ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
30.04.2012
”რუსული არმიის ლომი”, როგორც ისტორიული ორიენტირი მომავალი ქართველი სამხედროებისთვის, და არა მხოლოდ მათთვის

ჩვენ უკვე არაერთხელ დავწერეთ თანამედროვე საზოგადოებისა და სახელმწიფოს წარმატებული ფუნქციონირებისათვის ისტორიის მნიშვნელობის შესახებ, აგრეთვე იმაზე, თუ რა დიდი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეთ ცალკეულ ისტორიულ პიროვნებებს ხალხთა შორის ურთიერთობებში, კერძოდ, ქართველ და რუს ხალხებს შორის - კერძოდ, საუბარი იყო სტალინზე - ქართული წარმოშობის გამოჩენილ რუს სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწეზე.

მაგრამ საქართველოს ისტორია თავისთავად მეტად მდიდარია ისეთი ფაქტებითა და პიროვნებებით, რომლებზეც ხალხს შეუძლია და უნდა აიღოს კიდეც ორიენტაცია. ამასთან ბევრი ეს ფაქტი და პიროვნება გვიბიძგებს იმისკენ, რომ გავიაზროთ ქართველებისა და რუსების სულიერი სიახლოვე და სულაც ერთიანობა. გასაკვირი არ არის, რომ დღევანდელი ხელისუფლება, რომელმაც რუსეთისადმი მტრული პოლიტიკა თავის იდეა ფიქსად გადააქცია, როგორც შეუძლია, ცდილობს, ისტორიული ჭეშმარიტების უხეში, არამეცნიერული და ანგაჟირებული რევიზიის გზით მოახდინოს ყველა იმ პიროვნების დისკრედიტირება ისტორიასა და ხალხურ მეხსიერებაში, რომლებიც განასახიერებენ ამგვარ რუსულ-ქართულ სიახლოვეს. მათ მთავარ სამიზნედ სავსებით ლოგიკურად იქცა სტალინი (ეს დაუფარავი სახელმწიფო ”პოლიტიკაა”), მაგრამ ნაწილობრივ ასევე მეფე ერეკლე მეორე. თუმცა არიან აგრეთვე დღევანდელი ”პოლიტიკური ელიტის” მიერ უბრალოდ იგნორირებული ღირსეული ქართველები, რომლებიც განასახიერებენ ორი მოძმე ერის სულიერ ერთობას. ასეთ ნამდვილად გამოჩენილ ფიგურად პირველ რიგში პეტრე ივანეს ძე ბაგრატიონი, მისი თანამედროვეების მიერ ”რუსული არმიის ლომად” წოდებული, გვევლინება.

ახლანდელ ქართველ სტუდენტებსა და მით უმეტეს, სკოლის მოსწავლეებს, არ აცნობენ, ან თუ აცნობენ, ძალიან ზერელედ, ბაგრატიონის პიროვნებას. ალბათ რამდენიმე ათეული სტუდენტისა და მოსწავლის შეგროვება გაჭირდება მთელი თბილისის მასშტაბით, რომელთაც შეუძლიათ თქვან, თუ ვისი ბრინჯაოს ძეგლი დგას გორგასლის ქუჩაზე, ძველი ტფილისის სამხრეთ-დასავლეთის შემოსასვლელთან.

ბუნებრივია, ბაგრატიონის მიერ განვლილი გზის შესახებ პრაქტიკულად არაფერი იცის ქართველი ოფიცრებისა და ჯარისკაცების დიდმა უმრავლესობამ. თუმცაღა ქართული არმია, როგორც ასეთი, დღეს პრაქტიკულად არ არსებობს - იგი გაანადგურა საკუთარმა ხელისუფლებამ, რომელმაც არმია ჯერ გაუმართლებელ ავანტიტრაში ჩაითრია, როდესაც უგულებელყოფილ იქნა ცხინვალში საკუთარი მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე, ხოლო შემდეგ ე. წ. ”მუხროვანის ბუნტის” ფარგლებში მოაწყო საუკეთესო ოფიცრების მკვლელობები, დაპატიმრებები და ცემა-ტყეპა. ხელისუფლება დღეს ტრაბახობს, რომ საქართველოში მორიგი ”საოცრება” განხორციელდა - ააწყეს რამდენიმე ჯავშანმანქანა და უპილოტო საფრენი აპარატი, რომელთა ეფექტურობა ჯერ-ჯერობით ეჭვს იწვევს, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ამ მომენტში არ გააჩნიათ ღირსეული სამხედრო ხელმძღვანელები, არც საბრძოლო სული, არც სწორი იდეოლოგიური და ისტორიული ორიენტირები. მაგრამ ეს მდგომარეობა რეჟიმის შეცვლასთან ერთად შეიცვლება, და მაშინ ბაგრატიონი უნდა გახდეს თანამედროვე ქართველი სამხედროების სიამაყოს ობიექტი და მისაბაძი მაგალითი.

ამაში არ იგულისხმება ობივატელური, ფსევდოპატრიოტული სიამაყე ”თანამემამულით”, გიორგი დანელიას ”მიმინოს” ერთი ცნობილი პერსონაჟის სტილში. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბაგრატიონის პიროვნება, პირველ ყოვლისა, განასახიერებს როგორც სამხედრო სიმამაცეს, ისე ქართველი და რუსი ხალხების სულიერ სინათესავეს და სულაც ერთიანობას. შესაძლო კრიტიკას იმის შესახებ, რომ ამ სტრიქონების ავტორი საზოგადოებას სთავაზობს, ბაგრატიონის პიროვნების გამოყენებას რუსეთისადმი ქართული არმიის დამორჩილების მიზნით (ვინაიდან ბაგრატიონი რუსი გენერალი იყო, ემსახურებოდა რუსეთს), შეიძლება პირდაპირი პასუხი გაეცეს: ბაგრატიონი იბრძოდა როგორც რუსი, ისე ქართველი ხალხისათვის. ამ მოსაზრების გამყარება შეიძლება რუსეთთან ნაპოლეონის 1812 წლის ომის ხასიათის აღწერით.

ბაგრატიონს ბევრი სამხედრო დამსახურება ჰქონდა, მაგრამ იგი ძირითადად ცნობილია, როგორც 1812 წლის სამამულო ომის გმირი. საქართველოში მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა (რეჟიმის სურვილის მიუხედავად), მადლობა ღმერთს, 1941 – 1945 წლების ომს სამამულოდ, ანუ თავისად მიიჩნევს. მაგრამ 1812 წლის ომისაქართველოში არ აღიქმებოდა ”საკუთარ ომად” თვით საბჭოთა პერიოდშიც, როდესაც ადგილი ჰქონდა მეორე უკიდურესობას - საზოგადოებას ძალზე ხელოვნურად ახვევდნენ თავს ”ხალხთა მეგობრობის” მითოლოგიას. მაგრამ თანამედროვე ეტაპზე საქართველოში უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს 1812 წლის გრანდიოზულ მოვლენებს და გააზრებულ იქნას ეს ომი. მცირეოდე ხნის წინ რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ აღნიშნა ის გავლენა, რომელიც 1812 წლის სამამულო ომმა იქონია რუსეთში სულიერების მდგომარეობაზე. მართლაც, მოდური ფრანგული ”განმანათლებლობისა” და რუსული ელიტის მასონობით გატაცების შემდეგ დადგა თვალების ახელის ჟამი, მართლმადიდებლურ საწყისებთან დაბრუნება. ეს პირველ რიგში ეხება თავად იმპერატორ ალექსანდრეს, რომელზეც ომმა უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. ხელმწიფის შეხედულებებში ცვლილებების შესახებ მოწმობს ხალხში მასზე გავრცელებული ლეგენდა, რომ თითქოს იგი 1825 წელს კი არ გარდაიცვალა, არამედ თავისი სიკვდილის ინსცენირება მოაწყო და მთელი გარესამყაროსგან საიდუმლოდ ბერად აღიკვეცა… ყველა შემდგომი იმპერატორი ღრმად მორწმუნე ადამიანი იყო. თითქმის მთელი მე-19 საუკუნე გახდა რუსეთში მართლმადიდებლობის აღორინების საუკუნე, სწორედ ამ ეპოქაში რუსულმა ფილოსოფიურმა აზრმა და რუსულმა ლიტერატურამ თავის მწვერვალს მიაღწია, რუსმა სწავლულებმა თავიანთი უდიდესი წვლილი შეიტანეს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწრაფ განვითარებასა და კაცობრიობის ტექნიკურ პროგრესში. თუმცა ისიც მართალია, რომ მოგვიანებით რუსეთშიც შემოიჭრა ევროპული ნაციონალიზმის ბაცილა, გავრცელება ჰპოვეს შოვინისტურმა, ასევე მარქსისტულმა მიმდინარეობებმა… ყოველივე ამან ძალზე ავნო და საბოლოო ჯამში, დაღუპა კიდეც იმპერია, მაგრამ 1812 წლიდან მოყოლებული ამ მომენტამდე, საუკუნეზე მეტი ხანი გავიდა.

ამიტომაც, 1812 წლის ომი არ შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ”რუსებისთვის ომად”. ნაპოლეონის გამარჯვება არ იქნებოდა ერთი იმპერატორის მეორით უბრალო ჩანაცვლება, საქართველოში - რუსული ენის ფრანგულით ჩანაცვლება. არა. ეს იყო რეალური ”ცივილიზაციური” ომი, საკუთარი ტრადიციების, იდენტურობის, აღმსარებლობის შესანარჩუნებლად. ბოლოს და ბოლოს, 1812 წლის ომი ტყუილად არ იქნა შეფასებული ”სამამულო ომად” და მისი დაწყებისთანავე რუსმა იმპერატორმა მიმართა ”ერს”. ამიტომ ბაგრატიონი, გაცნობიერებული ჰქონდა მას ეს თუ არა, იბრძოდა თავისი ისტორიული სამშობლოსათვისაც, თავისი ხალხისთვის, რომლის სამეფო დინასტიის წარმომადგენელიც თავად იყო. რუსეთის გარეშე საქართველოს მაშინ მხოლოდ ოსმალურ-სპარსული უღლის ქვეშ დაბრუნება ელოდა, თავად რუსეთი მოექცეოდა უფრო პროგრესული, მაგრამ ასევე სავსებით მიუღებელი საფრანგეთის ბატონობის ქვეშ. ფართოდ ცნობილი, თავისთავად სწორი აზრი იმის შესახებ, რომ ”ისტორიას არ გააჩნია კავშირებითი კილო”, ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ მოქმედებს და გულუბრყვილოდ ჟღერს.

ევგენი ანისიმოვის წიგნში ”გენერალი ბაგრატიონი. ცხოვრება და ომი” (მოსკოვი, 2009 წ., მოიპოვება ინტერნეტშიც, ასევე ნათარგმნია ქართულად) , რომლის სპონსორობა რუსეთის ქართული დიასპორის თვალსაჩინო წარმომადგენელმა - ბიზნესმენმა და მეცენატმა, საქართველოს ხალხების მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტმა ალექსანდრე ებრალიძემ იტვირთა, ბევრი მეტად საინტერესო ეპიზოდია წარმოდგენილი პეტრე ბაგრატიონის ბიოგრაფიიდან. ამ შემთხვევაში საინტერესოა ეპიზოდი, როდესაც გენერალ ბარკლაი დე ტოლისთან ცხარე კამათის დროს გენერალმა ბაგრატიონმა მას ყვირილით შემდეგი სიტყვები უთხრა: ”შენ გერმანელი ხარ! შენ არაფერი რუსული არ გადარდებს!” - თითქოს დაავიწყდა, რომ იგი თავადაც არარუსი იყო წარმოშობით. მაგრამ საქმე ისაა, რომ გერმანოფობია საკმაოდ გევრცელებულ მოვლენას წარმოადგენდა მაშინდელ რუსულ სამხედრო-პოლიტიკურ ელიტაში, მაგრამ მას არ ჰქონდა ნაციონალისტური და შოვინისტური ხასიათი ამ სიტყვის ვიწრო გაგებით. რუსეთში გერმანოფობია განსაკუთრებული ისტორიული ფენომენია, რომელიც ცალკე უნდა იქნას განხილული (მაგ. იხ.: Сергей Сергеев: "Императорские мамелюки"), თუმცა საინტერესო სხვა რამეა: ბაგრატიონი არ უჩიოდა სკლეროზით დაავადებას და არ შეეძლო დავიწყებოდა, თუნდაც გაცხარებული კამათის დროს, რომ ”არც თვითონ არის რუსი”, არამედ წარმოშობით ქართველია (ისევე, როგორც ბარკლაი წარმოშობით ”გერმანელი” - უფრო ზუსტად, შოტლანდიელი, იყო, მაგრამ ამავე დროს ბაგრატიონივით რუსი გენერალი). მით უმეტეს, რომ იგი უბრალოდ ეთნიკური ქართველი კი არა, არამედ ბაგრატიონების სახელოვანი სამეფო დინასტიის წარმომადგენელი იყო. ამრიგად, გამოდის, რომ სიტყვას ”რუსი” ბაგრატიონისთვის კრებითი მნიშვნელობა ჰქონდა (ასევე სიტყვას ”გერმანელი”), მისთვის ”თავისიანებისა” და ”უცხოებს” შორის ხაზი არ იყო გავლებული ერთის მხრივ რუს ეთნოსსა და მეორეს მხრივ რუსეთის იმპერიის სხვა მკვიდრ ეთნოსებს შორის, რომელთა რიცხვს ვერ იქნებიან მიკუთვნებულნი ”გერმანელები” (ევროპელები), როგორც ასეთნი.

კიდევ გასათვალისწინებელია - ბაგრატიონი არ ამბობს და არ გულისხმობს, რომ რადგან ბარკლაი გერმანელია, იგი არ ემსახურება რუსეთს ჯეროვნად და მით უმეტეს, ღალატობს მის ინტერესებს (ეს სავსებით უპატიებელი შეურაცხყოფა და უღირსი ქმედება იქნებოდა); არა, მაგრამ იგი არ კმაყოფილდება პროფესიონალიზმითა და პატიოსნებით, მისთვის სამშობლო - რუსეთი ემოციური, სულიერი მდგომარეობაა, რასაც იგი, (მართლმადიდებელი) ქართველი, ვერ ხედავს გერმანელ ბარკლაიში.

მავანი იტყვის, რომ ბაგრატიონი უბრალოდ ”გარუსებული” ქართველია. მაგრამ არავითარ შემთხვევაში, იგი იზრდებოდა ქართულ ოჯახში, მამამისმა თავისი სიცოცხლის ბოლომდე ყიზლარში მაინც ვერ ისწავლა რუსულად თავისუფლად საუბარი, თავად პეტრე აქცენტით ლაპარაკობდა. ამიტომ ბაგრატიონი - განსაკუთრებული ფენომენია, რომელიც განსაკუთრებულ მიდგომასა და პატივს იმსახურებს როგორც რუსების, ისე ქართველების მხრიდან.

სასიხარულოა, რომ რუსეთის ქართულ დიასპორაში, ისევ და ისევ ზემოთ ნახსენები ალექსანდრე ებრალიძის სახით, არსებობს ბაგრატიონის ტიტანური ფიგურის ამ განსაკუთრებულობის გაგება. მისი მეცადინეობით ისტორიული სამართლიანობა მალე აღდგება - სანქტ-პეტერბურგში დაიდგმება ბაგრატიონის ძეგლი (იხ. "Князь Петр вышел из огня"), რისთვისაც ბატონი ებრალიძე როგორც რუსეთის, ისე საქართველოს მოქალაქეების გუწრფელ მადლობას იმსახურებს. ეჭვს გარეშეა - საქმე გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენასთან, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით.

ბაგრატიონის ლეგენდარული სიმამაცე, სარწმუნოებისა და სამშობლოს ერთგულება, მის უდიდეს მხედართმთავრულ ინტუიციასა და შორსმჭვრეტელობასთან ერთად, მას აქცევს შეუცვლელ ორიენტირად ქართველი ოფიცრებისა და ჯარისკაცების, ისევე როგორც მთელი საზოგადოებისათვის.

გულბაათ რცხილაძე

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"