ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
02.04.2012
31 მარტი და საქართველოს დამოუკიდებლობა - 21 წლის შემდეგ

1991 წლის 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი, რომელზეც გამოტანილი იყო საკითხი საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ. მაშინ ქართული საზოგადოება ერთობ რომანტიკულად და პატრიოტულად იყო განწყობილი.

დამოუკიდებლობა ყველას ესახებოდა სრულიად გასაგებ და მარტივ რამედ - საკმარისია მოიპოვო პოლიტიკური დამოუკიდებლობა, გახდე გაეროს წევრი ქვეყანა და ამით საქმე გაკეთებულია.

მაგრამ ყველაფერი გაცილებით უფრო რთულად არის. იმისთვის, რომ სახელმწიფო რეალურად არსებობდეს, მის საფუძველში უნდა იდოს რაიმე იდეა, რომელიც ამართლებს ამ სახელმწიფოს და ერის არსებობას. ფორმალური, პოლიტიკური დამოუკიდებლობა, ანუ გაეროს წევრობა, არ შეიძლება იყოს თვითმიზანი და თვითკმარი იდეა. დამოუკიდებლობა არსებობს იმისთვის, რომ ერმა და მის მიერ შექმნილმა სახელმწიფომ რაიმე ფუნქცია შეასრულოს მსოფლიოში, რაიმე განსაკუთრებული წვლილი შეიტანოს კაცობრიობის ისტორიაში.

რა ფუნქციას ასრულებს დღეს საქართველო? ასეთი რამ არ ჩანს. ჩვენ ვერ ჩავთვლით საქართველოს დამოუკიდებელი არსებობის გამამართლებელ იდეად იმას, რომ ჩვენმა ქვეყანამ თურმე „ნიღაბი ჩამოგლიჯა“ რუსულ იმპერიალიზმს, რითაც მსოფლიოს დაანახა „რუსეთის ნამდვილი სახე“ და ა.შ. ამგვარი პრიმიტიული წარმოდგენები მხოლოდ მაკკეინის ტიპის პოლიტიკოსების წინასაარჩენო კამპანიაში თუ გაიჟღერებს, ისიც იშვიათად.

ვერ ჩავთვლით ასეთ იდეად იმასაც, რომ თურმე საქართველომ მოახერხა „უპრეცედენტო“ რეფორმების გატარება, და „კორუფციის აღმოფხვრა“, რითაც თითქოსდა მსოფლიოში სამაგალითო ქვეყნად იქცა და ახლა აქ ჩამოდიან დელეგაციები სხვადასხვა კონტინენტებიდან, რათა გაეცნონ „ქართულ გამოცდილებას“. ეს ყველაფერი მხოლოდ იაფფასიანი პროპაგანდაა, რისიც არ სჯერათ მის ავტორებს და გამავრცელებლებსაც კი. მით უმეტეს, ქართველების დიდ ნაწილს არ მიაჩნია ეს საქართველოს არსებობის მთავარ იდეად და ფუნქციად.

თავის დროზე, ზვიად გამსახურდიას, რომელიც იყო კიდეც 31 მარტის რეფერენდუმის სულისჩამდგმელი, ჰქონდა საკუთარი წარმოდგენები ამ თემაზე. მან დაწერა ნაშრომი „საქართველოს სულიერი მისსია“. ახლა არ დავიწყებთ ამ თვალსაზრისის გარჩევას, მხოლოდ ვიტყვით, რომ დღეს საქართველოში ცოტა ვინმეს თუ ახსოვს ზვიადის იდეები და არც მოსახლეობის და არც ქართული ელიტის ოდნავ მაინც მნიშვნელოვანი ნაწილი არ იზიარებს გამსახურდიას მოსაზრებებს.

მაშ რა იდეა სუფევს ქართულ საზოგადოებაში, ელიტაში, ინტელიგენციაში? ჩვენი აზრით, არავითარი იდეა ამჟამინდელ ქართულ პოლიტიკურ და ინტელექტუალურ ელიტას არ გააჩნია. ერთადერთი, რაც მათ იციან, არის ის, რომ საქართველოს პრაქტიკულად არ შეუძლია დამოუკიდებლად არსებობა ისეთი გიგანტების გარემოცვაში, როგორებიც არიან რუსეთი, თურქეთი და ირანი. ამიტომ მათი აზრით, საქართველო უნდა შევიდეს დასავლური „ქოლგის“ მფარველობის ქვეშ და ამგვარად „გადაირჩინოს“ თავი. ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველოს იდეა არის მხოლოდ „თვითგადარჩენის“ იდეა.

მაგრამ ისევე როგორც პოლიტიკური დამოუკიდებლობა არ არის თვითკმარი იდეა და არ შეიძლება იყოს თვითმიზანი, გადარჩენის იდეაც არ შეიძლება ასეთ იდეად ჩაითვალოს. ერი უნდა გადარჩეს არა ნებისმიერ ფასად, არამედ „რაღაცისთვის“, რაღაც ფუნქციის შესრულებისთვის. თუ ეს „რაღაც“ არ არსებობს, მივდივართ ისევ სიცარიელესთან და უიდეობასთან.

მაგრამ დღევანდელ საქართველოში ეს სიცარიელე შეფუთულია ისეთი რამით, რასაც ჰქვია ე.წ. „დასავლური ფასეულობები“. ანუ, როცა მოსახლეობას ეუბნებიან და არწმუნებენ, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატო-ს და ევროკავშირის წევრი, ამ მისწრაფებას ხსნიან „ევროპულ ფასეულობებთან“ შეერთების სურვილით. ამავე დროს, მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა არაფერი იცის იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს ეს ყბადაღებული დასავლური ან ევროპული ფასეულობები, როგორ მოხდა მათი ისტორიული გენეზისი, რა პერსპექტივები აქვთ მათ და ა.შ. შესაბამისად, „დასავლურ ფასეულობებზე“ მინიშნებაც მხოლოდ სიტყვების რახარუხი და იდეური სიცარიელის შემნიღბავია.

ეს სულაც არ ნიშნავს იმას, თითქოს „ევროპული ფასეულობები“ საერთოდ არ არსებობს და გამოგონილია. უბრალოდ, ხალხს არავინ ეუბნება სიმართლეს, თუ რას წარმოადგენენ სინამდვილეში ეს ფასეულობები, რას მოუტანს მათი თავს მოხვევა ქართულ საზოგადოებას და არის თუ არა ეს შესაძლებელი კავკასიის სინამდვილეში.

მაგალითად, არავინ ეუბნება ხალხს იმას, რომ „დასავლური დამცავი ქოლგის“ სანაცვლოდ, საქართველო შეიძლება გადაიქცეს პალცდარმად ირანის და ზოგადად, ისლამური სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლებში. ამის ლოკალური მაგალითი უკვე გვაქვს ავღანეთის სახით, სადაც საქართველომ (უფრო სწორად, მისმა მმართველმა რეჟიმმა) უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ჯარისკაცები გააგზავნა, და 15 მათგანი უკვე დაიღუპა, ხოლო მრავალი დაიჭრა და დასახიჩრდა.

ამ რამდენიმე თვის წინ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია პოლიტიკურ არენაზე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ. შესაძლოა, ამ აჟიოტაჟის და იმედების მიზეზი ისიც ყოფილიყო, რომ ხალხი ინსტიქტურად გრძნობს არსებულ იდეურ სიცარიელეს და მას აქვს მოთხოვნილება, ვინმესგან მაინც მოისმინოს ახალი იდეები, რაც აზრს მისცემდა მათ ცხოვრებას, დაუსახავდა ორიენტირებს და მომავლის პერსპექტივებს.

მაგრამ მოხდა ისე, რომ ივანიშვილმა დაიწყო ზუსტად იგივე იდეების გამეორება და გაჟღერება, რასაც მთელი ამ წლების განმავლობაში აკეთებდა სააკაშვილის რეჟიმი. ოღონდ მცირედი კორექტირებით. ივანიშვილის სტილი და რიტორიკა უფრო წააგავს შევარდნაძის სტილს, ვიდრე სააკაშვილის. ოღონდ უბედურება ისაა, რომ ქართულ საზოგადოებას შევარდნაძე და მისი იდეებიც დიდი ხანია მობეზრებული აქვს. ყოველ შემთხვევაში, ახალს ვერაფერს ხედავს მასში.

ივანიშვილმა ზუსტად იგივე „პროდასავლური“ ორიენტაციის ხალხი შემოიკრიბა, ვინც თავის დროზე სააკაშვილს უჭერდა მხარს. რესპუბლიკური პარტია, და კერძოდ, ლევან ბერძენიშვილი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც ჯერ კიდევ 1998 წელს დაიწყო სააკაშვილის ქება და მისი პრეზიდენტობის ლეგიტიმაციის მომზადება. კობა დავითაშვილი ჯერ კიდევ მოქკავშირში ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე პროამერიკულ და სააკაშვილის ერთგულ წევრად, შემდეგ კი ნაცმოძრაობის მეორე ნომერი იყო. ზვიად ძიძიგურის „ოპოზიციონერობა“ სააკაშვილის მიმართ ღიმილის მომგვრელია ყველასთვის, ვინც იცნობს საქართველოს უახლეს ისტორიას და ა.შ.

ასევე სამწუხაროა ის, რომ ივანიშვილის გვერდით აღმოჩნდა ყოველგვარ იდეოლოგიას მოკლებული და გადასაშენებლად გამზადებული ე.წ. საბჭოთა ინტელიგენციის ნაწილი, რომელსაც არაფერი ახალის შეთავაზება არ შეუძლია საზოგადოებისთვის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი უნდა „ჩაირეცხონ“ და შიმშილით დაიხოცნონ, მაგრამ არც მათი პირველ პლანზე გამოყვანა ივარგებს. ერთი სიტყვით, ვერც ივანიშვილის გამოჩენამ შემოიტანა ნათელი სხივი ჩაბნელებულ იდეოლოგიურ სივრცეში. ეს ყველაფერი მიუთითებს ტოტალურ სულიერ და მსოფლმხედველობრივ კრიზისზე, რომელიც სულ უფრო ღრმავდება საქართველოში და რომლის შედეგებიც უკვე თვალნათლივ ჩანს.

გიორგი ვეკუა
თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"