ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
24.05.2012
”ხათაბალა” ტერიტორიები და პუტინთან ურთიერთობის აუცილებლობა

საზოგადოებაში საკმაოდ დიდი რეზონანსი ჰქონდა სააკაშვილის მორიგ მჩატე გამონათქვამს საბჭოთა დროის აფხაზეთის იურისდიქციის საკითხთან დაკავშირებით - თითქოს აფხაზეთი ფაქტობრივად არ შედიოდა საქართველოს შემადგენლობაში. ეს განცხადება ნაწილობრივ სააკაშვილის ანტიქართულ, მოღალატურ ქმედებად იქნა აღქმული (მით უმეტეს, რომ მას დაემატა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებული კიდევ ერთი გაუაზრებელი განცხადება საგარეო საქმეთა ოფიციალური წარმომადგენლის მხრიდან). შესაძლოა, ოპოზიცია ამ კრიტიკაში ცოტათი აჭარბებს და პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივ განზრახვასთან არ გვაქვს საქმე, მაგრამ აშკარაა, რომ ხელისუფლება შინაგანად შეგუებულია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოს იურისდიქციიდან გასვლის ფაქტთან.

 

2008 წლის ომის შემდეგ ხელისუფლება შეეცადა, და სამწუხაროდ, ისევ ქართული საზოგადოების ხელშეწყობით, მას ეს ნაწილობრივ გამოუვიდა, რომ მისივე მიზეზით გამოწვეული ქართული კატასტროფა მან საკუთარ წარმატებად აქცია - სააკაშვილის რეჟიმის ძალაუფლება განმტკიცდა, ნაცვლად იმისა, რომ იგი გადაჰყოლოდა ჩადენილ დანაშაულებრივ უპასუხისმგებლობას. 2009 წლის თბილისის ”გალიების” თეატრალიზებული პროტესტების შემდეგ საზოგადოება დიდი ხნის მანძილზე მიეცა სრულ ნიჰილიზმსა და უიმედობას, რაც გამოვლინდა 2010 წლის მუნიციპალურ არჩევნებზე - ოპოზიციის ნაწილმა ამ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო (დღევანდელი გადასახედიდან ეს უფრო სწორ გადაწყვეტილებად ჩანს), მეორე ნაწილმა კი აშკარა მარცხი იგემა, რითაც საბოლოოდ დასრულდა 2007 წლიდან მოყოლებული საპროტესტო ტალღა, სანამ ახალი ტალღა არ აგორდა ჯერ 2011 წლის მაისში, როდესაც ქუჩაში ”სახალხო კრება” გამოვიდა და, შემდეგ, იმავე წლის შემოდგომაზე, როდესაც პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა.

 

ხელისუფლებამ რუსეთისგან და მისი ხელისუფლებისგან შექმნა მტრის ხატი და მთლიანად ამაზეა აგებული მისი პროპაგანდა, მეტიც, საკუთარი ლეგიტიმაცია. ამასთან, წაგებული ომი წარმატებად საღდება - რუსეთს თურმე სხვა მიზნები ჰქონდა საქართველოში (საქართველოს ”დაპყრობა”), მაგრამ მან ამ მიზანს ვერ მიაღწია და ნაწილობრივ ”ოკუპაციას” დასჯერდა ცხინვალსა და აფხაზეთში. ამჯერად არ ვაპირებ ხელისუფლების აბსურდული მოსაზრების გაბათილებას, რომ თურმე რუსეთს საქართველოს დაპყრობა სურდა, მაგრამ მას ეს რატომღაც ”არ გამოუვიდა”; უფრო საინტერესოა, თუ რატომ მოახდინა რუსეთმა აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობის აღიარება და იქ თავისი სამხედრო ყოფნის გაძლიერება.

 

პირადად მე არაერთხელ გამიმახვილებია საზოგადოების ყურადღება ჩემს სტატიებში, რომ რუსეთი, მისი ხელისუფლების სახით, სულაც არ იყო მოწადინებული, საქართველოსთვის წაერთმია ტერიტორიები და აფხაზეთ-ცხინვალის აღიარება მისთვის იძულებითი ნაბიჯი იყო. იმ პირობებში, როდესაც საქართველო რუსეთის მიმართ მტრულ პოლიტიკას ატარებს (ამ მტრულ პოლიტიკაში ”ნატოური” რიტორიკა ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილია), რუსეთი უბრალოდ იძულებულია, დაეყრდნოს იმ ძალებს კავკასიაში, რომლებიც მას სრულ ლოიალობასა და მოკავშირეობას სთავაზობენ - მოცემულ შემთხვევაში აფხაზები და ოსები. ამიტომაც მოხდა ჩვენი ტერიტორიების აღიარება მოსკოვის მიერ, რათა რუსეთს იურიდიული საფუძველი ჰქონდეს, შეინარჩუნოს სამხედრო ყოფნა სამხრეთ კავკასიაში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს აღიარება არ მომხდარა დასავლეთის მიერ კოსოვოს აღიარების (2008 წლის თებერვალი) პარალელურად, ანუ, რუსეთი ”მიზეზზე” რომ ყოფილიყო, უშუალოდ კოსოვოს აღიარების ფაქტს დაუდებდა სარჩულად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას. მაგრამ აღიარება მოხდა არა 2008 წლის თებერვალში ანუ დასავლეთის მიერ კოსოვოს აღიარების შედეგად, არამედ ომის შემდეგ (შედეგად), რომელიც, უკვე ყველამ იცის, თუ ვინ დაიწყო. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რასაც ხშირად ვახსენებ სხვა სტატიებში: პრეზიდენტმა მედვედევმა 2008 წლის 26 აგვისტოს განცხადებაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების შესახებ ერთი ფრაზით დაადასტურა ამ აღიარების იძულებითობა, როდესაც თქვა, რომ რუსეთისათვის ეს ”მძიმე გადაწყვეტილებაა”. რუსეთს ამჟამინდელი ვითარება კავკასიაში არ აწყობს, მისთვის ბევრად უფრო მისაღები იქნებოდა (და ახლაც არის), მოიძებნოს თანამშრომლობის მოდელი საქართველოსთან, რაც აფხაზების და ოსების უნდობლობას არ უნდა იწვევდეს, მაგრამ ამავე დროს საქართველოს ინტერესებსაც უნდა ითვალისწინებდეს.

 

თუმცა ამ ყველაფერს ვწერდი მე, დამოუკიდებელი პოლიტოლოგი, ხელისუფლებისა და მისი მაამებელი ”საექსპერტო” წრეებისაგან უზარმაზარი მანძილით დაშორებული. აქამდე ხელისუფლების პროპაგანდაში არ შემიმჩნევია ზემოთ აღნიშნული ფაქტის კონსტატაცია - ის, რომ რუსეთისთვის სულაც არ იყო სანუკვარი ოცნება ჩვენთვის ტერიტორიების წაგლეჯა. ამას ხელისუფლება არც ახლა იტყვის, მას სჭირდება რუსული სახელმწიფოსგან და მისი ლიდერებისგან ანტიქართული დემონის სახე. გავიხსენოთ, რა ბინძური კამპანია აგორდა ნინო ბურჯანაძის წინააღმდეგ, როდესაც იგი პუტინს შეხვდა კრემლში - ზოგიერთი სხვა პოლიტიკოსისგან განსხვავებით, ძალიან ღირსეულად; პუტინმა იგი დიდი პატივით მიიღო, თითქმის როგორც თანასწორი ლიდერი. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სააკაშვილსაც ჰქონდა მცდელობები, პუტინთან ურთიერთობები აეწყო, მაგრამ იგი ამას ძალიან უნიჭოდ და უღირსად აკეთებდა - პირდაპირ ემლიქვნელებოდა პუტინს (რუსულ პრესაში სააკაშვილის ინტერვიუდან: ”პუტინს ისეთი თვალები აქვს, რომ მაშინვე ნდობა აღმეძრა მის მიმართ”, ”მე მივხვდი, რაშიც არის საქმე - პუტინს შევარდნაძე ატყუებდა” და ასე შემდეგ), თან, ვინაიდან მას დასავლეთის წინაშე საქართველოს ინტერესების საზიანოდ აღებული ჰქონდა დიდი ვალდებულებები, მათ შორის ნატოში საქართველოს ინტეგრაციაზე ლაპარაკის სახით, ვერ მოახერხა ამ ურთიერთობების დალაგება. როგორც ჩანს, სააკაშვილს პუტინი რაღაც გულუბრყვილო არსება ეგონა, რომელსაც თავისი ზერელე განცხადებებით ”მოთაფლავდა”, მაგრამ როდესაც მიხვდა, რომ ეს ასე არ არის, მას ნერვებმა მალევე უმტყუნა და გუშინდელი მლიქვნელი თავს 2004 წლის ზაფხულიდან მოყოლებული ვიდრე დღემდე პუტინის რეჟიმთან ”მებრძოლად” ასაღებს. ამიტომაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, სააკაშვილის ხელისუფლებას სჭირდება რუსეთის და მისი ლიდერების დემონიზაცია, მათი წარმოჩენა ჩამორჩენილ, საღ აზრს მოკლებულ, ლამის გენეტიკურად ანტიქართულ ძალად. საბედნიეროდ, საზოგადოების უდიდესი ნაწილი გამოფხიზლდა და ამ პროპაგანდაზე აღარ ეგება. თუმცა ხელისუფლება იძულებულია, მეტ-ნაკლებად განაგრძოს ძველი პროპაგანდა, რათა ეჭვს ქვეშ არ დადგეს მის მიერვე შექმნილი იდეოლოგიური კონსტრუქცია თუ მითი, რომ სააკაშვილი საქართელოს ”იცავს” მორიგი რუსული ”აგრესიისგან” (მიუხედავად იმისა, რომ ამ პროპაგანდისა ბევრს აღარ სჯერა, მისი შენარჩუნება გარკვეული დოზით მაინც აუცილებელია ხელისუფლებისათვის).

 

რომ დავუბრუნდეთ ზემოთ თქმულს, რუსეთის მიერ ქართული ტერიტორიების დამოუკიდებლად აღიარების მოტივებთან დაკავშირებით, ახლახანს სახელისუფლებო კურსის მომხრე ერთმა პოლიტიკურმა კომენტატორმა, რომელიც მთლიანად იზიარებს რადიკალურ პროდასავლურ კურსს (თავად იყო ნატოს ”საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელი თბილისში), ასეთი უნებლიე აღიარება გააკეთა პრესაში: ”ეს ტერიტორიები რუსეთისთვის დიდი თავის ტკივილი და ხათაბალა უფროა, ვიდრე დიდი ხეირი, როგორც ვიღაცას ჰგონია”. რესპონდენტმა ეს განცხადება იმ აზრით გააკეთა, რომ საქართველოზე მეტი თურმე რუსეთმა დაკარგა ომის შედეგად (ფაქტობრივად ”გაუპრავა” ხელისუფლებას ტერიტორიების დაკარგვა). როგორც ზემოთ აღვნიშნე, არაერთხელ მითქვამს, რომ რუსეთისთვის არსებული ვითარება მომგებიანი არ არის, დიახ, რუსეთისთვის ”ხათაბალაა” ეს ვითომ დამუკიდებელი რესპუბლიკები, რომლებიც რუსულმა ბიუჯეტმა უნდა არჩინოს უსასრულოდ. თუმცა საქართველო ბევრად უფრო დაზარალდა, ამაზე ორი აზრი არ უნდა არსებობდეს. ზემოთ მოყვანილ ციტატში უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ სახელისუფლებო წრეებშიც ხვდებიან სიტუაციის არსს, კერძოდ იმას, რომ რუსეთი არ არის დეტერმინირებული მტერი საქართველოსთვის, თუმცა ამას არ აღიარებენ და ასე, ერთი კომენტატორის დონეზე გაკეთდა ეს აღიარება. გარდა ამისა, ეს განცხადება იმის ირიბი აღიარებაცაა, რომ საქართველო გამოყენებულ იქნა მესამე ძალების მიერ რუსეთის წინააღმდეგ - რუსეთს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის პრობლემატური დამოუკიდებლობა ”შეტენეს”, და ეს მოხდა საქართველოს ხელით, საქართველოსვე ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.

 

მიმაჩნია, რომ ოპოზიციამ თავის კონტრპროპაგანდაში აუცილებლად უნდა გააკეთოს აქცენტი ამ გარემოებაზე, ეს ხელისუფლებას კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს. არც პუტინისგან დისტანცირებაა საჭირო, პირიქით, მასთან დიალოგი და თანამშრომლობა გარდაუვალია. ნინო ბურჯანაძის ვიზიტმა მოსკოვში შეარბილა ზოგადი ფონი ომის შემდეგ, გაღრმავდა ურთიერთობები არასამთავრობო დონეზე, პარტია ”თავისუფალი საქართველოს” ლიდერ კახა კუკავა, რუსეთის ქართული დიასპორის დახმარებით, რამდენჯერმე შეხვდა გენადი ონიშჩენკოს და პროცესი დაიძრა - რამდენიმე დასახელების ქართული პროდუქციის საცდელი პარტია უკვე შევიდა რუსეთის ბაზარზე... თავად ვლადიმირ პუტინს არაერთხელ გამოუხატავს თავისი თბილი, ადამიანური დამოკიდებულება ქართველების მიმართ. გავიხსენოთ თუნდაც 2000-იანი წლების დასაწყისში მის მიერ აწ განსვენებული კოტე მახარაძისათვის ტელეფონით დაბადების დღის მოლოცვა, ედუარდ შევარდნაძის თანდასწრებით - ეს, შეიძლება, დეტალია, მაგრამ არა უმნიშვნელო დეტალი. პუტინის ცნობიერებაში ცოცხალია ძველი, ნათელი სურათები საქართველოსი, ის სითბო, რომელიც ყველა ნორმალურ რუსს ჰქონდა საქართველოს და ნაღდი ქართველების მიმართ. არ შეიძლება ასეთ დამოკიდებულებას ხაზი გადავუსვათ და ავყვეთ ხელისუფლების პროპაგანდას რუსეთის და მისი ლიდერის დემონიზაციაში.

 

გულბაათ რცხილაძე

pirweli.com.ge

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"