ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
საავტორო სვეტი
04.06.2012
ნატო თუ ნეიტრალიტეტი?

ჩიკაგოში გამართული ნატოს სამიტი საქართველოს ხელისუფლების ტრიუმფად თუ არა, წარმატებად შეიძლება მოვიხსენიოთ, ვინაიდან ასე სურს თავად მას და მას აყოლილ საზოგადოებას. საქართველოს ევროატლანტიკური კურსი იშვიათად იწვევს გაღიზიანებას, თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყოს ან სხვა მოსაზრება არ არსებობდეს.

გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან, ნატოსთან თანამშრომლობის სურვილის შესასრულებლად, არსებული განსხვავებული მოსაზრებები მეორე პლანზე გადადის და მათზე ნაკლებად კეთდება აქცენტები. ხელისუფლების მიერ მძლავრად ამოქმედებული და ნატოზე მომართული პროპაგანდისტული მანქანა წუთს არ უტოვებს მოსახლეობას ამოსასუნთქად, დასაფიქრებლად, ასაწონ-დასაწონად. მან არ იცის, რისთვის არის საჭირო ნატოში შესვლა, რას მოუტანს იქ ყოფნა ქვეყანას, რამდენად იქნება დაცული საქართველოს უსაფრთხოება და სხვა.

ხელისუფლება, როგორც შიგნით, ისე გარეთ დაბეჯითებით გაჰყვირის, რომ ქართველი ხალხის არჩევანი უნდა დაკმაყოფილდეს, რომ საქართველო პირნათლად ასრულებს ნატოს დავალებებს, უფრო მეტიც, თავსაც არ ზოგავს ავღანეთში ტერორიზმთან ბრძოლაში.

ნატოში შესვლის მოწინააღმდეგთა სამწუხაროდ, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „ვიღაცის“ სურვილით ჩაკვეხებული საკითხი - ნატოში შესვლასთან დაკავშირებით, არც მაშინ და მის შემდეგ სერიოზულად არ იყო აღქმული. მაშინ ამორჩეველთა მთავარი თავსატკივარი პრეზიდენტის არჩევა-არარჩევა იყო, უფრო სწორად არარჩევა.

ნატოში შესვლის საკითხი მხოლოდ ზერელე ყურადღებას იპყრობდა, ვინაიდან არც მაშინ და არც დღეს საზოგადოებამ არ იცოდა და არ იცის, რა ხილია ნატო, რა სიკეთეებს უნდა ელოდოს ქვეყანა მისგან. ამდენად, ამომრჩეველის მიერ დაუფიქრებლად გაკეთებული „არჩევანი“, რომელსაც ხელისუფალთა ხელის წაკვრაც თან ახლდა, ცხადია - პროცენტების გასაზრდელად, დღეს სხვაგვარად უბრუნდება საზოგადოებას.

რა გაეწყობა, 2008 წელს გამოვლენილი დაუფიქრებლობა დღევანდელ ვითარებას ვერ შეცვლის, პირიქით ხელს შეუწყობს, როგორც ხელისუფლებას, ისე მის თაყვანისმცემელ დასავლეთს, ხმამაღლა განაცხადონ, რომ ქართველი ხალხის ნატოს არჩევანი აუცილებლად მიიღწევა. დასახელდა თარიღიც - 2014 წელი, ნატოს შემდგომი სამიტი. შევა თუ არა საქართველო 2014 წელს ნატოში, მომავალი და თანაც არცთუ შორეული, გვიჩვენებს.

ნატოში გაწევრების ეიფორიის ფონზე ძნელია, საწინააღმდეგო აზრის გამოთქმა-განვითარება, ვინაიდან მატარებელმა ჩაიარა და დღეს იმას უნდა დავჯერდეთ, რაც 2008-ში მივიღეთო, აცხადებენ მავანნი. არადა საკითხის არსი და ქვეყნის მომავალი მოითხოვს სხვაგვარ, განსხვავებულ მიდგომასაც, რომელიც არ გამორიცხავს ქვეყნის მოსახლეობის ხელახალ გამოკითხვას - შეკითხვით - უნდა თუ არა მას საქართველოს ხილვა ნატოში.

რეფერენდუმამდე კი აუცილებელი იქნებოდა ნატოს სასარგებლო ცალმხრივი პროპაგანდის, ორმხრივი ან მრავალმხრივი დისკუსიით ჩანაცვლება - საზოგადოების აზრის გათვალისწინებით, თვით საზოგადოების ინფორმირებით, რას ნიშნავს ნატოს გარეშე დარჩენილი საქართველო, რა გზას უნდა დაადგეს ის ნატოდან ნეგატიური პასუხის შემთხვევაში და სხვა.

ნატოს პარამეტრების გათვალისწინებით, სრული შესაძლებლობაა, რომ 2014 წელსაც საქართველო „ასპირანტ ქვეყნად“ დარჩეს და ეს ასპირანტობა მრავალი წელი გაგრძელდეს. 2 წლის განმავლობაში ნატოში შესვლის მოთხოვნების დაკმაყოფილებას საქართველო ვერ შეძლებს. მარტო ავღანეთში სისხლის ღვრა ვერ შეიყვანს ქვეყანას ნატოში. მოთხოვნების სია გრძელია და მისი დაკმაყოფილება -რთული. ამდენად, იოლია „რაღაცის“ გამოგონება, თუნდაც ისეთის, რასაც ახლა აქვს ადგილი - საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდა ნატოს, გახდა რა „ასპირანტი ქვეყანა“.

დავუშვათ, საქართველო ისე, როგორც დღემდე, 2014 წელსაც ნატოს მიღმა აღმოჩნდა, რას მოიმოქმედებს ის? ქართული პოლიტიკის დიდი ნაწილი იტყვის, რომ უნდა მოითმინოს და გააგრძელოს მცდელობა, რომ იტყვიან - „მოთმინებითა შენითა“... ბოლოს და ბოლოს „ან ვირი მოკვდება ან ვირის პატრონი“. ნატოში შესვლამდე კი გაგრძელდება მასთან მჭიდრო თანამშრომლობა - „ჯერ არნახული“, იტყვის ხელისუფლება.

ნატომანია ქრონიკულ დაავადებასავით დააოსებს ხალხს, უკვე ისედაც დაოსებულს ნატოს გაუთავებელი რეკლამით. რა ეშველება ამ საქმეს? პასუხი კითხვაზე მარტივია - ნაცთა ხელისუფლებიდან ჩამოშორება.

ცხადია, ახლებიც ილაპარაკებენ ნატოზე, მაგრამ ლაპარაკის ინტენსიურობა შემცირდება. ახალ ხელისუფლებას სერიოზული თავსატკივარი ექნება - ნაცთა მიერ ჩასვრილი საშინაო ცხოვრების გამოსწორების თვალსაზრისით. და თუ მაინც გააგრძელებს ის ისეთივე ბაქი-ბუქს ნატოში შესვლასთან დაკავშირებით, უდავოდ დაემსგავსება საზარელ წინამორბედს.

ნაცთა ბატონობის პერიოდში საქართველომ იმდენად შეტოპა მისთვის უცნობ მდინარეში, რომ იქედან გამოსვლა გაუჭირდება. განდიდების მანიით შეპყრობილი ორგანიზაციისთვის გეოპოლიტიკური პლაცდარმის დაკარგვა იოლი არ იქნება.

ნატო მართალია საქართველოს, ობიექტურ მიზეზთა გამო, არ იღებს ორგანიზაციაში, მაგრამ სხვადასხვა პროგრამით ცდილობს მის დაახლოებას, გამოყენებას, რუსეთის წინააღმდეგ პოლიტიკური ავანტიურისა და პროვოკაციის მოსაწყობად და სხვა. მაგრამ ასეთი ურთიერთობები ხომ სამარადისოდ ვერ გაგრძელდება? ხომ შეიძლება, რომ ქართული პროვოკაციით გულმოსულმა რუსეთმა მკაცრი ზომები მიიღოს - იმაზე მძიმე, რასაც 2008 წელს ჰქონდა ადგილი?

საქართველო სერიოზულ პოლიტიკურ ჩიხში არის მოქცეული - არც იქით - ნატოსკენ და არც აქეთ, თუმცა აქეთ ალტერნატივა აღარ არსებობს. გასული საუკუნის ბოლოს და ახლის დასაწყისში საზოგადოებაში იყო ლაპარაკი ნეიტრალიტეტის თაობაზე.

საუკუნის დასაწყისში ამ თემაზე საერთაშორისო კონფერენციაც კი ჩატარდა ქ.ბათუმში, რომლის დროსაც უცხოელმა ექსპერტებმა საქართველოს მომავალი უფრო ნეიტრალიტეტსს დაუკავშირეს, ვიდრე სამხედრო ბლოკში არსებობას. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, შეიცვალა პოლიტიკური ვითარება. ნატოში შესვლა ნაციონალური ხელისუფლებისთვის უმთავრეს პრიორიტეტად იქცა, რასაც მოჰყვა გაუთავებელი პროპაგანდა ნატოს „სიკეთეების“ თაობაზე.

ნეიტრალიტეტზე ლაპარაკი არათუ მივიწყებას მიეცა, არამედ სახელმწიფო ღალატის რანგში იქნა აყვანილი. სახელისუფლებო „ექსპერტობა“ ყოველგვარი ექსპერტიზის გარეშე სასაცილოდ იგდებს იმათ, ვინც ნეიტრალიტეტის თემაზე ლაპარაკობს. ნეიტრალიტეტის მოსაზრების მატარებლები რუსეთის აგენტებად არიან მიჩნეულები.

ნეიტრალიტეტის მოწინააღმდეგენი ამტკიცებენ, რომ ის ვერ დაიცავს ქვეყანას გარე საფრთხეებისგან. გარე საფრთხეში უპირველესად რუსეთი იგულისხმება. მათი აზრით, ერთადერთი, ვისაც შეუძლია საქართველოს უსაფრთხოების დაცვა - ნატოა.

ერთის შეხედვით, თუ საქართველო ნატოში თავის შეყოფით საკუთარ უსაფრთხოებას მოიპოვებს - ამას რა სჯობს, უფრო მეტიც - თუ ევროკავშირშიც შევა - ეკონომიკურ-სოციალური ყოფის სტაბილურობა ხომ გარანტირებული ექნება? მიზნები მიუღწეველია, თუმცა ყურს სიამოვნებს. რა სჯობს იმას, როდესაც შენს პრობლემებს სხვებს აჰკიდებ - შენ კი, ისე, როგორც დღეს სააკაშვილი, ერთ დღეში სამ ქვეყანას ჩამოურბენ? რას სჯობს იმას, როდესაც შენი საკითხებით სხვა იტეხს თავს, შენ კი - ჩეროში ხარ წამოგორებული?

მომხიბვლელი პროექტის უკან სხვა რამ იმალება და ამ „სხვას“ სიზარმაცე ჰქვია, დაახლოებით ისეთი, დღეს რომ არის - არაფერს აწარმოებ და პირდაბჩენილი თურქეთს შეჰყურებ. ისიც თავის მესამეხარისხოვან პროდუქციას ხელგაშლილად გტენის.

ერი, რომელიც მხოლოდ სხვის მომსახურებას ეწევა, დიდხანს ვერ გაძლებს. ასეთ ყოფას გაცილებით სჯობს საკუთარ თავზე დაყრდნობით შენის კეთება. „არ დაგვაცლის რუსეთი ამას“, - ამბობენ ე.წ. ექსპერტები და წუთითაც არ ფიქრობენ პოსტსაბჭოთა სივრცეში შექმნილი ვითარების გაანალიზებისთვის.

არც ერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას არ განუცდია რუსული აგრესია. განიცადა საქართველომ, საკუთარი უგუნური პოლიტიკის წყალობით.

ნეიტრალიტეტზე ლაპარაკისას ხშირად ვახსენებთ ე.წ. ფინურ ნეიტრალიტეტს, რაც დიდი მეზობელი რუსეთისათვის ანგარიშის გაწევაზე და არა კონფრონტაციაზეა დაფუძნებული. ფინეთის ხელისუფალთა გამჭრიახი პოლიტიკის წყალობით ამ ქვეყანას არც რუსეთი ემუქრება და არც სხვა. ფინეთი, რუსეთის აზრის გათვალისწინებით, შორს არის ნატოსგან, თუმცა ევროკავშირის წევრია.

და მაინც რა არის ეს „საზარელი“ ნეიტრალიტეტი, როდის წარმოიშვა ის და რას ეფუძნება. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ნეიტრალიტეტი არის - სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის კურსი, რომლის მიხედვით, სახელმწიფო არ იღებს მონაწილეობას მეორე სახელმწიფოსთან ომში, თავს იკავებს მეომარი ქვეყნებისთვის იარაღის მიწიდებაში, არ შედის სამხედრო ბლოკში.

ნეიტრალიტეტი გულისხმობს ნეიტრალური სახელმწიფოს საზღვრების ხელშეუხებლობას, იცავს მის მოქალაქეებს, რომლებიც არ იღებენ მონაწილეობას სხვა ქვეყნების სამხედრო კონფლიქტში, მათ ქონებას. სხვის მიერ ნეიტრალიტეტის დარღვევის შემთხვევაში ნეიტრალურ ქვეყანას შეუძლია სამხედრო ძალით დაიცვას თავისი ნეიტრალიტეტი, ასეთს ჰქვია სამხედრო ნეიტრალიტეტი.

თუ თვალს გადავავლებთ გასული საუკუნის ისტორიას, დავინახავთ ნეიტრალური სახელმწიფოების უფლებათა დარღვევის მაგალითებს. პირველი მსოფლიო ომის დროს ანტანტის ქვეყნები დაბეჯითებით ცდილობდნენ ჩაეთრიათ ომში, ცხადია თავის მხარეზე, ნეიტრალური ქვეყნები. 1914 წელს დაირღვა ბელგიის და ლუქსემბურგის ნეიტრალიტეტი, 1915 წ. - საბერძნეთის ნეიტრალიტეტი. ნეიტრალიტეტის დარღვევას ადგილი ჰქონდა მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის მხრიდან, როდესაც მან დაარღვია 1936 წელს აღმდგარი ბელგიის ნეიტრალიტეტი.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებაზე უარის თქმისას, ცალკეულ ქვეყნებს შორის გაფორმდა თავდაუსხმელობისა და ნეიტრალიტეტის ხელშეკრულება, რაც გადაიქცა ეფექტიან დიპლომატიურ იარაღად მშვიდობის და უსაფრთხოების დაცვის საქმეში.

ნეიტრალიტეტის იდეას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ განვითარებადი ქვეყნები. აღნიშნული ქვეყნების ლიდერები მათ მიერ წარმოებულ პოლიტიკას ხშირად უწოდებენ პოზიტიურ, კონსტრუქციულ პოლიტიკას. პოზიტიური ნეიტრალიტეტის არსი მდგომარეობს სამხედრო დაჯგუფებებში მონაწილეობის არ მიღებაში, ომის წინააღმდეგ ბრძოლაში და მშვიდობის შენარჩუნებაში.

ნეიტრალური პოლიტიკის მატარებელი ქვეყნების რიცხვი არცთუ ცოტაა. ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებიდან თურქმენეთი და მოლდოვა გამოირჩევა, თუმცა ამ უკანასკნელში, რუმინეთის დაბეჯითებული მოქმედებით, ვითარება იცვლება.

ნეიტრალური პოლიტიკის წარმოება არც საქართველოსთვის უნდა იყოს უსარგებლო. მავანი შემედავება, ნეიტრალური ქვეყნები ხომ გახდნენ სხვისი ლუკმაო? სამწუხაროდ, გასული საუკუნის ისტორიაში ჰქონდა ასეთს ადგილი, რის შესახებაც იყო ზემოთ აღნიშნული, მაგრამ ფაშისტურ გერმანიას ვერც სხვა ქვეყნები გადაურჩნენ. გარდა ამისა გასული საუკუნის 30-იანი წლების მოვლენები კარდინალურად განსხვავდება დღევანდელი ვითარებისგან.

ევროატლანტიკური ორიენტაციის რეალური ფასი მხოლოდ სხვა იდეებთან ჭიდილში გამოჩნდება, თუნდაც ისეთთან, როგორიცაა ნეიტრალიტეტი. საზოგადოებამ უნდა იდავოს, იკამათოს და შემდეგ რეფერენდუმით გადაწყვიტოს მომავლის ბედი, არა ისე, როგორც დღეს, ზემოდან ბრძანების ძალით.

ძალით შეტენილი სამხედრო ბლოკი მუდმივი გაღიზიანების თემა იქნება და რაც არ უნდა საამური პერსპექტივები შეიძლება ახლდეს მას, ხალხი მაინც ალმცრად შეხედავს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"