ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ტრიბუნა
15.05.2012
როგორ შეაფასა ბრიუს ჯექსონმა ასლან აბაშიძე ანუ რას ზეიმობენ ”ნაცები” 6 მაისს?

უკვე 8 წელია, მაისის პირველი დეკადა გაცილებით მეტად ანტიასლანური გამონათქვამებით აღინიშნება, ვიდრე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი პატივსაცემი სიტყვებით.

გასაკვირი არაფერია, ვინაიდან ნაციონალური ხელისუფლება რვაწლიანი აღვირახსნილობის დროს სისტემატურად გამოხატავს საკუთარ ნეგატიურ დამოკიდებულებას ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავი დღისადმი. გახსოვთ ალბათ, ერთ მომენტში ხელისუფლების მსოფლმხედველობა იმდენად დაუახლოვდა მეგობარი ბალტიისპირა ქვეყნებისას, რომ ბალტიისპირელთა მსგავსად ლამის ფაშისტთა პარადზეც იფიქრეს.

მკითხველისთვის ცნობილია ბალტიისპირა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ხელისუფალთა სიმპათია ფაშისტთა მიმართ, რაც თავისთავად გადადის ფაშისტთა მარშში. მერე რა, რომ აღნიშნულ მარშებს თან საპროტესტო გამოსვლები ახლავს. მერე რა, რომ ფაშისტთა წინააღმდეგ ომში მონაწილე ვეტერანები ხმამაღლა აკრიტიკებენ, როგორც ხელისუფლებას, ისე ფაშისტთა პარადების ორგანიზატორებს. მერე რა, რომ ყოველივე ეს ხდება „დემოკრატიით“ გაჯერებულ ევროპაში ანუ იმ ევროკავშირსა და ნატოში, რომლის წევრობით რახანია თავს გვაწონებენ ბალტიისპირა ქვეყნები.

„დემოკრატიული“ ევროპა - პირში წყალჩაგუბებული შესანიშნავად იტანს ლიტვურ, ლატვიურ თუ ესტონურ გამოწვევებს, მაგრამ შეუპოვრად იბრძვის რუსულ-ბელორუსულ ადამიანის უფლებათა დარღვევების წინააღმდეგ. დღეს ევროკავშირს ახალი თავსატკივარი აქვს - უკრაინელი ტიმოშენკოს დაცვის თვალსაზრისით. ევროპას არ აინტერესებს, არის თუ არა ქალბატონი იულია დამნაშავე, მოგლიჯა თუ არა ფერმკრთალმა ლედიმ ტორტის უკანონო ნაჭერი. ევროპისათვის ის უდანაშაულოა და ანკარა წყაროსავით სუფთა, ვინაიდან თავისია ანუ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ნარინჯისფერი რევოლუციის ხელმძღვანელი.

უკრაინის იმჟამინდელი ხელისუფლების ძმა და მეგობარი სააკაშვილი არა მარტო ანტისაბჭოური გამოხდომებით იყო და არის ცნობილი. მას დიდი ღვაწლი აქვს შეტანილი ფაშიზმზე გამარჯვების განქიქების საქმეში. დიდების მემორიალთა აფეთქება, სტალინის ძეგლის აღება და გაქრობა, სიტყვიერი შეურაცხყოფა სწორედ ის წვეტიანი ხინჯია, რომელიც ქართულ საზოგადოებაში გაჩნდა და რომლის ამოძირკვას არაერთი წელი დასჭირდება. ამას ვერც წლევანდელი, საარჩევნოდ ნათქვამი სიტყვები უშველის - სააკაშვილმა რომ გაიმეტა 9 მაისთან დაკავშირებით, და ვერც ვაკის პარკის მემორიალის გვირგვინებით შემკობა. ერთ დროს უდავოდ გრანდიოზული მემორიალი გაძარცულ-შეურაცხყოფილია, ისე, როგორც სამამულო ომში მონაწილე ვეტერანები, მთლიანად საქართველო.

9 მაისობა სააკაშვილის განცხადებებმა გადაფარეს, ცხადია, არა ამ ზეიმთან მიმართებაში, არამედ ასლან აბაშიძესთან მიმართებაში. ნაცები და მათი ლიდერი უკლებლივ ყოველ წელს აღნიშნავენ ასლანის „ბრჭყალებიდან“ აჭარის განთავისუფლებას. პრეზიდენტი პერმანენტულ რეჟიმში მოძღვრავს საზოგადოებას, რომ მან და მხოლოდ მან შეძლო საქართველოს იურისდიქციის აღდგენა, თითქმის წასულ აჭარაზე.

რითია ნაკლები აჭარის „დაბრუნება“ 9 მაისზე?! მავანი მეტყვის - ნაკლები კი არა, მეტიაო. აი, სწორედ ასეთ მავანზეა გათვლილი სააკაშვილის ფილოსოფია. თუ რუსეთს აქვს ფაშიზმზე გამარჯვების აღნიშვნის საბაბი, სააკაშვილსაც აქვს - ასლანზე გამარჯვების ზეიმი.

თუ რამდენად შეეფერება აჭარაში ცენტრის იურისდიქციის აღდგენა სინამდვილეს, სხვა საკითხია, მაგრამ ის, რომ ამით სააკაშვილი შეურაცხყოფს თურქეთის უღლიდან განთავისუფლებულ აჭარას, მიუტევებელი დანაშაულია.

ასლან აბაშიძის დროინდელი აჭარა არც სამხრეთით, თურქეთისაკენ და არც ჩრდილოეთით - რუსეთისაკენ იყო გადახრილი. აბაშიძე დღენიადაგ იღვწოდა იმ პატრიოტული საქმისთვის, რასაც ერთიანი საქართველო ჰქვია. მისი ოცნება იყო საქართველოს პარლამენტში უმრავლესობით მოსვლა, ნამდვილი ფედერალური სისტემის ჩამოყალიბება და არა ისეთი სუროგატის, რასაც დღეს აქვს ადგილი.

ის, რომ საქართველო კომუნისტური მმართველობის დროს ფედერალური მოწყობის რესპუბლიკად ჩამოყალიბდა, ასლან აბაშიძე არაფერ შუაშია. მას ვერც ყარსის ხელშეკრულების გაფორმებაში შეიძლება დავდოთ ბრალი. ეს ყველაფერი მას დახვდა 1991 წელს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ არჩევის დროს.

ასლან აბაშიძე ვერც საერთაშორისო ხელშეკრულების (ყარსის) წინააღმდეგ წავიდოდა და ვერც რუსეთ-თურქეთს შეეწინააღმდეგებოდა, ვინაიდან ეს ხელშეკრულება თვით შევარდნაძის მითითებით საქართველო-თურქეთის ჩარჩო ხელშეკრულების პრეამბულაში აღმოჩნდა. ერთადერთი, რაც მას დარჩა, იყო ავტონომიის დაცვა არა მარტო გარე ძალებისგან, არამედ „პატრიოტულად“ აზვირთებული ცენტრისგან.

მკითხველისთვის ცნობილია საქართველოში დაბრუნებული შევარდნაძის უნიტარისტული ამბიციები ანუ ავტონომიების ცენტრიდან მართვის სურვილი. სხვაგვარად ფიქრი, მით უმეტეს მართვა, მას გაუჭირდებოდა. საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილი პირველი მდივნისთვის ევროპული ფედერალიზმის დაშვება საქართველოში წარმოდგენილი იყო. გარდა ამისა, არც მას და არც მის მიერ აღზევებულ ყოფილ კომკავშირლებს ჰქონდათ იოტისოდენა გაგება ევროპული ფედერალიზმისა. მათი ამოცანა იყო უნიტარიზმის განმტკიცება - ფაქტიური ფედერალიზმის პირობებში. სწორედ ამას ემსახურებოდა სადამსჯელო ლაშქრობები სამეგრელოსა და აფხაზეთში, სურვილი აჭარაში ანალოგიურის მოწყობისა. თუ რა შედეგი მოიტანა მსგავსმა პოლიტიკამ - სახეზეა.

გაცილებით რთული ვითარება შეიძლება ყოფილიყო აჭარაში, რომ არა აბაშიძის გონივრული ქმედება. მან კიტოვან-იოსელიანის სადამსჯელო „არმიას“ ჩოლოქთან ბეტონის ბლოკები და ბათუმთან დისლოცირებული რუსეთის ჯარი დაახვედრა. აჭარა გადაურჩა დარბევა-აწიოკებას, ძარცვას, სამოქალაქო ომს. აბაშიძის ნაბიჯმა არა მარტო აჭარა გადაარჩინა, არამედ საქართველოც. ვინ იცის, აჭარის „დაპყრობის“ შემდეგ, „პატრიოტ“ კიტოვანსა და იოსელიანს იქნებ თურქეთის საზღვარიც გადაელახათ მიტაცებული ტერიტორიების დაბრუნებისთვის.

ასე და ამგვარად გაჩნდა აჭარის ადმინისტრაციულ საზღვარზე ბეტონის ბლოკები. ცენტრსა და ავტონომიას შორის იმთავითვე შეიქმნა უნდობლობა. გაწბილებული ცენტრი აჭარისა და მისი ლიდერის სისტემატური ლანძღვა-გინებით იქცევდა თავს.

ამ საქმეში მოწინავე პოზიციები ეკავა „მოქალაქეთა კავშირის“ ახალგაზრდულ ფრთას - ჟვანია-სააკაშვილს, ბარამიძეს, მაჭავარიანს, სხვებს. ძალაუფლების ხელში ჩაგდების ბარიერად ისინი აბაშიძეს მოიაზრებდნენ. ასაკოვანი შევადნაძის გაცურება მათთვის გაცილებით იოლი საქმე იყო, ვიდრე აბაშიძის. საჭირო იყო აბაშიძის პიროვნების საყოველთაო გაშავება, დამცირება, მტრის ხატად გადაქცევა.

ეს საქმე მათ შესანიშნავად შეასრულეს - აიყოლიეს რა მასმედია, ინტელიგენცია, საზოგადოების ფართო ფენები. აბაშიძე გახადეს ნომერ პირველი მტერი საქართველოსი. არადა, აბაშიძის ძალისხმევით იმდენად გარდაიქმნა აჭარა, რომ თბილისის ინტელიგენციის დიდმა ნაწილმა ბათუმისკენ იბრუნა პირი. მრავალი წლის განმავლობაში ოაზისად ქცეულმა აჭარამ დააპურა საქართველოს ინტელიგენცია. აბაშიძის დახმარებით გამოიცემოდა წიგნები, სისტემატურად იმართებოდა სპექტაკლები და ა.შ.

ქართული ინტელიგენციის ბევრი წარმომადგენლისგან განსხვავებით ქართული მეცხვარული ნაგაზი ერთგული და მადლიერი არსებაა - ასლან აბაშიძე და მისი ნაგაზი, მოსკოვი, 2010 წელი.

დღეს ხშირად გაიგებთ ივანიშვილის ქველმოქმედებაზე - ინტელიგენცია შიმშილისგან იხსნაო. კეთილი, მაგრამ გაცილებით ადრე მსგავსი ნაბიჯი, შესაძლოა, უფრო მეტიც, აბაშიძემ გადადგა. თუმცა მას ისინიც კი არ იხსენებენ, ვინც არაერთი სიკეთე მიიღო მისგან.

ცენტრის შეტევისგან დამცველი ბეტონის ბლოკები მალე სხვა ფუნქციის მატარებელი გახდა. აჭარაში ფასი დაკარგა ბინების ძარცვამ, მანქანების და ხალხის გატაცებამ, ვინაიდან ჩოლოქზე არსებულმა კონტროლმა თავისთავად გამორიცხა დანარჩენ საქართველოში არსებული განუკითხაობის აჭარაში გავრცელება.

აჭარის ავტონომია სამაგალითო გახდა დანარჩენი ორი ავტონომიური ფორმირებისთვის. გაჩნდა აჭარა-აფხაზეთს, აჭარა-სამხრეთ ოსეთს შორის მიმოსვლა, ერთმანეთისადმი პატივისცემა. ამერიკელი ექსპერტი ბრიუს ჯექსონი აჭარის მეთაურთან შეხვედრის შემდეგ მეუბნებოდა, რომ აბაშიძე და აჭარა განდეგილების დაბრუნების ფასდაუდებელი მაგალითიაო. ეს ის ჯექსონია, რომლის ძალისხმევით ბალტიისპირა რესპუბლიკები სწრაფად შეიყვანეს ნატოში.

ქვეყნის ფედერალური მოწყობა არა მარტო მაშინ, არამედ დღესაც ბევრისთვის მიუღებელია და მიუღებელია იმიტომ, რომ არაფერი იციან ამის შესახებ. ფედერალიზმის აუცილებლობაზე არაერთხელ მიგვანიშნებდა დიდი ილია.

ფედერალიზმის მნიშვნელობა ევროპაში კარგა ხანია გასიგრძეგანებულია. ფედერალიზმის ასპექტები სისტემატურად განიხილება ევროპის რეგიონთა ასამბლეაზე, რომლის წევრადაც სწორედ აბაშიძის დროინდელი აჭარა იყო მიწვეული.

თვალი შევავლოთ ერა-ზე (ევროპის რეგიონთა ასამბლეა) აჭარის წარგზავნილთა სიას და დავინახავთ აბაშიძის „სეპარატიზმს“. დელეგაციაში საქართველოს იმჟამინდელი ცნობილი პოლიტიკოსები შედიოდნენ, მათ შორის - ა.ასათიანი და ვ.ხუხუნეიშვილი. 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბლოკი „აღორძინება“ საქართველოში ცნობილი პარტიებისგან ჩამოყალიბდა, ხოლო, რაც შეეხება თვით „აღორძინებას“, მისი ბირთვი თბილისელთაგან შეირჩა.

„სეპარატიზმის“ მსგავსი მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მათ შორის აბაშიძის ძალისხმევით 1995 წლის საქართველოს კონსტიტუციაში „გამორჩენილი“ აჭარის ავტონომიის შეყვანა. თუმცა ესეც საკმარისია - გამგონი გაიგებს, ხოლო სააკაშვილი და მისთანები - არა.

ასლან აბაშიძის ავტონომია - ავტონომია იყო, დღევანდელი ავტონომია - სუროგატია. სააკაშვილის წყალობით მას არავითარი ნიშანი ავტონომიურობისა აღარ შერჩა. დღევანდელი „ავტონომია“ არც აფხაზეთს ხიბლავს და არც სამხრეთ ოსეთს და რაც არ არის გასაკვირი, არც აჭარაში მცხოვრებს. ის თურქეთს მოსწონს, რომელიც სააკაშვილისა და მისი ნათესაურ-მეგობრული კლანის წყალობით უთოფოდ ეუფლება აჭარას. სამი საუკუნის შემდეგ, რუსეთის მიერ ომით და სისხლით დაბრუნებული აჭარა, ისევ თურქეთს უბრუნდება. და ამას ჰქვია - დავიბრუნეთ აჭარა.

რა სამართლებრივ ჩარჩოებში შეიძლება მოვაქციოთ 2004 წლის 6 მაისის აჭარის ამბები? ის, რომ ამას ცენტრის იურისდიქციის აღდგენა დაერქვა - სასაცილოა, ვინაიდან ავტონომიური აჭარა არასდროს გასულა საქართველოს იურისდიქციიდან.

შეიძლება თუ არა მას რევოლუცია ეწოდოს? ცხადია არა, ვინაიდან „რევოლუცია“ სააკაშვილის მიერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში შეკრებილი ხალხით განხორციელდა და არა ადგილობრივთა ხელით. ცხადია, გარედან დაგეგმილ „რევოლუციაში“ სააკაშვილის პროპაგანდას აყოლილი აჭარის მოსახლეობის გარკვეული რაოდენობაც იღებდა მონაწილეობას.

6 მაისის აჭარის მოვლენებს თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ განხორციელებული ძალისმიერი აქცია, რომელსაც მოჰყვა აჭარის არჩეული მეთაურის გაძევება. 6 მაისის ძალისმიერ მოქმედებას თავისუფლად შეიძლება გამოეწვია ძმათა შორის სისხლიანი დაპირისპირება და რომ არა აბაშიძის მხრიდან დათმობა, ვინ იცის რა ვითარებას ექნებოდა ადგილი საქართველოში.

აჭარის შემდეგ, დანარჩენ 2 ავტონომიაში ძალისმიერი გზით საქართველოს იურისდიქციის აღდგენას არაერთხელ ჰქონდა ადგილი, თუმცა წარუმატებლად, ხოლო 2008 წელს კატასტროფულად.

ავანტიურიზმი, ტყუილები და ბაქიაობა პოლიტიკოსისთვის ცუდი მრჩევლებია, რაც არაერთხელ დადასტურდა ნაცთა მმართველობის პერიოდში. მაგრამ ხალხის ინდიფერენტიზმი ხელს უმართავს სააკშვილს მუდმივად მიმართოს ნორმალური მმართველობისთვის მიუღებელ ხერხებს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"