ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
11.04.2012
ნაციონალები ივანიშვილის ”პრორუსულ” იმიჯს ”ევროპულზე” ცვლიან

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება ივანიშვილთან დაკავშირებით, რომელსაც ფაქტობრივად უარი უთხრეს მოქალაქეობაზე, მაგრამ აძლევენ შესაძლებლობას, კენჭი იყაროს ფრანგული პასპორტით, ბევრ კითხვას ბადებს პირველ რიგში ამ უცნაური გადაწყვეტილების მოტივთან მიმართებით.

სინამდვილეში, თუკი ხელისუფლებას არ ეშინია იმის, რომ ივანიშვილმა უშუალო მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, უფრო მარტივი იქნებოდა, მისთვის მიეცათ ქართული მოქალაქეობა. ასეთი ნაბიჯი ხელისუფლებას მისცემდა საშუალებას განეცხადებინა, რომ საქართველო ”დემოკრატიული” სახელმწიფოა, ხოლო ”ნაციონალების” მმართველი პარტია არ უფრთხის ივანიშვილის პიროვნებას. მაგრამ ეს არ გაკეთდა საკმაოდ არაკომპეტენტურად ჩამოყალიბებული ვითომ იურიდიული მიზეზების გამო. სამაგიეროდ ”ნაციონალებმა” განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ თავიანთი სატელიტი პარტიის - ”ქრისტიან დემოკრატთა” ინიციატივას, კანონმდებლობაში შეტანილ იქნას საკონსტიტუციო ცვლილებები და ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოში 10 და მეტი წლის მანძილზე უცხოვრიათ (!), ნება მიეცეთ, არჩეულ იქნან პარლამენტში და წამყვან პოლიტიკურ თანამდებობებზე. მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა საჯაროდ აღიარეს, რომ ასეთი ცვლილებები სპეციალურად ივანიშვილისთვის კეთდება. ეს ძალზე უცნაურია, რადგან იგივე ”ნაციონალები” მუდამჟამს ამტკიცებდნენ, თითქოს ისინი არ დაუშვებენ ვინმესთვის, მათ შორის, ”მდიდარი ადამიანებისთვის” გამონაკლისებს, რადგან საქართველოში ”ყველა ადამიანი, თავისი ქონებრივი მდგომარეობისგან დამოუკიდებლად, თანასწორუფლებიანია” და ასე შემდეგ. და უცებ, ასეთი უზარმაზარი გამონაკლისი, მდიდარი ადამიანისთვის, თვით საკონსტიტუციო ცვლილებები…

ზოგიერთმა ჩემმა კოლეგამ ჩვენი ინსტიტუტის ინტერნეტ-კლუბში ხელისუფლების ამგვარი მოქმედება ახსნა მისი სურვილით, თავი მოაწონოს დასავლეთის გლობალისტურ ძალებს და შექმნას პრეცედენტი. მაგრამ ამ მოსაზრებას მე არ ვეთანხმები, ძალზე ”ნაჯახისებრად” და სწორხაზოვნად გამოდის.

მაშ რა ხდება? ერთი მხრივ, ივანიშვილის გარემოცვა მართალია იმასთან დაკავშირებით, რომ ”ნაციონალები” და პირადად სააკაშვილი ზედმეტად ღელავენ. თეორიულად სავსებით შესაძლებელია, რომ ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხის მეტად უცნაური განვითარება განპირობებულია სუბიექტური ფაქტორით - საქართველოს ფაქტობრივი პრეზიდენტის ფსიქიკური თავისებურებებით. მაგრამ ნებსით თუ უნებლიეთ, ”ნაციონალები” ცვლიან ივანიშვილის, როგორც ”პრორუსი”, ”მოსკოვიდან მართული” პოლიტიკოსის იმიჯს. ახლა, როდესაც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოს - საფრანგეთის მოქალაქე, მის მიმართ ”პრორუსულობის” და მით უმეტეს, კრემლის მითითებების შესრულების ბრალდება უბრალოდ სულელურად იჟღერებს.

მაგრამ სავსებით დასაშვებად მიმაჩნია, რომ ”ნაციონალები” სპეციალურად წავიდნენ ასეთ მოქმედებაზე. მათთვის მშვენივრადაა ცნობილი, რომ თავად ქართველ ხალხს სურს რუსეთთან მეგობრობის აღდგენა - დღეს და ახლა. შესაძლოა, სააკაშვილმა და კომპანიამ გაიაზრეს თავიანთი შეცდომა, როდესაც ზედმეტად ეცადნენ და თავიანთი მთავარი კონკურენტის ”პრორუსული” იმიჯის დანერგვა დაიწყეს. სოროსის ფონდის დადანაშაულება პრორუსულ ორიენტაციაში რთულია, მაგრამ სწორედ მის მიერ ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით საქართველოს მოქალაქეების 48% თანახმაა რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა მოხდეს თვით აშშ-სთან პარტნიორობაზე უარის თქმის ხარჯზე! (ამის შესახებ იხ. ჩემი პატივცემული კოლეგის, ვ.გორგილაძის კომენტარი გაზეთში ”საქართველო და მსოფლიო” ).

ყველაზე საინტერესო და კომიკურიც ამ საქმეში ის არის, რომ თავად ივანიშვილი ყოველმხრივ ებრძვის ”რუსოფილის” იმიჯს და ”ევროპული ფასეულობებისადმი” თავისი ერთგულების დემონსტრირებას ახდენს. ახლა ”ნაციონალები” მას დაეხმარნენ, ვიმეორებ - შეგნებულად თუ შეუგნებლად. ერთი მხრივ, არ არის პრინციპული საკითხი, მაგრამ მაინც საკმაოდ მნიშვნელოვანია, ”ნაციონალები” ამას განზრახ აკეთებენ თუ საქმე რაღაც არეულობასთან გვაქვს. ალბათ ”გაუცნობიერებელი ქმედების” მოსაზრების სასარგებლოდ იმეტყველებს წინასაარჩევნო სიტუაციის ისეთი განვითარება, თუკი ივანიშვილის საწინააღმდეგო პროპაგანდა, როგორც ”პრორუსი” პოლიტიკოსისა, აქტიურად გაგრძელდება, ხოლო თუკი ასეთი პროპაგანდა დაიკლებს, მაშინ შეიძლება ვამტკიცოთ, რომ ივანიშვილის იმიჯის კორექტირება ”ნაციონალების” მხრიდან შეგნებულად მოხდა. ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ”ნაციონალები” აკეთებენ ”მემარჯვენე უკლონს” და ცდილობენ, გაამართლონ თავიანთი სახელწოდება.

გულბაათ რცხილაძე

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"