ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ტრიბუნა
11.04.2012
ატროკებული სააკაშვილი ახალ პროვოკაციაზე მიდის
”ეხო მასკვისთვის” მიცემულ ინტერვიუში სააკაშვილის გონებაარეული პოლიტიკის №1 ადეპტი გიგა ბოკერია, ხელმეორედ, კვლავ, დიდი ავანტიურისკენ უბიძგებს საქართველოს, მის მოსახლეობას.

გზა ავანტიურისაკენ იგივეა, მონაწილეებიც იგივე, როგორც თავად ადეპტი ბოკერია აცხადებს -”პოლიტიკური ხელმძღვანელობა” (ატროკებული სააკაშვილის ”თამადობით”), ნატოს სამიტი (მაშინ ბუქარესტში, ახლა ჩიკაგოში), რუსეთში - პუტინი და რუსეთის არმიის სამხედრო მანევრები ჩრდილოეთ კავკასიაში (მაშინ კოდური სახელწოდებით ”კავკასია 2008”, ახლა - ”კავკასია 2012”)… პარალელები ოთხი წლის წინანდელ ვითარებასთან საკმაოზე მეტია.

2008 წლის ავანტიურა ”კონსტიტუციური წესრიგის აღდგენისათვის” მაშინ იქნა წამოწყებული, როდესაც აშკარა იყო ის საფრთხეები, რომლებიც, საქართველოსთან უშუალო სიახლოვეს მიმდინარე მანევრებს ”კავკასია 2008”-ს თან ახლდა და ამ ნაბიჯის გადადგმა ტრაგედიად გადაიქცეოდა. გადაიქცა კიდეც.

ოთხი წლის თავზე ახალი ავანტიურა და პროვოკაცია - ბოკერიას მიერ რუსულენოვან რადიოს ეთერში კეთდება განცხადება: ”საქართველო აგრძელებს იმ კურსს, რომელიც რუსეთის მხრიდან აგრესიის მიზეზი იყო. ეს არის სუვერენული დამოუკიდებელი არსებობის, ევრო-ატლანტიკურ საზოგადოებაში, მათ შორის ევროკავშირსა და ნატო-ში ინტერგაციის კურსი. სანამ არსებობს ხალხის ნების ასეთი გამოხატვა და ამ ნების შემსრულებელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რუსეთის ხელისუფლებსთან პრობლემა იქნება”.

რა არის ეს განცხადება, თუ არა გამოწვევა, პროვოცირება, მცდელობა ისედაც მძიმე სიტუაციის უფრო მეტად დაძაბვისა ისეთ ვეებერთელა ძალასთან, როგორიც რუსეთია?! მძიმე მოსასმენია, როდესაც ეს კეთდება ქართველი ხალხის სახელით, მისი ნების მანიპულირებით. სინამდვილეში ქართველ ხალხს არასოდეს გამოუთქვამს ნატო-ში ინტეგრირების სურვილი რუსეთთან კონფრონტაციის და მით უმეტეს, ჩვენი ტერიტორიების დაკარგვის ხარჯზე. 2008 წლის ე. წ. პლებისციტის შედეგები, რომლის მაჩვენებლები ხელოვნურად იქნა შეცვლილი მათი პირველი გამოქვეყნებიდან მოკლე ხანში და 62 პროცენტიდან თითქმის 80 პროცენტამდე ”ავარდა”, ნდობას არ იმსახურებს, ისევე, როგორც პარალელურად ჩატარებული და გაყალბებული რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები. სხვა მხრივ ქართველ ხალხს არ გამოუხატავს თავისი პოზიცია ამ საკითხისადმი, ხელისუფლება კი თავისი მასმედიის საშუალებით ცდილობს, საზოგადოებას თავს მოახვიოს საკუთარი პოზიცია, რომ ნატო-ს გარდა საქართველოს ალტერნატივა არ აქვს. განსხვავებული აზრი ღალატად და რუსეთის ”აგენტობად” ცხადდება. შესაბამისად, საზოგადოებაში დეფიციტია კვალიფიციური და საქმიანი დისკუსიისა საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებთან დაკავშირებით. ასეთ ვითარებაში კი საუბარი იმაზე, რომ ნატო საქართველოს ”არჩევანია”, მხოლოდ ხელისუფლების პოზიციაა და არა ხალხის.

ხალხმა 2008 წლის ავანტიურის მძიმე შედეგები საკუთარ თავზე და ტყავზე იწვნია, გამოქცეული მთავარსარდლისა და ამ გამოქცეული მთავარსარდლის ასევე გამოქცეული პოლიტიკური ადეპტების ფონზე.

სამარცხვინო ”პოლიტიკური ხელმძღვანელობა”, რა თქმა უნდა, როგორც ეს მხდლებს ”შეშვენით”, ისევ გაიქცევიან; სააკაშვილის ასეთი სახე უკვე ნანახი გვაქვს, ბაქრაძის მოწოდებები ფიწლებისა და ჩანგლების ”ხელში აღებაზე” მოსმენილი გვაქვს, ცოლის კაბას ამოფარებული საგარეო საქმეთა მინისტრის პროვოკაციული ლუღლუღიც გვახსოვს…

დროა მივხედოთ საქმეს, გზები ვეძებოთ რუსეთთან ურთიერთობის დაწყნარებისა, დამშვიდებისა, ჩვენივე პრობლემების, ჩვენი უმწვავესი პრობლემების გადასაწყვეტად. კურსი, რომელზეც ბოკერია საუბრობს, თუ არ შეიცვალა, თუ არ შევცვალეთ და ყოველგვარ სამხედრო ბლოკებში გაერთიანებაზე ”სწრაფვას” არ შევეშვებით, მანამდე ჩვენი სიმწრით სავსე ცხოვრება არ შეიცვლება. ვერც ტერიტორიულ მთლიანობის მოგვარების დაწყებისაკენ, ფრთხილი, სასინჯი ნაბიჯების გადადგმას მოვახერხებთ, ვერც ჩვენი თითოეულის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ სვლას, ვერც რუსეთთან რაიმე, ოდნავ ურთიერთობების დათბობასა და ვერც აშშ-სა და ნატოს მხარდაჭერას მოვიპოვებთ, რუსეთთან ურთიერთობების დასალაგებლად.

მშვიდობა და წყნარი ცხოვრების დალაგება სჭირდება დღეს თითოეულ ჩვენგანს და ხალხის სახელით ნუ მივცემთ აპელირების საშუალებას სააკაშვილის და ბოკერიას მსგავს ავანტიურისტებს, თორემ 20% დაკარგული, ხომ ვიცით, კონფლიქტისპირა სოფლების მოსახლეობის მდგომარეობა, ხომ ვიცით (თუ არ ვიცით ჩავიდეთ, მე ჩაგიყვანთ), ტრასებზე მიმოფანტული ლტოლვილთა გეტოებს ხომ ვუყურებთ ... კიდევ უფრო უარესი დაგვემართება.

ჩვენ ვდგავართ დილემის წინაშე: ან კურსის შეცვლა და მშვიდი, ნორმალური ცხოვრებისაკენ სვლა (რაც ტერიტორიების დაკარგვასთან შეგუებას სულაც არ გულისხმობს, პირიქით, მხოლოდ რუსეთთან ურთიერთობის დათბობისა და დიპლომატიის გზით შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება!), ან ”ნატო-ნატო”-ს ჰაერში უმიზნოდ გასროლილი ძახილი, რუსეთის მხოლოდ გასაღიზიანებლად, და ომი და უბედურება საქართველოში. არჩევანი ჩვენზეა.

ალექსანდრე შალამბერიძე,

პარტია ”თავისუფალი საქართველოს” გენერალური მდივანი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"