ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
07.05.2012
ივანიშვილის „ბექგრაუნდი“ და საქართველოს პერსპექტივები

რამდენიმე ხნის წინ ჩატარდა ბ. ივანიშვილის ახალი პარტიის დამფუძნებელი შეკრება და გამოქვეყნდა გარკვეული საპროგრამო დოკუმენტები. თუმცა, როგორც ყველა პარტიის პროგრამა საქართველოში, ივანიშვილის პროგრამაც ძირითადად სურვილების და დეკლარაციების დონეზეა აგებული. ამიტომ შევეცადოთ ამ პოლიტიკური სუბიექტის რეალური პოზიციების გარკვევას ე.წ. „ბექგრაუნდის“ (ასე ვთქვათ, წარსული ცხოვრების) მიხედვით.

ამისთვის, ავიღოთ ივანიშვილის ცნობილი განცხადება, რომ რუსეთის 1996 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მან აქტიურად მხარი დაუჭირა გენერალ ლებედის კანდიდატურას და ამით სერიოზული წვლილი შეიტანა იმდროინდელი პრეზიდენტის, ბ. ელცინის ხელახალ არჩევაში. ეს განცხადება ივანიშვილმა ნაციონალების ბრალდების საპასუხოდ გააკეთა, რომლებიც, მათთვის ჩვეული პრიმიტიული რუსოფობიის სტილში, ბ-ნ ბიძინას „პირსისხლიანი ჯალათის“ და „ქართველთყლაპია“ ლებედის მხარდაჭერაში ადანაშაულებდნენ.

ივანიშვილმა სავსებით ლოგიკურად განმარტა, რომ ლებედის წინასაარჩევნო კამპანიას იმიტომ კი არ აფინანსებდა (და საერთოდ, მისი იდეა იყო ლებედის ჩართვა ამ კამპანიაში), რომ სიამოვნებას ჰგვრიდა ლებედის მიერ 9 აპრილს ქართველი გოგონების სასანგრე ნიჩბებით აჩეხვა (რაც მას არ გაუკეთებია, რადგან თბილისში არ იმყოფებოდა იმ დღეს), არამედ იმიტომ, რომ ამით ელცინს შანსი ეძლეოდა, ხმები წაერთმია კომუნისტ ზიუგანოვისთვის და არჩევნები მოეგო, რაც სწორედ ასე მოხდა კიდეც.

საგულისხმოა, რომ ივანიშვილი თავის ამ პოზიციას დღესაც სავსებით გამართლებულად და სწორად თვლის და მიაჩნია, რომ მან რუსეთი „გადაარჩინა“ კომუნიზმის ხელახალ აღორძინებას და „იხსნა“ ე.წ. დემოკრატია.

თავი რომ დავანებოთ იმას, რომ თავად კომუნისტი ზიუგანოვი უკვე დიდი ხანია, ცნობილია რუსეთში, როგორც ე.წ. ჯიბის ოპოზიცია, რომელიც მოგებულ არჩევნებსაც კი ხელისუფლებას გადაულოცავს ხოლმე (როგორც ეს მოხდა სწორედ იმ 1996 წელს), დღევანდელი გადმოსახედიდან ვერ მივიჩნევთ გამართლებულად თვით ბ. ივანიშვილის ამგვარ პოზიციას.

საქმე ისაა, „კომუნიზმის აჩრდილით“ და „საბჭოთა კავშირის აღდგენით“ დაშინება რუსეთის ან საქართველოს მოსახლეობისა არაა სწორი იმ პირობებში, როცა ელცინის და მისი გუნდის მმართველობამ აურაცხელი ზიანი და უბედურება მოუტანა როგორც რუსეთის, ისე საქართველოს (და სხვა ყოფილი რესპუბლიკების) ხალხებს. დღეს არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ „მთვრალი კინგ-კონგი“ (როგორც რუსეთში ეძახდნენ ბორის ნიკალაევიჩს) ამერიკელების მიერ იყო დასმული რუსეთის „ტახტზე“ და ფაქტიურად მათ ნებას ასრულებდა. ამის შედეგად მოხდა ყოფილი რესპუბლიკების უმეტესობაში მრეწველობის და ინფრასტრუქტურის კატასტროფული მოშლა, შობადობის გამაოგნებელი დაცემა, სიკვდილიანობის ზრდა, მეცნიერების განადგურება და სამეცნიერო კადრების გაქცევა დასავლეთში, ეთნოკონფლიქტების გაღვივება და ა.შ.

ფაქტიურად, სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში, ერთიანი ზესახელმწიფოს ტერიტორია იქცა ჩამორჩენილი, დეინდრუსტრიალიზებული, ერთმანეთთან სისხლიან ბრძოლებში ჩართული სუსტი სახელმწიფოების კონგლომერატად, სადაც განუყოფლად ბატონობდა დასავლეთი და წინაააღმდეგობის ყოველგვარ შანსს უსპობდა ნებისმიერ ძალას, ვინც ამ ნგრევას ეწინააღმდგებოდა. ამ პირობებში, თავის მოწონება იმით, რომ ქართულ პოლიტიკაში ადგილის დამკვიდრების მოსურნე ადამიანი, იდეურად მხარს უჭერდა ელცინს, რომლის მმართველობის პირობებში მოხდა თუნდაც აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ჩამოშორება საქართველოსგან, არ უნდა იყოს მაინცდამაინც სწორი პოზიცია.

სამწუხაროდ, ჩვენი აზრით, ივანიშვილის ამგვარი პოზიცია კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ის მომხრეა იმ სტრატეგიული კურსის გაგრძელებისა, რომელიც დაიწყო 90-იანი წლების დასაწყისში და რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ხელოვნურად შეთრევას, დაშლილ-დეგრადირებულ მდგომარეობაში, ე.წ. ევროატლანტიკურ სივრცეში, სადაც იგი ირანის, რუსეთის და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ პლაცდარმად უნდა იყოს გამოყენებული, დასავლეთის მიერ. ამაზე მეტყველებს ივანიშვილის პარტიის საპროგრამო დოკუმენტის ის ნაწილიც, სადაც საგარეო პოლიტიკაზეა საუბარი. კვლავ ერთმნიშვნელოვნად ფიქსირდება ე.წ. „ნატოს გზა“, რომელმაც დღევანდელ მდგომარეობამდე მიიყვანა ქვეყანა.

რაც შეეხება ეკონომიკურ პოლიტიკას, „ნატომანია“ საქართველოში ითვალისწინებს ეროვნული მრეწველობის და ტექნოლოგიების ფაქტიურ განადგურებას და მის გადაქცევას მხოლოდ სერვისის და ტურიზმის ქვეყნად. საგულისხმოა, რომ ბ. ივანიშვილს, რომელმაც, მხოლოდ 2005-2010 წლებში, მილიარდ ლარზე მეტი ოდენობის ქველმოქმედება დახარჯა, პრაქტიკულად არ დაუფინანსებია არც ერთი მაღალტექნოლოგიური საწარმოს შექმნა, რომელშიც ქართველი სპეციალისტები იმუშავებდნენ, და რომლის პროდუქცია ექსპორტზე გავიდოდა. სამაგიეროდ, უხვად ფინანსდებოდა თეატრების, საკონცერტო დარბაზების, გასართობი პარკების და სხვა არასაწარმოო დანიშნულების ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაცია (შემდეგ კი ეს გამოიყენებოდა სააკაშვილის პროპაგანდისტულ კამპანიაში). შეიძლება ვინმემ თქვას, რომ „ნაჩუქარს კბილს არ უსინჯავენ“ და ამაზეც მადლიერნი უნდა ვიყოთ, მაგრამ საუბარია იმ პრიორიტეტებზე, პოლიტიკაზე და აზროვნების სტილზე, რომელიც ბ. ივანიშვილს გააჩნია.

ივანიშვილის მომხრეები ხაზს უსვამენ იმას, რომ მან, თითქოსდა, მილიარდი დოლარის ჩადება შესთავაზა საქართველოს ხელისუფლებას, სოფლის მეურეობის სექტორში. მართლაც, თუ გადავხედავთ ბიზნესმენის რუსულ აქტივებს, მათში შედის მსხვილი აგროჰოლდინგი, რომელიც მრავალ ათას ჰექტარზეა გადაჭიმული. ოღონდ აქ ისმის მთავარი კითხვა: რა ტიპის სოფლის მეურნეობის განვითარებას აპირებდა (ან აპირებს) ივანიშვილი საქართველოში? სხვათა შორის, ამ თემაზე ამა წლის დასაწყისში თბილისში ჩატარდა სპეციალური სემინარი (რომლის მასალები რუსულ ენაზე განთავსებულია ბმულზე), სადაც გამოიკვეთა, რომ არსებობს ორი გზა: პირველი, მსხვილი ლატიფუნდიური და კაპიტალისტური მეურნეობების განვითარება (ე.წ. ბრაზილიური მოდელი) და მეორე, წვრილ და საშუალო მეურნეობებზე აქცენტის გაკეთება (ე.წ. ტაივანური მოდელი). განვითარების მოდელის დაზუსტების გარეშე, საუბარი სოფლის მეურნეობის აღორძინებაზეც პოპულიზმად რჩება, რადგან სხვადასხვა მოდელებს სრულიად სხვადასხვა შედეგების მოტანა შეუძლიათ როგორც ეკონომიკისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის.

გიორგი ვეკუა
თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"