ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
საავტორო სვეტი
30.04.2012
ჩერქეზთა გენოციდის აღიარების შედეგები

პარლამენტში მომხდარი ინციდენტი ქართული საზოგადოებისთვის უცხო არ არის. 20 წლის განმავლობაში არაერთ მსგავს და უარეს ხელის ქნევასა და გინებას ჰქონდა ადგილი. ამ „ვაჟკაცობით“ ყველა მოწვევის პარლამენტი იპყრობდა სეირის მოყვარულთა ყურადღებას.

ცხადია, არც ეს პარლამენტია გამონაკლისი. მასაც, ისე, როგორც სხვა მოწვევის პარლამენტებს, თავისი ”ყოჩი” ჰყავს - ბობოხიძის სახით. მრავალწლიანი საპარლამენტო „მოღვაწეობის“ განმავლობაში, როგორც იქნა, ბობოხიძემ იპოვა თავისი თავი ანუ საკუთარი დანიშნულება საპარლამენტო ცხოვრებაში - მანდატურობა შებრუნებით. საკმარისია, დარბაზში ოდნავი დაძაბულობა და, „მამაცი“ პარლამენტარი უმალ იქ არის - გამზადებული მუშტ-წიხლით და „სიტყვაკაზმული“ ლექსიკით.

ასე იყო ამჯერადაც, კოლეგა პარლამენტარის, ბაღათურიას გამოსვლის დროს. სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული ორატორს, რომ ბობოხიძე უშვერი ლექსიკის ფრქვევით და ხელ-ფეხის ქნევით ტრიბუნის წინ აღმოჩნდა. კიდევ კარგი, სხვა პარლამენტარებმა არ დაიშურეს გახურებულ მკლაურში მანდილის ჩაგდება, თორემ ვინ იცის, რით დამთავრდებოდა ბაღათურიას ბედი.

გახსოვთ ალბათ, ჟვანიას პარლამენტში ლამის თვალი ამოუგდო მოქალაქეთა კავშირის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელმა, დღევანდელმა ნაცთა უმრავლესობის ლიდერმა, კოლეგას.

საბრძოლო ბატალიები სხვა პარლამენტებისთვისაც არის დამახასიათებელი. ამ მხრივ რეკორდებს ამყარებს „დემოკრატიული“ უკრაინა. ტრიბუნისკენ მისასვლელის გადაკეტვა - ოპოზიციის მთავარი მონაპოვარია.

ასე, რომ პარლამენტის სხდომის დროს ჩხუბი არაჩვეულებრივი მოვლენა სულაც არ არის. არაჩვეულებრივი მაშინ იქნებოდა, ეს რომ არ ყოფილიყო. მთავარი ამ შემთხვევაში ის არის, რით არის ჩხუბი გამოწვეული. მართალია, ნაციონალებზე მეტად ნაციონალმა - ედპ-ს წარმომადგენელმა ჩახვაძემ, ბაღათურიას პროვოკატორი უწოდა, მაგრამ ამით არც ნამდვილი პროვოკატორის ვინაობა გამომჟღავნებულა და არც პრობლემა მოგვარებულა. პირიქით, მან კიდევ უფრო გააშიშვლა ხელისუფლების არაკომპეტენტურობა, დასავლეთისადმი მონური მორჩილება და აქედან გამომდინარე სადღეისო და სახვალიო პრობლემები.

როგორც ამბობენ, ბაღათურია კარგა ხანს ემზადებოდა იმის სათქმელად, რაც თქვა. და რახან ბაღათურია სათქმელად „რაზგონს“ იღებდა, მმართველი პარტია გულზე ხელებს ხომ არ დაიკრეფდა? მანაც მიხედა თავს - დაიჭირა რა თადარიგი. ანუ დროულად შეამზადა სტატისტიკისთვის ნაცთა რიგებში მყოფი აზერბაიჯანელი დეპუტატი, თანაც ცივი იარაღითაც - „ვაზელინის“ სახით შეაიარაღა და დამოძღვრა - რაც არ უნდა თქვას ბაღათურიამ, შენ „აღშფოთება“ უნდა გამოავლინოო.

ამ დავალებას დეპუტატმა წარმატებით გაართვა თავი. უფრო მეტიც, ვაზელინით შეიარაღებული აზერბაიჯანელი სტუდენტობაც მიაყენა პარლამენტის კარს, თანაც ანტიბაღათურიული შეძახილებით.

არადა ის, რაც ბაღათურიამ თქვა, სულაც არ იყო ანტითურქული ანუ ანტიაზერბაიჯანული. ის უფრო ნიშნის მოგებით იყო ნათქვამი - ჩერქეზთა გენოციდის აღიარების დროს ხომ გეუბნებოდით, სომხების სურვილის ინსპირირება მოხდებოდაო. და მან თქვა, როგორ მიაკითხა პარლამენტს სომეხთა სოლიდურმა წარმომადგენლობამ მოთხოვნით, თუ ჩერქეზების გენოციდი აღიარეთ, ჩვენ რაღა დავაშავეთო.

პარლამენტში აგიზგიზებული პატარა კოცონი უმალ ჩაქრა, მაგრამ მან ისეთი ნაკვერჩხლები დატოვა, დღეს თუ არა ხვალ, უდავოდ გამოიწვევს ერთაშორის დაპირისპირებას. და რომ ეს ასე იქნება, ამაში ეჭვის შეტანა ჭირს. ჭირს იმის დაჯერებაც, რომ უკვე ცეცხლში გადასულ პრობლემას პარლამენტის თავმჯდომარის მონოტონური დუდუნით ეშველება.

ჩახვაძემ ზუსტად შეარჩია სიტყვა „პროვოკატორი“, მაგრამ ადრესატი შეეშალა. ასეთად იმთავითვე არა პიროვნება, არამედ პიროვნებათა ჯგუფი მოიაზრებოდა. და არა მარტო ჯგუფი, არამედ მის უკან მდგომი გარკვეული ძალები და ქვეყანა. სწორედ მათ შეუწყვეს ხელი ჩერქეზთა გენოციდის თემის წამოწევას, სამეცნიერო დონეზე შესწავლა-დამუშავებას და ამ საქმეში ქართული ბედოვლათების ჩართვას.

ჩერქეზთა საკითხით არაერთი დასავლური ინსტიტუტია დაკავებული, მათ შორის აშშ-ს ჯეიმსთაუნის უნივერსიტეტი, რომელიც საშურ ენერგიას აფრქვევს ანტირუსული საქმის ასაგორებლად. გასულ წელს ისე, როგორც წინა წლებში, უნივერსიტეტმა არაერთი ერთობლივი კონფერენცია მოაწყო საქართველოში.

გახსოვთ ალბათ, კონფერენციაში მონაწილე ქართველი მეცნიერების „პატრიოტული“, „ინტერნაციონალისტური“ გამოსვლა-განცხადებები, ქართველ ნაცპარლამენტართა „ამაღელვებელი“ სიტყვები, ჩერქეზთა დიასპორის წარმომადგენლების მიპატიჟება პარლამენტის სხდომაზე და სხვა. ისიც გახსოვთ, ზოგიერთი საღად მოაზროვნის ნათქვამი, რომ ჩერქეზთა გენოციდის აღიარება უდავოდ გამოიწვევს ანალოგიურისათვის სომეხთა მოთხოვნას. მაგრამ არა! აშშ-ი დაგეგმილ ღონისძიებას რას უზამდა ხელისუფლება?

ასე, რომ ბაღათურიასთვის ნასროლი ვაზელინი ჯერ ნაცებმა გამოსცადეს საკუთარ თავზე. ბაღათურიას ნათქვამს სულაც არ უნდა გაეღიზიანებინა აზერბაიჯანელი დეპუტატი, მაგრამ „გაღიზიანება“ ნაცთა პროვოკაციის შემადგენელი ნაწილი იყო, მიმართული ბაღათურიას მსგავსად მოაზროვნეთათვის.

ამ ინციდენტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებში ბაქრაძემ, გიორგი თარგამაძემ, სხვებმა ჭკუა დაგვარიგეს, რომ დაუფიქრებელ განცხადებას შეიძლება სერიოზული გართულება მოჰყვეს და ამდენად, ვიდრე პირს დავაღებთ, უნდა დავფიქრდეთო.

თუ დაუფიქრებული სიტყვის თქმას ცუდი შედეგის მოტანა შეუძლია, გაცილებით უარესის - მოქმედებას. ჩერქეზთა გენოციდის აღიარება სწორედ ასეთ ქმედებად შეიძლება ჩაითვალოს.

სომეხთა თხოვნა გენოციდის აღიარებასთან დაკავშირებით, ცხადია, არ არის სახელმწიფოს თხოვნა, მაგრამ ვინ განჭვრეტს, რა იქნება მომავალში?

ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველო სწორედ ის ადგილია, სადაც დიდი რაოდენობით ცხოვრობს ორივე ერის წარმომადგენელი. ჯერ-ჯერობით მათ შორის ადგილი არ ჰქონია სერიოზულ დაპირისპირებას და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ არც მომავალში ექნება, მაგრამ ამისგან დაზღვეულნი არ ვართ.

სომეხთა და აზერბაიჯანელთა, სომეხთა და თურქთა ურთიერთობა რომ საკმაოდ დაძაბულია, ყველას კარგად მოეხსენება. ყარაბაღის მოუგვარებელი საკითხი, სომეხთა მიერ აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიები, თურქულ-სომხური დაუძლეველი პრობლემა გენოციდთან დაკავშირებით და სხვა, აშკარა მანიშნებელია იმისა, თუ რა ფეთქებადსაშიშ ვითარებასთან გვაქვს საქმე.

ყოველივე აღნიშნულს ემატება ქართულ საზოგადოებაში აზიზეს მეჩეთის მშენებლობით გაჩენილი სერიოზული ვნებათაღელვა, ანტირუსული სახელისუფლებო ისტერია, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული პრობლემები და უდავოდ მივიღებთ იმ უმწარეს კოქტეილს, რომლის დალევაც არცთუ სასიამოვნოა.

ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებს აქვს დასაწყისი, მაგრამ არ ჩანს დასასრული. ამ პრობლემათა გარკვეული ნაწილი ჩვენი დაუფიქრებელი პოლიტიკის შედეგია და მათი გადაჭრის გზებიც ისე ჩახერგილია, როგორც მთიანი ყარაბაღის.

ნაცვლად იმისა, რომ ჩიხური მდგომარეობიდან გამოსვლის გზებს ვეძებდეთ, პირიქით, ვართულებთ საქმეს - ჩერქეზთა გენოციდის აღიარება ამის ნათელი დამადასტურებელია. მიჭირს, გავიხსენო ისეთი ქვეყანა, ვინც მსგავსი ნაბიჯი გადადგა. როგორც ჩანს, ”სტრატეგიული პარტნიორი” მრავალჯერ შეგვაწუხებს შორს მიმავალი მზაკვრული პროექტებით. მაგრამ ჩვენი შეწუხება რაა სახელმწიფოს შეწუხებასთან შედარებით. ერთმა ასეთმა შეწუხებამ მას საკუთარი ნაწილის 20%-ი ჩამოაჭრა. თუ ასე გაგრძელდა, არ არის გამორიცხული, მან პრეზიდენტ სააკაშვილისათვის განკუთვნილი ეპითეტი გაიზიაროს - „ცარიელი ადგილი“.

თანამედროვე მსოფლიოში პოლიტიკური საკითხები მეტად გადახლართულია და ხშირად სხვისთვის ნასროლი ისარი უკან ბრუნდება ისე, როგორც ჩერქეზთა გენოციდის აღიარება. ამერიკელებმა კი გვასროლინეს შხამიანი ისარი რუსეთის მიმართულებით, მაგრამ ვშიშობ, ეს ისარი ჩვენ არ დაგვიბრუნდეს.

საინტერესოა, როდესაც ჯეიმსთაუნის უნივერსიტეტის ბაზაზე ჩერქეზთა გენოციდის აღიარების საკითხი მუშავდებოდა, არ ფიქრობდნენ, რომ სომხებით და აზერბაიჯანელებით დასახლებულ საქართველოში ეს თემა კონფლიქტის თუ არა, სერიოზული უკმაყოფილების გამოწვევის საბაბი მაინც გახდებოდა? იქნებ ფიქრობდნენ და სწორედ ამიტომაც ამოირჩიეს საქართველო?

რუსეთის მიმართ პერმანენტული ჩხიკინით არა მარტო საქართველოს ხელისუფლება გამოირჩევა, არამედ მაღალი დასავლური სამთავრობო წრეები. ახლოვდება ნატოს ჩიკაგოს სამიტი და მასთან ერთად სულ უფრო იზრდება ქართული მედიისა და პოლიტიკოსების მიერ დანთებული ნატოური ცეცხლის ტემპერატურა.

ამერიკელი და ევროპელი ექსპერტები დღეს უკვე პირდაპირ აცხადებენ, რომ მიუხედავად რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა, საქართველო უნდა შევიდეს ნატოში. ამერიკელები იმასაც აცხადებენ, რომ მათ მილიარდიანი დახმარება გაუწიეს საქართველოს და ეს წყალში ხომ არ გადაიყრება? რა გამოდის? 2008 წლის ომის შემდეგ ჩვენთვის მოცემული მილიარდი ნატოში შესვლის პრელუდია ყოფილა?

ჩიკაგოს სამიტზე, ცხადია, არ გადაწყდება საქართველოს ნატოში შესვლის საკითხი, მაგრამ ასეთი სამიტი არაერთი იქნება მომავალში და სულაც არ არის გამორიცხული, რომ საქართველოს „სურვილი“ დაკმაყოფილდეს. და როდესაც ეს მოხდება, მოხდება ის, რისიც ესოდენ ეშინია გონიერ საზოგადოებას (საბედნიეროდ ასეთებიც შემორჩნენ ქვეყანას, მართალია კანტი-კუნტად, მაგრამ მაინც) ანუ აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობის ფაქტობრივი აღიარება.

თუმცა მიუხედავად ამისა, რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადა, რომ 2008 წლის ომამდელი საქართველოს ტერიტორიაზე დღეს სხვა რეალობაა შექმნილი, რომლისგანაც ის უკან დახევას არ აპირებს. გამოდის, რომ როგორც დასავლეთი, ისე რუსეთი იზიარებენ შექმნილ რეალობას და მიიჩნევენ, რომ საქართველოს ნატოში ჩათრევით, ტერიტორიული იარა შეხორცდება.

ასე და ამრიგად მოხდება სუსტი საქართველოს იურიდიული დანაწევრება, რომლის მიხედვით აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი რუსეთს დარჩება ანუ რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფ ბუფერულ სახელმწიფოებად გადაიქცევიან, ხოლო დანარჩენი საქართველო - ამერიკული გავლენის სფეროდ.

ამერიკა-რუსეთის ოცნების ასრულება არცთუ დიდი აბსტრაქციაა. ეს გაცილებით შესაძლებელია, ვიდრე „ქართული ოცნების“ ტერიტორიული გამთლიანების გეგმა. ამას წინათ ერთ-ერთმა გაზეთმა შემდეგი სახის საარჩევნო სათაური წარუმძღვარა ინტერვიუს - „ქართულ ოცნებას“ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კონკრეტული გეგმა აქვს“.

და მაინც რას ეფუძნება ეს გეგმა? აი, რას: „რუსეთს უნდა თუ არა, დასავლეთთან ურთიერთობა სჭირდება. მოსკოვს დიდად სურს მსოფლიო საკითხებში თავისი ჩართულობა გაზარდოს. ამით დასავლეთთან უნდა ითანამშრომლოს, ვფიქრობთ ამ პროცესში მეტი შანსია, რომ ჩვენ სწორი როლი და ადგილი მოვძებნოთ… დაინტერესებული ვართ, აფხაზებსაც და ოსებსაც ავუხსნათ, რომ ჩვენი სურვილი არა უბრალოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, არამედ ამ ხალხის, ჩვენივე თანამოქალაქეების დაბრუნება. ეს ადამიანები პირველ რიგში უნდა დავარწმუნოთ, რომ ე.წ. დამოუკიდებელ სამხრეთ-ოსეთს და აფხაზეთს არანაირი პერსპექტივა არ აქვს, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, რაშიც დღესდღეობით იმყოფებიან“ - ი. სესიაშვილი.

ამაზე იტყვიან, ბალზე ზის და ატმის კურკებს ისვრისო. სწორედ ასეთმა ჩამორჩენილმა აზროვნებამ დაღუპა საქართველო. გარდა იმისა, რომ „ოცნების“ ბრძნული აზრები ვირტუალურია, შეურაცხმყოფელიც არის. „მეოცნებე“ ვერ ზომავს, როდესაც ამბობს, რომ „დამოუკიდებელ ქვეყნებს არავითარი პერსპექტივა არ აქვთ“.

რა პერსპექტივაზეა ლაპარაკი? რომელი ჭკუათმყოფელი ანაცვალებს რუსეთს საქართველოს? ან იქნებ ყმაწვილ ბიძინელს ჰგონია, ხელისუფლებაში მოსვლით, საქართველოს შვეიცარიად გადააქცევს და განდეგილებიც რუსეთიდან ჩვენსკენ გამოექანებიან?

საქართველოს ედემის ბაღად გადაქცევის იდეა ანუ გაბელგიება შევარდნაძესაც ჰქონდა, მაგრამ ბელგიის ნაცვლად, რომ „აბდალლენდი“ მივიღეთ - სახეზეა. ან როგორ უნდა დაარწმუნონ ქაქუცა ყმაწვილებმა ალასანია-სესიაშვილმა და მათმა მსგავსმა პარტიელებმა განდეგილები, რომ დამოუკიდებლობას, საქართველოში ყოფნა სჯობს? იმ საქართველოში, რომელიც არაერთხელ შეეცადა იარაღით მათ დასჯას?!

რამდენად ბრიყვი უნდა იყვნენ განდეგილები, მე მათ ასეთად ნამდვილად არ მივიჩნევ, რომ ამ პრიმიტივიზმს აჰყვნენ და უარი თქვან რუსეთთან ურთიერთობაზე? რუსეთთან, რომელიც, მსოფლიო ექსპერტთა გათვლით, სულ მალე განვითარებულ რვიანში პირველ ხუთეულში ჩაჯდება? რომ იტყვიან - ბნელა მთვარიან ღამეში?

ამ აზრებით აპირებს „ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლას? მათ ისიც ვერ გაუგიათ, რომ დასავლეთთან ჩახუტებული, განსაკუთრებით ნატოსთან, საქართველო რუსეთისთვის მიუღებელია. ამ ყმაწვილებს ცოტათი მაინც რომ ჰქონდეთ კახა კუკავას პრაგმატული აზროვნება, მათ პოლიტიკურ ბედს ძაღლიც არ დაჰყეფდა, მაგრამ რა გაეწყობა - არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი.

როგორც ჩანს, არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას არაფერი აქვთ საერთო „რეალპოლიტიკთან“, არადა მისი გაუთვალისწინებლობა იწვევს ისეთ პროვოკაციულ გამოხდომებს, რომელსაც აგვისტოს ომი, ჩერქეზთა გენოციდის აღიარება, ამერიკულ-ქართული ბიოლოგიური კვლევითი ცენტრი და სხვა „სიკეთეები“ ჰქვია. 21-ე საუკუნის მეორე დეკადის დასაწყისშიც ისე, როგორც პირველში, საქართველოს პოლიტიკური აზროვნება ღრმა პროვინციის დონეზე რჩება.

ჰამლეტ ჭიპაშვილი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"