ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
საავტორო სვეტი
19.04.2012
9 აპრილი და ქართული საზოგადოება

ქართულმა საზოგადოებამ 23-ჯერ გაიხსენა 9 აპრილი - მისთვის დამახასიათებელი პათოსით, სუბიექტურ-ობიექტური განწყობით. 1989 წლის აპრილი საქართველოს ისტორიაში შევიდა, როგორც ქართველი ხალხის ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის.

თავისუფლება და დამოუკიდებლობა ნებისმიერი ერის უპირველესი და სანუკვარი მიზანია, რისთვისაც უცხო არ არის თავგანწირვა და მსხვერპლის გაღებაც. 9 აპრილმა საბჭოთა კავშირსა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ხალხებს შეახსენა საქართველოსა და ქართველი ხალხის გმირული შემართების თაობაზე, რომელსაც სწყურია თავისუფლება და ამ ნანატრი ოცნების ასასრულებლად მზადაა უშიშრად შეებრძოლოს საბჭოთა კავშირის ტოტალიტარულ რეჟიმს.

ამ ჰეროიკული, მაღალი პათოსის შემცველი სიტყვების მიღმა იყო და არის რეალობა, რომელიც პასუხის გაცემას საჭიროებს და რაც უფრო ვშორდებით ამ თარიღს, ობიექტური შეფასების მსურველთა რაოდენობა დიამეტრალურად იზრდება. მასთან ერთად იზრდება იმ კატეგორიის ადამიანთა რაოდენობაც, ვინც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში 9 აპრილს არ ანიჭებს ისეთ განუზომელ როლს, როგორსაც ეროვნული მოძრაობის ლიდერები და წარმომადგენლები.

9 აპრილთან მიმართებაში სხვაგვარად განწყობილთა მოსაზრება არც დღეს გაჩენილა და არც გუშინ, მან უმალ წამოჰყო თავი, მაგრამ აზვირთებული საყოველთაო-ეროვნული აღტყინების ფონზე მიზანშეუწონლად მიიჩნია მასთან სამკვდრო-სასიცოცხლო დისკუსიაში ჩართვა, რამეთუ ასეთი არა მარტო მაშინ, არამედ დღესაც ერის ღალატად ითვლება.

საზოგადოების ამ არცთუ მცირე ნაწილის მოსაზრება არც ცხრა აპრილის გმირობას იზიარებს და არც მის შემდეგ განვითარებული მოვლენების გაზვიადებულ შეფასებას. ის, უფრო დამჯდარი განსჯის ნაყოფია და მასაც ისე, როგორც 9 აპრილის გმირულ შეფასებას, აქვს არსებობის უფლება.

და მაინც რას აცხადებენ ისინი, ვინც 9 აპრილს პატრიოტიზმისა და თავისუფლების ბრძოლის დასაწყისად არ მიიჩნევენ?

მათი აზრით, რომ არ ყოფილიყო 9 აპრილი, მოვლენები ისე განვითარდებოდა, როგორც სხვაგან, სხვა საბჭოთა რესპუბლიკებში და ნანატრ დამოუკიდებლობას საქართველო ისე მიიღებდა, როგორც სხვებმა მიიღეს.

ისინი არ მიიჩნევენ 9 აპრილს საბჭოთა იმპერიის დაშლის მთავარ ფაქტორად. ამ საკითხში მათი აზრი მკვეთრად განსხვავდება ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლების მოსაზრებისგან.

ცხადია, 9 აპრილმა ისე, როგორც ბაქოსა და ვილნიუსის მოვლენებმა, გარკვეული წვლილი შეიტანა იმპერიის რღვევაში, მაგრამ არა გადამწყვეტი. იმპერიის დაშლის იდეა თვით იმპერიის სათავეში გაჩნდა და რომ ეს არ მომხდარიყო, ვერც თბილისი, ვერც ბაქო და ვილნიუსი ძვრას ვერ უზამდა ცენტრალიზებულ, მტკიცე საბჭოურ სისტემას. ასეთი მხოლოდ საყოველთაო, სახალხო რევოლუციას შეეძლო - ერთობ მიუღებელს იმჟამინდელ ვითარებაში.

საბჭოთა კავშირი დაანგრია იდეოლოგიურად დეგრადირებულმა კომუნისტურმა ხელმძღვანელობამ გორბაჩოვის და მისი პოლიტბიუროელი მოკავშირეების სახით. ექსპერტთა აზრით, მათ სულაც არ სურდათ სისტემის ნგრევა, მათი მიზანი - სისტემის გადაკეთება იყო, მაგრამ ლიბერალურმა ნაბიჯებმა - „გლასტნოსტმა“, „პერესტროიკამ“ თავისთავად დაშალეს კომუნისტური სისტემა და მასთან ერთად საბჭოთა კავშირი.

საბჭოთა კავშირის დაშლაში უდიდესი წვლილი შეიტანეს შეერთებულმა შტატებმა და მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა. ამერიკამ ტრილიონობით დოლარი მოახმარა საბჭოთა კავშირის დასაშლელ პროპაგანდისტულ-ძირგამომთხრელ პოლიტიკას.

დავუშვათ, გორბაჩოვს ისეთივე აზრი ჰქონოდა, როგორც მის წინამორბედებს, დაიშლებოდა საბჭოთა იმპერია? ცხადია - არა. მითუ მეტეს მას ვერაფერს დააკლებდა 9 აპრილი. აქედან გამომდინარე, სკეპტიკოსთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ 9 აპრილი - სავალალოდ დახოცილთა გმირობა იყო, მაგრამ ის გაზაფხულს ვერ მოიყვანდა.

თვით 9 აპრილის საწყისი თემა სულაც არ ყოფილა იმპერიიდან გამოსვლა. ის აფხაზეთთან გართულებულ მდგომარეობას უკავშირდებოდა. ვაკის პარკში შეკრებილი საზოგადოება ამ პრობლემასთან დაკავშირებულ გულისწყრომას გამოხატავდა და არა საბჭოთა კავშირიდან გამოსვლას.

სისტემიდან გამოსვლის მოწოდება პარლამენტის (იმჟამინდელი უზენაესი საბჭოს) შენობის კიბეებთან სპონტანური დასხდომის ბოლო დღეებში გამოჩნდა, თანაც ერთობ მიამიტურად - საბჭოური და საერთაშორისო ცხოვრების სრული უცოდინარობით.

ძნელად თუ წარმოიდგენდა საბჭოთა საქართველოში მცხოვრები, მომიტინგეთა ლოზუნგების აღსრულებას. არანაკლები სკეპტიციზმი არსებობდა ნატოში შესვლის გაჟღერებული სურვილის თაობაზეც.

ეროვნული მოძრაობის ლიდერთა იდეები საჭიროებდა საზოგადოების ფართო ფენების მიმხრობას, რისთვისაც ერთადერთი გზა - ხელისუფლებასთან დაპირისპირება იყო. თუ რას ნიშნავდა თუნდაც დასუსტებულ სისტემასთან დაპირისპირება, კარგად იწვნია თავის თავზე სრულიად საქართველომ. რუსეთის ჯართან შეტაკებას მოჰყვა უდანაშაულო ადამიანთა მსხვერპლი.

1989 წლის აპრილის პერმანენტულ მიტინგებს უდავოდ უნდა მოჰყოლოდა კვანძის გახსნა - ხელიუფლებასთან დიალოგი მთელ რიგ საკითხებში, განსაკუთრებით აფხაზეთის საკითხში, აფხაზების დაყოლიება ან მათთან დაპირისპირება. მომიტინგეებმა და მათმა ლიდერებმა მეორე ვარიანტი ამჯობინეს.

ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები 9 აპრილს ერის გამოღვიძებად მიიჩნევენ, რასაც ნაწილობრივ იზიარებენ სკეპტიკოსები, მხოლოდ ნაწილობრივ. ისინი თვლიან, რომ ეროვნული შემართება მართლაც გამოვლინდა და სწორედ მან მოუტანა ეროვნულ ძალებს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება. მავანთა განცხადებით, 9 აპრილი ეროვნულმა ლიდერებმა კარგად მოირგეს საკუთარ თავზე.

სკეპტიკოსთა განცხადებით, ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა ხალხს დგომისკენ მოუწოდეს, თვით კი, ჯარის გამოჩენისთანავე, მიატოვეს „ბრძოლის ველი“. მსგავსი ქმედება პოლიტიკაში ნეგატიურად აღიქმება.

მაგალითად, სამხრეთ აფრიკაში ომის დროს ტყვედჩავარდნილი ჩერჩილი და მისი მეგობარი მრავალი წლის განმავლობაში იყვნენ მწვავე განსჯის საგანი. ტყვეობიდან გამოპარულმა ჩერჩილმა „ჯერ თავო და თავოს“ პრინციპით გამომპარებლებს მხოლოდ საკუთარი თავი შესთავაზა, ხოლო ფრონტელი მეგობარი არ გაიხსენა.

9 აპრილს არც ერთი ეროვნული ლიდერი არ დაშავებულა. ყველა მათგანი უშიშროებამ მეორე დღეს საკუთარ სახლში ან სამალავში აიყვანა. ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები ამას ერისთვის ლიდერთა გადარჩენით ხსნიან, რაც სუსტი არგუმენტია.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, 9 აპრილმა ხელი შეუწყო ერის წიაღში არსებული თავისუფლების წყურვილის აღორძინებას, რისი კულმინაციაც საპარლამენტო არჩევნებში ეროვნული ძალების გამარჯვება იყო.

ხალხმა მხარი დაუჭირა არა კომუნისტებს - მომიტინგეთა დამბრბევებს, არამედ თავისუფლებისთვის მებრძოლ ეროვნულ მოძრაობას, თუმცა ეს პათოსი დიდხანს არ გაგრძელებულა. სულ რაღაც თითზე ჩამოსათვლელ თვეებში პატრიოტიზმმა მეორე პლანზე გადაიწია, რაშიც დიდი როლი შეასრულა ეროვნული ხელისუფლების სუსტმა მოღვაწეობამ, მის მიერ დაშვებულმა შეცდომებმა, ერთმანეთში დაწყებულმა კინკლავმა და დაპირისპირებამ, ქვეყნის მართვის ანბანის უცოდინარობამ, თანამდებობით ტკბობამ, სხვა ნეგატიურმა მომენტებმა.

ყოველივე აღნიშნულმა არათუ ჩაკლა 9 აპრილს გამოღვიძებული პატრიოტიზმი, არამედ საზოგადოების არცთუ უმნიშვნელო ნაწილს ხელი ჰკრა ანტისახელისუფლებო მოქმედებისკენ.

ეროვნული ლიდერის მიერ არჩევნებში მოპოვებული მაღალი პროცენტები, რეალური ყოფით გამოწვეული უკმაყოფილების გამო, დაბლა დაეშვა, რასაც მოჰყვა ხელისუფლების დამხობა.

ცხადია, ამ საქმეში თავისი წვლილი შეიტანეს მომაკვდავმა საბჭოეთმა, ხელისუფლებასთან დაპირისპირებულმა ეროვნული მოძრაობის სხვა ლიდერებმა, მაგრამ ისინი ვერაფერს გახდებოდნენ ხალხის ფართო მასების მხარდაჭერის გარეშე.

9 აპრილის ჰეროიკას საბოლოო წერტილი დაუსვა გაძევებული გამსახურდიას შევარდნაძის მთავრობით ჩანაცვლებამ. ყოფილი პარტიულ-კომკავშირული აქტივის აღორძინებამ წაშალა აპრილთან დაკავშირებული რევოლუციური რომანტიზმი, სულ სხვა ლიანდაგებზე გადაიყვანა ქვეყნის ცხოვრება. მართალია, ახლები პატივს მიაგებდნენ 9 აპრილს დაყუპულთა ხსოვნას, მაგრამ ეს უფრო პოლიტიკური თამაშით იყო განპირობებული, ვიდრე სულიერი მოთხოვნით.

9 აპრილის შემართებას საბოლოო წყალი შეუყენა 1992 წელს აფხაზეთის ავტონომიის წინააღმდეგ თბილისის მიერ ინსპირირებულმა ლაშქრობამ და ამ „ეპოპეაში“ სამარცხვინო დამარცხებამ. ომმა წელში გატეხა საქართველო, განავითარა საყოველთაო ნიჰილიზმი, საკუთარ თავში გამარჯვების რწმენის დაცემა, რამაც თავი წამოჰყო 2008 წლის ავანტიურისტული ომის დროს.

„მამაცმა“ სამხედრო მეთაურებმა და ხელისუფლებამ კისრისტეხით მიატოვეს ფრონტი და გასაქცევად სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო პუნქტს მიაწყდნენ. შავი ჯიპების რიგი კილომეტრებს შეადგენდა.

ხელისუფალთა მომხვეჭელობამ, ქვეყნის ძირითადი პრობლემების გადაუჭრელობამ, დაბალმა განათლებამ, ერთმანეთის ჭამამ, მხოლოდ საკუთარ კუჭზე ფიქრმა მიწასთან გაასწორა არა მარტო 9 აპრილის პატრიოტიზმი, არამედ ქვეყანა. ვერსად გავექცევით ცნობილ ფაქტს, როდესაც გაგანია აფხაზეთის ომის დროს ქართველთა ნაწილი დუბაიში და სხვაგან დაფრინავდა სასპეკულანტოდ.

9 აპრილის ხელით ნაგოგმანები პატრიოტიზმი უკვე საქილიკო თემაა, რასაც ხელს უწყობს ხელისუფლება და მას დაქვემდებარებული მედია.

დღეს ფულის კულტია და არა სამშობლოსი. ფული არის ნებისმიერი ქართველის ოცნება. ფულის გულისთვის კლავენ ერთმანეთს, ფულის გულისთვის იმყოფებიან ავღანეთში ქართველი ჯარისკაცები და არა სამშობლოს უსაფრთხოებისთვის.

9 აპრილის შემდეგ მოთქვამს საქართველო და წყევლა-კრულვას უთვლის რუსეთს. რუსეთი გახდა ნომერი პირველი მტერი. ქართველთა მტრულმა განწყობამ შესაბამისი რეაქცია გამოიწვია დიდ მეზობელში. 9 აპრილმა დააშორა ორი მართლმადიდებელი ერი ერთმანეთს.

1989 წლის 9 აპრილით საქართველომ განიცადა ისეთი მორალურ-ფიზიკური ზეწოლა, მსგავსი რომ არ განუცდია არც ერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას. 9 აპრილს არც თავისუფლება მოუტანია და არც ნატოში შესვლა, მით უმეტეს, მას არ დაუშლია საბჭოთა იმპერია, ისე, როგორც სამტრედიის რკინიგზის გადაკეტვას -საბჭოთა ეკონომიკა.

მას შემდეგ კარგა ხანი გავიდა. განვლილ პერიოდში ნებისმიერი ერი შესაბამის დასკვნებს გააკეთებდა დაშვებული შეცდომების გამოსწორებისთვის, მაგრამ საქართველო უნიკალურია, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, ყველასთან მართალი, შეუცდომელი, ნიჭიერი და გამარჯვებული.

ეს ის ქვეყანაა, რომელიც წაგებულ ომს, მოგებულად მიიჩნევს. მავანი შემედავება, ქვეყანა და ხალხი რა შუაშია - ხელისუფლებაა ყველაფრის მოთავეო. ნაწილობრივ შეიძლება ასეც იყოს, ოღონდ ნაწილობრივ, ვინაიდან თავმოყვარე, სიმართლისა და პატიოსნებისთვის მებრძოლ ერს ხელისუფლება ცუდს ვერ ჩაადენინებს, უბრალოდ იმ მარტივი მიზეზით, რომ ასეთი ხელისუფლება არ ეყოლება.

ჰამლეტ ჭიპაშვილი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"