ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
26.03.2012
გახდება თუ არა ივანიშვილი ქართველი ტადიჩი?

ამ სტატიაში ივანიშვილის პოლიტიკურ დაჯგუფებასთან დაკავშირებულ პოტენციურ საფრთხეებს განვიხილავთ. საკითხის ამგვარი დასმა ცოტა უცნაური შეიძლება მოეჩვენოს ჩვენს მკითხველს, თუ გავითვალისწინებთ, რომ არსებული რეჟიმი თავად ივანიშვილს და მის პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ პარტნიორებს ყოველდღიურად ატერორებს, ავიწროებს, ართმევს ფულს და ა.შ. მაგრამ საქართველოში, სამწუხაროდ, ჩამოყალიბდა ტრადიცია, რომ საფრთხეების წინასწარ განხილვა და პროგნოზირება არ ხდება და „როცა ურემი გადაბრუნდება“-ს პრინციპით მიდის მთელი პოლიტიკა.

რა თქმა უნდა, როცა ივანიშვილის გუნდთან დაკავშირებულ შესაძლო საფრთხეებზე ვსაუბრობთ, ნამდვილად არ ვგულისხმობთ ყბადაღებულ „რუსულ საფრთხეს“, „პუტინის კაცობას“ და ამგვარი ტიპის აბსურდულ ბრალდებებს, რითაც ხელისუფლება აზომბირებს და აშინებს საკუთარ მოსახლეობას - თითქოსდა ივანიშვილი აპირებს საქართველოს „შეთრევას“ევრაზიულ კავშირში. რაც შეეხება თავად ამ ე.წ. ევრაზიულ კავშირს, ის ჩვენ სულაც არ მიგვაჩნია ნატო-ევროკავშირზე უარეს ალტერნატივად, თუ უკეთესად არა.

მაგრამ ამ შემთხვევაში ამაზე არაა საუბარი. ბიძინა ივანიშვილი და მისი თანაგუნდელები კატეგორიულად გამორიცხავენ ამგვარ პერსპექტივას და ევროატლანტიკურ სივრცეზე აკეთებენ აქცენტს. რა თქმა უნდა, შეიძლება არსებობდეს კონსპიროლოგიური მოსაზრება, რომ ბიძინა და მისი პარტნიორები „მალავენ“ თავიანთ რეალურ ორიენტაციას, რათა „პუტინის კაცობა“ არ დაბრალდეთ მმართველი რეჟიმის მხრიდან, ხოლო თუკი ხელისუფლებაში მოვლენ, აი მერე კი თითქოსდა შეცვლიან საქართველოს საგარეო პოლიტიკას და რუსეთისკენ გადაიხრებიან. თუ ასეც მოხდა სინამდვილეში, ჩვენი აზრით, ეს სასწაულის ტოლფასი იქნება, ოღონდ ამჯერად სხვა თემაზე გვსურს მკითხველის ყურადღება შევაჩეროთ.

ეს არის ე.წ. კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებული თემა. დღეისათვის, როგორც ცნობილია, სიტუაცია ამ რეგიონებში გაყინულია, ხანმოკლე აფეთქების (2008 წ. აგვისტოს ომი) და რუსეთის მიერ ამ რესპუბლიკების ცნობის შემდეგ. რუსეთის და ვენესუელის გარდა, სეპარატისტების დამოუკიდებლობა არც ერთმა ქვეყანამ არ სცნო. რაც შეეხება რამდენიმე პატარა კუნძულოვან სახელმწიფოს, მათ მიერ აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარება უფრო კომიკურ ხასიათს ატარებს და სინამდვილეში, ჩრდილს აყენებს ამ თვითგამოცხადებული წარმონაქმნების ამბიციებს სრულფასოვანი სახელმწიფოებრიობის მოპოვების გზაზე.

მთავარი საკითხი, რაც ჩვენ გვაინტერესებს, შემდეგია: როგორ განვითარდება მოვლენები აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დე-იურე და დე-ფაქტო აღიარების კუთხით? მართალია, დღეისათვის დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოები კატეგორიულად აცხადებენ, რომ არ აპირებენ ამ რესპუბლიკების აღიარებას, მაგრამ შენარჩუნდება კი ეს პოზიცია ურყევად დიდი ხნის განმავლობაში?

ამ საკითხზე მსჯელობისას აუცილებლად უნდა გავიხსენოთ კოსოვოს ისტორია. როგორც ცნობილია, 1999-2000 წლისათვის იუგოსლავიამ (სერბეთმა) დაკარგა ფაქტობრივი კონტროლი კოსოვოს ტერიტორიაზე, ნატო-ს ქვეყნების სამხედრო ზეწოლის შედეგად. ამის შემდეგ, 8-9 წლის განმავლობაში მიდიოდა მოლაპარაკებები მხარეებს შორის, და მიღებულიც კი იქნა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია ნომერი 1244, რომლის მიხედვითაც უნდა დაწყებულიყო პოლიტიკური პროცესი და მიღწეული ყოფილიყო დროებითი ჩარჩო-შეთანხმება კოსოვოსთვის ფართო ავტონომიის (მაგრამ არა სრული დამოუკიდებლობის) შესახებ. მიუხედავად ამისა, 2008 წლის დასაწყისში დასავლეთის სახელმწიფოებმა დე-იურედ აღიარეს კოსოვის სრული დამოუკიდებლობა.

ამ დროს თავად სერბეთში მოვლენები დრამატულად ვითარდებოდა. 2000 წელს მოხდა ე.წ. ფერადი რევოლუცია, რომელმაც დაასრულა მილოშევიჩის მმართველობა, მთელი ამ ხნის განმავლობაში სერბეთში მიმდინარეობა ბრძოლა პროდასავლურ და ნაციონალისტურ ძალებს შორის. უფრო ხშირად ხელისუფლებაში იყვნენ პროევროპული ძალები, რომლებიც მხარს უჭერდნენ სერბეთის გაერთიანებას ევროკავშირში. მაგრამ მათ შორისაც ყველა როდი თანხმდებოდა კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებას. სერბი პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილი ცდილობდა ერთმანეთისთვის შეეთავსებინა შეუთავსებელი რამ: ერთი მხრივ, კოსოვოს შენარჩუნება სერბეთის შემადგენლობაში, ხოლო მეორე მხრივ, სერბეთის გაწევრიანება ევროკავშირში. და ეს იმ პირობებში, როცა 2008 წლისთვის ევროკავშირის ქვეყნების აბსოლუტურმა უმრავლესობამ აღიარა კოსოვოს დამოუკიდებლობა და ცხადი გახდა, რომ არ აპირებდნენ მის უკან წაღებას.

გადამწყვეტი მოვლენები სერბეთის შიდა პოლიტიკურ სარბიელზე 2008 წელს განვითარდა. ჯერ ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც მეორე ტურში გაიმარჯვა პროევროპულმა კანდიდატმა ბორის ტადიჩმა. მან მცირე უპირატესობით დაამარცხა ნაციონალისტი ტომისლავ ნიკოლიჩი. საინტერესოა, რომ პირველ ტურში გაიმარჯვა ნაციონალისტთა ლიდერმა, მაგრამ მეორე ტურის წინ, ტადიჩი, პრემიერ-მინისტრ კოშტუნიცასთან ერთად, გაემგზავრა მოსკოვში, სადაც ის პრეზიდენტის დონეზე მიიღეს და გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული კონტრაქტიც გაუფორმეს. ნიკოლიჩი ასევე ჩავიდა მოსკოვში, თუმცა მხოლოდ დუმის ერთ-ერთი კომიტეტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა მოახერხა. შედეგად, ტადიჩის რეიტინგი მკვეთრად გაიზარდა და მან შესძლო არჩევნების მოგება.

ამის შემდეგ, მცირე ხანში, ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. აქაც ერთობ უცნაური მოვლენები მოხდა. გამოკითხვები აჩვენებდა, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ნაციონალისტებს, რომელთა რიგებს შეუერთდა პრემიერი კოშტუნიცა და მისი პარტია, პარლამენტში სოლიდური უპირატესობის მოპოვების შანსი ჰქონდათ. ეს არც არის გასაკვირი, რადგან სწორედ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოხდა კოსოვოს ცნობა დასავლეთის ქვეყნების მიერ, რამაც სერბი მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია.

მაგრამ ამჯერადაც, პროევროპულმა ძალებმა სიურპრიზი მოამზადეს. მათ მიაღწიეს ევროკავშირთან ე.წ. ასოციაციის ხელშეკრულების პარაფირებას არჩევნებამდე ორიოდე დღით ადრე, და მეორეც, სოციალისტთა პარტია, რომელიც ნიკოლიჩის და კოშტუნიცას მომხრედ მოიაზრებოდა, მოულოდნელად ტადიჩის მხარეს გადავიდა და მის პარტიას საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვების საშუალება მისცა.

ეს მცირე ექსკურსი სერბეთის უახლეს ისტორიაში იმისთვის დაგვჭირდა, რომ პარალელი გავავლოთ ჩვენს ქვეყანასა და კოსოვო-სერბეთის სიტუაციას შორის. საქმე ის არის, რომ თუკი პრეზიდენტად არჩევის დროს და შემდეგაც, ბორის ტადიჩი აცხადებდა, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდა კოსოვოს აღიარებას სერბეთის მიერ, უკანასკნელ თვეებში გამოჩნდა ამ პოზიციის შეცვლის ნიშნები. ცხადი გახდა, რომ ტადიჩის მთავარი დაპირება თავისი ამომრჩევლების მიმართ - სერბეთის გაწევრიანება ევროკავშირში, შეუსრულებელი რჩებოდა, კოსოვოს საკითხში ხისტი პოზიციის დაკავების შემთხვევაში.

ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ სერბეთის ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა და კოსოვოს დე-ფაქტო აღიარების გზას, როგორც იტყვიან, ფართო ნაბიჯებით დაადგა. კერძოდ, დაახლოებით ერთი თვის წინ სერბეთი დათანხმდა იმას, რომ კოსოვო გაწევრიანდეს ბალკანეთის სახელმწიფოთაშორის ორგანიზაციებში, და აღიარა კოსოვოს საბაჟო ბეჭდები. ამის ნაცვლად ევროკავშირმა მას მიანიჭა გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი, რასაც ტადიჩი და მისი პარტია დიდი სიხარულით შეხვდნენ, რადგან მათ ეს მომავალ არჩევნებში პროპაგანდის წარმოების საშუალებას აძლევს.

ამგვარად, გვაქვს, პირობითად რომ ვთქვათ, „ტადიჩის სინდრომი“, რაც ნიშნავს იმას, რომ პროევროპული ლოზუნგებით მოსული ხელისუფლება, ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით, ნელ-ნელა უარს ამბობს ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზე და სეპარატისტული რეგიონის დე-ფაქტო აღიარების გზას ადგება. ხოლო დე-ფაქტოდან დე-იურე აღიარებამდე არც ისე დიდი მანძილია.

ახლა დავუბრუნდეთ ისევ ქართულ რეალობას. სააკაშვილის რეჟიმი ამჟამად საკმაოდ ხისტ პოზიციებზე დგას სეპარატისტულ რესპუბლიკებთან მიმართებაში. ყოველ შემთხვევაში, დღემდე ის უარს აცხადებს, მაგალითად, დადოს ე.წ. თავდაუსხმელობის ხელშეკრულება აფხაზეთთან და ე.ს. სამხრეთ ოსეთთან, რაც მათი დე-ფაქტო აღიარების პირველი ნაბიჯი იქნებოდა. ასევე დღევანდელი ხელისუფლება მკაცრ პოზიციას იკავებს რუსეთთან მიმართებაში, კერძოდ, ეს ეხება რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის და სეპარატისტების ცნობის უკან წაღების ერთმანეთთან ხისტ დაკავშირებას. ამით ირიბად, მაგრამ საკმაოდ ეფექტურად იბლოკება სეპარატისტული წარმონაქმნების დე-ფაქტოდ აღიარების პროცესი.

ვნახოთ, რა მდგომარეობა გვაქვს ივანიშვილის გუნდის შემთხვევაში. უნდა ვთქვათ, რომ სიტუაცია საკმაოდ დამაფიქრებელი და სახიფათოა.

ჯერ ერთი, ამ გუნდში წამყვან როლებში არიან რესპუბლიკური პარტიის ლიდერები, რომელთა პოზიცია ცნობილია, რომ ისინი, როგორც მინიმუმ, აფხაზეთის დე-ფაქტო აღიარების მომხრეები არიან. აქვეა ი. ალასანია, რომელიც ძალზე ხშირად აკეთებს ორაზროვან განცხადებებს აფხაზებთან და ოსებთან „პირდაპირი დიალოგის“ შესახებ. ამგვარი პირდაპირი დიალოგი კი საკმაოდ იოლად შეიძლება გადაიზარდოს აღიარების გზაზე გადადგმულ ნაბიჯებად, როგორც ეს ვნახეთ სერბეთ-კოსოვოს შემთხვევაში.

გარდა ამისა, თავად ბ. ივანიშვილის განცხადებები და პოლიტიკური რიტორიკა საოცრად წააგავს ტადიჩის განცხადებებს და დაპირებებს: იგივე აქცენტები ევროკავშირთან დაახლოებაზე, და ამავე დროს, რუსეთთან ურთიერთობების დალაგებაზე. ზუსტად ამას აკეთებდა სერბეთის პრეზიდენტი - ერთი მხრივ, ევროკავშირს უახლოვდებოდა, ხოლო მეორე მხრივ, საკმაოდ კარგი და მჭიდრო ურთიერთობა დაამყარა რუსეთის ხელისუფლებასთან. მაგრამ ეს ყველაფერი კოსოვოს დე-ფაქტოდ აღიარების ხარჯზე მოხდა. ხომ არ განმეორდება იგივე ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში?

რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას და გაუმჯობესებას. აქ არის ერთი საკმაოდ ფაქიზი მომენტი, რომელიც ხშირად ყურადღების მიღმა რჩება ხოლმე: ერთია რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგება იმ პირობებში, როცა სტრატეგიული კურსი რჩება პროდასავლური და პროევროპული, და სულ სხვაა რუსეთთან ურთიერთობის აწყობა თანმიმდევრული ევრაზიული პოლიტიკის გატარების მიზნით. ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება იმ ტაქტიკური მიზნით ხდება, რომ საქართველოს გაუადვილდეს ევროპაში ინტეგრაცია, ეს ძალზე სახიფათო პოლიტიკაა, ხოლო თუ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებას საფუძვლად დაედება საქართველოს მზადყოფნა, უარი თქვას ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაზე, ეს სრულიად სხვა რეალობას შექმნის. სამწუხაროდ, ამჟამად, როგორც ჩანს, თავად რუსეთის ხელისუფლება არ არის მზად, რომ სერიოზულად დაისახოს მიზნად საქართველოს ინტეგრაცია ევრაზიულ სივრცეში და შესთავაზოს მას ევროკავშირის ალტერნატივა.

იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილი რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას აპირებს ტაქტიკური მიზნებით, რომ მოხსნას დაბრკოლებები საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე (ამგვარ დაბრკოლებას წარმოადგენს რუსეთ-საქართველოს შორის ცივი ომის მდგომარეობა), მაშინ ამგვარი გაუმჯობესება, ჩვენი აზრით, არათუ დადებით მოვლენად არ უნდა ჩაითვალოს, არამედ ამ მცდელობებმა შეიძლება გაუთვალისწინებელი შედეგები გამოიწვიოს, მათ შორის იმავე რუსეთთან ურთიერთობებში. საქმე ისაა, რომ მიუხედავად საქართველოს და სერბეთს შორის პარალელების გავლებისა, რაც ჩვენ ლეგიტიმურად მიგვაჩნია, ამ ქვეყნებს შორის არსებობს განსხვავებებიც. კერძოდ, საქართველოს ფაქტორი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, ვიდრე სერბეთის, რომელიც მისგან დაშორებით, ლამის შუაგულ ევროპაში მდებარეობს. ამიტომ, რუსეთის ხელისუფლება, ყოველ შემთხვევაში გარკვეული ძალები ამ ხელისუფლებაში, სავარაუდოდ, ვერ შეურიგდება იმას, რომ საქართველომ დაუბრკოლებლად განაგრძოს გზა ევროკავშირისკენ, რისი პერსპექტივაც ამჟამად გაუჩნდა სერბეთს. ამის გამო, ამჟამად რუსეთს სულაც არ სჭირდება საქართველოსთან ურთიერთობების კოსმეტიკური და ტაქტიკური გაუმჯობესება, თუ ის არ დაეფუძნა საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსის სტრატეგიულ ცვლილებას.

უფრო მეტიც, ჩვენი აზრით, ნებისმიერ მეტ-ნაკლებად შორსმჭვრეტელ ძალას რუსეთის ხელისუფლებში, არ სჭირდება არც საქართველოს მიერ სეპარატისტული რესპუბლიკების დე-ფაქტო და დე-იურე აღიარება. პირიქით, ამგვარი ნაბიჯი უაღრესად სახიფათო და არასასურველი იქნებოდა რუსეთის სტრატეგიული ინტერესებისთვის ამ ეტაპზე.

ამგვარად, თუკი ივანიშვილი აპირებს ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, გაატაროს ის პოლიტიკ, რაზეც მიანიშნებს მისი და მისი ამჟამინდელი პარტნიორების პოლიტიკური რიტორიკა და განცხადებები, კერძოდ: ა) შეინარჩუნოს სტრატეგიული კურსი ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისა, და ამავე დროს, შეეცადოს ტაქტიკურად და კოსმეტიკურად გააუმჯობესოს ურთიერთობები რუსეთთან; ბ) დაიწყოს ნაბიჯების გადადგმა აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ დე-ფაქტო აღიარების გზაზე, რაც ასევე უკავშირდება ევროკავშირში ინტეგრაციის გააქტიურების მცდელობებს, მაშინ ეს პოლიტიკა არათუ უკეთესი არ არის ამჟამად არსებულ საგარეო-პოლიტიკურ კურსთან შედარებით, არამედ კიდევ უფრო მეტ საფრთხეებს შეიცავს.

გიორგი ვეკუა

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"