ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
საავტორო სვეტი
24.05.2012
ექვსეულისა და ირანის მეორე შეხვედრის მოლოდინში

ამას წინათ რადიო „მაესტროს“ ეთერში სამხედრო საქმის ერთ-ერთი ექსპერტი დაბეჯითებით გვიმტკიცებდა, რომ აშშ-ისრაელის თავდასხმა ირანზე ელვის სისწრაფით მოხდება და არავითარ რეგიონულ ან მსოფლიო ომის ესკალაციას ადგილი არ ექნება, ვინაიდან ამერიკა-ისრაელის სამხედრო შესაძლებლობები გაცილებით სოლიდურია, ვიდრე ირანის და ა.შ.

მინდა დავიჯერო, რომ ექსპერტის ნათქვამის მიზანი ქართული საზოგადოების დამშვიდება იყო, საზოგადოებისა, რომელიც სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს ირანთან მოსალოდნელი ომის გამო, რამეთუ თვლის, რომ სააკაშვილსა და მის მთავრობას, საკუთარი მმართველობის გადასარჩენად, მხოლოდ ექსტრემალური ვითარება თუ იხსნის, თუნდაც ირანთან აშშ-ისრაელის მიერ ომის დაწყების სახით.

საზოგადოება დარწმუნებულია, რომ ასეთი მოვლენის შემთხვევაში ეს ორი ქვეყანა უდავოდ გამოიყენებს საქართველოს აეროდრომებს ირანის ბირთვულ ობიექტებამდე მანძილის შემცირების მიზნით.

ისრაელის ავიაციას მანძილის შემცირების გარეშე გაუჭირდება ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვა და უკან მშვიდობით დაბრუნება იმ მარტივი მიზეზის გამო, რასაც არასაკმარისი საწვავი ჰქვია.

ისრაელის ავიაგამანადგურებლებისთვის ობიექტებამდე გაფრენა და უკან დაბრუნება, ჰაერში საწვავით გამართვის გარეშე შეუძლებელია. აქედან გამომდინარე ისრაელი რახანია ცდილობს ამ საქმეში მოკავშირეების გამოძებნას, მათ შორის კავკასიაში.

ამერიკული ჟურნალის „ფორინ ეფეარსის“ მიხედვით, ასეთი მოკავშირე შერჩეულია - აზერბაიჯანის სახით, მაგრამ მარტო აზერბაიჯანის? იქნებ ამ ქვეყანასთან ერთად მოკავშირეთა სიაში საქართველოცაა? რაც სულაც არ არის გასაკვირი აშშ-ისრაელთან საქართველოს მჭიდრო სამხედრო ურთიერთობებიდან გამომდინარე. გარდა ამისა, ცნობილია საქართველოს ხელისუფალთა პოზიცია - ომის შემთხვევაში - აშშ-ისრაელის მხარეს.

ამერიკულ ჟურნალში გამოქვეყნებული ცნობა ისრაელ-აზერბაიჯანის გარიგების თაობაზე, უმალ უარყო აზერბაიჯანის ოფიციოზმა, მაგრამ ამ ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობა საწინააღმდეგოზე მიგვანიშნებს. ისრაელი აშშ-თან ერთად ეხმარება აზერბაიჯანს სამხედრო მშენებლობის დარგში. მათი ძალისხმევით აზერბაიჯანი უკვე გადაიქცა კასპიის ზღვის ქვეყნებს შორის ერთ-ერთ მძლავრ სამხედრო-საზღვაო ძალად.

აშშ-ა და ევროკავშირს რა ხანია, თვალი უჭირავს კასპიის ზღვის ენერგომატარებლებზე, მათი დასავლეთში ექსპორტი ლამის ღვიძლ საქმედ გაიხადოს ვაშინგტონმა. კასპიის ზღვის ენერგომატარებლების ხელში ჩაგდებით დასავლეთი დიდ კონკურენციას უქმნის რუსეთის უალტერნატიობას. ვაშინგტონი ბევრს ცდილობს, შემცირდეს ევროპის ქვეყნების დამოკიდებულება რუსულ ბუნებრივ აირზე, თუმცა ჯერ-ჯერობით წარუმატებლად.

ევროპისა და მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე სულ უფრო ნელდება „ნაბუკოს“ პროექტის განხორციელებაზე მსჯელობა. ეს პროექტი სხვა, ნაკლებად ძვირმა პროექტებმა ჩაანაცვლეს, რომელთა შორის გამოვყოფდი თურქმენეთ-აზერბაიჯანის მილსადენით დაკავშირებას.

მილსადენი კასპიის ზღვის ფსკერზე უნდა გავიდეს და დააკავშიროს ეს ორი ქვეყანა. პროექტის დაწყების იდეა ედო საფუძვლად აზერბაიჯან-თურქმენეთის პრეზიდენტების ალიევ-ბერდიმუხამედოვის მოლაპარაკებას, რომელიც ამას წინათ გაიმართა. როგორც ჩანს, ისინი ნაკლებად გაითვალისწინებენ რუსეთ-ირანის ნეგატიურ პოზიციას მილსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით.

რუსეთ-ირანს მიაჩნიათ, რომ კასპიის ზღვის სტატუსის დაუდგენლობამდე და ზღვის სექტორებად დაყოფამდე ადგილი არ უნდა ჰქონდეს მსგავსი პროექტის განხორციელებას. რუსეთი მუქარითაც გამოდის და აცხადებს, რომ პროექტის დაწყების შემთხვევაში სამხედრო ძალასაც მიმართავს. შეიძლება თუ არა ეს მუქარა იმ მუქარად ჩაითვალოს, რასაც სამხედრო ძალის გამოყენება არ მოჰყვება? სრული შესაძლებელია, რომ ეს ასეც იყოს, მაგრამ არც საწინააღმდეგოა გამორიცხული.

გავიხსენოთ 2008 წელი და დასავლეთის არხეინი ვარაუდი, რომ ცხინვალზე თავდასხმა არ გამოიწვევდა რუსეთის სამხედრო რეაქციას. დასავლეთი შეცდა, მაგრამ შესაძლოა შეგნებულადაც. თვით მათი ექსპერტების მიხედვით, „შეცდომას“, კავკასიაში ახალი ცხელი წერტილის გაჩენა უნდა მოჰყოლოდა, ცხადია რუსეთის საწინააღმდეგოდ. არ გამოვიდა ცხინვალით, იქნებ კასპიის ზღვით გამოვიდეს? თუ ტვინის კუნჭულში მსგავსი მზაკვრული გეგმა არ არსებობს, მაშინ თურქმენეთ-აზერბაიჯანის წაქეზებასაც არ უნდა ჰქონდეს ადგილი.

კასპიის ზღვის აუზი არა მარტო ენერგომატარებლებითაა საინტერესო, არამედ სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისითაც. ამ რეგიონში დასავლეთის პოზიციების განმტკიცება ნიშნავს რუსეთ-ირან-ცენტრალური აზიის მუდმივ კონტროლს, ჩინეთის მახლობლად სერიოზული პლაცდარმის შექმნას, ინდოეთის სუბკონტინენტისათვის თვალის დევნებას და სხვა.

ამ ამოცანის შესრულებისთვის საჭიროა რეგიონის ქვეყნებთან არა მარტო პოლიტიკური კავშირების განმტკიცება, არამედ სამხედრო კავშირებისაც. ამ მხრივ კი აშშ-ა ბევრი გააკეთა. მას მხარში უდგას ისრაელიც. მათი დახმარებით ბაქო აყალიბებს ზღვაზე ბრძოლის თანამედროვე სტრუქტურას, რომელშიც შედის ზღვაზე ბაზირებული სარაკეტო სისტემა, უპილოტო მფრინავი აპარატები, წყალში მცურავი საბრძოლო დანაყოფი და სხვა.

სულ ახლახანს ბაქო-თელ-ავივმა გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, 1.6 მილიარდ დოლარად ბაქო ისრაელიდან შეიძენს გემთსაწინააღმდეგო რაკეტებს „გაბრიელს“, რომლის მოქმედების რადიუსი 36 კილომეტრია. 2011 წელს ბაქოსთან ახლოს ისრაელმა ააშენა უპილოტო თვითმფრინავების ქარხანა.

კასპიის ზღვის მონიტორინგში მონაწილეობას ღებულობენ Hermes-450 სახის უპილოტო თვითმფრინავები. აზერბაიჯანმა მსგავსი 10 თვითმფრინავი შეიძინა ისრაელისგან. ამ თვითმფრინავებზე შეიძლება ისეთი სახის რაკეტების დამონტაჟება, როგორებიცაა „ჰაერი-დედამიწა“, „ჰაერი-ზღვა“, აგრეთვე რადიოსალოკაციო სისტემა.

აშშ-ისრაელის მიერ აზერბაიჯანის შეიარაღების ჩამოყალიბებას ექსპერტები, ირანის წინააღმდეგ ომის შემთხვევაში, აზერბაიჯანის პლაცდარმად გადაქცევის საწინდრად მიიჩნევენ. თუ ასე არ არის - ამბობენ ისინი, რაში ესაჭიროება აზერბაიჯანს Hermes-ის სახის უპილოტო აპარატი, რომელსაც შეუძლია 14.8 ათას კილომეტრზე ფრენა?

გარდა ამისა 2009 წელს, ისრაელის პრეზიდენტის შიმონ პერესის ბაქოში ვიზიტის დროს მოილაპარაკეს აზერბაიჯანში ელექტრონული სადაზვერვო ქსელის შექმნის თაობაზე.

როგორც ხედავთ, აზერბაიჯანის, ისე, როგორც საქართველოს მილიტარიზაციას ხელს უწყობენ აშშ და ისრაელი. მათი და ევროკავშირის ინიციატივით ხდება რუსეთ-ირანისათვის მიუღებელი ენერგეტიკული პროექტების განხორციელება.

გარდა ამისა, კასპიის ზღვის აუზში გააქტიურდნენ არაკასპიური სახელმწიფოები, რაც თავისთავად იწვევს დაძაბულობის ესკალაციას და ზრდის საომარი მოქმედების დაწყების შანსს. ასეთი კი მარტო კასპიის ზღვით არ შემოიფარგლება, ის უდავოდ გასცდება მის საზღვრებს და ევრაზიურ კონფლიქტად გადაიქცევა.

კონფლიქტის სერიოზულ კერად უნდა განვიხილოთ კასპიის ზღვის აუზის ერთ-ერთი წარმომადგენელი ქვეყნის - ირანის წინააღმდეგ განხორციელებული საჰაერო თავდასხმებიც. მიუხედავად იმისა, რომ ირანზე იერიშის მიტანის დრომ გადაიწია, თვით დასავლეთის განცხადებით, წელს თუ არა, მომავალ წელს ამას ექნება ადგილი. წელს ამის შესაძლებლობა ნაკლებია - აშშ-ი საპრეზიდენტო არჩევნებიდან გამომდინარე.

40 წელია მიმდინარეობს ვაშინგტონ-თეირანის ბირთვული ქიშპი. ამ თემას არაერთი დოკუმენტური ფილმი მიეძღვნა. მათ შორის გამოირჩევა „ბი-ბი-სის“ მიერ გადაღებული, რომელიც მეტ-ნაკლები ობიექტურობით აღინიშნება. ფილმში მინიშნებულია ის, თუ როგორ არ გამოიყენა ოფიციალურმა ვაშინგტონმა ირანის მხრიდან გადადგმული კონსტრუქციული ნაბიჯები, მათ შორის აშშ-ზე 2001 წლის თავდასხმის შემდეგ თეირანში გამართული, აშშ-სადმი სოლიდარობის გამომხატველი გამოსვლები, ერთ-ერთ საერთაშორისო კონფერენციაზე ავღანელი თალიბების მიმართ პროამერიკული პოზიციის დაფიქსირება და სხვა. ნაცვლად ადეკვატური პასუხისა, ბუშის ადმინისტრაციამ ირანს ექსტრემიზმში დასდო ბრალი, რამაც ირანის ხელისუფლება საბოლოოდ შეაბრუნა ანტიამერიკანიზმისკენ.

ობამას ადმინისტრაცია წინა ადმინისტრაციის მიერ დაშვებული შეცდომების ტყვეობაშია, რაც არ არის გასაკვირი, რამეთუ 8 წლის მანძილზე გაფუჭეებული საქმის 4 წლის განმავლობაში გამოსწორება ძნელია.

რა სურს აშშ-ს ირანისგან? უპირველეს ყოვლისა საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ექსპერტების მიერ ირანის ყველა ბირთვული ობიექტის შემოწმება და გარანტია იმისა, რომ ირანი 20%-ზე მეტად არ გაამდიდრებს ურანს.

თუ ეს გამოვიდა, აუცილებელი იქნება ირანის მიმართ შემოღებული ყველა სანქციის გაუქმება და ირანთან სხვაგვარი, მეტადრე პოზიტიური ეკონომიკური კავშირების განვითარება. ამ გზით შესაძლებელი გახდება მსოფლიო კატასტროფის თავიდან აცილება. არის მზად აშშ-ი ასეთი ნაბიჯის გადასადგმელად? როგორც ჩანს, ჯერ-ჯერობით არა.

ირანთან მუდმივი კონფრონტაციის თავიდან აშორებას უდავოდ მოჰყვება ირანის ეკონომიკის კიდევ უფრო განვითარება, შეიარაღებისთვის განკუთვნილი ფინანსების ეკონომიკური აღმავლობისთვის გამოყენება. ირანი უცილებლივ გახდება რეგიონის ლიდერი, რაც არცთუ სახარბიელო იქნება ჰეგემონობას დაჩვეული აშშ-ს.

რა შეიძლება მოხდეს თუ აშშ-ი დაჰკრავს ირანს? არც აშშ-ი და არც ისრაელი დარწმუნებული არ არიან, რომ დაბომბვით მოხდება ირანის ბირთვული ობიექტების განადგურება. მათ ისიც არ იციან, ჩააღწევს თუ არა ბომბები მთებსა და სალ კლდეებში განთავსებულ ბირთვულ ობიექტებამდე. დიდი-დიდი, რაც დაბომბვას შეიძლება მოჰყვეს - 2-3 წლით ბირთვული კვლევების შეწყვეტა იქნება, რის შემდეგაც ახალი ძალით და შემართებით მოხდება კვლევების აღორძინება.

ირანი გაწყვეტს საერთაშორისო ბირთვულ სააგენტოსთან ყოველგვარ კავშირებს და უკვე ნამდვილად და გახსნილად შეუდგება ბირთვული იარაღის დამზადებას. ომის დაწყების შემთხვევაში ირანი შეეცდება ჰორმუზის ყურის ჩაკეტვას, რომლის მეშვეობითაც მიმდინარეობს მსოფლიოს ნავთობით ვაჭრობის 20%-ი.

ზემოთ ნახსენები ქართველი ექსპერტის მიხედვით, აშშ-ი იოლად გაუსწორდება ირანის საზღვაო ძალებს, რაც არ არის გასაკვირი, მაგრამ არცთუ ისე იოლად, როგორც ექსპერტს ჰგონია. მის თავდაჯერებას ზურგს უმაგრებს სპარსეთის ყურეში აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების თავმოყრა - 40 ათასი ჯარისკაცი, დამკვრელური ავიაცია, 2 საავიამზიდო ჯგუფი, „იჯისის“ სისტემის ბალისტიკური რაკეტებით და რაკეტსაწინააღმდეგო „პეტრიოტებით“.

ამ სამხედრო ძალით არა მარტო უბირთვო ირანის შეჩერება იქნება შესაძლებელი, ბირთვულისაც კი. მაგრამ მიუხედავად ამისა, ირანს თავისუფლად შეუძლია ჰორმუზის სრუტის გადაკეტვა, რაც სერიოზულ შეფერხებას გამოწვევს ნავთობით ვაჭრობის საქმეში.

ირანის არსენალში არსებული გემთსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტები, მცირე ზომის წყალქვეშა ნავები, დისტანციური მართვის კატარღები, ათასზე მეტი მცირე ზომის გემი - აღჭურვილი რაკეტებით, ნაღმებით, ტორპედოებით და სხვა ამერიკისათვის სერიოზული სამხედრო ძალა იქნება. ჯამში, აშშ-ის ფლოტი შეძლებს ტანკერების გავლის უზრუნველყოფას, თუმცა შეფერხება იქნება, რაც უდავოდ გამოიწვევს ნავთობზე ფასების კატასტროფულ ზრდას.

ირანზე თავდასხმის შემთხვევაში სამუდამოდ ჩაესვენება მსოფლიო ისლამთან ნორმალური ურთიერთობის ჩამოყალიბების მცდელობის გეგმა. თავდასხმა ააზვირთებს ისლამისტებს და ისინი ერთიანად მხარს დაუჭერენ „დაჩაგრულ“ ირანს. მართალია, საუდის არაბეთის, ყატარის და გაერთიანებული საამიროების მმართველ რეჟიმებს გულში გაუხარდებათ ირანის დასჯა, მაგრამ ხმამაღლა ამას ვერ გამოხატავენ საყოველთაო მუსლიმური აღშფოთების შიშით. ერაყი და ავღანეთი საბოლოოდ დაიკარგება ამერიკისათვის.

კიდევ უფრო დამძიმდება ამერიკა-პაკისტანის ურთიერთობა. პაკისტანი დღესაც მტრად მიიჩნევს „პარტნიორს“. პროირანულად განწყობილი ჰამასი და ჰესბოლა რაკეტებს დააყრიან ისრაელს, რაც ისრაელს აიძულებს ჯარი შეიყვანოს ღაზის სექტორსა, დასავლეთ სანაპიროსა და ლიბანში. ეს კი, თავისთავად, გამოიწვევს დიდ მსხვერპლს, საბოლოოდ გააფუჭებს ეგვიპტის ურთიერთობას ამერიკა-ისრაელთან.

ირანზე თავდასხმა წაახალისებს ექსტრემისტულ ისლამს მთელს მსოფლიოში და მათ შორის კავკასიაში, როგორც ამიერ, ისე ჩრდილოეთში. ალ-ქაიდა მაქსიმალურად შეეცდება ანტიამერიკული განწყობა გადაიყვანოს ანტიდასავლურ ჯიჰადში, რასაც უდავოდ მოჰყვება „ცივილიზაციათა ომი“.

ცხადია, ყოველივე აღნიშნული სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მსგავსი საყოველთაო კატასტროფა უეჭველად განვითარდება, მაგრამ ვარაუდი ამისა არსებობს და რახან ასეა, საჭიროა საფრთხის გათვალისწინება, გარკვეულ დათმობებზე წასვლა, ამბიციების გვერდზე გადადება, ნდობის აღდგენისთვის ბრძოლა და არა პირიქით - ანტიირანული პროპაგანდის გაღვივება, მედიაში ანტიირანული ვიდეოფილმების დემონსტრირება, თუნდაც ტენდენციური გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება, რომლის მიხედვით გერმანელთა 98% წინააღმდეგია ბირთვულიარაღიანი ირანის, ფრანგთა - 95%, ამერიკელთა - 94%, ბრაზიელთა - 90%.

მაშინ, როდესაც დასავლური მედია ირანის ხელისუფლებას უაღრესად რეაქციულად ხატავს, ირანი აგრძელებს ურანის გამდიდრების პროცესს. ჩვენი ვარაუდით, თუ ირანი მართლაც ემზადება ბირთვული იარაღის შესაქმნელად - მას ეს ესაჭიროება, როგორც თავდაცვის ფაქტორი, გარდა ამისა, როგორც სიმბოლო ძლიერი ქვეყნისა და რეგიონული ლიდერობისთვის.

გაცილებით რთული ვითარებაა პაკისტანში, თუმცა დასავლეთი არაფერს ამბობს მის ბირთვულ იარაღზე.

ძნელი დასაჯერებელია, რომ ბირთვულიარაღიანმა ირანმა წერტილი დაუსვას ისრაელის სახელმწიფოს არსებობას. ანტიისრაელური განცხადებები, რომელსაც ირანის ოფიციალური პირები აკეთებენ, ერთია და სხვაა სამხედრო მოქმედება, რომელმაც მსოფლიოს აღშფოთება და ირანის იზოლაცია შეიძლება გამოიწვიოს.

როგორც ჩანს, მსოფლიო ნელ-ნელა შეეგუა ირანელთა მიერ ურანის გამდიდრების პროცესის დაჩქარებას, მაგრამ შეეგუება თუ არა ისრაელი ამას და ისრაელის სტრატეგიული პარტნიორი აშშ-ი, ძნელი სავარაუდოა.

მსოფლიო ინტერესით ელოდება დასავლელთა და ირანს შორის შეხვედრას, რომელიც 23 მაისს გაიმართება. შეხვედრის კონსტრუქციულობაზე ბევრი რამაა დამოკიდებული. თუ შეხვედრა ისე წარიმართა, როგორც წინა, სუსტი, მაგრამ აუცილებელი პირობა შეიქმნება ირანთან დასავლეთის სამხედრო დაპირისპირების შესაფერხებლად.

ჰამლეტ ჭიპაშვილი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"