგილი და მომავალშიც ექნება, თუ აკვიატებულ იდეას არ შევცვლით. საეჭვოდ მეჩვენება, რომ ნატოში მყოფ საქართველოს აგრესიისათვის რუსეთს პასუხი არ გაეცა. გარისკავს ნატო ცეტი საქართველოსა და უკრაინის საკუთარ ოჯახში შეყვანით თავის აწმყოსა და მომავალს? მათი გამოისობით დაუპირისპირდება ობამას ამერიკა და ნატოს წევრი ქვეყნები რუსეთს? ძნელი დასაჯერებელია. საქართველოს ხელისუფალთა “პოლიტიკური მარგალიტები” სახეზეა. მსოფლიომ დღეს უკვე იცის ვინ, ვინ არის და ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შესაბამისი დასკვნები გააკეთოს, დაბეჯითებით იმეორებს საკუთარ ვერსიას – რომ ცხინვალის ომი რუსეთმა დაიწყო. ოპაზიციის განცხადება უფრო “მოზომილია” – საქართველო ჩაითრიეს ომში – ოღონდ ერთი რამ არის ნიშანდობლივი – “ითრევენ” გონებასუსტ, არასრული ასაკის, ზრდადაუმთავრებელ ადამიანს და არა ზრდასრულს, ჭკუა-გონებასა და განათლებაზე დიდი პრეტენზიის მქონეს.

სამწუხაროდ ქართული პოლიტიკა ისე მიეჩვია სიტყვა “ჩაგვითრიეს” გამოყენებას, რომ ვერ გაურკვევია რა დროს იხმაროს. “ჩაგვითრიეს” 1992 წლის აგვისტოში, როდესაც ჯარით შევვარდით აფხაზეთში; “ჩაგვითრიეს” გალის მარულაში; “ჩაგვითრიეს” გელაევის ბოევიკების პანკისიდან კოდორში გადაყვანაში და აფხაზეთის წინააღმდეგ მორიგი შეტევის განხორციელებაში; “ჩაგვითრიეს” გაეროს რეზოლუციების საწინააღმდეგოდ კოდორში ჯარის შეყვანაში; “ჩაგვითრიეს” ცხინვალის ომში და სხვა.

როგორც ჩანს “ჩათრევის” პროცედურა საქართველოს საზღვრებს გასცდა. ამას წინათ რუსმა გენერალმა კრუშმა პრესაში განაცხადა, რომ ცხინვალის ომში არა მარტო უკრაინული სამხედრო ტექნიკა ბუკ-M1 და ოსა იღებდა მონაწილეობას, არამედ უკრაინელი სამხედრო სპეციალისტებიც, აგრეთვე უკრაინული ნაციონალისტური დაჯგუფების უნა-უნსოს წევრებიც. გამოძიება დაადგენს, ჰქონდა თუ არა მსგავსს ადგილი, მაგრამ განცხადება დამაფიქრებელია. სამი მართლმადიდებლური ქვეყანა ერთმანეთის წინააღმდეგ. ბუშის ადმინისტრაცია – პოსტსაბჭოთა სივრცეში ფერადი რევოლუციების შემოქმედი და რეჟისორი კმაყოფილი იყო ხელქვეითთა მსგავსი ქმედებით, რასაც, იმედი უნდა ვიქონიოთ ობამას დროს ადგილი არ ექნება.

საინაუგურაციო სიტყვაში ობამამ თქვა: “ჩვენ უარი უნდა ვთქვათ იმ სიყალბეებზე, რასაც ჩვენს უსაფრთხოებასა და იდეალებს შორის არჩევანი ჰქვია”. ვფიქრობ, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტის სიტყვები, ქართველ პოლიტიკოსთა მიერ, გასაანალიზებელი და ყურადღების მისაქცევია.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"