ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ტრიბუნა
15.06.2012
რატომ ვერ შევა საქართველო ნატო-ში

ნატო-ს მორიგი სამიტი ჩიკაგოში, რომელზეც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება ამხელა იმედებს ამყარებდა, კვლავ არ გახდა საქართველოსთვის ამ ორგანიზაციაში საგზურის მომტანი. ჯერ კიდევ 2008 წელს, მაღალჩინოსანი ამერიკელი პოლიტიკოსების მიერ გაცემული დაპირებები ისევ დაპირებებად რჩება.

ჩვენს მთავრობას არაერთხელ განუცხადება, რომ ნატო-ს ჩიკაგოს სამიტზე, ბოლოს და ბოლოს, მიიღებენ გადაწყვეტილებას საქართველოს გაწევრიანების შესახებ. სულ ახლახანს, 2012 წლის 15 მარტს, ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე ამბობდა, რომ ჩიკაგოში „საბოლოოდ ითქმება, თუ როგორ მოხდება ნატო-ში საქართველოს შესვლის გადაწყვეტილების რეალიზაცია“. მისი შეფასებით, საქართველო უკვე პასუხობს „ალიანსის სტანდარტებს იმ ქვეყნებზე უკეთ, ვინც ცოტა ხნის წინ მიიღეს ნატო-ში“. მაგრამ ეს გეგმებიც შეუსრულებელი დარჩა.

ჩვენი ხელისუფლების გამოფხიზლებას მეტისმეტად ოპტიმისტური მოლოდინისგან, მთელი რიგი ევროპელი და ამერიკელი ექსპერტი და პოლიტიკოსი ცდილობდა. მაგალითად, „საგარეო პოლიტიკის გერმანული საზოგადოების“ პოლიტილოგი შტეფან მაისტერი აღნიშნავდა, რომ საქართველო ვერ გახდება ნატო-ს წევრი, სანამ მას აქვს ტერიტორიული კონფლიქტი. „ჩრდილო-ატლანტიკურ ბლოკში ვერ აღმოჩნდება ისეთი ახალი სახელმწიფო, რომელსაც ამგვარი პრობლემები გააჩნია. ასე რომ, სანამ საქართველო არ გადაჭრის ტერიტორიულ პრობლემებს, ის არ გახდება ამ ორგანიზაციის წევრი. შეიძლება ბევრი სხვა პრობლემის დასახელებაც, მაგრამ უმთავრესი ესაა. პრობლემა მდგომარეობს იმაში, შეეგუება თუ არა საქართველო ამ რეალობას. ვფიქრობ, რომ არა, რადგან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ინტეგრაცია ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის“, - განაცხადა მაისტერმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა, სამიტამდე ერთი კვირით ადრე, აღიარა, რომ რაიმე ცვლილებებს საქართველოს გაწევრიანების საკითხში არ ელის. „ჩიკაგოს სამიტი არ იქნება გაფართოების სამიტი, მაგრამ ჩვენ აუცილებლად აღვნიშნავთ იმ პროგრესს, რომელსაც მიაღწია საქართველომ უკანასკნელ წლებში“, - თქვა მან.

ამის შემდეგ უკვე ნათელი გახდა, რომ არავითარი გადაწყვეტილება, რომელიც დააახლოებდა საქართველოს ალიანსთან, ჩიკაგოს სამიტზე არ იქნებოდა მიღებული. ბოლო იმედები ჩააქრო აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის ევროპის და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ გორდონის გამოსვლამ ამერიკის სენატში, 10 მაისს. მან განაცხადა, რომ ჯერ ადრეა საუბარი საქართველოს გაწევრიანებაზე ნატო-ში, რადგან ამ ქვეყანას არ მიუღწევია იმ დონისთვის, რაც საჭიროა წევრობის კანდიდატისთვის. გორდონმა, ისევე როგორც მისმა კოლეგებმა, შეაქო „საქართველოს წარმატებები“ ამ გზაზე და მისი სტაბილური მისწრაფება, რომ შეუერთდეს ალიანსს. მაგრამ ამასთან ერთად აღნიშნა, რომ ახლო მომავალში ინტეგრაციას არ უნდა ველოდეთ.

რამდენიმე ამერიკელი სენატორი აცხადებს, რომ ინტეგრაციული პროცესის ახალ საფეხურზე გადასასვლელად, საქართველომ უნდა აჩვენოს დემოკრატიული რეფორმების განხორციელების მზაობა. სენატორ-დემოკრატის, ჯინ შაჰინის თქმით, მიმდინარე წელს „დემოკრატიულობის ტესტი“ იქნება არჩევნები საქართველოს პარლამენტში. მან ასევე გამოთქვა შეშფოთება, რომ საქართველოს ხელისუფლება ზეგავლენას მოახდენს საარჩევნო პროცესზე და არჩევნებს შემოდგომაზე უფრო ადრე ჩაატარებს, რათა საკუთარი ინტერესები დაიცვას.

სენატორების წუხილს იზიარებს აშშ-ს ახალი ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი. მან აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი უკიდურესად შეშფოთებულია ამ არჩევნების ჩატარების გარკვეული ასპექტებით და ოპოზიციის შევიწროების ფაქტებით. „მე იმედი მაქვს, საქართველოს ხელისუფლებას ესმის, რომ ის საგანგებო მეთვალყურეობის ქვეშ იქნება, და ეს იქნება სერიოზული ტესტი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ნორლანდმა.

ეს განწყობები აისახა ჩიკაგოს სამიტის შემაჯამებელ დეკლარაციაში. „ჩვენ ხაზს ვუსვამთ საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი და საყოველთაო არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას“, - ნათქვამია განცხადებაში. ამ ფრაზაში ჩანს აშკარა მინიშნება, რომ სანამ საქართველოში არ შეიცვლება ხელისუფლება და სააკაშვილი არ დატოვებს პრეზიდენტის პოსტს 2013 წელს, მანამდე ნატო-სკენ მიმავალი გზა დაკეტილია.

როგორც მოსალოდნელი იყო, ალიანსის წევრები კვლავ შემოიფარგლენ ზოგადი ფრაზებით მიხეილ სააკაშვილის დიდი წვლილის შესახებ ნატო-ს ოპერაციებში ავღანეთში და ქვეყნის შიგნით მიღწეულ წარმატებებზე. „ამასთან დაკავშირებით, ჩვენ შევთანხმდით გავაფართოვოთ ურთიერთქმედება საქართველოსთან, მათ შორის პოლიტიკური დიალოგის შემდგომი გაღრმავების, პრაქტიკული თანამშრომლობის და ოპერატიული კონტაქტების გზით“, - წერია სამიტის შემაჯამებელ დეკლარაციაში.

მაგრამ „თანამშრომლობა და ოპერატიული ურთიერთქმედება“ შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, როგორც მაკედონიის შემთხვევაში, რომელიც უკვე 10 წელია „აძლიერებს პოლიტიკურ დიალოგს“ ალიანსთან.

თუ რა პრობლემები აქვს საქართველოს და რატომ არ იღებენ მას ნატო-ში, ამის ოფიციალური პოზიცია წარმოადგინა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, ყოველწლიურ მოხსენებაში, რომელიც ეხება ადამიანის უფლებების მდგომარეობას 2011 წელს. ეს მოხსენება ჩიკაგოს სამიტის დასრულებიდან რამდენიმე დღეში გამოქვეყნდა.

დოკუმენტის თანახმად, დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში მთავარ პრობლემებად საქართველოში რჩება მას-მედიის ცენზურა, დაპატიმრებები პოლიტიკური მოტივებით, სახელმწიფოს უსუსურობა, უზრუნველყოს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლო პროცესის არსებობა. გარდა ამისა, ამერიკელი ექსპერტების შეშფოთება გამოიწვია მშვიდობიანი დემონსტრაციების დაშლის დროს გამოყენებულმა გადაჭარბებულმა ძალამ, ოპოზიციონერების დევნამ და დაშინებამ, ასევე ციხეებში პატიმრების წამების ფაქტებმა. ასე რომ, მიუხედავად „ორ ქვეყანას შორის „ურყევი ძმობისა“, სახელმწიფო დეპარტამენტმა წარმოაჩინა ყველა ის „ინტიმური ადგილი“, რომელიც საქართველოს მთავრობას საგულდაგულოდ მიჩქმალული ჰქონდა.

ჰილარი კლინტონის ვიზიტმა ბათუმში ახალი არაფერი მოიტანა ინტეგრაციულ პროცესებში. საჯარო გამოსვლების დროს, სახელმწიფო მდივანი გაურბოდა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების თემას, აღნიშნა რა მხოლოდ ავღანეთის მისიაში შეტანილი წვლილი.

მოსალოდნელია, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნები მომავალშიც განაგრძობენ მხოლოდ დაპირებებით ჩვენს გამოკვებას. ისე, მათი გაგებაც შეიძლება. თავისი გაუაზრებელი და არაპროგნოზირებადი ქმედებებით, საკაშვილი კიდევ ერთხელ შეეცადა რუსეთის და დასავლეთის ერთმანეთისთვის შეჯახებას. საქართველოს ნატო-ს სრულფასოვან წევრად გახდომის შემთხვევაში, ის, დიდი ალბათობით, შეეცდება გამოიყენოს ალიანსის პრინციპი კოლექტიური თავდაცვის შესახებ, რათა ძალისმიერი გზით დაიბრუნოს აფხაზეთი და სამაჩაბლო.

მაგრამ ვაშინგტონი აშკარად არ აპირებს საქართველოს გამო გაიფუჭოს ურთიერთობები მოსკოვთან, ისედაც დაძაბული სიტუაციის ფონზე. ევროპას, რომელიც სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემებს აწყდება, რუსეთთან კონფლიქტი ასევე არ სჭირდება. მოსკოვთან შუღლის შემთხვევაში, დასავლეთს გაუჭირდება ბევრი საერთაშორისო პრობლემის გადაწყვეტა, მათ შორის სირიის, ირანის, ჩრდილოეთ კორეის, და განსაკუთრებით, ავღანეთის შემთხვევაში. თანაც, ძნელი წარმოსადგენია, რომ გერმანელები, ფრანგები ან იტალიელები მოინდომებენ ზამთრის ცივი საღამოების გატარებას რუსული გაზით გათბობის გარეშე.

მეორე მხრივ, ალიანსისთვის ძალზე ხელსაყრელია სააკაშვილი, როგორც მუდმივი „ასპირანტი“, რომელიც მზადაა, ყველანაირი დავალება შეასრულოს მორიგი დაპირების სანაცვლოდ. მაგალითად, გაზარდოს სამხედრო კონტინგენტი ავღანეთში, იმ დროს, როცა მრავალი ქვეყანა იქიდან წასასვლელად ემზადება. საბოლოო ჯამში, ჩვენ რაც უნდა ვაკეთოთ, ნატო-სთვის საქართველო კიდევ დიდხანს იქნება „ხელის ბიჭის“ მდგომარეობაში: "მომიტანე, წაიღე და ხელს ნუ მიშლი".

ვანო დუმბაძე

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"