ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
07.05.2012
საქართველოს განვითარების შესაძლო მოდელები

ნებისმიერი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით კი ისეთისთვის, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ გახდა დამოუკიდებელი, ძალზე მნიშვნელოვანია, ჰქონდეს განვითარების სტრატეგიული გეგმა, თვალთახედვა, თუ რა გზით აპირებს იგი თავის დამკვიდრებას მსოფლიოში. ცხადია, რომ სტიქიური და უსისტემო მოძრაობით ვერცერთი ქვეყანა შორს ვერ წავა.

თუ ამ კუთხით განვიხილავთ საქართველოს უახლეს ისტორიას, დაახლოებით შემდეგნაირი სიტუაცია წარმოგვიდგება თვალწინ. თავი რომ დავანებოთ ზ. გამსახურდიას მმართველობის ხანმოკლე პერიოდს, გვაქვს ორი ეტაპი - შევარდნაძის და სააკაშვილის დროინდელი.

შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდი გამოირჩეოდა იმით, რომ, მართალია, სტრატეგიული კურსი მთლიანობაში, მეტნაკლებად განსაზღვრული ჰქონდა (სვლა დასავლეთისკენ, ევროატლანტიკური სივრცისკენ), მაგრამ შიდა და ეკონომიკურ პოლიტიკაში სადავეები ნაწილობრივ მოშვებული იყო და ქაოსურ-ჩრდილოვანი ურთიერთობებისთვის მეტი ადგილი რჩებოდა.

შედეგად, ქვეყნის განვითარებაზე საუბარი ზედმეტი იყო, მაგრამ იმის გამო, რომ მოსახლეობას ერთგვარი თავისუფლება ჰქონდა ეკონომიკურ საქმიანობაში (იგულისხმება წვრილი და საშუალო ბიზნესი), ის როგორღაც ახერხებდა თავის შენახვას და ზოგჯერ მცირეოდენი ფულის შოვნასაც. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რუსეთთან ეკონომიკური კავშირები მაშინ არ იყო იმდენად შეზღუდული, როგორც დღეს.

მდგომარეობა შეიცვალა ხელისუფლების სათავეში სააკაშვილის და მისი გუნდის მოსვლის შემდეგ. დეკლარირებული კურსი იგივე დარჩა - პროდასავლური, მაგრამ შიდა პოლიტიკაში მოხდა აქცენტების გადანაწილება. კერძოდ, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართ გამოცხადდა „გათეთრების“ პოლიტიკა - გადასახადების რაოდენობა და მათი განაკვეთები ერთგვარად შემცირდა, სამაგიეროდ, გამკაცრდა მათი ადმინისტრირება, ხოლო მეწარმეებს შეჰპირდნენ, რომ სახელმწიფო ორგანოების და კერძო სუბიექტების (ე.წ. ქურდების და ა.შ.) მხრიდან ფულის გამოძალვას და საქმიანობაში ხელის შეშლას ადგილი აღარ ექნებოდა.

ეს პირობა მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდა, რადგან, მართალია, ქურდების და ცალკეული გამომძალველი ჩინოვნიკის პარპაში მოისპო, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მცირე მეწარმეები პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი ხდებოდნენ (რაც შევარდნაძის დროს შედარებით იშვიათობა იყო), ან ახლადშექმნილი მონოპოლისტური სტრუქტურების მიერ იყვნენ შევიწროებული. ამას დაემატა რუსეთთან ეკონომიკური კავშირების შეზღუდვა, და ასევე, ომით და მისი შედეგებით გამოწვეული ფორს-მაჟორული მდგომარეობა, რამაც მნიშვნელოვნად დააზარალა მცირე და საშუალო მეწარმეები საქართველოში.

ამის გამო, ფართოდ რეკლამირებული მიღწევები, როგორებიცაა კორუფციისგან თავისუფალი პოლიციის და სახელმწიფო აპარატის შექმნა, გადასახადების შემცირება, ბიზნესის დაწყების გაადვილება და სხვა, დიდი ვერაფერი შეღავათი გამოდგა ამ კატეგორიის მეწარმეებისთვის. მიუხედავად ბოლო წლებში ბანკების და სახელმწიფოს მიერ აღებული მრავალმილიარდიანი უცხოური კრედიტებისა, ქვეყანაში არ იგრძნობა მცირე ბიზნესის ბუმი, პირიქით, ბოლო წლებში ამ სფეროში სტაგნაციას უფრო აქვს ადგილი.

შეიძლება ითქვას, რომ ე.წ. ულტრალიბერალური, ანუ ლიბერტარიანული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგები, რომლის გატარება დაახლოებით 2004-2005 წლებიდან დაიწყო (კ. ბენდუქიძის საქართველოში ჩამოსვლიდან), საკმაოდ მოკრძალებული გამოდგა, და ვერც უმუშევრობის დაძლევა მოხერხდა, ვერც სიღარიბის და არც ტექნოლოგიური წინსვლა თუ გადაიარაღება მომხდარა.

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება თავის იდეოლოგიურ პრიორიტეტებად ასახელებს ორ მიმართულებას. პირველი, ეს არის ევროკავშირთან, და საერთოდ, დასავლურ სამყაროსთან დაახლოების და მასთან ყოველმხრივი ინტეგრაციის პოლიტიკა, და მეორე, ე.წ. „სინგაპურიზაცია-კორეიზაციის“ მიმართულება. ამ უკანასკნელის შესახებ საუბარი პირადად სააკაშვილის მხრიდან დაახლოებით 3-4 წლის წინ დაიწყო და დღემდე სხვადასხვა ინტენსივობით გრძელდება.

მაგრამ თუ დავაკვირდებით სახელმწიფოს რეალურ პოლიტიკას, მათ შორის ეკონომიკის სფეროში, დავინახავთ, რომ იგი არ შეესაბამება არც ევროპულ და არც ე.წ. აზიური ვეფხვების პოლიტიკას. ევროპული ტიპის პოლიტიკას არ შეესაბამება იმიტომ, რომ თანამედროვე ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა, და მთლიანად ცენტრალური მმართველობით რგოლი, ორიენტირებულია ფართომასშტაბიანი რეგულაციების განხორციელებაზე, და სოციალისტური ტენდენციების დომინაციაზე, ხოლო „აზიურ ვეფხვებს“ სოციალიზმი შედარებით ნაკლებად, მაგრამ სახელმწიფო კაპიტალიზმის გამოკვეთილი ფორმები და დაგეგმვა-პროტექციონიზმის დიდი დოზა ასევე გამოარჩევთ. ამ დროს კი საქართველოს ხელისუფლება ქადაგებს ე.წ. ულტრალიბერალიზმს, დაქირავებულების შრომითი უფლებების უმკაცრეს შეზღუდვას, სახელმწიფო ჩარევის და დაგეგმვის ლამის სრულ აკრძალვას და ა.შ. (თუმცა, ეს ხელს არ უშლის მავან ჩინოვნიკებს, რომ არაოფიციალური სახელმწიფო კონცერნები და მონოპოლიები შექმნან).

ჩვენი აზრით, რაც არ უნდა ვისაუბროთ პოლიტიკურ ვექტორებზე, საქართველოს პირობებში განუხორციელებელი და არარეალურია, როგორც ევროპული (ევროკავშირის ტიპის), ასევე სინგაპურულ-კორეული ტიპის ეკონომიკის აშენება, და შესაბამისი განვითარების მოდელის მიღება. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეკონომიკური განვითარების სტრატეგია და მოდელი არ შეიძლება მოწყვეტილი იყოს ზოგადად ქვეყნის თავისებურებებისგან, მისი მოსახლეობის მენტალური, კულტურულ-კონფესიური და სხვა მახასიათებლებისგან.

ამის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ მოძებნილი უნდა იყოს განვითარების სხვა მოდელები, რომლებიც შედარებით მეტად მიესადაგება საქართველოს რეალობას. საინტერესოა, რომ ამგვარი მოდელების მოსაძებნად შორს წავლა, ალბათ, არ იქნება საჭირო, რადგან, როგორც ჩანს, ისინი ჩვენს უშუალო და ახლო სამეზობლოში მოიპოვება.

საუბარია განვითარების თურქულ და ირანულ მოდელებზე. საიდუმლო არაა, რომ ბოლო წლებში, მსხვილ სახელმწიფოებს შორის, სწორედ ეს ორი ქვეყანა იპყრობს ყურადღებას თავისი დინამიზმით, თუმცა ერთმანეთს ბოლომდე არ ჰგვანან. აღსანიშნავია, რომ თურქეთის სწრაფი პროგრესი ბოლო წლებში დაემთხვა ე.წ. რელიგიურ აღორძინებას და სეკულარისტული პოლიტიკის ნაწილობრივ გადახედვას, ხოლო ირანში პოლიტიკის რელიგიური საფუძვლები ბოლო წლებში კიდევ უფრო გაძლიერდა.

თუმცა, თავი რომ დავანებოთ ამ ფაქტორსაც, ორივე ქვეყანაში სახეზეა აქტიური სამეწარმეო პოლიტიკა, ექსპორტის წახალისება, ინდუსტრიალიზაცია და ტექნიკური გადაიარაღებისკენ გადადგმული აქტიური ნაბიჯები. ამასთან, თურქეთს, რომელსაც არ გააჩნია მინერალური რესურების დიდი რაოდენობა (ნავთობი, გაზი და სხვა), უფრო მეტად გახსნილი აქვს შიდა ბაზარი და დიდი რაოდენობის იმპორტს ეწევა, განსაკუთრებით ნედლეულის და მაღალი ტექნოლოგიების, ხოლო ირანი უფრო პროტექციონისტურ პოლიტიკას მიმართავს. მიუხედავად ამისა, თურქეთმა მოახერხა საგარეო ვალების და საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება ბოლო წლებში და სულაც არ გადაქცეულა უცხოური საქონლის გასაღების ცალმხრივ ბაზრად (როგორც, მაგალითად, საქართველო იქცა იგივე თურქული საქონლის გასაღების ბაზრად).

ფაქტია, რომ ქართული საზოგადოების კულტურულ-მენტალური თვისებები და კოდები გაცილებით უფრო ახლოს დგას თურქულ ან ირანულ საზოგადოებასთან, ვიდრე სინგაპურთან, სამხრეთ კორეასთან, ან შვედეთ-ჰოლანდიასთან. თუკი ამ ქვეყნებმა, განსხვავებული საგარეო ორიენტაციის მიუხედავად (თურქეთი კვლავ ძირითადად პროდასავლურ ქვეყნად რჩება, ხოლო ირანი ანტიდასავლურად), მოახერხეს, მრავალსაუკუნოვანი ჩამორჩენის შემდეგ, განვითარების სწრაფი ტემპების აკრეფა და სერიოზულ რეგიონულ მოთამაშეებად ქცევა, ჩვენც გაცილებითმეტი ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ მათი წარმატებების მიზეზებს და გავითვალისწინოთ ისინი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დაგეგმარების პროცესში.

გიორგი ვეკუა
თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"